ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ნაწილის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში მათი ქონება და ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.1
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივი პირობები და მექანიზმები დარეგულირებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით“. ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის N22 ბრძანებულებით, რომლითაც განსაზღვრულია იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
გოჩა დგებუაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
გოჩა დგებუაძის მიერ 2013 სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის არის შპს „კოლხი-99“-ის პარტნიორი, თუმცა არ აქვს მითითებული, რომ შპს „კოლხი-99“-ის 33.34 პროცენტიანი წილის თანამფლობელი მისი მეუღლე ლალი ნადარაია-დგებუაძეა. შპს „კოლხი-99“ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა 12ა ფლობს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფართობით 5032 კვ.მ და ამ მიწაზე მდებარე ხუთ სხვადასხვა შენობა-ნაგებობას (ს/კ 44.01.28.190).
გოჩა დგებუაძის დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ იგი არის შპს დიტომოტორსის 100% წილის მფლობელი. ასევე არ აქვს მითითებული რომ გოჩა დგეუაძის მეუღლე ლალი ნადარაია-დგებუაძე ამავდროულად შპს თრეველერის 100 % წილის მფლობელი და დირექტორია.
გოჩა დგებუაძეს ასევე არ აქვს დეკლარირებული სენაკში, დემურიას 31-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწა (ფართობით 426.36 კვ.მ) და შენობა ნაგებობა საერთო ფართობით 444.65 კვ.მ. (ს/კ 44.01.03.092).
ედიშერ თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
ედიშერ თოლორაიამ 2014 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე მაკა ღურწკაია 2011 წლიდან არის შპს თბილი კერა 2011-ის 100% წილის მფლობელი.
თოლორაიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი და ეკატერინე თოლორაია არის შპს ორთეს 50% წილის მფლობელი.
ედიშერ თოლორაიას ასევე არ აქვს დეკლარირებული მეუღლის მაკა ღურწკაიას საკუთრებაში არსებული ავტოსადგომი, რომელიც მდებარეობს თბილისში, მისამართზე ნუცუბიძის ქუჩა 14ა (ს/კ . 01.10.15.007.042.01.629).
დავით ბაბილუა, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ბაბილუამ 2014 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა,, რომ ის არის შპს ორიონი -- ფოთის ჯგუფის 50% წილის მფლობელი.
2013 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში დავით ბაბილუას არ ჰქონდა მითითებული, რომ ის დეკლარაციის შევსებისას იყო შპს მ.კ.-ს 50% წილის მფლობელი. ხარვეზი მან ახალ დეკლარაციაში გამოასწორა, სადაც მითითებულია, რომ ის ამჟამად ამავე კომპანიის 100% წილს ფლობს.
დეკლარაციაში ასევე არ არის აღნიშნული, რომ დავით ბაბილუას შვილი ვასილ ბაბილუა, ქალაქ ფოთში კლდიაშვილის 66-ში ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 535.5 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს (ს/კ 04.01.08.161).
ლევან კონჯარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ლევან კონჯარიამ 2013 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ ია ხვინგიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2013 წლის 27 ივნისს ერთჯერადი ფინანსური დახმარების (შემოსავლის) სახით 10 814.1 ლარი მიიღო.
ია ხვინგია 2011 წლიდან არის ა(ა)იპ „სიბრძნის პირამიდის“ გამგეობის თავმჯდომარე. ია ხვინგია ასევე 2011 წლიდან არის ასოციაცია „გაენათის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. ორივე ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კერძო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში. გაურკვეველია მიიღო თუ არა ია ხვინგიამ რაიმე სახის ფინანსური შემოსავალი ამ ორგანიზაციებიდან. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ლევან კონჯარია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ვალდებული ეს მონაცემი დეკლარაციაში შეეტანა, თუ მისი მეუღლე ზემოაღნიშნული პოზიციიდან შემოსავალს მიიღებდა.
იმერეთი
თემურ ჩუბინიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
თემურ ჩუბინიძეს დეკლარაცია წარდგენილი აქვს 2013 წლის 28 დეკემბერს. დეკლარაციაში მითითებული არ არის მისი მეუღლის ნინო ცირეკიძის საკუთრებაში არსებული 7%-იანი წილი შპს სამთო საინვესტიციო კორპორაციაში, რომელსაც ის ფლობს სამეწარმეო რეესტრის მონაცემების შესაბამისად.
ლევან კირკიტაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ლევან კირკიტაძეს დეკლარაცია წარდგენილი აქვს 29.06.2013 წელს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. დეკლარაციაში მითითებული არ არის მის საკუთრებაში არსებული 25%-იანი წილი შპს ნატახტარი -- იმერეთში, რომელსაც ფლობს სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად.
აჭარა
ირაკლი ჯაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ირაკლი ჯაშმა საჯარო მოხელეთა ფინანსური დეკლარაცია 2014 წლის 6 იანვარს შეავსო. დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ 2012 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული შპს “სალხინოს” 100%-იანი წილის მფლობელია.
ირაკლი ჯაში ასევე აჭარის ნარდისა და სამაგიდო სპორტული თამაშების ასოციაციის პრეზიდენტი, აღმასკომის წევრია, თუმცა უცნობია, მიიღო თუ არა ჯაშმა შემოსავალი ამ პოზიციიდან.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ჯაშის მეუღლეს გულნარა ჯაშს ეკუთვნის 2018.00 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი (ს/კ 05.32.04.402) ქალაქ ბათუმის დასახლება კახაბერში, თუმცა ირაკლი ჯაშს დეკლარაციაში ეს ქონება მითითებული არ აქვს.
იური ქათამაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
იური ქათამაძემ დეკლარაცია 2013 წლის 5 მარტს წარადგინა. საჯარო მოხელემ არ მიუთითა, რომ მის სახელზე ირიცხება ქვემო ჩამოთვლილი უძრავი ქონება:
- შუახევის რაიონი, საკრებულო უჩამბაში, მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 220,00კვ/მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 24.06.35.092)
- შუახევის რაიონი, საკრებულო უჩამბაში, მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 756,00კვ/მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 24.06.35.032)
- შუახევის რაიონი, საკრებულო უჩამბაში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2327,00კვ/მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 24.06.35.098)
- შუახევი რაიონი, საკრებულო უჩამბაში შუახევის რაიონი, საკრებულო უჩამბაში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 3579,00 კვ. მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 24.06.35.045).
თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ. ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობა ადეკვატურ სანქციებს უნდა ითვალისწინებდეს, რაც სამწუხაროდ, ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არაერთხელ მიუთითა ხელისუფლებას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე.
შენიშვნა: აჭარის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძესთან დაკავშირებით ბლოგში არასწორი შედეგები იყო მოცემული. კვლევაში მითითებული იყო, რომ მედეა ვასაძემ 2013 წელს საადვოკატო მომსახურების გაწევით მიიღო შემოსავალი - 1735 ლარი. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციით გაირკვევა, რომ საადვოკატო მომსახურებისთვის ანაზღაურება მედეა ვასაძემ არა 2013 წელს, არამედ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღო. ასევე მის მიერ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ მედეა ვასაძეს, საკუთარი სურვილის საფუძველზე, საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს 2012 წლის 6 ნოემბრიდან.
1 კვლევა მოიცავს მონაცემებს 2014 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით.