მართავს თუ არა ბათუმის მერის Facebook-გვერდს აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მართავს თუ არა ბათუმის მერის Facebook-გვერდს აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია?

26 სექტემბერი, 2022

სოციალურ ქსელ Facebook-ში ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის საჯარო გვერდის მასალების რეკლამირებაში ჩართულია აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, გოგი ფუტკარაძე. ფუტკარაძე მონაწილეობს Facebook-ში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პოსტების რეკლამირების პროცესშიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, პრობლემურია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართვა თვითმმართველობის საკითხებში. გაუმჭვირვალეა თავად ასეთი საქმიანობის დაფინანსების მექანიზმი და წყაროები. აჭარის  მთავრობის ადმინისტრაცია და ბათუმის მერია ოფიციალურ წერილებში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებში თანამდებობის პირების ანგარიშების რეკლამისთვის თანხა არ დაუხარჯავთ. შესაბამისად, კითხვები ჩნდება დაფინანსების წყაროს წარმომავლობასთან დაკავშირებით.

კითხვები რეკლამების ხარჯის წარმომავლობაზე

არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის 16 ივლისიდან ასრულებს. Facebook-ში მისი ოფიციალური გვერდი მეორე დღესვე, 2020 წლის 17 ივლისს შეიქმნა. Facebook-ის მიერ საჯაროდ გამოქვენებული ცნობების თანახმად, ჩიქოვანის გვერდიდან სხვადასხვა ინფორმაციას 180-ჯერ გაუკეთეს რეკლამა. ჯამში, გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის რეკლამირებისთვის 3,200 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

არჩილ ჩიქოვანის ოფიციალური გვერდის მონაცემები Facebook-დან:

2020 წლიდან Facebook-მა საქართველოში პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა აამოქმედა. სოციალური ქსელის მიერ დადგენილი წესების თანახმად, პოლიტიკური, სოციალური, საარჩევნო და ა.შ. საკითხების შესახებ ინფორმაციის რეკლამირების მსურველმა პირმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს, პოლიტიკური რეკლამის გამავრცელებელი კი ვალდებულია, მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია გადამხდელის შესახებ.

 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე არჩილ ჩიქოვანის გვერდს „ქართული ოცნება” არეკლამებდა. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიამ ამ მიზნით 2,200 აშშ დოლარამდე დახარჯა:

 

 

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, ჩიქოვანის გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის რეკლამირებაში გოგი ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, მონაწილეობს, საკონტაქტო პირად სწორედ ფუტკარაძეა მითითებული:

 

არასაარჩევნო პერიოდში ბათუმის მერის ანგარიშის რეკლამებისთვის 1,000 აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

 

როგორც Facebook-ის საჯარო ინფორმაციაში ვხედავთ, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არჩილ ჩიქოვანის გვერდის შემთხვევაში, იყენებს აჭარის მთავრობის ელექტრონული ფოსტის ოფიციალურ მისამართს, სამსახურის ვებ-გვერდადაც აჭარის მთავრობის საიტი www.adjara.gov.ge-ა მითითებული.

გოგი ფუტკარაძე მონაწილეობს მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ოფიციალური გვერდის გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებაშიც: 

თორნიკე რიჟვაძის ოფიციალური გვერდის გამოქვეყნებული მასალები რეკლამაზე 190-ჯერ გაუშვეს, რისთვისაც თითქმის 2,600 აშშ დოლარი დაიხარჯა.

 

 

ჯამში, არჩილ ჩიქოვანისა და თორნიკე რიჟვაძის ანგარიშებზე გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებისთვის 5,765 აშშ დოლარი დაიხარჯა. პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, ამ თანხიდან 2,177 აშშ დოლარი პარტია „ქართულმა ოცნებამ” დახარჯა, დანარჩენი თანხის წარმომავლობა  კი დაუდგენელია.

 

რას ამბობენ ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდანაც და ბათუმის მერიიდანაც. გვაინტერესებდა, თუ რა თანხა დახარჯეს უწყებებმა სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდების რეკლამირების მიზნით.

მთავრობის ადმინისტრაციამ და მერიამ მოგვწერეს, რომ ამ მიზნით თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ.

დასკვნა, კითხვები და რეკომენდაციები

მაღალი თანამდებობის პირების - თორნიკე რიჟვაძისა და არჩილ ჩიქოვანის ოფიციალურ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის რეკლამირების პრაქტიკა გაუმჭვირვალეა და კითხვებს აჩენს: რატომ იხარჯება მათ გვერდებზე გამოქვეყნებული ცნობების ინტერნეტ აუდიტორიის გაზრდისთვის თანხა არა დაწესებულებათა ბიუჯეტიდან, არამედ, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან. დაუდგენელია ამ თანხის წარმომავლობაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიუთითებს, რომ აჭარის  მთავრობის წარმომადგენელი ერევა ბათუმის მერის საქმიანობაში. ამგვარი პრაქტიკა წარმოაჩენს მუნიციპალიტეტსა და აჭარის მთავრობას შორის არსებულ მანკიერ ურთიერთობას, არღვევს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნებს და უგულვებელყოფს თვითმმართველობის პრინციპებს. მერის, მისი მოადგილეების, მერიის სამსახურების გამართული კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათ შორის ინტერნეტსივრცეშიც, უნდა უზრუნველყოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ბათუმის მერს, ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობის აპარატს, დროულად და ამომწურავად უპასუხონ საზოგადოებას ჩვენს მიერ გამოვლენილ გარემოებებზე. ბათუმის საკრებულომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ბათუმის მერის Facebook-გვერდის დაფინანსების წყაროების დასადგენად და თვითმმართველობის პრინციპების დასაცავად.