აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა
აჭარის მუნიციპალიტეტების - ბათუმის, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში 2017-2018 წლებში, 2014-2016 წლებთან შედარებით, ფრაქციათა და ფრაქციების ინიციატივათა რაოდენობა შემცირდა. ამასთან, წარდგენილი ინიციატივების უმრავლესობა ეხება არა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის გაძლიერებას, არამედ უმეტესწილად ადმინისტრაციული მნიშვნელობის საკითხებს.
საკრებულოების ფრაქციების მუშაობის შესახებ წინამდებარე კვლევა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.
ჩვენმა ორგანიზაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების საქმიანობის შეფასება 2016 წელსაც გამოაქვეყნა. წინამდებარე ანგარიშის ერთ-ერთი მიზანი 2014-2016 და 2017-2018 წლების მონაცემების შედარებაცაა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
- 2014-2016 წლების საკვლევ პერიოდთან შედარებით, 2017-2018 წლებში ფრაქციათა და ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო: 2014-2016 წლებში 35 ფრაქცია ფუნქციონირებდა, ხოლო 2017-2018 წლებში - 29[1], შემცირდა ინიციატივების რაოდენობაც 38-დან 33-მდე.
- საანგარიშო პერიოდში ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში რეგისტრირებულ 16 ფრაქციას არცერთი ინიციატივა არ წარუდგენია. ამასთან, ბათუმის საკრებულოში წარდგენილია 25 ინიციატივა, ქედის საკრებულოში - 6, ხოლო ქობულეთის საკრებულოში - 2.
- წარდგენილი 33 ინიციატივიდან, 14 ოპოზიციურ ფრაქციებს ეკუთვნოდა. ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივების გაზიარების სტატისტიკური მაჩვენებელი დაბალია - ოპოზიციური ფრაქციის ინიციატივას მხარი მხოლოდ ქედის საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.
- ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობის კლება განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, 2017 წლის დეკემბრიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობაც ანაზღაურებადი თანამდებობა გახდა. ცვლილების ინიციატორი კანონმდებლების ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ ახალი თანამდებობის დაწესებას ფრაქციების გააქტიურება და ეფექტიანობის ზრდა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა როგორც წინამდებარე კვლევამ აჩვენა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.
ფრაქციების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები და ინიციატივები
2017-2018 წლების საკვლევი პერიოდის განმავლობაში ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე ჯამში 1,394,635.23 ლარია დახარჯული.
29 ფრაქციიდან ინიციატივები ბათუმის საკრებულოს 2 ფრაქციას („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ქედის საკრებულოს 1 ფრაქციასა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და ქობულეთის საკრებულოს 1 ფრაქციას („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) ჰქონდა.
ბათუმი
ბათუმის საკრებულოს ფრაქციებს აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი ინიციატივა ჰქონდა წარდგენილი. ეს მონაცემი გაზრდილია 2014-2016 წლის მონაცემებთან შედარებით - წინა მოწვევის საკრებულოს ფრაქციებს 16 ინიციატივა ჰქონდათ, 2017 წლის მოწვევის ფრაქციებს კი 25.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ეკუთვნოდა 16 ერთობლივი და 1 ინდივიდუალური ინიციატივა. ინიციატივათა უმრავლესობა ეხებოდა ადმინისტრაციულ საკითხებს: ფრაქციამ წამოაყენა ინიციატივა ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ქუჩისათვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე, ფრაქციამ და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ ერთობლივად წამოაყენა 3 მსგავსი ინიციატივა: ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსი მიენიჭა, „6 მაისის პარკს” სახელი შეეცვალა და ქალაქის ცენტრალური პარკი გახდა, ხოლო საკრებულოს დარბაზს ქალაქის პირველი არჩეული მერის, ლუკა ასათიანის სახელი მიენიჭა.
ამასთანავე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ეკუთვნოდა ინიციატივა ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე.
ფრაქცია „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ 8 ინიციატივა ჰქონდა.
7 ინიციატივა ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ წარადგინა. ეს ინიციატივები ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს, სოციალურ პროგრამებს, საბავშვო ბაღის პედაგოგების ხელფასების ზრდას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული მიმართვის პროექტს, აჭარიდან ხეების გადაზიდვის დროს ციხისძირში მომხდარ ინციდენტს და ქუჩების სახელდებას ეხებოდა. ფრაქციის კიდევ ერთი ინიციატივა ბათუმში რომელიმე ქუჩისათვის ფრანგი მწერლების - ალექსანდრე დიუმას, ვიქტორ ჰიუგოს ან ონორე დე ბალზაკის სახელის მინიჭებას ეხებოდა.
ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყველა ინიციატივა საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ინიციატივებიდან კი არცერთი არ იქნა გაზიარებული. ასე მოხდა 2014-2016 წლებშიც - მაშინაც საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიციური ფრაქციის ერთი ინიციატივაც კი არ მოუწონებია.
ქედა
4 ფრაქციიდან ინიციატივები დარეგისტრირებული აქვს მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მთლიანობაში, წარდგენილი 6 პროექტიდან მხოლოდ ერთი ინიციატივა დაკმაყოფილდა - ფრაქცია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მიმართვის გაგზავნას ითხოვდა.
გაუზიარებელი ინიციატივები კი საშეშე მერქნის ქედის სკოლებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გადაცემას, სოფელ ქვედა მახუნცეთში შენობა-ნაგებობების ფაქტიური მფლობელისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემას, ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების პედაგოგთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მინიმუმ 100 ლარით გაზრდას და სხვა საკითხებს ეხებოდა.
ქობულეთი
2018 წლის 28 დეკემბერს ქობულეთის საკრებულომ მიიღო 2 ინიციატივა, რომელიც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციამ წარადგინა: პირველი ინიციატივა სამოქალაქო ცნობიერების პროგრამის განხორციელებას ეხებოდა, ხოლო მეორე - წარმატებული სტუდენტებისათვის ისტორიკოს დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესებას.
ხელვაჩაური
2017 წლის არჩევნების შემდეგ, ხელვაჩაურის საკრებულოში 6 ფრაქცია შეიქმნა: „მომავლის იმედი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ქრისტიან კონსერვატორები“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება-მრეწველები“. 2014-2016 წლის საკვლევ პერიოდთან შედარებით, რომლის დროსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 5 პროექტიდან 2 ინიციატივა მიიღეს, 2018 წელს ფრაქციებისგან ინიციატივა არ დარეგისტრირებულა.
ხულო
ხულოში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რეგისტრირებულია 6 ფრაქცია: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ქრისტიან კონსერვატორები“, „ქართული ოცნება-მრეწველები“ და „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“. ისევე, როგორც 2014-2016 წლების საანგარიშო პერიოდში, არც 2017-2019 წლებში ფრაქციებიდან ინიციატივები არ დაფიქსირებულა.
შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 ფრაქცია ფუნქციონირებს: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - მრეწველები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ისევე, როგორც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, 2017 წლის არჩევნების შემდეგაც ფრაქციებისგან ინიციატივა არ დაფიქსირებულა.
ფრაქციების მიერ გაწეული საწვავის ხარჯები
ქედის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და შუახევის საკრებულოებში შექმნილი ფრაქციების თანამდებობების პირებს სამსახურებრივი ავტომობილები არ ემსახურება. ფრაქციებისთვის საწვავი მხოლოდ ბათუმის საკრებულომ შეიძინა.
ფრაქციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციასა და მივლინებებზე გაწეული ხარჯები
დასკვნა და რეკომენდაციები
ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ 2017 წლის ბოლოს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შედეგად ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობა ანაზღაურებადი თანამდებობა გახდა და რასაც, როგორც პარლამენტის უმრავლესობაში ვარაუდობდნენ, ფრაქციების გააქტიურება უნდა მოჰყოლოდა, დადებითი შედეგები არ მოუტანია - პირიქით, ფრაქციების ინიციატივების რიცხვმა იკლო, რაც ცალსახად უარყოფითი ტენდენციაა.
უარყოფითად შეიძლება შეფასდეს ის გარემოებაც, რომ წარდგენილი ინიციატივების უმრავლესობა ეხება არა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის გაძლიერების მოთხოვნას, არამედ უმეტესწილად ადმინისტრაციული დატვირთვის საკითხებზეა ფოკუსირებული.
ამასთან, ძალიან დაბალია საკრებულოების მოქმედი უმრავლესობების მიერ ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივების გაზიარების მაჩვენებელი. ასეთი ტენდენცია არასასურველ გარემოს ქმნის ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად და პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის შესაქმნელად.
მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს თვითმმართველობისათვის. ის ორიენტირებული უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე. ფრაქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად და მოქალაქეთა პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.
[1] 2019 წლის 31 მაისს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სამწევრიანი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების” დაშლა გამოცხადდა, რაც განაპირობა ერთი წევრის ფრაქციიდან გასვლამ.