მირზა სუბელიანის საქმე: ობიექტური მართლმსაჯულება თუ შეთანხმებული განაჩენი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის მიმართ სასამართლომ განაჩენი 4 მარტს გამოიტანა და ბრალდებულს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოტანილი განაჩენი, აღრმავებს ეჭვებს საქმეში არაფორმალურ გავლენების არსებობასა და ამ პროცესში სასამართლოს სავარაუდო მონაწილეობაზე. ხორავას ქუჩის საქმემ და მასში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის როლმა, კიდევ ერთხელ გააჩინა აღქმა, რომ გავლენიანი პირების მხრიდან ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესზე მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოგიდგენთ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან გარემოებებს.
ორი მოზარდის მკვლელობა და სასამართლოს გადაწყვეტილება
2017 წლის დეკემბერში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის საქმეში ბრალდებული ერთი პირი გამართლდა, ხოლო მეორეს განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაედო მსჯავრი, შესაბამისად, ამ დრომდე დაუდგენელია, ვინ მოკლა დავით სარალიძე. გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე კვირით ადრე ტელეკომპანია „რუსთავი 2” - მა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობების დღეს ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც მისი ახლო ნათესავია, სახლში იმყოფებოდა და გარკვეულ მტკიცებულებებთან ჰქონდა წვდომა. გავრცელებული კადრებით ასევე ჩანს, რომ ოჯახი სადაც მირზა სუბელიანი იყო მისული, სავარაუდოდ, გარკვეულ მტკიცებულებებს ანადგურებდა.
ფართომასშტაბიანი აქციების დაწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, პროტესტს სათავეში ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა. ზაზა სარალიძე გამოძიების პროცესში მირზა სუბელიანის გავლენებზე საუბრობდა. მისი განცხადებებით გამოძიებამ, კონკრეტული პირების ზეგავლენების გამო, ნამდვილ დამნაშავეებს შეგნებულად დააფარა ხელი, გაანადგურა და შეცვალა მტკიცებულებები.
ვინ არის მირზა სუბელიანი?!
როგორც ცნობილია, მირზა სუბელიანი „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს პროკურორად მუშაობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მედიით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის ნათესავი იყო და სწორედ მისი სურვილით დაინიშნა. თავად სოზარ სუბარი ამ ინფორმაციას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სუბელიანი თანამდებობაზე მისი პროფესიონალიზმის გამო მოხვდა.
მირზა სუბელიანის სახელს უკავშირდება 2013 წელს, გეგუთის კოლონიაში მოკლული პატიმრის, ლევან კორტავას საქმეც. 27 წლის კორტავა, 2013 წლის მაისში, ცემის შედეგად, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. იმ დროს მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. სამინისტრომ იმ დღეებში პატიმარ კორტავას გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა - პირველი ვერსიით, პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე შემთხვევაში კი, სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასევე მირზა სუბელიანის სახელს უკავშირდება 26 მაისის საქმეც. იგი პროკურორი იყო იმ საქმის, სადაც ბრალდება აქციაში მონაწილე ორ ადამიანს უცნობი პირის ცემას ედავებოდა. მაშინ ორივე საქმეზე აქციის მონაწილეთა ბრალი სწორედ პროკურორ სუბელიანის ძალისხმევით დამტკიცდა.
საზოგადოებაში ფართოდ არის მოსაზრება გავრცელებული, რომ მირზა სუბელიანს ინფორმაცია აქვს ყოფილი პრემიერ - მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს ამ საქმის გამოძიება დაავალა. საქმე სახელმწიფოს მხრიდან დღემდე გამოუძიებელია. არსებობს მოსაზრება, რომ მირზა სუბელიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიების პროცესზე ზეგავლენა მოახდინა და ეს სწორედ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე საიდუმლო ინფორმაციის ფლობის წყალობით მოახერხა. ამ ორი საქმის მჭიდრო კავშირზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც ისაუბრა.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირის მამა, ხოლო ერთ-ერთი პირის ბიძაა. მკვლელობების დღეს, სუბელიანი პროკურატურაში მაღალ პოზიციაზე მუშაობდა და ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მან თანამდებობდა თავისი ინიციატივით დატოვა. ზაზა სარალიძის განცხადებით მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობდა, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებდა ხელს.
მთავარი პროკურორის გადადგომა
თბილისში დაწყებული ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, რომელიც მოგვიანებით ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ ჩაანაცვლა.
საქმის ხელახალი გამოძიება და მირზა სუბელიანის დაკავება
მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობების საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო და მირზა სუბელიანი, ზაზა სარალიძისა და საზოგადოების არაერთი მოთხოვნის შემდეგ, დააკავა.
მირზა სუბელიანს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო წაუყენეს, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მირზა სუბელიანის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ რამდენიმე მუხლის დარღვევის ნიშნებიც დაინახა (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირთა და მოწმეზე ზემოქმედება ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა). შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მირზა სუბელიანის ბრალი გამოიხატა იმაში, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მოგვიანებით სასამართლომ ეს ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით გადააკვალიფიცირა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
საქმის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის და ფართომასშტაბიანი აქციების გამო, პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნა, სადაც უმრავლესობაში პარლამენტში მყოფი ოპოზოციური პარტიის „ევროპული საქართველოს” წევრები იყვნენ. კომისიამ დასკვნაც მოამზადა. დასკვნის მიხედვით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოძიების ეტაპზე დაშვებული მნიშვნელოვანი დარღვევები გამოკვეთა. კომისიამ საქმის მასალების გაცნობისა და გამოძახებულ პირთა მხრიდან ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაასკვნა, რომ „ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საწყის ეტაპზე ინტენსიურად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის ფიგურანტთა იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში [...] მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად”. გარდა ამისა კომისიამ მკვლელობაში სავარაუდო კიდევ ერთი მონაწილე გამოკვეთა, რომლის მიმართაც გამოძიების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ”, მათ ალტერნატიული დაკსვნა წარადგინეს, სადაც ეწერა რომ „ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე”. საბოლოოდ პარლამენტის მიერ ეს უკანასკნელი დოკუმენტი დამტკიცდა.
ხორავას ქუჩის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შესასწავლად სახალხო დამცველს გადაეცა. სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიების ჩატარების ხარისხი და დასკვნის სახით განაცხადა: „სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით, სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად“.
ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება
2018 წლის 14 ოქტომბერს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში მირზა სუბელიანი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებაზე საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით ჩნდება აღქმა, რომ სუბელიანი ციხეში მისივე თანხმობით ჩაჯდა. იგი ჩანაწერში ამბობს, რომ „ქართული ოცნების” უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებებს ფლობს. კერძოდ, საუბრობს ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. ჩანაწერში ის ბევრ გახმაურებულ საქმესაც ახსენებს, რომელიც მისი თქმით ხელისუფლებას „მოუგვარა”. სავარაუდოდ, მას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზეც აქვს ინფორმაცია. ამ ფონზე, ჩანაწერში იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მისი ციხეში ჩასმა აუცილებელი გახდა და ვიქტორ ჯაფარიძეს ამ ინფორმაციის სავარაუდოდ ხელისუფლების წარმომადგნლებისთვის გადაცემას სთხოვს. სუბელიანი იგივე ჩანაწერში იმაზეც საუბრობს, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რა სასჯელს გამოიყენებდა მის მიმართ სასამართლო. მისი საუბრიდან იკვეთებოდა, რომ სასამართლო სასჯელის ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებდა, ის ასევე პირობითი მსჯავრის „ყიდვასაც” ახსენებდა.
პროკურატურის რეაქცია ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებაზე
პროკურატურამ 15 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომ მათ აუდიოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით ჰქონდათ დაწყებული, მათ შორის იყო უკანონო ჩაწერა, შანტაჟი და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. უწყება იმ ვერსიაზეც მუშაობდა, რომ ჩანაწერი შესაძლოა, შემდგომი გავრცელების მიზნით დადგმული ყოფილიყო. პროკურატურის პოზიციით, ჩანაწერზე ავთენტურობის დადგენის მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებდნენ. ასევე აცხადებდნენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინტენსიურად მიაწოდებდა საზოგადოებას ინფორმაციას. თუმცა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, როგორც აუდიოჩანაწერის გავრცელების, ასევე მასში დასახელებული გახამურებული საქმეების მიმართ და რა შედეგებით დასრულდა ისინი.
პროკურატურამ განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს, 16 ოქტომბერს, დამატებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მირზა სუბელიანი ამჯერად აცხადებდა, რომ „თავის დაცვის მიზნთ” იგი მზად იყო ტყუილი ეთქვა, თითქოს ჰქონდა მტკიცებულებები სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა გამჟღავნება ხელისუფლების რეპუტაციას მნიშვნელოვნად დააზიანებდა. საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერი მას შემდეგ ყოფილიყო გაკეთებული, რაც თავდაპირველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ეს აღქმა იმ ფონზე გაჩნდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ვიზიტი მირზა სუბელიანთან მას შემდეგ შედგა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2” - ის მეშვებით სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელება დაანონსდა. განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ვიზიტი მირზა სუბელიანთან 14 ოქტომბერს, არასამუშაო დღეს შედგა, რომელიც ასევე ოფიციალურად უქმე დღეს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულს დაემთხვა. ამ საკითხით FactCheck-ი დაინტერესდა და გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული 156 ბრძანებიდან, არასამუშაო დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების გადაცემა მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში მოხდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება მირზა სუბელიანის საქმეზე
სასამართლომ მირზა სუბელიანის საქმეზე განაჩენი 2019 წლის 4 მარტს გამოიტანა და ბრალდებულს დანაშაულის დაფარვის გამო სასჯელის სახით 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მირზა სუბელიანი თავდაპირველად გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მისთვის წინასწარ განსაზღვრულ სასჯელად სწორედ 1 წლიან თავისუფლების აღკვეთას ასახელებდა.
დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, რომ სასამართლოს განაჩენისა და მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერში (აუდიოჩანაწერის ავთენტურობის შემთხვევაში) გაჟღერებული ინფორმაციის ერთობლივი ანალიზი, აღრმავებს ეჭვებს საქმეში არაფორმალური გავლენების და მართლმსაჯულების სფეროში მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემების არსებობის თაობაზე.