გაყიდული აჭარა: როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გაყიდული აჭარა: როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

09 სექტემბერი, 2026

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომლის მიზანი აჭარის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო. ამ პერიოდში სამინისტრომ სულ 69 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათგან 54 აუქციონი არ გაიმართა  მონაწილეების არარსებობის გამო. შესაბამისად, ამ აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ვერ გაიყიდა. 15 შემდგარი აუქციონიდან, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ, 8 იყო უკონკურენტო. ამ უკონკურენტო აუქციონებში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და მასზე გამოტანილი უძრავი ქონება გაიყიდა საწყის საპრივატიზებო ღირებულებაზე მინიმალური ფასნამატით, ერთ სააუქციონო ბიჯში.

თხუთმეტივე აუქციონის შედეგად გასხვისდა 40,521 კვ.მ ჯამური ფართობის 15 მიწის  ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული 814.3 კვ.მ ჯამური ფართობის 6 შენობა-ნაგებობა. ამ ქონებების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 16,781,000 ლარს შეადგენდა, რაც აუქციონებზე ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 3,626,300 ლარით და, საბოლოოდ, აჭარის ბიუჯეტმა მიიღო 20,407,300 ლარის შემოსავალი. კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ხოლო უკონკურენტო აუქციონებზე გამოტანილი ქონებები - მინიმალური ფასნამატებით.

tables_01.pdf

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ, შპს „ხიდი-2006-მა“, 2025 წლის 25 აგვისტოს, უკონკურენტოდ, 3,300-ლარიანი ფასნამატით, 136,300 ლარად მოიგო, კურორტ გოდერძიზე მდებარე 383 კვადარტული მეტრი მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული, უპირობო ელექტრონული  აუქციონი.

ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 2 კომპანიის წილის მფლობელები, დირექტორები და ოჯახის წევრები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან - სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,387,000 ლარი შესწირეს. მათ შორის 1 კომპანიამ (შპს “ნოვა”) აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო მეორე კომპანიის დირექტორი და 50% წილის ბენეფიციარი მესაკუთრე, „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, შოთა ფუტკარაძეა. შოთა ფუტკარაძის მამა, ოთარ ფუტკარაძე, შპს „ბონდი 2009“-ის 25% წილის მფლობელი და „ქართული ოცნების“ მსხილი შემწირველია. მათ სულ შეიძინეს 20,481 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 მიწის ნაკვეთი და 417.72 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 შენობა-ნაგებობა, რომლებიც კომერციულად მიმზიდველ ადგილზეა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამრეწველო ზონაში.

tables_03.pdf

აუქციონებში გამარჯვებულმა 2 კომპანიამ (შპს “ნოვამ” და შპს “ნიუ სთაილმა”) სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 59,540,688 ლარის შემოსავალი. მათ შორის, უკონკურენტოდ მოიგეს 15,862,903 ლარის ჯამური ღირებულების 50 ელექტრონული ტენდერი.

tables_05.pdf

საყურადღებოა ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 1 კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის თარიღი: შპს “გოდე 2026” დაფუძნდა აუქციონის გამოცხადების შემდეგ და აუქციონის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე.

tables_07.pdf

ბოლო წლებში, უძრავი ქონების პრივატიზაციაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს ვერ შემდგარი აუქციონების რაოდენობა. კერძოდ, 2022-2024 წლებში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონებიდან 266, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონებიდან 54 არ შედგა.

არშემდგარი აუქციონების შედეგად ვერ შესრულდა შესაბამისი წლების აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა. კერძოდ, 2024 წელს უძრავი ქონების პრივატიზაციიდან დაგეგმილი იყო 112,650,000 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო ფაქტიურად მიიღეს  22,835,500 ლარი. 2025 წლის 9 თვეში დაგეგმილი იყო 125,055,555 ლარის უძრავი ქონების გასხვისება, რის ნაცვლად გასხვისდა 4,500,200 ლარის უძრავი ქონება ანუ გეგმის 3,6%.

გაყიდული აჭარა: როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.