იუსტიციის სამინისტროს ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელ Facebook-ზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იუსტიციის სამინისტროს ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელ Facebook-ზე

28 ივნისი, 2016

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 2016 წლის 13 ივნისს გამოაქვეყნა იუსტიციის მინისტრის პრესკონფერენცია, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების განაწილება/გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს. მინისტრის განცხადებაში ეჭქვეშ არის დაყენებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლეების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. მინისტრი ასევე მიუთითებს, რომ ზოგიერთი მოსამართლე შესაძლებელია გამოყენებულ იყოს კონკრეტული პარტიების მიერ პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. აღსანიშავია, რომ პრესკონფერენციის ბმული, გასული ერთი კვირის მანძილზე, სოციალურ ქსელში აქტიურად იქნა რეკლამირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, რათა საზოგადოების რაც შეიძლება ფართო წრე გაცნობოდა მინისტრის ბრალდებებს სასამართლოს წინააღმდეგ.

მიუღებელია სოციალურ მედიაში სამინისტროს ისეთი პოსტების რეკლამირება, რომლის მიზანსაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებების წამოყენება და ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს განცდას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობის ეჭქვეშ დაყენებით, იუსტიციის მინისტრი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებაში სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტაცის მოხდენას. სამწუხაროა, რომ ამგვარი არალეგიტიმური მიზნებისთვის სახელმწიფოს ფინანსური რესურსი იხარჯება.

იუსტიციის მინისტრის ამგვარი კამპანია სასამართლოში მიმდინარე რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით, შესაძლებელია აღქმულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობად. მიგვაჩნია, რომ ამ ეჭვებს ამყარებს იმ გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვითარდებოდა და რომლის ბოლო გამოვლინებას პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში სამართლებრივ პრინციპებთან შეუსაბამო ცვლილებების მიღება წარმოადგენს.

მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, ამგვარი განცხადებების გავრცელებისგან.

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ, სახელმწიფო რესურსები უნდა იხარჯებოდეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუტების გაძლიერებისთვის და არა პირიქით, გარკვეული ბრალდებების რეკლამირების გზით მათი დისკრედიტაციისთვის.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“