გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში

28 მაისი, 2020

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2020 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოიხილა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის - “სერპანტინის” საქმიანობა, რომელმაც 2013-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია კვლავ აგრძელებს სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებას. მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, 2020 წლის იანვარ-აპრილში, “სერპანტინმა” 7,249,170.06 ლარის ოდენობის ტენდერები მოიგო.

წინამდებარე ბლოგში ასევე მიმოვიხილავთ გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებისა და მათი ბიზნესპარტიორების საქმიანობას, რომელიც, შესაძლებელია, კავშირში იყოს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან. კვლევის პროცესში გამოიკვეთა გიორგი ზედელაშვილისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის საერთო ინტერესები ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით.

“სერპანტინი” 2020 წელსაც ინარჩუნებს დომინანტურ მდგომარეობას კახეთის რეგიონში

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია “სერპანტინი” 2020 წელსაც განაგრძობს მსხვილი სახელმწიფო ტენდერების მიღებას. კომპანიამ 2020 წლის იანვარ-აპრილში 17 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16-ში გაიმარჯვა. კომპანიამ ყველა ტენდერი თელავის, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისგან მიიღო. მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ მხოლოდ 2020 წლის დასაწყისიდან 7,249,170.06 ლარი შეადგინა.

“სერპანტინმა” 16 ტენდერიდან 6-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით კომპანიამ 1,486,959.06 ლარი მიიღო.

“სერპანტინის” მიერ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის საერთო ოდენობამ 2013-2020 წლებში უკვე 112 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ჰიდროელექტროსადგურები

2018 წლის 3 მაისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის ორ - N961 და N963 განკარგულებას. ორივე განკარგულება სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის წესებს შეეხებოდა, თუმცა მათ აერთიანებდა ის, რომ ორივე ჰესის მიმართ გამოკვეთილი იყო გიორგი ზედელაშვილის ბიზნეს-ინტერესი.

ხრამი ჰესი

2018 წლის 23 მარტს შპს “ნიუ ტექნოლოჯი 2014”-ის 50%-50% შეიძინეს გიორგი ზედელაშვილის ძმიშვილმა, ლევან ზედელაშვილმა და ირაკლი შიხიაშვილის ცოლის დამ, ხათუნა ასათიანმა, რის სანაცვლოდაც გადაიხადეს 55,000 აშშ დოლარი.

2019 წელს, ხათუნა ასათიანმა, შპს “ნიუ ტექნოლოჯი 2014”-ის თავის საკუთრებაში არსებული 50% წილიდან 5% მიყიდა ივანე ნიკოლაიშვილს 5000 ლარის სანაცვლოდ. ივანე ნიკოლაიშვილმა 2016 წელს პარტია “ქართულ ოცნებას” 40,000 ლარი შესწირა, თუმცა 2012 წლამდე იგი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი იყო.

ამ კომპანიის ირაკლი შიხიაშვილთან კავშირს ისიც ამტკიცებს, რომ ამავე წელს, საჯარო რეესტრში შპს “ნიუ ტექნოლოჯი 2014”-თან დაკავშირებით სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე განცხადება ირაკლი შიხიაშვილის შვილმა, ლევან შიხიაშვილმა შეიტანა, როგორც მინდობილმა პირმა.

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 3 მაისის  N961 განკარგულებით  მოიწონა მთავრობას, შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014-სა" და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის „ხრამი ჰესის" თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის დადება. მემორანდუმი გაფორმდა 2018 წლის 6 ივნისს. შპს “ნიუ ტექნოლოჯი 2014”-მა აიღო 1,13 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის “ხრამი ჰესის” აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება.

2018 წლის 30 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის N2024 განკარგულებას “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014”-ისათვის აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

ორო ჰესი

2017 წლის 3 აპრილს, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია - “სერპანტინის” დირექტორმა, ზურაბ ფეიქრიშვილმა დააფუძნა შპს “ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანი”.

ამ კომპანიას საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის N963 განკარგულების თანახმად,  გადაეცა უძრავი ქონება იმ პირობით, რომ “ორო ჰესის” აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2018 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დათქმული ვადები შესრულდებოდა. 1.1 მგვტ სიმძლავრის “ორო ჰესი” ექსპლუატაციაში მიიღეს 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N1802 განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის - შპს “ნიუ ტექნოლოჯი 2014”-ისა და შპს “ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანის” დირექტორი, ერთი და იგივე პირი, დავით ჩიქოვანია.

ირაკლი შიხიაშვილის ოჯახის ბიზნესის მიერ მოგებული ტენდერები

იმ დროს, როდესაც ირაკლი შიხიაშვილის ინტერესი “ხრამი ჰესის” მშენებლობისა და მართვის მიმართ გამოიკვეთა, მას უკვე საჯარო სამსახური აღარ ეკავა. თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მოიკვლია, რომ საჯარო სამსახურში ყოფნის დროს მისი საოჯახო ბიზნესი აქტიურად მონაწილეობდა საჯარო შესყიდვებში: 2013 წლის 14 თებერვალს, კომპანია “ანჯ-მეტალმა”, რომლის 25%-ს ირაკლი შიხიაშვილის მეუღლე - ეკატერინე ასათიანი ფლობს, თბილისის მერიისგან მიიღო 679,999.47 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA130000724). ტენდერის მიღებისას, ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

იმავე წლის 30 სექტემბერს, კომპანია “ანჯ-მეტალმა”, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისგან მოიგო 2,161,000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA130016136) იმ ფონზე, როცა მის  2 კონკურენტს დისკვალიფიკაცია გამოუცხადეს. ამ დროს ირაკლი შიხიაშვილი უკვე იკავებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ გიორგი ზედელაშვილის საქმიანობა და დაადგინონ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გიორგი ზედელაშვილისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.