ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს
ბოლო დროს საზოგადოებაში ისმის კითხვა, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას: საქართველოს პრეზიდენტმა თუ პრემიერმინისტრმა. ვეხმაურებით ამ საკითხს და გთავაზობთ საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და ის ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
თუმცა, კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილია,რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურია და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის (ა) ქვეპუნქტიც სწორედ პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.
როგორც ცნობილია, ასოცირების შეთანხმების პარაფირება მთავრობის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოხდა, რაც თავისთავად საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების განხორციელების აქტს წარმოადგენს. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას, როგორც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირს, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს ქვეყანა. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი სწორედ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა ან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირმა მოაწეროს ხელი. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ხელშეკრულებას ხელს სხვა პირი მოაწერს.
გთავაზობთ თბილისის ქუჩებში ჩატარებულ გამოკითხვას, სადაც მოქალაქეები აფიქსირებენ საკუთარ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით.