კითხვები მუშტაიდის პარკის განკარგვის პროცესთან დაკავშირებით
როგორც გასულ წელს ვწერდით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ უარი უთხრა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იმ ხელშეკრულების ასლის გაცემაზე, რომელიც თბილისის მერიასა და კომპანია “ჯეო გოლდს” შორის დაიდო და რომლის მიხედვითაც მუშტაიდის პარკი ამ კომპანიას 49-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებული იყო მომდევნო ხუთი წლის მანძილზე პარკში 1 მილიონი დოლარის ინვესტირება განეხორციელებინა, თუმცა ხელშეკრულების სხვა დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, რადგანაც, ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენდა.
მოგვიანებით, 2012 წლის თებერვალში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებები საიდუმლო არ არის და მერია მზად იყო ისინი გამოექვეყნებინა. ამის შემდეგ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ხელმეორედ მიმართა თხოვნით მერიის ქონების მართვის სააგენტოს, თუმცა ხელშეკრულების ასლი ვერც ამჯერად მივიღეთ.
თბილსის მერიასა და “ჯეო გოლდს” შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი გარემოება. ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე, მუშტაიდის პარკის მართვას თავად მერიის მიერ დაფუძნებული შპს “მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკი” ახორციელებდა, რომლის 100-პროცენტიან წილს მერია ფლობდა და რომელსაც მერიამ პარკის მთელი ტერიტორია უზუფრუქტით გადასცა. ამ სახელმწიფო კომპანიის დირექტორი, 2011 წლის თებერვლის მდგომარეობით, ლერი შანიძე იყო. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ლერი შანიძე იმავდროულად კერძო კომპანია “ჯეო გოლდის” დირექტორიც იყო - სწორედ იმ კომპანიისა, რომელსაც რამდენიმე თვის შემდეგ ზემოხსენებული სახელმწიფო კომპანიის 100-პროცენტიანი წილი (და შესაბამისად მუშტაიდის პარკიც) 49-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ჯეო გოლდის” ერთპიროვნული მფლობელია ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან.”
ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია საზოგადოებრივი პარკების გრძელვადიან კერძო მართვაში გადაცემა, კომპლექსური საკითხია, რომელიც საზოგადოებრივ განხილვას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ თბილისის მერიამ ხსენებული გადაწყვეტილება საჯარო განხილვის გარეშე და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად მიიღო.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი საკუთრების კერძო მართვაში გადაცემა ხდება, აუცილებელია, რომ გადაცემის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და კეთილსინდისიერად წარიმართოს. ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია ცალსახად მიუთითებს, რომ მუშტაიდის პარკის შემთხვევაში დაირღვა როგორც გამჭვირვალობის, ისე კეთილსინდისიერების პრინციპი და შესაძლოა კორუფციის შემთხვევასთანაც გვქონდეს საქმე. ასეთი ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა და შემდგომ შესწავლას საჭიროებს ვითარება, როდესაც საზოგადოებრივი საკუთრების მართვით დაკავებული სახელმწიფო კომპანია სამართავად კერძო კომპანიას გადაეცემა და გადაცემის მომენტისთვის ორივე ამ კომპანიის ხელძღვანელი ერთი და იგივე პირია (ხოლო კერძო კომპანიის მფლობელი - იმავე თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირი, სადაც ეს ქონებაა განთავსებული) . “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ქალაქ თბილისის საკრებულოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაინტერესდნენ მუშტაიდის პარკის განკარგვის პროცესით და შესაბამისი დასკვნები საზოგადოებას გააცნონ.