ENG

მიუსაფარ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები სამეგრელოში

04 ივნისი, 2014

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის წარმომადგენლობის მიერ რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს მიუსაფარი ცხოველების იზოლირებისა და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი თავშესაფარი. მეტიც, რეგიონში მასობრივად ირღვევა ცხოველთა უფლებები და, შესაბამისად, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუმცა ამის გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

ორგანიზაციის მიერ 2014 წლის თებერვალში მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ მიმდინარე წელს სამეგრელოში მუნიციპალიტეტების გამგეობები (მერია) არ აპირებენ ცხოველთა თავშესაფრის აშენებას. ამასთან, ხობის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ „მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში შემავალი არც  ერთი ერთეულის ფუნქციაში არ შედის და ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში თანხები არ გათვალისწინებულა“, მესტიის მუნიციპალიტეტმა კი თემის მოკვლევა ახლახანს დაიწყო.

ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ აბაშის, წალენჯიხის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს მიუსაფარი ცხოველების საიზოლაციოდ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან, რომელმაც სახელმწიფო უწყებებთან ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, უნდა უზრუნველყოს „მოხეტიალე ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურება”.

ერთ-ერთი ბოლო ხელშეკრულება გიორგი მაღლაფერიძეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბაბილუამ 2014 წლის 24 თებერვალს გაუფორმა, მომსახურების საერთო ღირებულება 15 ათასი ლარია. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი ხელშეკრულებები გიორგი მაღლაფერიძესთან დასავლეთ საქართველოს (კერძოდ, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთის) არაერთმა მუნიციპალიტეტმა გააფორმა, ჯამში კი მაღლაფერიძემ 7 მოგებული ტენდერიდან შემოსავლის სახით 2011-2014 წლებში 37 ათას ლარზე მეტი მიიღო. ხელშეკრულებების დიდი ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტებმა ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს გაუფორმეს, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგია, ანუ საჯარო უწყებებმა არც კი მისცეს სხვა პირებს ტენდერში მიღების მონაწილეობის საშუალება.

თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მოწყობილი ვოლიერები უმძიმეს მდგომარეობაშია და მხოლოდ 20 ძაღლის მოთავსება შეიძლება. ვოლიერები არ მარაგდება წყლითა და ელექტრო-ენერგიით. როგორც გიორგი მაღლაფერიძემ ჩვენს წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ის დაჭერილ ძაღლებს დღეში ერთხელ მხოლოდ პურსა და წყალს აძლევს საკვებად.

ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი მაღლაფერიძეს, მისი განცხადებით იგი თვეში 200-250 ძაღლს იჭერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ძაღლების დასაჭერად იგი კაუჭებიან რკინის მარწუხებს იყენებს. ძაღლები სოფელ ბაილეთში გადაყავს და ერთი კვირის ან 10 დღის შემდგომ ყველა მათგანს ქიმიური ნივთიერების „დიტილინის“ მეშვეობით აძინებს. გიორგი მაღლაფერიძე დახოცილ ძაღლებს მარხავს ღია ტიპის თხრილში, რომელსაც პერიოდულად ავსებს დახოცილი ძაღლებითა და მიწაყრილით. მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის დაცული ელემენტარული სანიტარული ნორმები, დგას აუტანელი სუნი, მრავლად არიან მწერები და მღრღნელები. დახოცილი ძაღლების სხეულის ნაწილები კი ვოლიერების მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმოფანტული.

ინფორმაცია აღნიშნულ პრობლემაზე რაც ჯერ კიდევ 2012 წელს საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9”-მ გადაიღო და გამოაქვეყნა პორტალის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, „ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“ მიუხედავად, კოდექსში მკაფიო ჩანაწერისა, ამ დრომდე არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ისევე, როგორც მათი, ვინც 2013 წლის 30 მარტს, ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დახოცეს.  

როგორც გიორგი მაღლაფერიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მუნიციპალიტეტებისთვის მთავარია მაწანწალა ძაღლების იზოლირება, მათი შემდგომი ბედით კი ისინი არ ინტერესდებიან. თანხა კი, რომელსაც იგი იღებს ამ „მომსახურების“ სანაცვლოდ, მისი თქმით, არ არის საკმარისი თავშესაფარში ძაღლების შემდგომი შენახვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოითხოვს, რომ მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ ფოთის ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალადაკარგულად გამოცხადდეს, რადგან ინდმეწარმე ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, დოკუმენტის 2.1 მუხლში მითითებულია, რომ მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს ცხოველთა თავშესაფარი; ასევე, იქვე აღნიშნულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ქვეყანაში მოქმედი ნორმები. ზემომოცემული ფაქტები კი ადასტურებს, რომ გიორგი მაღლაფერიძეს არათუ არ შეუძლია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, არამედ მის მიერ დაჭერილი ძაღლები სასტიკი მოპყრობის მსხვერლი ხდებიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს მუნიციპალიტეტებს მოიძიონ შესაბამისი თანხები და უმოკლეს დროში დაიწყონ მუშაობა მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად. მაგალითისთვის, შეუძლიათ აიღონ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის“ მუშაობის პრინციპი, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების იზოლირება და სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაღუპული ცხოველის გვამის სპეციალურ ადგილებზე გატანაა და დამარხვაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გორის მუნიციპალიტეტმა მსგავსი თავშესაფრის მოწყობისთვის, ცხოველთა იზოლაცია, მოვლა-გამოკვებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში სულ 127 ათასი ლარი გამოყო, რაც არ წარმოადგენს სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტისათვისაც დიდ თანხას.

 

Author: მალხაზ ჭკადუა, არჩილ თოდუა