ENG

აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა ნაწილობრივ გაუმჯობესდა

04 ოქტომბერი, 2019

 

2017-2019 წლებში, 2015-2016 წლებთან შედარებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა გაუმჯობესდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად მუშაობა უნდა გააძლიერონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბათუმის, ხულოს, ქედის, შუახევის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერიებისგან და საკრებულოებისგან  გამოითხოვა ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რამდენად უწყობს ხელს არსებული კანონმდებლობა მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას, რამდენად იყენებენ მუნიციპალური ორგანოები კანონმდებლობის ამ შესაძლებლობას და რა საკითხების გადაწყვეტის ინიციატივით მიმართავენ მოქალაქეები ადგილობრივ თვიმმართველობებს.

მსგავსი კვლევა ჩვენმა ორგანიზაციამ აჭარის მუნიციპალიტეტებზე 2017 წელსაც გამოაქვეყნა, სადაც 2015-2016 წლების ანალოგიური მონაცემებია გაანალიზებული.

წინამდებარე კვლევა მოიცავს პერიოდს 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

  • 2015-2016 წლების მსგავსად, 2017-2019 წლებშიც აჭარის 6-დან 4 მუნიციპალიტეტში (ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო) დასახლების საერთო კრება ჩატარდა[1];
  • ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ეს პოზიტიური ცვლილებაა, რადგანაც 2015-2016 წლებში, მრჩეველთა საბჭო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არ იყო შექმნილი, ხოლო ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში არ იყო მოწვეული;
  • საკვლევ პერიოდში სულ 38 პეტიცია დარეგისტრირდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებთან შედარებით, 10-ით მეტია. ამასთან, თუ 2015-2016 წლებში აჭარის არცერთ მუნიციპალიტეტში პეტიციის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა დანერგილი არ იყო, 2017-2019 წლების პერიოდში ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული სისტემა ამოქმედდა;
  • 2017-2019 წლებში საკრებულოს წევრები ამომრჩევლებს ყველა მუნიციპალიტეტში შეხვდნენ და წლიური საქმიანობის ანგარიშიც ჩააბარეს. ამასთან, ქედის, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერებსაც წლიური ანგარიშები საზოგადოებისთვის ჩაბარებული აქვთ[2];
  • 2017-2019 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტს დასახლების საერთო კრება არ ჩაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ მერი მოსახლეობას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში პერიოდულად ხვდება და ეცნობა ადგილობრივების პრობლემებს, ამ ერთეულების დასახლებებში საერთო კრების ჩატარება აუცილებელია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტების დასაგეგმად;
  • 2015-2016 წლების მსგავსად, 2017-2019 წლებშიც, საკრებულოს სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი დაბალია: შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები არ დასწრებიან, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებმა აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდეს;
  • საჯარო ინფორმაციის მიღება წარმოადგენს სირთულეს: მაგალითად, ბათუმის, შუახევის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული მონაცემები არასრულია, ხოლო ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა ინფორმაცია დროულად არ მოგვაწოდეს.

აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენება 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით:

დასახლების საერთო კრება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 852-ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს დასახლების საერთო კრება წარმოადგენს.

დასახლების საერთო კრება არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2015-2016 წლების მსგავსად, 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები არ ჩატარებულა, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კი ინფორმაცია ამის შესახებ არ მოგვაწოდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხით შესრულებული პრიორიტეტული პროექტების დასადგენად, 2018-2019 წლებში შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ყველა სოფელსა და თემში დასახლების საერთო კრება  ჩატარდა, რაც პოზიტიური ცვლილებაა, რადგანაც 2015-2016 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტში საერთო კრება მხოლოდ ერთხელ მოიწვიეს.

საკვლევ პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტის 12 სოფელში დასახლების საერთო კრება გაიმართა. აქედან, 6 სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”, ხოლო დანარჩენ 6-ში - სოფლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები განიხილეს.

ქედის მუნიციპალიტეტში საერთო კრება ორჯერ, სოფელ ზენდიდსა და მოსიაშვილებში ჩატარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 854 და 855 მუხლების მიხედვით, საერთო კრების ჩასატარებლად, კრების მოწვევა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-მა უნდა მოითხოვოს. ამავდროულად, საერთო კრება უფლებამოსილია მაშინ, როდესაც მას ამომრჩეველთა არანაკლებ 20% ესწრება. მოცემული ორი ვალდებულება ართულებს დასახლების საერთო კრების მოწვევას, რადგანაც:

ა) ზოგიერთ დასახლებაში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა შეიძლება ცხოვრობდეს, რაც მოსახლეობის 20%-ის მობილიზებას ართულებს;

ბ) რეგისტრირებული ამომრჩველების 20%-ის ფაქტობრივი მისამართი შეიძლება არ ემთხვეოდეს მათ იურიდიულ მისამართს;

გ) მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ინტერესები დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ შეიძლება არ ემთხვეოდეს ამომრჩეველთა 20%-ის ინტერესებს.

პეტიცია

ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კიდევ ერთ მექანიზმს პეტიცია წარმოადგენს.

პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს და საერთო კრებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაინერგა ელექტრონული პეტიციის სისტემა. ამასთან, ბათუმის საკრებულომ შეამცირა 1%-იანი ზღვარი და  პეტიციის წარდგენის უფლება ამომრჩეველთა 0.5%-ს მიანიჭა, რაც სავარაუდოდ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხსა და პეტიციების რაოდენობის ზრდაზე.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საკვლევ პერიოდში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7 პეტიცია დარეგისტრირდა, რაც 2015-2017 წლებში მიღებულ პეტიციათა რაოდენობაზე 2-ით ნაკლებია.

2017-2018 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 8 პეტიცია დარეგისტრირდა, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 5.

2017-2018 წლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7 პეტიცია დარეგისტრირდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე 4-ით მეტია.

საკვლევ პერიოდში ხულოს საკრებულომ 6, შუახევის საკრებულომ კი - 5 პეტიცია დაარეგისტრირა.

 

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის სათათბირო ორგანოა, ასევე წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით, ხოლო ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ და საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შექმნილია და სხდომები ჩატარებულია. ეს მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებაა, რადგანაც 2015-2016 წლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული საბჭო არ არსებობდა, ხოლო ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში შექმნილ საბჭოებს სხდომები არ ჩაუტარებიათ.

ყველა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში გენდერული ბალანსი დაცულია.

ინფორმაცია საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი მოქალაქეებს ანიჭებს საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლებას. მოქალაქეებს აქვთ სხდომებზე დარეგისტრირების საშუალება, ხოლო მათი მოსაზრებები თუ მოთხოვნები სხდომათა ოქმებში აისახება.

აჭარის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

2017-2019 წლებში, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომებზე მონაწილეობის მიღების სურვილი ორმა მოქალაქემ გამოთქვა, რაც საკრებულოში მათ მიერ დარეგისტრირებული განცხადებებით დასტურდება. ხულოს საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლიდან დღემდე, საკრებულოს სხდომებზე მოქალაქეთა რეგისტრაცია არ მომხდარა, ხოლო დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმა აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

შეხვედრები ამომრჩევლებთან და თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა

თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა და საკრებულოს წევრთა შეხვედრები ამომრჩეველთან, ასევე, წარმოადგენს სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებს. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მოცემულ შეხვედრებს საკრებულოს წევრები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ატარებდნენ.

  • 2017-2018 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 წევრს ამომრჩეველთან რეგულარული შეხვედრები ჰქონდა როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, ასევე მაჟორიტარულ უბნებშიც. ამასთან, მოცემულ პერიოდში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს, თუმცა ამ ანგარიშების საჯარო მოსმენის შესახებ ოქმები არ შეუდგენიათ.
  • 2017-2018 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 წევრმა სოფელ მერისში, წონიარისში, ზვარესა და დანდალოში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში საჯაროდ წარადგინა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგანაც წინა საკვლევ პერიოდში, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მოსახლეობისთვის ანგარიში საჯაროდ არ წარუდგენიათ.
  • 2015-2016 წლების მსგავსად, 2017-2018 წლებშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან გასვლით შეხვედრებს რეგულარულად მართავენ, თუმცა ამ შეხვედრების შესახებ ოქმები არ ფორმდება. ამავდროულად, 2017-2018 წლებში საჯარო ანგარიში საკრებულოს 3-მა წევრმა წარადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წელს, ქობულეთის საკრებულოში დარეგისტრირდა პეტიცია, საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობისთვის წელიწადში რამდენიმეჯერ ანგარიშის ჩაბარების შესახებ, თუმცა, საკრებულომ 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე პეტიციის მოთხოვნა არ გაიზიარა იმ არგუმენტით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს წევრისათვის ანგარიშის წარდგენის კონკრეტული ვადა ისედაც დაწესებულია.
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მდგომარეობა უცვლელია: 2015-2016 წლების მსგავსად, 2017-2019 წლებშიც საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა წინაშე ანგარიშის მოსმენა არ ხდება საკრებულოში. საკრებულოს წევრების საქმიანობის წლიური ანგარიშების სანახავად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა ვებგვერდზე გადაგვამისამართა. მიღებული ინფორმაციით, ასევე დგინდება, რომ საკრებულოს წევრები, რომლებიც მართავენ გასვლით შეხვედრებს მოქალაქეებთან, ინფორმაციას საკრებულოში წარმოადგენენ.
  • 2017 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მოქალაქეთა წინაშე ანგარიში არ ჩაუბარებიათ და ამომრჩეველთან გასვლითი შეხვედრებიც არ ჩაუტარებიათ. 2018 წელს კი საკრებულოს წევრებმა, 2015-2016 წლების მსგავსად, ორივე ვალდებულება შეასრულეს.
  • შუახევის მუნიციპალიტეტისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ წლის ბოლოს, საკრებულოს ყველა წევრი შესაბამის ანგარიშს წარადგენს. ამასთან, საკრებულოს წევრები გასვლით შეხვედრებს ინდივიდუალურად მართავენ, თუმცა ოქმების შედგენა არ ხდება.

ყველა მუნიციპალიტეტში, გასვლით შეხვედრებზე განხილული საკითხები უმეტეს შემთხვევებში ეხებოდა ინფრასტრუქტურას, სოციალურ დახმარებას, ჯანმრთელობას, დასაქმებასა და მიწის რეგისტრაციას.

ამავდროულად, ბათუმის, შუახევის, ქედის, ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერებს მოსახლეობის წინაშე ანგარიში ჩაბარებული აქვთ, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოცემული ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

დასკვნა და რეკომენდაციები

მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ წინა წლებთან შედარებით, აჭარის მუნიციპალიტეტები მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს უფრო ეფექტიანად იყენებენ: განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტიციების ელექტრონული სახით წარდგენის შესაძლებლობა ქედაში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში, თუმცა მიუხედავად ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო:

  • მნიშვნელოვანია, ამომრჩეველთა მცირე ჯგუფებს მიეცეთ დასახლების საერთო კრების მოწვევის საშუალება, რათა მოცემული კრებების ჩატარება უფრო გამარტივდეს;
  • იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მოტივირებული გახდეს საერთო კრებების მოსაწვევად, თვითმმართველობამ, სასურველია, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ შეისწავლოს და მაქსიმალურად ეცადოს, ბიუჯეტის ხარჯვისას კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება გაითვალისწინოს;
  • მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტებმაც შეამცირონ პეტიციის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების ზღვარი 1%-დან 0.5%-მდე. ეს ამომრჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებს მისცემს დასახლებებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხების მოგვარების ინიცირების საშუალებას თვითმმართველობის წინაშე;
  • ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოები ამომრჩეველთან გასვლითი შეხვედრების ოქმებს არ აწარმოებენ, რაც პრობლემური საკითხია, რადგანაც მუნიციპალიტეტებს ოქმში შესული ინფორმაცია შეუძლიათ გამოიყენონ მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტის ან/და საკრებულოს მიერ ბიუჯეტზე შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიწოდებისას. ოქმში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია საკრებულოს წევრის, შეხვედრის ადგილის, დროის, განხილული საკითხების, მონაწილე ამომრჩევლებისა და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების შესახებ. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ ოქმს ხელს არა მხოლოდ საკრებულოს წევრები, არამედ დამსწრე მოქალაქეებიც აწერდნენ ოქმში აღწერილი ინფორმაციის დასადასტურებლად. ამასთან, მოცემული ვალდებულება საკრებულოს რეგლამენტში უნდა იყოს გაწერილი;
  • აუცილებელია, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს დროულად და სრულყოფილად მიაწოდონ.

[1] ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა;

[2] ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.