ივანიშვილის კომპანიები - თანამდებობის პირების სამჭედლო სამი წლის შემდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ივანიშვილის კომპანიები - თანამდებობის პირების სამჭედლო სამი წლის შემდეგ

05 ოქტომბერი, 2018

 

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებისა და ბიოგრაფიების შესწავლის საფუძველზე, ჩანს, რომ კვლავაც გრძელდება საჯარო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციებზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრების დანიშვნის ტენდენცია.

2015 წლის 22 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დანიშნული/არჩეული პირების კავშირზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიებთან. კვლევა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით ავლენდა, რომ „სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში," ხოლო „14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი.” მიუხედავად იმისა, რომ ამაში რაიმე კანონდარღვევა არ არის, ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლების მაღალ თანამდებობებზე გადანაცვლების ტენდენცია „ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ."

წარმოდგენილი კვლევის მიზანია 2015 წელს გამოქვეყნებული მასალის განახლება. კვლევის ფარგლებში, ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზაში ის თანამდებობის პირები შეირჩნენ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან  ჰქონდათ კავშირი. ამჯერად კვლევა 40-მდე თანამდებობის პირს შეეხება.

2015 წლიდან სულ მცირე 17 ახალი შემთხვევაა, როდესაც თანამდებობაზე ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრი დაინიშნა/აირჩა, კიდევ 9 შემთხვევაში ასეთი პირები საჯარო სექტორში ახალ თანამდებობაზე დაინიშნენ/აირჩნენ. ასევე, სულ მცირე 9 ახალ შემთხვევაში, თანამდებობები ისეთმა პირებმა დაიკავეს, ვისი ოჯახის წევრებიც ივანიშვილის კომპანიებში არიან დასაქმებული.

2015 წლის შემდეგ საჯარო სექტორში ივანიშვილის კომპანიიდან წამოსული კადრების დასაქმების ახალი შემთხვევები

საკანონმდებლო ხელისუფლება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი თითქმის 16 წლის განმავლობაში „ქართუ ჯგუფსა” და სს „ქართუ” ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი სს “ქართუ” ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა. 2015 - 2016 წლებში სს „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, 2014-2015 წლებში ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2014 წლებში სს „ბანკი ქართუს“ საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს რეგულირების განყოფილების უფროსის პოსტი ეკავა, იქამდე კი, 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე იურისტად მუშაობდა სს „ქართუ ჯგუფსა" და სს „ქართუ ბანკში."

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი 2014 - 2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ტელეკომპანიაში „ჯიდიესი“ (GDS) მთავარი პროდიუსერი იყო.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ირაკლი ბერაია 2004-2016 წლებში სს “ქართუ” ბანკში” სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. მაგალითად, პარლამენტის წევრობამდე,  2013-2016 წლებში სს  „ქართუ” ბანკში  ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა. 2013 - 2016 სს ბანკი „ქართუს“ ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი, 2008 - 2013 წლებში კი სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2004-2008 წლებში კი სს ბანკი „ქართუს“ საკრედიტო მენეჯერისა და სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსის პოზიციებსაც იკავებდა.

სასამართლო ხელისუფლება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა  2006-2015 წლებში სს “ქართუ ბანკში” მუშაობდა.

მზია თოდუას 2007-2012 წლებში - სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, 2006-2012 წლებში კი - სს „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილისა და სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციები ეკავა. უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დაკავებამდე კი, სს „ქართუ ბანკში” იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო.

აღმასრულებელი ხელისუფლება

2018 წლის 30 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. მანამდე კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის პოსტი ეკავა. 2015-2017 წლებში მიხეილ დუნდუა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა „20/30-ის“კონსულტანტი იყო.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი 2008-2014 წლებში შპს „დაზღვევის კომპანია ქართუში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე 2015-2016 წლებში ტელეკომპანია GDS-ში ეკონომიკური ანალიტიკოსი იყო. შემდეგ, 2017-2018 წლებში ის ამავე პოზიციაზე სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2014-2016 წლებში ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2017 წელს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აირჩიეს. მისი მრჩეველი გახდა ია ანთაძე, რომელიც მანამდე GDS-ზე გადაცემა “59 წამის” პროდიუსერად მუშაობდა. დღეს ია ანთაძეს მაუწყებელზე საკუთარი პროექტი აქვს.

მაღლაფერიძის დირექტორად არჩევისა და GDS-ზე “20/30”-ისა და სხვა გადაცემების დახურვის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელეკომპანია GDS-ის ათეულობით თანამშრომელი დასაქმდა, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე 2014-2015 წლებში ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური კონსულტანტი იყო, შემდეგ კი თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი გახდა. მის სახელს უკავშირდება თბილისის მერიის მიერ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის საეჭვო პრივატიზაცია, რომელიც საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა.

მაუწყებელზე დასაქმებულთა შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაგეგმვის რედაქტორი ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო;  გადაცემა “20/30”–ის ყოფილი წამყვანი მაკა ცინცაძე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “აქტუალური თემა” მიჰყავს; GDS-ის ყოფილი პროდიუსერი რამილია ალიევა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ “მრავალფეროვან საქართველოს” ხელმძღვანელობს;  2030.news-ის რედაქტორი ირინა დეკანოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-რედაქტორია.

ადგილობრივი თვითმმართველობა

თბილისის განვითარების ფონდის (თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ) დირექტორის მოადგილე რეაბილიტირებული არეალების მართვა-განვითარების მიმართულებით იმედა ნიკურაძე 2016-2017 წლებში იყო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე (ადმინისტრაციულ საკითხებში), იქამდე 2015-2016 წლებში შპს "ელიტა ბურჯის" ადმინისტრაციის უფროსად, 2012-2015 წლებში კი ამავე კომპანიის იურისტად მუშაობდა.

თბილისის მერიის ურბანული სამსახურის უფროსი ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც საკრებულომ თანამდებობაზე 2018 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა, 2015-2016 წლებში შპს „ბურჯში“, „ასოციაცია ატუ”-სა და „ელიტა ბურჯში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მამუკა მუმლაძე 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. იქამდე ის შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა, 2015-2016 წლებში კი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში შპს "ბურჯი" და ასოციაციაში "ატუ" ტრანსპორტისა და მექანიზაციის სამსახურის უფროსი იყო.

თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" თინათინ ნიბლოშვილი 2015 წელს ტელეკომპანია „GDS-ზე“ გადაცემა „20/30-ის“ ანალიტიკოსი  იყო სამართლის მიმართულებით.

თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი “ქართული ოცნებიდან” - ირაკლი ზარქუა 2014-2015 წლებში ტელეკომპანია „GDS”-ზე გადაცემა “20/30”-ის ანალიტიკოს-ექსპერტი იყო.

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი 2007-2015 წლებში ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში “ელიტა ბურჯი” მარკეტინგის სამსახურის მენეჯერის და უფროსის პოსტებს იკავებდა. მარნეულის ყოფილი მერი 2017 წლის 13 ივნისს დააკავეს. პროკურატურა მას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდა.  პროკურატურის ინფორმაციით მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში თემურ აბაზოვის ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მარნეულის ყოფილმა მერმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე."  2018 წლის 26 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა. მას 5-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2015 წლის შემდეგ შეცვლილი თანამდებობები

საკანონმდებლო ხელისუფლება

გურამ მაჭარაშვილი, რომელიც 2014-2016 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო, 2016 წლიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატია. 2001-2014 წლებში, სხვადასხვა პოზიციები ეკავა “ქართუ” ბანკში. მაგალითად, 2010-2014 წლებში ქართუს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

სულხან მახათაძე, რომელიც 2012-2016 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2006-2012 წლებში კი შპს "ბურჯისა" და ასოციაცია "ატუს" შესყიდვების მენეჯერი იყო, ამჟამად პარლამენტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატია.

არჩილ ხაბაძე, რომელიც 2012-2016 წლებში აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე იყო, 2006-2012 წლებში კი „ქართუ“ ბანკის ბათუმის ფილიალში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, 2016 წლიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატია პარლამენტში.

აღმასრულებელი ხელისუფლება

შალვა თადუმაძე, რომელიც 2018 წლის ივლისში პარლამენტმა მთავარ პროკურორად აირჩია, 2012 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ საპარლამენტო მდივნის, ხოლო შემდგომში ადმინისტრაციის უფროსის პოსტს იკავებდა. იქამდე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე, შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო. 

გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს. იქამდე კი საქართველოს პარლამენტის წევრი და თბილისის მერის მოადგილე იყო. გრიგოლ ლილუაშვილი საჯარო სამსახურში მისვლამდე, 2008 წლიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში სხვადასხვა მაღალ პოსტებს იკავებდა. მაგალითად, ლილუაშვილს გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა:

  • 2008–2013 შპს „ქართუ მშენებელი“;
  • 2013 – 2014 შპს “ბურჯი”;
  • 2014-2016 შპს Old City Development;
  • 2015–2016 - „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ქართუ ჯგუფის” გენერალური დირექტორი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ამ პოსტს 2018 წლიდან იკავებს. იქამდე ის, 2014-2018 წლებში ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებულ კომპანიებში (მათ შორის GCF პარტნიორები და შვილობილი კომპანიები) სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2013-2014 წლებში კი მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იყო

ხათუნა პაიჭაძე 2015-2017 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტის დაკავებამდე ,”ქართუ” ბანკში  მედიამრჩეველად მუშაობდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა

ბენიამენ ფალავანდიშვილი 2017 წლიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია. 2014-2017 წლებში ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, იქამდე კი, 2005– 2014 წლებში შპს „ელიტა–ბურჯში“ არქიტექტორად მუშაობდა.

განხილული შემთხვევები მიუთითებს, რომ 2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ნაჩვენები ტენდენცია საჯარო სექტორში წამყვან თანამდებობებზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში დასაქმებული პირების დანიშვნის შესახებ, კვლავ გრძელდება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინა კვლევაშიც აღნიშნავდა, ეს ტენდენცია ეჭვქვეშ აყენებს საჯარო სექტორში თანამდებობის პირთა შერჩევის პრინციპებს და მიუთითებს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაჯეროვან გავლენაზე.

 

ბლოგი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით