ქვეკონტრაქტორებთან მუშაობის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა აჭარის რეგიონის სახელმწიფო შესყიდვებში
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ დრომდე ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა რჩება. არსებული კანონმდებლობა ქვეკონტრაქტორების საკითხს არ არეგულირებს, რაც სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამატებით კორუფციულ რისკებს და საჯარო ფინანსების მანკიერი მართვის პრაქტიკას აძლიერებს. გამონაკლისი არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემსყიდველი ორგანიზაციების და რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების მიდგომებია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წლებია, ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე წერს - ევროკავშირთან ასოცირების პროცესში საქართველომ ვალდებულება აიღო, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოეყვანა. პროცესი 4 ფაზას ითვალისწინებს და 2022 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ქვეკონტრაქტის გაფორმების წესი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა შემოღებულიყო. კერძოდ, ამ წესის თანახმად, სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები ძირითადი მიმწოდებლისგან ინფორმირებული უნდა ყოფილიყვნენ, სამუშაოების რა მოცულობას შეასრულებდნენ ქვეკონტრაქტორები, რამდენად სტაბილური იყვნენ ფინანსურად, ასეთის არქონის შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ძირითადი მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორი კომპანიის ჩანაცვლებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარაში მოქმედი 14 საბიუჯეტო დაწესებულების - რეგიონის მთავრობის 4 სამინისტროს, 5 მუნიციპალიტეტის, 2 საქვეუწყებო დაწესებულების (აჭარის საავტომობილო გზების, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტების), აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის (ბათუმის ბულვარის), ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შპს-ს (აჭარის პროექტის მართვის კომპანია) და მსხვილი მუნიციპალური ა(ა)იპის (ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს) - 2020-2021 წლების იმ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები შეისწავლა, რომელთა შესყიდვის ღირებულება 100,000 ლარზე მეტი იყო.
კვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთგვაროვანი მიდგომები. შესაბამისად, ეს ზრდის საჯარო ფინანსების არასათანადო ხარჯვის შესაძლებლობებს.
დადებითად უნდა შეფასდეს, რომ თითქმის ყველა უწყება ტენდერით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებლისგან ითხოვს ქვეკონტრაქტორის აყვანის შეთანხმებას.
ერთადერთი საჯარო უწყება, რომელიც არ ითხოვს მიმწოდებლისგან ქვეკონტრაქტორთან გაფორმებულ შეთანხმებას, ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა. იგი მხოლოდ ცნობის სახით ითხოვს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე;
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მომწოდებელი კომპანია დააჯარიმა ქვეკონტრაქტორის აყვანის შეუთანხმებლობის გამო;
აუდიტის სამსახურმა ორი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ისე გაუფორმეს ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორებს, რომ ამის შესახებ სამინისტროს ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს: ერთ შემთხვევაში მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „მარდმა”, რომელმაც ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია „დიდა”, მეორე შემთხვევაში კი, ქედასა და შუახევში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალიგატორმა” ქვეკონტრაქტორად შეარჩია „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯია”.
არცერთ საჯარო უწყებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმწოდებელი კომპანიების მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ აუტვირთავს. მართალია, ამას კანონმდებლობა არ ითხოვს, თუმცა პროცესის გამჭვირვალობისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საგულისხმოა, რომ მხოლოდ სამმა საჯარო უწყებამ - ბათუმის მუნიციპალურმა ა(ა)იპ-მა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და ბათუმის ბულვარმა მოგვაწოდეს ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებს მსგავსი ხელშეკრულებები არ გამოუგზავნიათ. უწყებები განმარტავენ, რომ ეს ხელშეკრულებები მათ არ აქვთ;
ქობულეთის მერიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2020-2021 წლებში მიმწოდებლების მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები სწორედ ამ მოტივით არ მოგვაწოდა, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ქობულეთში გარე განათების სერვისის მისაღებად 2020 წელს გამოცხადებულ ტენდერზე საუბრისას ნაჩვენებია ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება. Რადგან სახელმწიფო აუდიტს აქვს ეს ხელშეკრულება, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გააჩნდა ქობულეთის მერიასაც და მან “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
საჯარო უწყებებს განსხვავებული პრაქტიკა აქვთ ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზედა ზღვართან დაკავშირებით:
მხოლოდ განათლების სამინისტრო ადგენს ქვეკონტრაქტორისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ზედა ზღვარს - 30%-ს;
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეკონტრაქტორებისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ზედა ზღვრად უმრავლეს შემთხვევაში 40%-ს განსაზღვრავს. დეპარტამენტის მიერ გამართული 6 ტენდერიდან 5 შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიებმა ამ პირობით გაუფორმეს ხელშეკრულებები ქვეკონტრაქტორებს. Მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაღწია ზედა ზღვარმა 60%-ს;
სრულიად უსისტემო მიდგომა აქვს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს - უწყება მიმწოდებელს ზოგ შემთხვევაში ნებას რთავს აიყვანოს ქვეკონტრაქტორი (სამუშაოების ზედა ზღვრის მითითების გარეშე), ზოგან კი ქვეკონტრაქტორის აყვანას დაუშვებლად მიიჩნევს;
ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზღვარს საერთოდ არ ადგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. ამ სამმართველოს ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა ქვეკონტრაქტორებთან 16 კონტრაქტი გააფორმეს და მათგან 10 შემთხვევაში ქვეკონტრაქტორებს ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების 90%-ზე მეტის შესრულება უწევთ. გამოდის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მხოლოდ შუამავლები არიან შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის, გამოცდილებას ჰყიდიან და ამ მომსახურებაში ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10%-დან 15%-მდე იღებენ, სამუშაოებს კი ნაკლებად გამოცდილი კომპანია ასრულებს;
ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერები, რომელთა გამარჯვებულმა კომპანიებმა ქვეკონტრაქტორები დაიქირავეს
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების კონტრაქტორ 9 კომპანიასთან დაკავშირებულმა 16 პირმა (მეწილე, დირექტორი) „ქართული ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 1,090,000 ლარი შესწირა.
შემსყიდველი საჯარო ორგანიზაციები დეტალურად არ იკვლევენ, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მონაწილეობენ კომპანიები ტენდერებში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში (NAT200005053) გამარჯვებულმა კომპანია „ნიუპოვერმა” შემდგომში ქვეკონტრაქტორად აიყვანა ამავე შესყიდვაში მონაწილე კომპანია „გზა”. მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 741,000 ლარზე გაფორმდა, თავის მხრივ, კი „ნიუპოვერმა” ქვეკონტრაქტი „გზას” 284,981 ლარზე გაუფორმა;
ქობულეთში გარე განათების სერვისის მისაღებად 2020 წელს გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა - შპს „მეოხმა” ტენდერში გაიმარჯვა და მეორე კომპანია, შპს „ზომა” ქვეკონტრაქტორად დაიქირავა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, შეიქმნა რისკი, რომ „მეოხი” და „ზომა” ტენდერში შეთანხმებულად, მეტი სარგებლის მიღების მიზნით მონაწილეობდა.
ქედასა და შუახევში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალიგატორმა” ქვეკონტრაქტორ კომპანიას, „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიას” ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების 95%-მდე შეასრულებინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ამ ტენდერში შესრულებული სამუშაოები მოგვიანებით „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიამ” გამოცდილებად მიითვალა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივ რეაბილიტაციას და ახალი კორპუსის მშენებლობას ეხებოდა.
დასკვნა და რეკომენდაციები
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აჭარის რეგიონში წარმოებულმა კვლევამ აჩვენა, სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებში ტენდერების ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრაქტიკა არაერთგვაროვანი, მანკიერი და კორუფციის რისკების შემცველია.
აჭარაში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციები უმეტესად საკუთარი ინიციატივებითა და პრაქტიკით ხელმძღვანელობენ, რაც დაუყოვნებლივ მოწესრიგებას და ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ამაზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლევანდელი ანგარიშიც, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამინისტროების სახელმწიფო შესყიდვებია შესწავლილი.
გაუგებარია, სამინისტროები და მუნიციპალიტეტები რატომ არ ითხოვენ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უწყებები მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებაზე აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვებს და, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, მიმწოდებელ კომპანიებს ქვეკონტრაქტორების აყვანის აუცილებლობა ობიექტურად უჩნდებათ. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული საკითხებისადმი არაჯეროვან მიდგომას. აჭარის უმაღლესმა საბჭოს რეგიონის მთავრობის მიმართ, ხოლო ადგილობრივმა საკრებულოებმა მუნიციპალური სამსახურების მიმართ მოკვლევისა და კონტროლის მექანიზმები ეფექტურად უნდა გამოიყენონ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში არსებული პრაქტიკა, როცა ტენდერში გამარჯვებული და უმეტესად, „ქართული ოცნების” შემწირველი კომპანიები პრაქტიკულად შუამავლის როლს ასრულებენ შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის. გაუგებარია, რატომ უნდა ჩაეთვალოს გამოცდილებად და ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებად კომპანიას ის სამუშაო, რომელსაც პრაქტიკულად ქვეკონტრაქტორი ასრულებს, კონტრაქტით განსაზღვრულ ძირითად მიმწოდებელს კი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ამ შუამავლობიდან ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10%-დან 15%-მდე რჩება.