ერთ დღეში კრიმინალიზებული გზის გადაკეტვა
- შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ერთ დღეში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.
2025 წლის 30 იანვრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია 2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ წინ ავტომაგისტრალის გადაკეტვისა და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ. მას შემდეგ რაც, ამ იდეას, მოწოდებას არაერთმა მოქალაქემ და საზოგადოებრივმა ჯგუფმა გამოუცხადა მხარდაჭერა, ,,ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფო წესით, ერთ დღეში, კანონქვემდებარე აქტში შეტანილი ცვლილებით (და არა საკანონმდებლო ცვლილებით, რომელსაც უნდა გაევლო სამი მოსმენა პარლამენტში) მოახდინა ქ. თბილისში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (მათ შორის, „თბილისი მოლის“ წინ არსებული გზის მონაკვეთის) გადაკეტვის კრიმინალიზება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დაანონსებული პროტესტისთვის ხელშეშლა, შეზღუდვა.
კერძოდ, 2025 წლის 31 იანვარს (საქართველოს მთავრობის №28 დადგენილებით) ცვლილება შევიდა „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაში. ცვლილებით გაფართოვდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალი და ასეთი ობიექტი გახდა ქ. თბილისში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, მათ შორის, „თბილისი მოლის“ წინ არსებული გზის მონაკვეთი. დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. კანონქვემდებარე აქტში (მთავრობის დადგენილებაში) შესული ამ ცვლილებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ქ. თბილისში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (მათ შორის, „თბილისი მოლის“ წინ არსებული გზის მონაკვეთის) გადაკეტვა, ბლოკირება სასწრაფო წესით (ერთ დღეს) გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად.
- საგამოძიებო ორგანოების მზადება აქციის ორგანიზატორთა მიმართ დევნის დაწყების მიზნით
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებისთანავე, საგამოძიებო ორგანოებმა (შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ) დაიწყეს მზადება აქციის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის.
2025 წლის 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010010225001 საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა) და 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2025 წლის 2 თებერვალს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სისხლის სამართლის საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სსკ-ის სამი მუხლით: 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა), 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) და 222-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება).
პროკურორის ზემოაღნიშნული (კვალიფიკაციის შეცვლის) დადგენილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის №010010225001 საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის ვასილ ღვინიაშვილის პატაკი (პატაკი სისხლის სამართლის საქმეში არ არის მოთავსებული), რომლის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფი (ილია ღლონტი, ქრისტინა ბოტკოველი, ისაკო დევიძე, სანდრო ჭითანავა, ნინო კეკელიძე) ორგანიზებას უწევს მოქალაქეების აღმაშენებლის ხეივანზე შეკრებას და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევით შემოსასვლელი და გასასვლელი გზების გადაკეტვას, რომლის მიზანია ტრანსპორტის გადაადგილებისა და სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხება. ამავე დოკუმენტის თანახმად, ისინი არ დაემორჩილებიან სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და ადგილი ექნება ძალადობას, რბევას, სხვისი ნივთის დაზიანებას, იარაღად სხვადასხვა საგნის გამოყენებას, ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და თავდასხმას.
- აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებები
2025 წლის 2 თებერვალს, ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის 8 მონაწილე. ყველა მათგანი 2025 წლის 4 თებერვალს დააკავეს ხელმეორედ - ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
ზემოაღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა უკანონოდ, მათ შორის, კანონით დადგენილ ვადაზე მეტი ხნით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, დაკავების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 72 საათს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულად დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს სასამართლოს. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ეს ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში დამკავებელი ორგანოს თანამშრომელმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ: ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით; გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო; ე) პირი შესაძლოა მიიმალოს; ვ) პირი ძებნილია; ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მოცემული სისხლის სამართლის საქმე, როგორც ზემოთ აღინიშნა, იწყება ბრალდებულთა ადმინისტრაციული დაკავებით. კერძოდ, 2025 წლის 2 თებერვალს, 18:05 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 8 პირი:
- შვიდი მათგანი დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. ადმინისტრაციული დაკავების ყველა ოქმში დაკავების საფუძვლად მითითებულია ერთი და იგივე გარემოება: ,,2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე იგინებოდა, ილანძღებოდა უმისამართოდ, უშვერი სიტყვებით, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება“;
- ერთი მათგანი დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 173 მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ადმინისტრაციული დაკავების ოქმში მითითებულია, რომ 2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური გზის მთავარ სავალ ნაწილზე, სადაც პარალელურად ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, მოქალაქეთა ნაწილი გადავიდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და სცადეს შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, დაკავებული გამოირჩეოდა აქტიურობით, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებულ იქნა.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების (ისევე როგორც, შემდგომ სისხლის სამართლის საქმის) მასალებში პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების გარდა არ არსებობს სამართალდარღვევის/დანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება. საქმეზე დართულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები.
ზემოაღნიშნული 8 პირი, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა 2025 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათის შემდეგ. მაშასადამე, ისინი ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იყვნენ 24 საათზე მეტი ხნით. საქმეში არ მოიპოვება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ადმინისტრაციული დაკავების 24 საათიანი ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობა.
2025 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რვავე დაკავებული ფორმალურად გაათავისუფლა ადმინისტრაციული დაკავებიდან და გათავისუფლებისთანავე, დაუყოვნებლივ (15:47 საათიდან 16:58 საათამდე დროის მონაკვეთში) ყველა მათგანი დააკავა ან ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, კ. ჩალაძის N1) ან დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზოში, მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა N7) სისხლის სამართლის წესით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 222-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობის) ბრალდებით.
სისხლის სამართლის წესით რვავე პირის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც უკანონოა, ვინაიდან არ არსებობდა არც ერთი პირის გადაუდებლად დაკავების საფუძველი. მით უფრო იმ პირობებში, როცა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 3 თებერვალს ანუ, დაკავებამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, ამ დროისთვის, საგამოძიებო უწყებისთვის უკვე ცნობილი იყო ბრალდებულთა მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო დაკავების საკითხზე სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად (დაკავების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს 24 საათში). უკიდურეს შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას 3 თებერვალს შეეძლო მიეღო პირთა გადაუდებელი აუცილებლობით სისხლის სამართლის წესით დაკავების გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ დროისთვის მოპოვებული იყო ყველა მტკიცებულება. თუმცა, საგამოძიებო უწყებას არც ეს გადაწყვეტილება მიუღია.
4. დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალის ფორმულირებისა და ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლის იდენტურობა
2025 წლის 5 თებერვალს დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ბრალდების შესახებ დადგენილებების (რომლებიც აბსოლუტურად იდენტურია რვავე ბრალდებულის მიმართ) თანახმად, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა არაერთ მოწოდებას და ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის - საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის - ბლოკირებას, რაც ვერ შეძლეს პოლიციის თანამშრომელთა დროული რეაგირების შედეგად.
ბრალდების დადგენილებებში მითითებული ბრალდების ფორმულირებები ემთხვევა ამავე პირების ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში მითითებულ გარემოებებს (,,იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება“, ,,გადავიდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და სცადა შეეფერხებინა საავტომობილო მოძრაობა“).
მაშასადამე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადმინისტრაციული დაკავების დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ბრალდებულად ცნობილი პირები იმყოფებოდნენ გზის სავალ ნაწილზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და აფერხებდნენ საავტომობილო მოძრაობას. ანუ, სამინისტროსთვის ადმინისტრაციული დაკავების დროისათვის ცნობილი იყო ის გარემოებები, რის გამოც იგივე პირები 2 დღის შემდგომ ხელმეორედ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.
შესაბამისად, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 2 თებერვალს დადგენილ ფაქტად მიიჩნევდა გზის გადაკეტვისა და მისი ბლოკირების ფაქტს, მას ზემოაღნიშნული პირები უნდა დაეკავებინა არა ადმინისტრაციული, არამედ პირდაპირ სისხლის სამართლის წესით. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვლამდე იყო ინფორმირებული გზის გადაკეტვის მომზადების შესახებ, რაზეც 1 თებერვალს დაიწყეს კიდეც გამოძიება.
ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს რეალურ მიზანს - ხელოვნურად, განზრახ გაეხანგრძლივებინა დაკავებულთა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. საქმის არასწორი კვალიფიკაცია
ყველა ბრალდებულს ბრალად ედება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა. პოლიციის თანამშრომლების ზოგადი ჩვენებების გარდა, საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების ერთობლივ, შეთანხმებულ მოქმედებას.
არც ერთი მტკიცებულება ადასტურებს, რომ მათ ერთმანეთს გაუადვილეს დანაშაულის ჩადენა ან ხელი შეუწყვეს ერთმანეთს მის ჩადენაში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულებმა ერთობლივად დაგეგმეს რაიმე ქმედების განხორციელება. ასევე არ დასტურდება, რომ ბრალდებულები იდგნენ ერთად, აძლევდნენ ერთმანეთს მითითებებს, რჩევებს ან/და მოქმედებდნენ როგორც ჯგუფის წევრები. ამასთან, ბრალდებულები ადმინისტრაციული წესით დაკავებულები არიან სხვადასხვა დროს, 18:05 საათიდან - 19:00 საათამდე, რაც ასევე გამორიცხავს მათ მიერ, ერთად, კოორდინირებულად გზის გადაკეტვას.
ყველა ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალის ფორმულირება არის იდენტური. არ არის გამოკვეთილი თითოეულის ინდივიდუალური როლი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში.
სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალკიფიცირება ჯგუფურ ძალადობად მაშინ, როდესაც ჯგუფის ნიშნები სახეზე არ არის, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში უკვე მავნე ტრადიციად ყალიბდება. ამის შესახებ ვიუწყებოდით აქამდე გამოქვეყნებულ ორ ბლოგში.
6. ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ შეფარდება
სასამართლომ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინება გამოიტანა 2025 წლის 5 თებერვალს, 21:00 საათის შემდგომ - ადმინისტრაციული დაკავებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდათ საპატიმრო გირაო (5 ბრალდებულს - საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით, 1 ბრალდებულს - 4000, ხოლო ორ ბრალდებულს - 3500 ლარის ოდენობით).
2024 წლის 2 თებერვალს, ბრალდებულთა პირდაპირ სისხლის სამართლის წესით დაკავების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ პროკურორს სასამართლოში შუამდგომლობა უნდა წარედგინა მათი დაკავებიდან 48 საათში, ხოლო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდებინა შუამდგომლობის შეტანიდან 24 საათში.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულები, მათი დაკავების ვადის ხელოვნურად გაჭიანურების მიზნით, ჯერ უკანონოდ დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდეგ ასევე უკანონოდ დააკავეს სისხლის სამართლის წესით. გარდა იმისა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა მტკიცებულებებით გამყარებული დაკავების საფუძვლები, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი დაკავების საერთო 72 საათიანი ვადა (სასამართლომ ადმინისტრაციული დაკავებიდან 72 საათის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე) მათ შორის, დაკავებულთა სასამართლოში წარდგენის ვადები.
სამართალდამცავი ორგანოების ეს ქმედება უნდა შეფასდეს როგორც განზრახ უკანონო დაკავება, რაც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მათ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის 147-ე მუხლით და წარმოადგენს პროკურატურის გამოსაძიებელ დანაშაულს.
7. საეჭვო Facebook პროფილი
გამოძიების დაწყების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის ვასილ ღვინიაშვილის მეორე, 2025 წლის 3 თებერვლის პატაკი, რომელშიც მითითებულია, რომ სავაჭრო ცენტრ ,,თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის გადაკეტვაში მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციულად დაკავებული ზემოთ აღნიშნული 8 პირი. ამავე პატაკში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის გზის გადაკეტვის კადრები ასახულია სოციალურ ქსელ Facebook-ში.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არც პატაკიდან და არც შემდგომში პატაკის ავტორის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმიდან არ ირკვევა საიდან გახდა ცნობილი ვასილ ღვინიაშვილისთვის გზის გადაკეტვაში მონაწილე პირთა ვინაობა და ბრალეულობა. ამასთან, ვასილ ღვინიაშვილის პატაკში მითითებული ვიდეო (რომელიც არის ტელეკომპანია ,,ფორმულას“ სიუჟეტიდან ამოჭრილი 8 წამიანი კადრი, სადაც ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები) ატვირთული აქვს მომხმარებელ ანუკი ჩიხლაძეს 2025 წლის 3 თებერვალს, 16:27 საათზე (პატაკის ავტორის ვასილ ღვინიაშვილის გამოკითხვამდე 1 საათით ადრე).
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელ ანუკი ჩიხლაძეს, სოციალურ ქსელ Facebook-ში 3 თებერვლამდე მხოლოდ ორი აქტივობა უფიქსირდება: 1. 2024 წლის 7 დეკემბერს (ჩანაწერზე სავარაუდოდ ასახულია პროტესტის მონაწილეების მიერ კამერის დაზიანების ფაქტი); 2. 2024 წლის 5 დეკემბერს (ჩანაწერზე ასახულია პროტესტის მონაწილის მიერ ჯოხის სროლა).
საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება ამ მომხმარებლის ავთენტურობაზე. დიდი ალბათობით, აღნიშნული მომხმარებელი სპეციალურად არის შექმნილი პოლიციის მიერ ასეთი შემთხვევებისთვის, მტკიცებულებების მარტივად, სასამართლო კონტროლის გარეშე, სწრაფად მოპოვების მიზნით. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მტკიცებულებად დამაგრებულია დათვალიერების გზით (ანუ, საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურამ თავიდან აიცილა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, განჩინების აღება და ტელეკომპანია ,,ფორმულადან“ ინფორმაციის გამოთხოვა). დიდი ალბათობით ეს მომხმარებელი გამოყენებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების დამაგრების მიზნით.
მსგავსი მანიპულაციები ფიქსირდება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა მიმართ ხელოვნურად შედგენილ სხვა საქმეებშიც (იხ. ზემოთ ციტირებული ბლოგები).
8. მოწმე პოლიციელთა იდენტური ჩვენებები
გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების უმრავლესობა იდენტურ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას - იდენტურია ჩვენებების შინაარსი, წერტილ-მძიმე, სიტყვებს შორის დაშორება.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული გამომძიებელი, რომელმაც გამოჰკითხა რამდენიმე პირი, ხელმძღვანელობდა ერთი გამოკითხვის ოქმით და უმნიშვნელო ცვლილებები (გამოკითხვის დაწყების და დასრულების დრო, გამოსაკითხ პირთან დაკავშირებული ინფორმაცია, რამდენიმე სიტყვისთვის ადგილების შეცვლა და სხვა) შეჰქონდა გამოკითხვის ოქმებში, ხოლო უშუალოდ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ტოვებდა იმავეს.
ასეთი მავნე პრაქტიკაც ტრადიციად არის ქცეული საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში (იხ. მაგალითად, ჩვენი ბლოგი საბა სხვიტარიძის საქმეზე).
9. ბრალდებულების უკანონო პირადი ჩხრეკები
დაუსაბუთებელია პროკურორების შუამდგომლობები ბრალდებულების პირადი ჩხრეკის ჩატარების კანონიერად ცნობის თაობაზე და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს - მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული მოთხოვნის არგუმენტაცია. 112-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების შესახებ სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს გადაუდებლად, სასამართლოს განჩინების გარეშე. გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის მოთხოვნით პროკურორმა უნდა მიმართოს სასამართლოს და უნდა გადასცეს მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. ასევე, 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში ყველა ამოღებული ნივთი, საგანი, ობიექტი უნდა აღიწეროს ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ არ არსებობდა დაკავებულთათვის გადაუდებლად ჩხრეკის ჩატარებისა და ჩხრეკის დროს ამოღებული ზოგიერთი ნივთის ამოღების საჭიროება.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იყვნენ 2 დღე. როგორც უკვე აღინიშნა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 3 თებერვალს ანუ, ჩხრეკამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო ჩხრეკაზე სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად (ჩხრეკის შესახებ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს 24 საათში). ჩხრეკების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების საფუძვლად ყველა ბრალდებულთან მიმართებით იყო ზოგადი მითითება, რომ დაყოვნებას შეიძლება გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან დაყოვნება შეუძლებელს გახდიდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვებას. არ იყო მითითებული კონკრეტული გარემოებები, რაც ამ დასკვნების გამოტანის საფუძველს იძლეოდა (ესეც გავრცელებული მავნე პრაქტიკაა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში, იხ., მაგალითად, “დაიტოვეს” წევრების წინააღმდეგ წარმოებული ჩხრეკები და ნარკოტიკების ჩადების საქმეები). ასევე, გაურკვეველია სისხლის სამართლის წესით ჩხრეკისას ამოღებული ზოგიერთი ნივთის ამოღების საჭიროება და მათი კავშირი იმ დანაშაულთან, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი. კერძოდ, სისხლის სამართლით წესით დაკავებისას, დაკავებულებს, სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს: საცვლები, წინდები, ქამრები, ფეხსაცმლის თასმები, პირადობის მოწმობები, პასპორტები, სიგარეტი, ხის ჯვარი, საფულეები, პლასტიკური ბარათები).
10. საგამოძიებო უწყებების სწრაფი კოორდინაცია სასამართლოსთან
2025 წლის 3 თებერვალს საგამოძიებო ორგანომ (შინაგან საქმეთა სამინისტრომ) მიმართა შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს - ლანა ოვსიანიკოვას და მოითხოვა ინფორმაცია აღმაშენებლის ხეივნისა და მიმდებარე ტერიტორიის აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ. აღნიშნულ მიმართვაზე პასუხად საგამოძიებო ორგანოს ეცნობა იმავე დღეს, რომ მასალები ინახებოდა ა ქ. თბილისში, გულუას ქ. 10-ში.
იმავე დღეს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის მოთხოვნით. შუამდგომლობა სასამართლოში დარეგისტრირდა 03.02.2025. 17:05 საათზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ამავე დღეს, მოსამართლე თამარ მახარობლიძის მიერ, რომლის საფუძველზეც ამავე დღეს 20:38-20:55 საათზე ხდება გამომძიებელი ზაურ ზურაშვილის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა.
მაშასადამე, სასამართლომ 55 წუთში მოასწრო შემდეგი ქმედებების განხორციელება: დარეგისტრირებული შუამდგომლობა გადაუგზავნა მოსამართლეს, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ შეისწავლა შუამდგომლობა და საქმის მასალები, მიიღო/დაწერა განჩინება და იგი ამავე დროში ჩააბარა გამომძიებელს (სასამართლო მუშაობს 18:00 საათამდე)
11. ვიდეოჩანაწერები
გამოძიების მიერ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილია ვიდეომასალა, სადაც ასახულია 2025 წლის 2 თებერვალს, 14:00 საათიდან 23 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაღებული საპროტესტო აქციის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. ამ ვიდეომასალაში ასახულია ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავება. ჩანაწერში ჩანს, რომ მას აკავებს ორი პირი, რომლებსაც უკეთიათ ნიღბები და აცვიათ შავი ფერის ტანსაცმელი, თუმცა, მისი ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის შოთიკო ხატიძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, აღნიშნული ბრალდებული მან დააკავა. დაკავების კადრები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბრალდებული დააკავა არა შოთიკო ხატიძემ, არამედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შემდგომ გადასცეს იგი საპატრულო პოლიციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში არასწორი ინფორმაციაა მითითებული და შოთიკო ხატიძეც არასწორ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას.
12. პროკურორი და მოსამართლეები:
აღნიშნული სისხლის სამართლის პროკურორები:
· როინ ხინთიბიძე;
· ირაკლი ყვავაძე;
· ანა ლეკიაშვილი;
· ნათია ქართველიშვილი.
მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები:
· თამარ მახარობლიძე;
· ეკა ბარბაქაძე;
მოსამართლე, რომელმაც განიხილა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი:
· დავით კურტანიძე;