ინფრასტრუქტურული პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში
2013 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარტნიორ ოგრნიზაციებთან ერთად, ასოციაცია „ათინათის“ პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 30 სოფელში.
შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი შესაბამისი საჯარო უწყებებისათვის წარდგენა იყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ მთლიანობაში 131 პრობლემატური საკითხი გამოავლინა.
მოქალაქეთა მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციას და საქართველის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სპეციალური ანგარიში გამოქვეყნდა ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზეც.
დავინტერესდით, თუ რა რეაგირება მოჰყვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენს მიერ გადაგზავნილ ანგარიშს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან შესაბამისი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
მიღებული ინფორმაციით მიხედვით, ზუგდიდის 30 სოფლის მოსახლეობის მიერ გამოვლენილი 131 პრობლემატური საკითხიდან:
-
71 უკვე გადაჭრილია ან/და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები;
-
16 საკითხი კვლავ განიხილება ან/და შეტანილია 2016/2017 წლების სამოქმედო გეგმაში;
-
6 პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად ზუგდიდის გამგეობამ შესაბამის უწყებებს წერილობით მიმართა;
-
სხვა საკითხები კი, სხვა საჯარო უწყებების განხილვის სფეროს წარმოადგენს;
-
რამდენიმე საკითხზე ზუგდიდის გამგეობამ მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი მათ გადასაჭრელად
განხორციელებული/მიმდინარე პროექტები
ანაკლია
-
სოფელ ანაკლიაში განხორციელდა სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, მათ შორის 2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრმა“ რეაბილიტაცია ჩაუტარა 25 სანიაღვრე არხს.
-
“საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” ანაკლიაში 4,2 კილომეტრიან მონაკვეთზე ნაპირსამაგრ სამუშოებს ახორციელებს. პროექტის ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია, თანხის დიდი ნაწილი ქართულმა მხარემ “აზიის განვითარების ფონდის” სესხიდან მიიღო, ნაწილი კი თანადაფინანსების პრინციპით გამოიყო. პროექტი 2016 წელს დასრულდება.
განმუხური
-
სოფელ განმუხურში ბერანძეების, შენგელიებისა და ჭაფანძეების უბნებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები;
-
ზუგდიდის გამგეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზღვის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რომელსაც „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს; რაც შეეხება მდინარე ენგურის ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობას ჭაფანძეების და ბოკუჩავების უბანში, აღნიშნული რესურსების უქონლობის გამო ვერ ხორციელდება;
-
სოფელ განმუხურში ამორტოზებული შიდა გზების მოხრეშვას ზუგდიდის გამგეობა გაზიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს .
ჭითაწყარი
-
სოფელ ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ საცხოვრებელ კორპუსებს, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო 750 ათასი ლარი;
-
ონარიის დასახლებაშივე მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პროექტის ღირებულებამ 155 559 ლარი შეადგინა;
-
ასევე, ე.წ. ყოფილი ფერმის დასახლებაში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია, განახლდა კორპუსების ფასადები.
ცაიში
-
სოფელ ცაიშში განხორციელდა გზების ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
-
2015 წელს დაიწყო სამელიორაციო სამუშაოები.
კახათი
-
სოფელ კახათში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე არხებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები 2016 წელსაც გაგრძელდება;
-
სარემონტო სამუშაოები ჩატარდა სოფლის საბავშვო ბაღებში.
ახალკახათი
-
2015 წელს სოფელ ახალკახათში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ბაღი 77 აღსაზრდელზეა გათვლილი, პროექტის ღირებულება 188 ათასი ლარია;
-
„კეთილმოწყობის ცენტრმა“ ასევე განახორციელა სანიაღვრე არხების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, სამუშაოები 2016 წელსაც გაგრძელდება.
ყულიშკარი
-
„კეთილმოწყობის ცენტრმა“ სოფელ ყულიშკარში სანიაღვრე არხების ნაწილობრივი რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები 2016 წელსაც გაგრძელდება.
-
მოიხრეშა შიდა გზები, 2016 წელს კი იგეგმება გზების სხვა მონაკვეთების მოხრეშვა;
-
მუნიციპალიტეტის მიერ უკვე მომზადებულია წყალმომარაგების სისტემის პროექტი, რომლის ღირებულება 140 000 ლარია. დაწყებულია სამუშაოების პირველი ეტაპი.
ჯიხაშკარი
-
სოფელ ჯიხაშკარის პირველ საჯარო სკოლას აღუდგა წყალმომარაგება;
-
დანიის ლტოლვილთა საბჭომ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რეაბილიტაცია ჩაუტარეს მეორე საბავშვო ბაღის შენობას, რომელიც აღსაზრდელთა ხუთ ჯგუფზეა გათვლილი.
შამგონა
-
ს.ს. „ენრგო პრო-ჯორჯიამ“ დაასრულა მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება;
-
სოფელ შამგონის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება 2016 წელს, უკვე გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერი;
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ სოფლებში, მათ შორის სოფელ შამგონაში მიმდინარეობს სამუშაო (ჯგუფური) შეხვედრები, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება. აგრეთვე, გასულ წლებში 180 ერთეული მაღალწნევიანი და 2000-მდე ხელის შემასხურებელი აპარატი დარიგდა. მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია არსებული აპარატების რაოდენობის გაზრდა.
ახალაბასთუმანი
-
სოფელ ახალაბასთუმანში განხორციელდა სანიაღვრე არხების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება;
-
მოიხრეშა შიდა გზების უმეტესი ნაწილი;
-
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის საბავშვო ბაღს;
-
ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგეობამ სკოლის ფინანსური მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამიდან გამოყო თანხა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში აშენდა ახალი საპირფარეშო.
დიდინეძი
-
სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმზე აშენდა ნაპირსამაგრი ნაგებობები, პროექტის ღირებულებამ 650 ათასი ლარი შეადგინა. დარჩენილ მცირე მონაკვეთზე ნაპირსამაგრების მოწყობა უახლოეს პერიოდში იგეგმება;
-
სოფლის ცენტრში დამონტაჟდა გარე განათების სისტემა;
-
საქირიოს უბანში 500 მეტრიან მონაკვეთზე ახალი სანიაღვრე არხის გაჭრას ზუგდიდის გამგეობა მიმდინარე წელს გეგმავს.
ოქტომბერი
-
სოფელ ოქტომბერში არსებულ დევნილთა დასახლებაში გარემონტდა საკანალიზაციო სისტემა, ასევე განხორციელდა სანიაღვრე არხების ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
-
მოსახლეობის 68% უკვე სარგებლობს ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებით, დარჩენილი 32%-ის გამრიცხველიანება 2016 წელს მოხდება;
-
სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები.
რუხი
-
სოფელ რუხში მოიხრეშა შიდა საუბნო გზების ძირითადი ნაწილი, ასევე განხორციელდა ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე წყალსაწრეტი არხის რეაბილიტაცია;
-
დაწყებულია სოფელში არსებული პარკის რეაბილიტაცის პროცესი
რიყე
-
სოფელ რიყეში დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოხდა ხიდის რეაბილიტაცია;
-
2014-2015 წ გაკეთდა 5 ჭაბურღილი (4 წერტილოვანი და 1 დაქსელვითი). წყლის მილების სიგრძეა 1,9 კმ. დამონტაჟდა 20 ტონიანი ავზი. შედეგად, სოფელ რიყეში წყლის მიწოდების პრობლემა გადაიჭრა;
-
გარემონტდა სოფელ რიყეს საბავშო ბაღს, დაემატა აღსაზრდელთა მესამე ჯგუფიც.
ჩხორია
-
სოფელ ჩხორიაში მოიხრეშა შიდა გზები;
-
გარემონტა საბავშვო ბაღის ოთახები და სველი წერტილი. ბაღს გადაეცა ახალი ავეჯი, სათამაშოები და წიგნები. ასევე, უახლოეს მომავალში ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება;
-
ს.ს. „ენრგო პრო-ჯორჯია“ დაასრულა მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
ახალსოფელი
-
სოფელ ახალსოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზების უმეტეს ნაწილს. სოფლის ცენტრიდან უჩაშონას უბნამდე დაიგო ასფალტის საფარი;
-
მდინარე ჯუმსა და ყულისწყალზე მოეწყო ნაპირსამაგრები;
-
დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე ასევე იგეგმება მეორე ჯგუფის დამატება;
-
“მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით, დევნილთა დასახლებაში მოეწყო კანალიზაცია, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რომელთა მოგვარებაზე მიმდინარეობს მუშაობა;
-
დანიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით საჯარო სკოლაში საპირფარეშო აშენდა.
ნარაზენი
-
სოფელ ნარაზენში მოიხრეშა შიდა გზების ნაწილი;
-
შამადელას უბანში აღდგენილ იქნა წყალმომარაგების დაზიანებული სისტემა;
-
შამადელას უბანში ინდივიდუალური მრიცხველებით უკვე სარგებლობს მოსახლეობის 64%, დარჩენული 34%-ის გამრიცხველიანება უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.
კოკი
-
სოფელ კოკის ბაღში გაიხსნა მეორე ჯგუფი. შედეგად, სოფელში მცხოვრები ყველა აღსარზდელი სარგებლობს მუნიციპალური ბაღით. ჩატარდა შემოღობვითი სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილები და გაკეთდა პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის.
ორსანტია
-
სოფელ ორსანტიაში მოწესრიგდა სანიაღვრე არხების დიდი ნაწილი, სამუშაოები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც.
ჭკადუაში
-
სოფელ ჭკადუაშში დაიდგა რამდენიმე სანაგვე ურნა. დასუფთავების სამსახურს საყოფაცხოვრებო ნარჩენები პერიოდულად გააქვს;
-
მოიხრეშა შიდა გზების ნაწილი. 2016 წელს კი, დაიწყება ცენრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
-
დანიის ლტოლვილთა საბჭოს ფინანსური დახმარებით გარემონტდა საბავშო ბაღი. 2016 წელს კი, ბაღს გადაეცემა ახალი ინვენტარი.
დარჩელი
-
სოფელ დარჩელში გარემონტდა საბავშო ბაღის შენობა და სოფლის ბიბლიოთეკა. პრივატიზებულ იქნა სოფელში არსებული ყოფილი კულტურის სახლის შენობა .
ინგირი
-
სოფელ ინგირში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ნაწილობრივ დასრულებულია;
-
ასევე, მოხდა შიდა გზების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სასაფლაოებამდე მისასვლელ გზებზე კი, დაიგო ასფალტის საფარი;
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა სოფელ ინგირში მდგარი რამდენიმე უფუნქციო შენობა-ნაგებობა;
-
გაზიფიცირებულია მოსახლეობის 75%, დარჩენილი 25% გაზიფიცირებას შპს „სოკარ ჯორჯია“ უახლეოს დროში განახორციელებს.
კორცხელი
-
სოფელ კორცხელში მოხდა სანიაღვრე არსების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, სამუაშაოები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც;
-
ასევე მოწესრიგდა შიდა გზების ერთი ნაწილი.
ოდიში
-
სოფელ ოდიშში გზების მოხრეშვითი სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია და გაგრძელდება მიმდინარე წელსაც;
-
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე არხებსაც, სამუშაოები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც;
-
რეაბილიტირებულ იქნა საბავშვო ბაღის საკანალიზაციო სისტემა;
-
გარემონტდა ხიდი, რომელიც საკვიტატიანოს უბანს დანარჩენ დასახლებულ პუნქტებთან აკავშირებს.
ჭაქვინჯი
-
სოფელ ჭაქვინჯიდან დასუფთავების სამსახურმა დაიყწო საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა;
-
ბაღმარანის უბანში დაიწყო არტეზიული ჭის გათხა, რის შემდეგ ყველა ოჯახი მომარაგდება სასმელი წყლით;
-
გარემონტდა საბავშვო ბაღი. მოეწყო სპორტული მოედანი.
გრიგოლიში
-
2015 წელს საბავშვო ბაღში გაიხსნა დამატებითი ჯგუფი.
ურთა
-
ასფალტის საფარი დაიგო ზუგდიდთან დამაკავშირებელ გზაზე, მოიხრეშა შიდა გზების ნაწილი.
აბასთუმანი
-
2015 წელს დაიწყო სოფელ აბასთუმნის ცენტრალური გზის საფარის მოასფალტება, რისთვისაც 500 ათასი ლარი გამოიყო. გზის მშენებლობა დასრულდება 2016 წელს;
-
სოფლის უმეტეს უბნებში მოეწყო სანიაღვრე არხები;
-
გარემონტდა სოფლის საბავშვო ბაღი, რის შემდეგაც აღსაზრდელთა მეორე ჯგუფის დამატება მოხდა.
ორულუ
-
სოფელ ორულუში გარემონტდა საბავშვო ბაღი, გაიხსნა აღსაზრდელთა მეორე ჯგუფი. 2016 წელს იგეგმება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
განუხორციელებელი პროექტები
(განუხორციელებელი პროექტებიდან 16 საკითხი განხილვის ეტაპზეა ან/და შეტანილია 2016/2017 წლების სამოქმედო გეგმაში, 6 საკითხზე ზუგდიდის გამგეობამ აცნობა შესაბამის უწყებებს; დანარჩენი საკითხების მოგვარება სხვა საჯარო უწყებების კომპეტენციაა ან/და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი პრობლემის გადასაჭრელად)
ანაკლია
-
ანაკლიაში მწვავედ დგას მიწის დარეგისტრირების საკითხი. 2008 წლის შემდეგ ათეულობით მოქალაქეს ჩამოართვეს მიწა, მათ სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
განმუხური
-
განმუხურის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა სკოლის ინფრასტრუქტურა შესაბამისად არ არის ადაპტირებული.
ჭითაწყარი
-
ონარიის დასახლებაში საბჭოთა პერიოდის შემდეგ გაუმართავია კანალიზაცია;
-
ონარიის დასახლების მიმდებარედ არსებული სამხარეო პოლიციის შენობიდან გამომავალი საკანილიზაციო მილი სანიაღვრე არხთან არის შეერთებული, რის შედეგად პერიოდულად ბინძურდება ჭები, მძიმეა სანიტარული მდგომაროება;
-
ონარიის მცხოვრებლების უმრავლესობას არ აქვს სახნავ-სათესი მიწები, რადგან მიწა, რომელსაც წლების მანძილზე ამუშავებდნენ გაიყიდა და ამჟამად ერთ-ერთი იტალიური კომპანიის საკუთრებაშია.
ცაიში
-
ამბულატორიის შენობა, რომელიც ცაიშთან ერთად ასევე სოფელ ურთას ემსახურება, ამორტიზებულია და სრულ განახლებას საჭიროებს.
კახათი
-
მოსახლეობის განცხადებით, აუცილებელია სოფელში საბჭოთა დროს აშენებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აღწერა, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება და მათი პრივატიზება;
-
მოსახლეობა ასევე მოითხოვს სოფლის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას.
ახალკახათი
-
სალოგუოს უბანში დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს ელექტროსადენები;
-
სოფლის ცენტრში შესაცვლელია მაღალი ძაბვის ბოძი.
ყულიშკარი
-
დაზიანებულია წყალმომარაგების სისტემა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოწყობილი ჭაბურღილი მხოლოდ 30 ოჯახს ამარაგებს;
-
ავარიული მდგომარეობაშიასოფლის გამგეობის შენობა, რომელიც მდინარის ნაპირას არის აშენებული. მიმდებარედ გასამართია ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა;
-
მოსახლეობა ასევე მოითხოვს სოფლის ცენტრში არსებული ყოფილი კულტურის სახლის შენობის დემონტაჟს. შენობა ათეული წლის წინ აშენებული ნაგებობა, ავარიულია , და შესაძლოა ნებისმიერ დროს დაინგრეს;
-
სოფელში ასევე დაზიანებულია ელექტროსადენები. ინდივიდუალური გამრიცხველიანება ამ დრომდე არ მომხდარა;
-
შესაცვლელია ყულიშკარის საჯარო სკოლის სახურავი.
ჯიხაშკარი
-
სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობა სოფელში მდგარი XVII საუკუნის ციხე-სიმარგის გაწმენდასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარეგანათების მოწყობას მოითხოვს;
-
აუცილებელია ასევე სოფლის სასაფლაომდე ელექტროსადენების მიყვანა.
შამგონა
-
სოფელ შამგონას მოსახლეობა ითხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ჩაუტარდეს ლაბორატორიული ანალიზი - ისინი მზად არიან ამ მომსახურების საფასურის 50 % თავად აანაზღაურონ. მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის მანძილზე მკვეთრად იკლო სიმინდის და სხვა მარცვეული კულტურების მოსავლიანობის დონემ;
-
სოფელს მხოლოდ ორი სამარშუტო ტაქსი ემსახურება, რაც მოსახლეობის განმარტებით, არ არის საკმარისი და აუცილებელია, შპს „ზუგდიდი მუნიციპალური ტრანსპორტისაგან“ დამატებით ერთი ავტობუსის გამოყოფა;
-
სოფელ შამგონაში სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს კულტურის სახლი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა. ასევე სრულადაა განადგურებული კულტურის სახლის ინვენტარი. სოფლის მაცხოვრებელთა აზრით, უპირველესად, უნდა მოხდეს შენობის კედლების მდგრადობის შესწავლა, შემდგომ კი, მისი გადახურვა და რემონტი. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ თუკი მოხდება შენობის რეაბილიტაცია, აქ შესაძლებელი იქნება ახალგაზრდული კლუბის, აფთიაქის, სუპერმარკეტის განთავსება;
-
მოქმედი საბავშვო ბაღის ხისგან ნაგები შენობა ამორტიზებულია. შენობაში ცხოვრობენ დევნილები, რის გამო ბაღი მხოლოდ ერთ ჯგუფზეა გათვლილი, ოცამდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი კი, შესაბამისი მომსახურების გარეშე რჩება. საბავშვო ბაღი შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რემონტს არ ექვემდებარება;
-
სოფლის გამგეობის შენობაში ინახება წიგნების ფონდი, თუმცა ბიბლიოთეკა შესაბამისი ფართის უქონლობის გამო არ ფუნქციონირებს;
-
ოქტომბერის საჯარო სკოლაში მოუწესრიგებელია სველი წერტილები;
-
მოსახლეობის ნაწილი ასევე მოითხოვს, რომ სოფელს შეეცვალოს სახელი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გამოკითხვა ჩაატარონ სოფლის ახალი სახელის შესარჩევად;
-
მარას უბანში, მდინარე ჩხოუშიაზე, აღსადგენია ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებთან აკავშირებს.
რუხი
-
სოფელ რუხში სრულ რეაბლიტაციას საჭიროებს საბავშვო ბაღი. შესაბამისი ფართის უქონლობის გამო, ბაღის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს აღსაზრდელთა მესამე ჯგუფის გახსნას, რის გამო მიმდინარე წელს ოცზე მეტი ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა;
-
სოფლის ამბულატორიას არ მიეწოდება წყალი. ამბულატორიის ეზოში არსებული ჭა დაბინძურებულია და გაწმენდას საჭიროებს;
-
სოფლის კულტურის სახლის შენობა ამორტიზებულია და საჭიროებს რემონტს.
რიყე
-
მოსახლეობა მოითხოვს, რომ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებიც სოფელ რიყეში მდებარეობს, გადაეცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს.
ჩხორია
-
სოფელ ჩხორიას მოსახლეობა მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგის ლაბორატორიულ შესწავლას. მათი თქმით, ბოლო წლებში მკვეთრად იკლო სხვადასხვა კულტურების მოსავლიანობის დონემ;
-
მოსახლეობის ინფორმაციით, გაზრდილია მიწის ნიადაგის მჟავიანობის დონე და საჭიროა მისი კირით დამუშავება.
კოკი
-
სოფელ კოკის ხურჩას ტერიტორიულ ორგანოში დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას ცუდ ამინდში არ მიეწოდება ელექტროენერგია;
-
მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხზე ითხოვს დამატებითი საჯარო შეხვედრის ჩატარებას.
ორსანტია
-
სოფელ ორსანტიას მოსახლეობა მოითხოვს მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი ნაგებობების აშენებას, ვინაიდან ბოლო 10 წლის მანძილზე წყალდიდობების შედეგად 33 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა უვარგისი გახდა;
-
მოსახლეობა ასევე მოითხოვს სასოფლოს-სამეურნეო მიწის ანალიზის ჩატარებას.
დარჩელი
-
სრულ რეაბლიტაციას საჭიროებს ქვემო დარჩელში მდებარე საბაზო სკოლა, რომელიც ხის ერთსართულიან შენობაშია განთავსებული , 2013-2014 სასწავლო წლისათვი სკოლაშის 87 მოსწავლე ირიცხება;
-
ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს დარჩელის N1 საჯარო სკოლა. სკოლის დირექტორის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ შეიცვალა შენობის სახურავი, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ იქნა ჩატარებული, რის შედეგად წვიმის დროს წყალი შენობაში აღწევს.
კორცხელი
-
ასაშენებელია სოფლების კორცხელისა და ჭკადუაშის დამაკავშირებელი ხიდი;
-
მეწყერსაშიშ ზონაში მიწის გასამაგრებლად მოსაწყობია რკინა ბეტონის კონსტრუქციები მცოცავი . მეწყრისაგან დაზარალებული 18 ოჯახი მოითხოვს კომპენსაციას და გადასახლებას.
ჭაქვინჯი
-
სოფელ ჭაქვინჯში მოშლილია შიდა გზების უმეტესი ნაწილი. ამ მხრივ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა დიდდობერას უბანშია. გზა, რომელიც სოფელს ზუგდიდთან აკავშირებს საჭიროებს მოასფალტებას, ;
-
მეწყერსაშიშ ზონაში 20 ოჯახი ექვემდებარება ასახლებას. ასევე, მცოცავი მიწის გასამაგრებლად საჭიროა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები .
გრიგოლიში
-
სოფელ გრიგოლიშში გზები ამორტიზებულია, შეუძლებელია ავტომობილით გადაადგილება, მოსახლეობა მოითხოვს გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებასა და შიდა გზების მოხრეშვას;
-
მეწყერსაშიშ ზონაში მოსაწყობია რკინა-ბეტონის კონსტრუქციები მცოცავი მიწის გასამაგრებლად. რვა დაზარალებული ოჯახი კი, გადასახლებას ექვემდებარება;
-
ხიდის არარსებების გამო საკიკალიშვილოს უბანი მოწყვეტილია გარესამყაროს. უბნის მაცხოვრებელებს კი, ფეხით უწევთ დიდ მანძილზე გადაადილება;
-
სოფელში ჩასატარებელია ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
ურთა
-
სოფელ ურთაში მოსახლეობა მოითხოვს წყალმომარაგების სისტემის აღდგენას. ასევე, ელექტროსადენების შეცვლასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.
აბასთუმანი
-
სოფლის მასშტაბით შესაცვლელია დაზიანებული ელექტრობოძები და ელექტრო სადენები. ასევე, განსახორციელებელია ინდივიდუალური გამრიცხველიანება;
-
მეწყერსაშიშ ზონაში მოსაწყობია რკინა ბეტონის კონსტრუქციები მცოცავი მიწის გასამაგრებლად. 15 ოჯახი მეწყერის შედეგად სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩა;
-
სოფლის რწმუნებულსა და სპეციალისტებს არ აქვთ სამუშაო ოთახი. ამორტიზებულია სოფლის გამგეობის ყოფილი შენობა.
-
დაზიანებულია ამბულატორიის შენობა;
-
ხეცერის უბანი სოფლის ცენტრიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. ამ უბნის მაცხოვრებელთათვის ( 72 ოჯახი) მთაგორიანი რელიეფისა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, საბავშვო ბაღი და საექიმო ამბულატორია ხელმიუწვდომელია.
ერგეტა
-
სოფელ ერგეტაში აღსადგენია წყალმომარაგების სისტემა;
-
მოსახლეობა მოითხოვს, რომ სახნავ-სათეს მიწებს ჩაუტარდეს ლაბორატორიული ანალიზი, ვინაიდან მოსავლიანობის დონემ ბოლო წლებში მკვეთრად იკლო;
-
მოსახლეობა ასევე მოითხოვს ტყეკაფების გამოყოფას და შიდა გზების 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებას;
-
სოფელ ერგეტას მხოლოდ ორი სამარშუტო ტაქსი ემსახურება, რაც მოსახლეობის ინფორმაციით, არ არის საკმარისი. მოითხოვენ დამატებით ერთი მუნიციპალური ავტობუსის გამოყოფას .
ორულუ
-
სოფელ ორულუში შესაცვლელია ელექტროსადენები და ბოძები, ასევე ჩასატარებელია ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ქარსა და წვიმიან ამინდში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება;
-
ამორტიზებულია საექიმო ამბულატორიის შენობა;
-
მოსახლეობა მოითხოვს ორულუსა და სოფელ დარჩელის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიესალმება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სხვა უწყებების მიერ მოქალაქეთა მოთხოვნების შესაბამისი პროექტების განხორციელებას, რადგან მუნიციპალიტეტის ძირითადი ვალდებულება გამართული კომუნალური სერვისებისა და ინფრასტრუქრტურის შექმნაა. მიგვაჩნია, რომ გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა საერთო საცხოვრებელ არეალს და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ :
-
მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოსა თუ სხვა საჯარო უწყებების ცალკეულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა პერიოდულად უნდა გამართონ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართონ, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს განახლებული ინფორმაცია ჰქონდეთ მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ამჟამად სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა წელიწადში მხოლოდ ერთხელ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება;
-
მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია თვითმმართველობის კოდექსის ახალ რეგულაციაზე, რომლის მიხედვით მოქალაქეებს აქვთ უფლება საჭიროების შემთხვევაში მოიწვიონ დასახლების საერთო კრება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კონკრეტულ პრობლემათა გადაჭრის მოთხოვნით მიმართონ;
-
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს სოფლებში არსებული საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციასა და აუცილებელი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, აღნიშნული საკითხი არაერთ სოფელშია პრობლემატური.