ლუდზე არაპროპორციულად მაღალი აქციზის დაწესება უარყოფით გავლენას მოახდენს ლუდის წარმოებაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ლუდზე არაპროპორციულად მაღალი აქციზის დაწესება უარყოფით გავლენას მოახდენს ლუდის წარმოებაზე

15 სექტემბერი, 2015

 

2015 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ლუდის ბაზარი 17%-ით შემცირდა, რაც დიდწილად 2015 წლის 1 მარტიდან ლუდის აქციზის ზრდით არის გამოწვეული,მაშინ როცა ლუდის წარმოება საქართველოში ერთ-ერთი ძალიან პერსპექტიული დარგია, რასაც 2014 წლამდე მისი ზრდა და იმპორტის ჩანაცვლების მასშტაბიც ადასტურებს. ლუდზე აქციზის გადასახადი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში.

საგადასახადო კოდექსის 2014 წლის 12 დეკემბრის ცვლილებებით, 2015 წლის 1 მარტიდან აქციზი ალაოს ლუდზე  40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა (1 ლიტრზე). ალაოს ლუდთან ერთად აქციზის განაკვეთები ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზეც  გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებლების ინფორმაციის მიხედვით, 2006-2014 წლებში ლუდის ბაზრის მოცულობა საქართველოში 45%-ით გაიზარდა. 2011-2014 წლებში საქართველოს ბაზრის მოთხოვნა 100-105 მლნ ლიტრის ფარგლებში მერყეობს. არსებული მდგომარეობით იმპორტირებულ ლუდს საქართველოს ბაზრის დაახლოებით 3% უჭირავს, 97% კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. ადგილობრივი  წარმოების წილი 2007 წელს 60%-დან 2015 წლის დასაწყისისთვის 97%-მდე გაიზარდა, რაც უთითებს ლუდის წარმოების როგორც ზრდის, ისე იმპორტის ჩანაცვლების სერიოზულ შესაძლებლობაზე.

ლუდის ბაზრის მოცულობის ზრდის მწარმოებლების პროგნოზების მიხედვით, ბაზარს აქვს არსებული 100-105 მლნ ლიტრიდან დაახლოებით 350 მლნ ლიტრამდე გაზრდის პოტენციალი. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლუდის ბაზარი 2015 წლის 1 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა. მწარმოებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს შემცირება, ძირითადად, აქციზის ზრდით არის გამოწვეული.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აქციზის გამოყენება, ძირითადად, ხდება ისეთ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, აზიანებს ან აბინძურებს გარემოს ან აქვს სხვა გვერდითი მოვლენები. შესაბამისად, აქციზის ზრდას აქვს უპირატესად მარეგულირებელი და არა ფისკალური ფუნქცია. აქციზის ბუნებიდან გამომდინარე, აქციზით დაბეგვრის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ალაოს ლუდი, ეთილის სპირტი და სხვა ალკოჰოლურ სასმელები და ამასთან ლუდის შემთხვევაში ჩამოყალიბდეს აქციზის სტრუქტურა, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს მაღალგრადუსიანი (მაგ., 8 გრადუსიანი) და დაბალგრადუსიანი (მაგ., 2.5 გრადუსიანი) ლუდი აქციზის სხვადასხვა განაკვეთით დაბეგროს, რაც ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნაცაა.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ზრდით სამინისტრო გეგმავს დამატებით 30-40 მილიონი ლარის მობილიზებას, თუმცა აქ რამდენია ლუდის წილი ფინანსთა სამინისტრომ არ იცის. როგორც ცნობილია, ლუდი მცირეალკოჰოლიანი სასმელია, ამდენად გაუგებარია ლუდის მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის რა მომეტებული რისკები დაინახა ფინანსთა სამინისტრომ, რამაც უკვე მოქმედი ისედაც მაღალი აქციზის კიდევ 50%-ით გაზრდა უკარნახა (ლუდზე აქციზის თავდაპირველი ზრდა 2010 წელს განხორციელდა, როდესაც ის 20 თეთრიდან 40 თეთრამდე გაიზარდა).

ასევე, აღსანიშნავია ალკოჰოლური სასმელების აქციზით დაბეგვრის მიმართ არათანმიმდევრული მიდგომის ერთი ფაქტი. რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე, დაწესებული ბოიკოტის შემდეგ 2006 წელს ღვინოზე გაუქმდა აქციზური გადასახადი, თუმცა მისი მოხსნის შემდეგ ღვინოზე აქციზი ხელახლა აღარ შემოუღიათ. გაუგებარია, რატომ ხდება ლუდზე აქციზის 50%-იანი ზრდა, მაშინ როცა ღვინო, რაც უფრო მაღალალკოჰოლური სასმელია, მთლიანად გათავისუფლებულია აქციზისგან.  

ამასთანავე, სამინისტროს არ გაუკეთებია იმის პროგნოზი თუ რა ფისკალური ეფექტი ექნება აქციზის 50%-იანი ზრდის გამო შემცირებულ ლუდის გაყიდვებს და შესაბამისად მწარმოებლების მიერ გადახდილ შემცირებულ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს, რამაც შესაძლოა მწარმოებლების მიერ გასაღებ გადასახადებში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ზრდა ან შეუძლებელი გახადოს ან პირიქით შეამციროს. მთავრობა ასევე უნდა დაფიქრდეს ისეთ არაპირდაპირ უარყოფით შედეგებზე როგორიცაა, მაგალითად, შემცირებული სამუშაო ადგილები და ხელფასები, შემცირებული ინვესტიციები და სხვა.

ბიზნესისთვის ვითარებას ართულებს ისიც, რომ 2014 წლის სექტემბრიდან, სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, ლუდის სმა საზოგადოებრივ ადგილებში აიკრძალა, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის უფლება კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით აქტის დამწერს, ანუ პოლიციელს მიეცა, რამაც 2014 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში მთლიანი მოხმარების, შესაბამისად, 26.5% და 28%-ით შემცირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქციზის გაზრდაზე გადაწყვეტილების მომენტისთვის (2014 წლის 12 დეკემბერი) ლუდის აქციზი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ევროკავშირის 11 ქვეყანაში, ხოლო 2015 წლის 1 მარტს ლუდის აქციზი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში, ამასთანავე, ლუდის აქციზის ზრდა ევროკავშირის დირექტივებით ვერ იქნება ნაკარნახევი, ვინაიდან ევროკავშირის საბჭოს დირექტივით (92/84 EEC) გათვალისწინებული აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება ვალდებულება 2017 წლის 1 სექტემბრამდე არ შედის ძალაში. გარდა ამისა, აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება გულისხმობს მაღალგრადუსიანი და დაბალგრადუსიანი ლუდის აქციზის სხვადასხვა განაკვეთით დაბეგვრას.

2006-2014 წლებში ლუდის წარმოების ზრდა და იმპორტის ჩანაცვლების მასშტაბი გვაძლევს მყარ საფუძველს ვიფიქროთ, რომ დარგს აქვს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც, როგორც აღვნიშნეთ, უკვე მნიშვნელოვნად შეაფერხა აქციზის ზრდამ. ბაზრის მოცულობის შემცირებამ კი მწარმოებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თავის მხრივ, უკვე შეაფერხა დარგში რეინვესტირება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ:

  • ლუდზე აქციზის 50%-იანი ზრდა, რის შემდეგაც საქართველოში აქციზმა გადააჭარბა ევროკავშირის 17 ქვეყანაში მოქმედ განაკვეთს, არის არაპროპორციულად მაღალი გადასახადი, რომელიც, თავის მხრივ, სერიოზულად აფერხებს ადგილობრივი მრეწველობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ დარგს;

  • ქვეყანაში პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობა მოითხოვს ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებამდე და არა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლო შედეგების ბიზნესთან განხილვას (მიგვაჩნია, რომ ეს კომუნიკაცია უნდა მომხდარიყო გასული წლის შემოდგომაზე ამ ცვლილების ინიცირებამდე);

  • ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური უნდა დააკვირდნენ მიმდინარე წლის 1 მარტიდან მომატებულმა აქციზმა რა გავლენას მოახდინა და მოახდენს ლუდის გაყიდვებზე. თუ ლუდის მწარმოებლებს გაყიდვები იმდენად შეუმცირდათ, რომ ამ კომპანიების დასაბეგრმა მოგებამ იკლო, შესაბამისად მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიც იკლებს. მათი დასაბეგრი მოგების შემცირების გამო სახელმწიფოსთვის დაკლებულმა გადასახადებმა შეიძლება გადააჭარბოს მომატებული აქციზით მიღებულ შემოსავალს.   

  • მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ დამატებით უნდა განიხილოს საზოგადოებრივ ადგილებში ლუდის მოხმარების აკრძალვის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხი.

Author: მიხეილ კუკავა