ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო შესყიდვები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო შესყიდვები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან

26 ოქტომბერი, 2022

კომპანია „ზომა” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე  - ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია.

„ზომა” 2010 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გარეგანათებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს. ამ პერიოდში მიღებული 1,317,839 ლარიდან 1,104,280 ლარი (შემოსავლის 84%) უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე მიიღო. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა” სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტი ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის.

 

კავშირები და შემოსავლები ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან

ოთარ ზოიძე „ზომას” დამფუძნებელი, დირექტორი და 50% წილის მფლობელი იყო 2005 წლიდან. 2011 წელს მან პარტნიორისგან, ავთანდილ მიქელაიშვილისგან დარჩენილი წილი უსასყიდლოდ მიიღო.

ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” დირექტორად ქობულეთის გამგებელმა 2014 წლის 1 ოქტომბერს დანიშნა. ამ დროისთვის „ზომას” ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვებიდან უკვე ჰქონდა მიღებული 750,000 ლარზე მეტი. თითქმის ამდენივე „ზომამ” ამავე მუნიციპალიტეტიდან ზოიძის „ქობულეთის წყლის” დირექტორობის დროს მიიღო. ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” დირექტორობიდან 2018 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს.

ოთარ ზოიძეს 2015-2019 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული აქვს, რომ „ზომას” დირექტორობიდან 103,000 ლარზე მეტი მიიღო, ამავე დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2014-2018 წლებში მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” დირექტორობიდან კი - 65,300 ლარამდე.

„ზომას” კავშირები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან ამით არ ამოიწურება. კომპანიის დირექტორის მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე, ფატი ჯინჭარაძე 30 წელზე მეტია, რაც საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. 2009 წლიდან იგი ქობულეთის გამგეობის, შემდგომ კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია.

ჯინჭარაძე 2014 წელს შევსებულ პირველსავე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ მისი მეუღლე, გია გოლიაძე შპს „ზომას” დირექტორის მოადგილეა და 2013 წელს ამ პოზიციაზე 21 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჯინჭარაძის დეკლარაციაში მეუღლესთან დაკავშირებული კომპანიის მხოლოდ სახელწოდებაა მითითებული, საჯარო რეესტრის ამონაწერით ვადგენთ, რომ შპს, სადაც გოლიაძე მუშაობს და ქობულეთის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული „ზომა”, ერთი და იგივე კომპანიაა.

ფატი ჯინჭარაძე 2010-2011 წლებში მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიაში მუშაობის დროს აცხადებდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში შპს „ზომას” მონაწილეობა მას ინტერესთა კონფლიქტს არ უქმნიდა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შემდგომ წლებში ჯინჭარაძეს სატენდერო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ „ზომას” გამარჯვებით დასრულებულ ყველა (18) ტენდერში შემსყიდველი ქობულეთის მუნიციპალიტეტია. აქედან კომპანიამ 847,974 ლარი მიიღო, მათ შორის 634,415 ლარი (75%) უკონკურენტო პირობებში. ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ქობულეთის მუნიციპალური იურიდიული პირები არიან „ზომასთან” 25 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების ხელმომწერები, ამ გზით კომპანიას 469,865 ლარი დაერიცხა.

 

კითხვები ქვეკონტრაქტებთან დაკავშირებით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, შპს „ზომა” გარეგანათების მომსახურების მისაღებად გამოცხადებული მუნიციპალურ შესყიდვებში გამარჯვებული კიდევ ერთი კომპანია „მეოხის” ქვეკონტრაქტორია, მეტიც, 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში ორივე კომპანია მონაწილეობდა, რამაც აუდიტის სამსახურს ეჭვი გაუჩინა, რომ აღნიშნული კომპანიები ამ გზით ცდილობდნენ შეთანხმებულად მეტი სარგებლის მიღებას მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

დავადგინეთ, რომ აღნიშნული კომპანიები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვა შესყიდვაშიც (SPA120015502) უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას. ფორმალური მეტოქეობის პარალელურად, კომპანიებს მჭიდრო კავშირი ჩამოუყალიბდათ - NAT190024927 სახელმწიფო შესყიდვაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შესაბამისი ტექნიკის ქონის დასადასტურებელად „მეოხმა” სწორედ „ზომას” კუთვნილი სპეციალიზებული ამწის იჯარის ხელშეკრულება წარადგინა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ზომას” მიერ მიღებული შემოსავალი ქობულეთის სახელმწიფო შესყიდვებიდან ქვეკონტრაქტორობიდან და ტექნიკის გაქირავებიდან გაცილებით მეტია, ვიდრე ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან დავითვალეთ (განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კომპანია „მეოხის” შემოსავლები ქობულეთის მუნიციპალური შესყიდვებიდან 6,5 მილიონ ლარს აჭარბებს).

აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” არ მიუწოდებია სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მიერ ქვეკონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებების ასლები, შესაბამისად, ვერ ვადგენთ, ამ მეთოდით რა შემოსავალი მიიღო ქობულეთის მუნიციპალური კომპანიის ყოფილი დირექტორისა და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მეუღლესთან დაკავშირებულმა კომპანიამ.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

კომპანია „ზომას” უკონკურენტო პირობებში მიღებული შემოსავალი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებიდან მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს ქმნის - კონკურენციის არარსებობის გარდა, თვალშისაცემია „ზომას”, როგორც ქვეკონტრაქტორის მონაწილეობა ქობულეთის მუნიციპალურ ტენდერებში.

მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ „ზომასთან” გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებები და ის მუნიციპალური კონტრაქტები, რომლებიც კომპანიამ კონკურენციის არარსებობის პირობებში მიიღო. ამასთან, მოვუწოდებთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას, შეცვალოს სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორების დაქირავების მონიტორინგის ხარვეზიანი პრაქტიკა, მოთხოვოს მათ თითოეულ ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება და დაინტერესებული მხარეების მიმართვის შემთხვევაში, საჯარო გახადოს.