ინფრასტრუქტურული პროექტები და საკუთრების უფლება მაღალმთიან აჭარაში
მიმდინარე წლის 19, 20 და 21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის იურისტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევის მიზნით ზემო აჭარის სოფლებს ეწვივნენ. იურიდიული კონსულტაცია 12 სოფლის მოსახლეობას გაეწია.
აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური
აჭარის რეგიონში მიმდინარეობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ერთ-ერთი მსხვილი პროექტის, აჭარისწყლის ჰესის მშენებელი არის ნორვეგიული კომპანია Clean Energy Group, რომელიც პროექტს ახორციელებს ინდოეთის ენერგო კომპანია TATA POWER-თან და მსოფლიო ბანკის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად. ჰესები შუახევსა და ხულოში შენდება. ინვესტიციის მოცულობა 300 მლნ. აშშ დოლარია. შუახევში კომპანიამ შექმნა პროფესიული გადამზადების ცენტრი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლიან მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეებს, შედეგად მიმდინარე მშენებლობაზე 800 ადამიანის დასაქმებაა განზრახული.
კასკადური ჰესების მშენებლობის გეგმა
ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებსაც უქმნის, უკმაყოფილებას იწვევს როგორც ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე კონკრეტული ღონისძიებების შეუსრულებლობა. აჭარისწყლის ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობა ძირითადად მოიცავს შუახევისა და ხულოს შემდეგ სოფლებს: ახალდაბა, მახალაკიძეები, ჩანჩხალო, ხიჭაური, დიდაჭარა, დიაკონიძეები, იაკობაძეები, ღურტა, ღორჯომელაძეები, კვატია, ფაჩხა და წაბლანა.
მოსახლეობასთან შეხვედრამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გაესაუბრა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, რომლებიც კომუნიკაციისას ძალიან გახსნილნი აღმოჩნდნენ და შეეცადნენ გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წარემართათ შემდგომი პროცესი. პროექტი თითქმის 2 წელია მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში საქმიანობის ძირითადი ნაწილი მოიცავდა სწორედ მიწის ნაკვეთების შერჩევისა და აზომვის საკითხს, კომპენსაციებზე მოლაპარაკებებს და ხელშეკრულებების დადებას. კომპანიის განცხადებით პროექტი იგეგმება იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები საკუთრების ობიექტის გამოყენება გახდეს საჭირო და მოსახლეობას ნაკლები ზარალი მიადგეს. თავად კომპენსირებას რაც შეეხება, კომპანია ანაზღაურებას გასცემს ყველა ტიპის მიწის ნაკვეთზე - საკუთრებაში დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ (ე.ი. პირს, რომელსაც მიწის ნაკვეთი აქვს დაკავებული, ასევე აქვს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტიც – საკომლო წიგნი ან სხვა) და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე (ე.ი. პირი მიწის ნაკვეთს ფლობს უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე). როგორც აღმოჩნდა მიწის ნაკვეთის ანაზღაურება ითვლება მიწის ნაკვეთის ხარისხის მიხედვით და არა უფლების სტატუსით. კომპანიას დაქირავებული ჰყავს დამოუკიდებელი ექსპერტი – აუდიტორი, რომელიც ახორციელებს ფასის დაანგარიშებას როგორც მიწის ნაკვეთებზე, ასევე ხეხილზე. „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლების თქმით, მესაკუთრეებს და მფლობელებს კომპანია აუდიტის მიერ დადგენილ ფასზე ოდნავ მეტს გადასცემს. ამ დრომდე კომპენსაციების მხოლოდ პირველი ნაწილია გაცემული და საბოლოო გადახდა მაშინ მოხდება, როდესაც მოიპოვებენ მშენებლობის ნებართვას და დაიწყება უშუალოდ ჰესის კონსტრუქციების მშენებლობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოსახლეობასთან შეხვედრის დაგეგმვაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა გამგებლებმა და სოფლის რწმუნებულებმა.
ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ თითქმის ყველა სოფელში მსგავსი პრობლემები იდგა; კერძოდ, ადგილობრივები უჩივიან:
- ინფორმაციის ნაკლებობას;
- უძრავი ქონების და ხეხილის საკომპენსაციო თანხის სიმცირეს;
- საკომპენსაციო თანხების დაგვიანებით გადახდას;
- სასმელი წყლის სისტემის მოშლას;
- საერთო სარგებლობის ტერიტორიების (მიწების) დატბორვას;
- საერთო ზარალს – ტყის მასივის ნაწილის განადგურებას.
შუახევი
ახალდაბა – სოფელი დაახლოებით 150 კომლისაგან შედგება, მათ საერთო სარგებლობის საძოვრები და ტყე აქვთ. როგორც სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს ჰესის მშენებლობის გამო ბოლო ერთი წელია საძოვრებით ვერ სარგებლობენ, ასევე გაიჩეხა ტყის ნაწილი რაც მოსახლეობისათვის შეშით მომარაგების პრობლემას წარმოშობს. მათი განცხადებით მიწის საკომპენსაციო თანხა განისაზღვრა 8 ლარით, ხეხილის შემთხვევაში კი ერთი ძირი ნაყოფიერი ხე - 20 ლარით, რაც მათი აზრით მცირეა. გარდა ამისა, სოფლის გზაზე მძიმე ტექნიკის მუდმივი გადაადგილება გზისპირა სახლებს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამ მიზეზით სახლი 6 ადგილობრივ მოსახლეს დაუზიანდა. ამავე მიზეზით ზიანდება ასევე სოფლის გზაც. მიუხედავად ამისა, არც გზის და არც სახლების გამაგრებითი სამუშაოები კომპანიას ამ დრომდე არ უწარმოებია. პრობლემას წყლის მომარაგების სისტემა წარმოადგენს, რომელიც სამშენებლო სამუშაოების გამო დაზიანდა. მიუხედავად მოსახლეობის მხრიდან არაერთი სარემონტო სამუშაოების წარმოებისა, იგი გზაზე ტექნიკის მოძრაობიდან გამომდინარე მაინც გამოდის მწყობრიდან. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის სისტემის შეკეთებას და მის დაცვას მოითხოვს. აღნიშნული პრობლემა დღემდე ჯერაც არ არის მოგვარებული.
მახალაკიძეები – სოფლის მოსახლეობის აზრით მიწაზე საკომპენსაციო ფასის დადგენა მისი ხარისხისა თუ მოსავლიანობის მიხედვით არ ხდება და კომპენსაცია ყველას თანაბრად ეძლევა. სოფელი სამუშაოების დაწყების შემდეგ წყლის შეწყვეტის საშიშროების წინაშე დგას და შესაბამისად, ადგილობრივები სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ე.წ. წინასაკომპენსაციო თანხები დარიგებულია და ადგილობრივებთან ხელშეკრულებებიც გაფორმებულია, თანხა სრული მოცულობით არ არის ანაზღაურებული მოსახლეობისათვის. სოფელში ჰესის მშენებლობა ამ ეტაპზე არ არის დაწყებული.
ჩანჩხალო – სოფელში მაცხოვრებელთაგან დაახლოებით 11 ოჯახს ეხება ჰესის მშენებლობა, მათთან კომპანიას ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და თანხები გადახდილია. უკმაყოფილება ნაყოფიერი მიწებზე გაცემულ საკომპენსაციო თანხებთან მიმართებაში გააჩნიათ და ითხოვენ ანაზღაურება ერთჯერადის ნაცვლად რამდენიმე წლით განისაზღვროს. მსგავსად სხვა სოფლებისა აქაც სასმელი წყლის სისტემის პრობლემაა, რომელსაც შეკეთება სჭირდება, რასაც მოსახლეობა კომპანიისაგან ითხოვს.
ხიჭაური – სოფელის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არ ეხება. შესაბამისად აღნიშნულ სოფელში პრობლემები არ წარმოქმნილა.
ხულო
დიდაჭარა – დაგეგმილი სოფლის იმ მიწების დატბორვა, რომელიც უშუალოდ მოსახლეობის საკუთრება არ არის. თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ ტერიტორიის დატბორვის შედეგად ვეღარ მოხერხდება იმ მიწების გამოყენება, რომელიც დასატბორ ტერიტორიას ემიჯნება და რომლითაც ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს.
მოსახლეობამ ჰესის მშენებელ კომპანიას წინადადებით მიმართა. ვინაიდან მშენებლობის შედეგად მეწყერის ჩამოწოლის რეალური საშიშროება იქმნება, ადგილობრივები მიწების დამეწყვრის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ შესაბამისი გარანტიების ხელშეკრულებაში წინასწარ დაფიქსირება სურთ. კომპანიას აღნიშნულ წინადადებაზე პასუხი და საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. დიდაჭარის მოსახლეობამ 300 ადამიანის ხელმოწერით არაერთი მოთხოვნა და მიმართვა გაგზავნა სხვადასხვა სამინისტროსა და აჭარის მთავრობაში.
ღურტა, დიაკონიძეები, იაკობიძეები და ღორჯომელაძეები (სულ 300 კომლიანი სოფელი) – ამ სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ღურტაში გაიმართა. სოფლები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არა არის. შესაბამისად ჩვენმა იურისტებმა კონსულტაცია ადგილობრივებს საკუთრების უფლების რეგისტრაციის, ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის წესებსა და მეთოდებზე გაუწიეს.
სხალთის ხეობა (ხულოს რაიონი)
წაბლანა, ფაჩხა – სოფლებში დაახლოებით 200 კომლია. ორივე სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი. დაუდგენელია მიწის მესაკუთრეები და ადგილობრივების უმეტესობას საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ააქვთ. ჰესების მშენებელ კომპანიას განზრახული აქვს სოფლის მიწების გარკვეული ნაწილის დატბორვა. კომპანიამ თითოეულ ოჯახს 3600 ლარი შესთავაზა, რაც მიუღებელია ადგილობრივებისთვის. მათი განცხადებით, დატბორვის შედეგად მიწები, რომლითაც ისინი სარგებლობენ გამოუსადეგარი გახდება. მოსახლეობა სათანადო კომპენსაციას ითხოვს.
კვატია – მიუხედავად იმისა, რომ პროექტით ჰესის მშენებლობა ამ სოფელსაც უნდა შეეხოს, ადგილობრივ მოსახლეობას არ ააქვს ინფორმაცია განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების შესახებ. სოფელ კვატიას მოსახლეობა მიწების ხელახლა აზომვას მოითხოვენ, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, სამოქმედო ნახაზები არ ასახავენ მიწის ნაკვეთების ზუსტ მდებარეობას. მიწის ფასი და წინასაკომპენსაციო თანხა სოფელში სხვა სოფლებისაგან განსხვავებით ყველაზე მცირეა.
ამ სოფლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები განმეორებითაც იმყოფებოდნენ, უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას კომპანიის წარომადგენელთა და ხალხთა შეხვედრაში. მოლაპარაკების პრობლემა ისევ და ისევ იგივე იყო, მოსახლეობა საკომპენსაციო თანხის გაზრდას ამჯერად 10 000 ლარამდე მოითხოვს, რაზედაც კომპანია წინააღმდეგია. ვერ შეთანხმდნენ ასევე ტერიტორიების (მდინარის კალაპოტი, რიყე, ჭალები) თავიდან აზომვაზე, ვინაიდან როგორც კომპანია აცხადებს, გამონაკლისის დაშვება რომელიმე კონკრეტული სოფლის მიმართ შეუძლებელია. მსგავსი გამონაკლისები ქმნის იმის რისკს, რომ სხვა სოფლების მოსახლეობა მსგავს შეღავათებს მოითხოვს. მოსახლეობის მოთხოვნაზე კი მისცემდა თუ არა მათ კომპანია რაიმე სახის გარანტიას, რომ ჰესის მშენებლობა არ დააზარალებდა მათ, არ გამოიწვევდა ისედაც მეწყერსაშიში მთიანი ნაწილის დამეწყვრას, მათ ერთგვარი მემორანდუმი წარმოადგინეს, რომლითაც განაცხადეს ვალდებულება აანაზღაურონ ნებისმიერი ზიანი, თუ კი მშენებლობა ამას გამოიწვევს, ასევე კომპანია მოსახლეობას მათ სარგებლობაში არსებულ ჭალებთან ალტერნატიული მისასვლელი გზების გაყვანას დაჰპირდა. თუმცა უნდა ღინიშნოს, რომ მემორანდუმი მსგავსი სახის ჩანაწერს არ შეიცავს.
გოდერძის უღელტეხილი
გარდა იმ სოფლებისა, სადაც ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტებმა გოდერძის უღელტეხილიც მოინახულეს, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ არსებული პრობლემების შესახებ ჩვენმა ორგანიზაციამ 2012 წლის 5 ივლისს სპეციალური განცხადება და ვიდეო ბლოგი გაავრცელა.
გოდერძის სათხილამურო კურორტის გეგმა
2012 წელს დაწყებული პროექტი ადგილობრივების უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა. პროექტის საწყის ეტაპზე ადგილობრივებს ხელისუფლება არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდა, მათ დაუკითხავად აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივების კუთვნილ მიწებზე, ადგილი ჰქონდა მუქარასაც. თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. დღეის მდგომარეობით 69 ოჯახს ჯამში დაახლოებით 0,5 მილიონი ლარის კომპენსაცია გადაეცა.
სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. მშენებელი კომპანიის განცხადებით სამუშაოების პირველი ეტაპი შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე განხორციელებულია 12,5 მილიონი ლარის ინვესტიცია. უღელტეხილის ტერიტორიაზე სოფ. ზანკებში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მიწებზე, რომელზედაც დაახლოებით 19 ოჯახი მოითხოვს კომპენსაციას. მშენებელი კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს საკითხების შესწავლა და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება, იზომება მიწები და ზუსტდება სამშენებლო ფართობი. ასევე იგეგმა ადგილზე მფლობელობის დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნა. კომპანიის დირექტორმა გამოთქვა სურვილი კომისიაში არასამთავრობო სექტორის ჩართვაზეც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჩაერთვება კომისიის საქმიანობაში და აქტიურად გააგრძელებს მიმდინარე პროცესის მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უზრუნველვყოფთ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვას.