მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე: მსხვილი უცხოელი ფერმერების ისტორიები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე: მსხვილი უცხოელი ფერმერების ისტორიები

24 თებერვალი, 2014

2013 წლის გაზაფხულზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ უცხოელებისთვის (მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული იმ სუბიექტებისთვისაც, სადაც უცხოელები წილთა მხოლოდ უმცირესობას ფლობენ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვისა და მემკვიდრეობით მიღების დაუყოვნებლივ აკრძალვის კანონპროექტი შეიმუშავეს. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე დროებითი მორატორიუმი 2013 წლის ივნისში შევიდა ძალაში და იგი 2014 წლის დეკემბრამდე იმოქმედებს. ამას წინ უძღოდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოქალაქეთა მცირე აქტივობები უცხოელი მიწის მესაკუთრეთა წინააღმდეგ. მაგალითად,  2013 წლის იანვარში პრესაში დაიბეჭდა სტატიები, რომელთა მიხედვითაც ინდოელი ფერმერები კახეთში სახლდებოდნენ და სხვა ინდოელი ფერმერებსაც მოუწოდებდნენ, საქართველოში ჩამოსულიყვნენ და დაემუშავებინათ, მათი შეფასებით, „იაფი და ნაყოფიერი მიწა“. ამის საპასუხოდ, ქართველი ფერმერები შემდეგი მოწოდებით გამოვიდნენ: „საქართველოს მიწა ქართველებს“.  

2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაასაჩივრა დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება, რადგან ის ბუნდოვნად ფორმულირებული, დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური იყო და, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენდა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა და ახლო მომავალში გამოიტანს გადაწყვეტილებას. 

გასაჩივრებიდან რამდენიმე თვეში ეკონომიკის სამინისტრო აკრძალვის წესებში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2014 წლის თებერვალში შევიდა და გულისხმობს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც მიიღებს და განიხილავს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის მსურველი უცხოელების განაცხადებს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ბლოგპოსტი.

უცხოელი ფერმერები და მათ მიერ შეძენილი მიწების რაოდენობა

მორატორიუმის შემომღები კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „დღესდღეობით არსებობს მიწის არაგონივრული პრივატიზაციის რეალური საფრთხეაღსანიშნავია, რომ ინიციატორებმა არც იმ უცხოელთა რაოდენობა შეისწავლეს, რომლებმაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძინეს, და არც ის, თუ რა ოდენობის მიწის ფართობს ფლობენ ისინი ამჟამად. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს 2,6 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს, თუმცა ამის შესახებ სტატისტიკას არც საქსტატი და არც საჯარო რეესტრი აწარმოებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სოფლის მეურნეობის სამ ექსპერტს ესაუბრა, რომელთა გათვლებითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით 18,500 ჰექტარ მიწას ფლობენ, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის მთელი ფართობის დაახლოებით 0,7 პროცენტია.

ხელისუფლება დროებითი მორატორიუმის აუცილებლობას თავდაპირველად იმითაც ამართლებდა, რომ მას სჭირდებოდა დრო, 2013 წლის დეკემბრამდე, რათა შეემუშავებინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და შეექმნა მიწის კადასტრისა (რეგისტრაციის) ერთიანი სისტემა. თუმცა ხელისუფლება ვერ ჩაეტია კანონში გაწერილ ვადებში და არც გარანტია მიუცია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც მზარ არიან ინვესტიციები ჩადონ საქართველოს ეკონომიკაში.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ საჯარო რეესტრიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: „მიწის ბაზარი ჯერ კიდევ სუსტია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების რეგისტრაციის ცვლილება ძალზე მცირე რაოდენობას  1 პროცენტს  შეადგენს“. ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მორატორიუმის დაწესება ალბათ ნაადრევი იყო; იმ პირობებში, როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და არ არსებობს სტატისტიკა უცხოელი შემსყიდველების რაოდენობასთან, მათ ბიზნესაქტივობასა და შეძენილი მიწების რაოდენობასთან დაკავშირებით, ძნელია დაასკვნა, რომ მიწის გაყიდვების პროცესი არარაციონალურია“.

უცხოელი ფერმერები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დღეისათვის უცხოელთა საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთა თითქმის ორი მესამედი  (დაახლოებით 11,000 ჰექტარი) ორი ინვესტორის საკუთრებაა. ესენია „Agri Georgia“ (ფერერო როშერი) ზუგდიდში და „TR Georgia Projects“ საგარეჯოში.

შატო მუხრანი

მორატორიუმის შედეგები

2009 წელს ორმა ქართველმა ინვესტორმა, TBC ბანკის დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ შვედ ინვესტორ ფრედერიკ პაულსენთან ერთად, რომელიც ქვემოთ ხსენებულ კომპანიაში აქციათა უდიდესი პაკეტის მფლობელია, ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისთან ახლოს მდებარე შატო მუხრანი შეიძინეს იმ პირობით, რომ ინვესტორები  საწარმო ობიექტებს გაარემონტებდნენ და ვენახებსა და შატოს განაახლებდნენ. ამის შემდგომ, მაშინდელმა მთავრობამ კომპანიას ასევე სთხოვა ახლომდებარე სოფელში აეშენებინა სკოლა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განეხორციელებინა სოციალური საცხოვრებლის პროექტები.  შატო მუხრანი და მისი შვილობილი კომპანია „Marussia Beverages“ საქართველოში 500 ჰექტარამდე მიწას ფლობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პეტერ სვაიტეჩინის თქმით, კომპანიები მორატორიუმის გამო საქმიანობის გაფართოებას ვერ ახერხებენ:

„ამჟამად ჩვენ წელიწადში 500,000 ბოთლს [ღვინოს] ვაწარმოებთ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 1 მილიონი ბოთლი ვაწარმოოთ. ჩვენი ნაწარმის 50 პროცენტი საზღვარგარეთ გადის: ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში. კომპანიაში დასაქმებული ძირითადი თანამშრომლების რაოდენობა 60 ადამიანია, ხოლო მოსავლის სეზონში მათი რიცხვი 250 ადამიანამდე იზრდება. ჩვენმა აქციონერებმა 8 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელეს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად და საწარმო დანადგარებისა და მეღვინეობის ტექნიკის შესაძენად, რათა ჩვენი პროდუქციის ხარისხი სურსათის უვნებლობისა და ექსპორტის ხარისხის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვეყვანა. იგეგმება იმავე ოდენობის ინვესტიციის ჩადება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს მევენახეობის კუთხით უმაღლეს საერთაშორისო დონეზე ვამზადებთ, ისინი კი, თავის მხრივ, ჩვენს მომავალ თანამშრომლებს მოამზადებენ. რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ჩვენი პროდუქციის ექსპორტის უდიდესი წილი ამ ქვეყანაზე მოდის. ჩვენ დამატებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შეძენა გვსურს, მაგრამ მორატორიუმის გამო ამას ვერ ვახერხებთ. მთავრობა წარმოების გასაფართოებლად მიწის იჯარით აღებას გვთავაზობს. ბიზნესის გადმოსახედიდან ჩვენ ამ პერსპექტივას რეალურად ვერ განვიხილავთ, რადგან კარგი მოსავლის მისაღებად მრავალწიანი მიწის სამუშაოები და დიდძალი ფინანსური ინვესტიციებია საჭირო. იჯარის პირობებში სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც საკუთრების შემთხვევაში მოქმედებს, არ არსებობს. შეიძლება მოვიდეს ახალი მთავრობა და გაგიუქმოთ კონტრაქტის პირობები, ასეთ შემთხვევაში ხელმოცარულები დავრჩებით“.

„TR Georgia Projects“

„TR Georgia Projects“ უმსხვილესი მიწის მესაკუთრე უცხოური კომპანიაა საქართველოში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის პროექტებს). მის საკუთრებაშია 7,500 ჰექტარი მიწა კახეთში, კერძოდ საგარეჯოს რაიონში, რომელიც კომპანიამ 2012 წლის მარტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან შეისყიდა. კომპანია 2011 წლის 5 აგვისტოს დარეგისტრირდა და მისი 100 პროცენტიანი მფლობელია ირანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე  ტაიებ რაშიდმანეში, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

გასულ წელს კომპანიამ 300 ადამიანზე მეტი დაასაქმა. ვებგვერდის თანახმად, წელს ეს მაჩვენებელი 2000-მდე გაიზრდება, რაც „TR Georgia Projects“-ს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს გახდის.

ვებგვერდის თანახმად, კომპანიის მიზანია „ადამიანური, მატერიალური და უახლესი მაღალტექნოლოგიური მექანიზაციის რესურსების ეფექტური სინერგიის გზით, აამაღლოს კონკურენტუნარიანობა სასოფლო-სამეურნეო სექტორში როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე“. მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს ხორბლის, სიმინდის, ქერის, რაპსას და სოიოს დათესვასა და ბროწეულის, საუკეთესო ჯიშის ფისტისა და თხილის დარგვას. მომავალში იგეგმება შემდეგი საწარმოების მშენებლობა: მარცვლეულის გასაშრობი და შემნახავი საწარმო, საკვების გადამამუშავებელი საამქრო, მეფრინველეობის კომპლექსი, ხორცისა და რძის საწარმოები, სასუქის გადამუშავების საწარმო და სასათბურე მეურნეობები სხვადასხვა ბოსტნეულისთვის (კიტრი, პომიდორი, წიწაკა).

TR Georgia-ს საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული პრობლემები

2012 წლის 21 მარტს საგარეჯოს რაიონის  სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობამ  მიწის გაყიდვის ფაქტი გააპროტესტა. მათი მტკიცებით, ხელისუფლებამ გაყიდა მიწა, რომელიც მათ ეკუთვნოდათ და რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. (საქართველოში მიწების 75-80 პროცენტი ოფიციალურად დაურეგისტრირებელია, ხოლო რეგისტრაციის არარსებობის პირობებში ხელისუფლებას შეუძლია, ივარაუდოს, ვის საკუთრებაშია ესა თუ ის მიწის ნაკვეთი.)

სოფელ იორმუღანლოს რწმუნებულის ნათიკ რასულოვის განცხადებით, გასხვისებულ მიწაზე ადრე პირუტყვის 20-მდე ფერმა იყო მოწყობილი, ნაკვეთების ნაწილი კი მოსახლეობას იჯარით ჰქონდა აღებული. გასხვისების შემდეგ მოსახლეობას ფერმების დაშლა კომპენსაციის გარეშე მოუწია. რწმუნებულის თქმით, მოსახლეობა გაბრაზებულია, რადგან მათ სოფელთან ახლომდებარე საძოვრები აღარ დარჩათ, ხოლო მოშორებით მდებარე საძოვრებთან მისასვლელ გზასაც პრივატიზებული ნაკვეთების გამო ვერ იყენებენ. მისივე თქმით, საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი ადგილობრივების სახელით ტაიებ რაშიდმანეშთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ინვესტორმა შეძენილი მიწის ნაწილი კვლავ სოფელს დაუბრუნოს.

მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელის განცხადებით, „ადგილობრივები მიწებს, რომელთა მესაკუთრეებადაც მიიჩნევენ თავს, არ ფლობდნენ, მათ აქვთ საბუთები, მაგრამ ოფიციალურად ისინი მიწის მესაკუთრეები არ არიან. ახლა ისინი გაღიზიანებულები არიან, რადგან ამ მიწაზე საქონელს ვეღარ აძოვებენ და აღარც უფრო მოშორებით მდებარე საძოვრებზე გადასასვლელი გზა აქვთ. ახლა ინვესტორი თანახმაა, საკუთარ მიწაზე ადგილობრივების გადასაადგილებლად გაიყვანოს გზა და გაწიოს შესაბამისი ხარჯები, ამასთან ადგილობრივ მოსახლეობას სხვა სოციალური პროექტებიც დაუფინანსოს, მაგრამ ეს ხომ ერთი წლის წინ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, სანამ კონფლიქტი გაღვივდებოდა და გამწვავდებოდა. ეს სწორედ ის საკითხია, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ ახალი კომისია მოაგვარებს, რომელიც წინდაწინ გაითვალისწინებს ამგვარი პრობლემების არსებობის შესაძლებლობას და წინასწარვე მიიღებს შესაბამის ზომებს.

TR Georgia-ს ბიზნეს საქმიანობის შესახებ მაჟორიტარმა განაცხადა:

ამჟამად „TR Georgia Projects“ სიმინდის მოყვანას გეგმავს, მაგრამ ინვესტორის რეალური გეგმა ფისტის მოშენებაა. მას ათასობით ნარგავი აქვს სარგავად გამზადებული; ახლა სარწყავი ინფრასტრუქტურის აგებაზე მუშაობენ. ინვესტორი ასევე ატარებს ცდებს შირაზის ყურძნის ჯიშისა და ფისტის ხეების გაშენებაზე. ფისტის ხეების გაშენებას 10-15 წელი სჭირდება. საქართველოში ეს აქამდე არასდროს გაკეთებულა. მიწის მესაკუთრე რაშიდმანეში ირანში დაიბადა, მაგრამ რევოლუციის დროს 1979 წ. ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ბანკირი იყო. ახლა ის  საქართველოში ცხოვრობს და ეს ქვეყანა სამშობლოდ მიიჩნევს. მან აქ დიდი ოდენობით ინვესტიცია განახორციელა, მოაწყო სათბურები, საშრობები, სარწყავი სისტემა, საბოლოო ჯამში ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი კიდევ 11 ქარხნის აშენებას გეგმავს.

დროებითი მორატორიუმისა და იმის შესახებ, დაუჭერს თუ არა მხარს შემოთავაზებული სამთავრობო კომისია „TR Georgia Projects“-ს:

კარგია, რასაც ეს პიროვნება აკეთებს, მან ფარხმალი არ დაყარა, როდესაც პრობლემები წარმოიშვა, ინვესტიციები არ შეაჩერა, ის ხალხს ასაქმებს და გადასახადებს იხდის, მისგან შემოსული სახსრების გარეშე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სახუმარო იქნებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, არის 17,000 ადგილობრივი მკვიდრი, რომლებიც გაღიზიანებულები არიან, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ეს მიწები მათ ეკუთვნოდათ და ახლა მათ ვეღარ იყენებენ. ამასთან, აღნიშნული მიწა ძალიან იაფად - 7,500 ჰექტარი მიწის ფართობი მხოლოდ 5 მილიონ ლარად - გაიყიდა. საგარეჯოს ტერიტორია პირუტყვის საძოვრად ყოველთვის საუკეთესო მიწა იყო, ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უმდიდრესი მიწებია და გადახდილი ფასი მის ფაქტობრივ ღირებულებასთან შედარებით არაფერია. ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება, ითქვას: „მიწა უფასოა, თუ კარგი ბიზნეს გეგმა გაქვთ და საინვესტიციო პირობებს დაიცავთ, წაიღეთ“. სწორედ ამაზე იმუშავებს შემოთავაზებული სამთავრობო კომისია, რომელიც განიხილავს არსებობს თუ არა გეგმა, იქნება თუ არა გამოყენებული მიწა, რა პირობებით და ა.შ. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კოლექტიური საძოვრის ცნებასა და უფლებებს, ან კერძო ტერიტორიაზე სავალი გზის უფლებას. მაგრამ ჩვენ ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ხალხის თვალში ეს ცნებები არსებობს და ვერც იმას დავუშვებთ, რომ მთავრობა და უცხოელი ინვესტორები მუდმივად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. თუ წახვალთ და ნახავთ ამ ადამიანის ფერმას, დარწმუნდებით, რა მშვენიერი და შთამბეჭდავი რამ შექმნა მან, მაგრამ ეს მშვენიერება იმავდროულად  მყიფეა და საშიშროების ქვეშაა, როდესაც გარშემო გაშმაგებული მეზობლები გყავს.

ფერერო როშერი

„Agri Georgia“ ლუქსემბურგში რეგისტრირებული შოკოლადისა და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი Ferrero Trading Lux S.A.-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის საწარმოო ბრუნვამ შარშან 7,8 მილიარდი ევრო შეადგინა. ფერერო როშერი, რომელიც თავდაპირველად იტალიური კომპანია იყო, თხილის პლანტაციებს ფლობს მსოფლიო მასშტაბით და  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეორე უმსხვილესი უცხოური მესაკუთრეა საქართველოში. 2007 წელს Agri Georgia-ამ ზუგდიდთან ახლოს თხილის პლანტაცია შეიძინა - ის ამჟამად დაახლოებით 3,500 ჰა მიწას ფლობს და ამუშავებს.

მორატორიუმის შედეგები და მიწის რეგისტრაციის პრობლემები

ფერეროს საქმიანობაში გათვითცნობიერებული სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტის ინფორმაციით, მორატორიუმის შედეგად ამ კომპანიას პირდაპირი ზიანი არ მისდგომია, რადგან მან 2011 წელს უკვე დაასრულა გაფართოების გეგმა. თუმცა მიწის ყოვლისმომცველი სახელმწიფო რეესტრის არარსებობა, „TR Georgia Projects“-ის მსგავსად, ამ კომპანიისთვისაც ხელშემშლელი ფაქტორია: Agri Georgia-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროსგან 2009-2011 წლებში შეძენილი 1,200 ჰექტარი მიწის 30 პროცენტი  ადგილობრივი გლეხების მიერ უკვე დაკავებული და ათვისებული იყო, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი კი სასაფლაოებს ეკავა. Agri Georgia-მ ამ დაკავებული ტერიტორიების საკუთრების უფლება სახელმწიფოს დაუბრუნა და დამატებით 1,200 ჰა მიწის ფართობი შეიძინა. კომპანია იძულებული გახდა, მიწის საკუთარი შიდა რეესტრი შეექმნა, რომელშიც დადგინდა არსებული მიწის საზღვრები და თანხმობაში მოვიდა საჯარო რეესტრის მონაცემებთან. შიდა რეესტრის შექმნას ორი წელი დასჭირდა.

სოციალური პროგრამები

2011 წლიდან მოყოლებული ფერერომ USAID-თან თანამშრომლობით 3000 ქართველ თხილის მწარმოებელ გლეხს ჩაუტარა ტრეინინგები და „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც“ ჩამოაყალიბა. ქართული თხილი თურქულ თხილთან შედარებით (თურქეთი მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მწარმოებელი და ფასის განმსაზღვრელი ქვეყნაა) საშუალოდ 30-40 პროცენტზე ნაკლებ ფასაც იყიდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველი, USAID-ის ექსპერტი სასოფლო-სამეურნეო საკითხებში ვინსენტ მორაბიტო გვეუბნება, „მსოფლიოში თხილის სულ ხუთი ექსპერტი აგრონომია, რომელთაგან ერთი ფერეროში მუშაობს. ორი წელი დაგვჭირდა, რომ სასწავლო კურსებისგან შედეგი გვენახა მიგვეღო. ამ მხრივ 2013 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან შესანიშნავი ხარისხის თხილის მაღალი მოსავალი მოვიდა, რომლის გაყიდვაც ქართველ გლეხებს გაცილებით მაღალ ფასად შეუძლიათ“.

ინდოელი ფერმერები საქართველოში

Crown Immigration Consultancy Services-ის დირექტორის დჰარამჯიტ სინგჰ საინის განმარტებით (აღნიშნული კომპანია კონსულტაციებს უწევს ინდოეთის მოქალაქეებს ვიზების რეგისტრაციასა და  საზღვარგარეთ ბიზნესის დაფუძნების საკითხებში), ფერმერული პროდუქციის გამომუშავების მხრივ ინდოეთი მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა. მისივე თქმით, ინდოელი ფერმერების აზრით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 80% სათანადოდ გამოყენებული არ არის, ქართველი გლეხები მას არსებული ტექნიკის საშუალებით ამუშავებენ, ხოლო ინდოელ ინვესტორებს შეუძლიათ, დაეხმარონ საქართველოს, თანამედროვე დონეზე აიყვანოს სოფლის მეურნეობა და გაზარდოს პროდუქტიულობა. საინის თქმით, საქართველოში ჩამოსულმა ინდოელმა ფერმერებმა  მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციები განახორციელეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მხრიდან თანამშრომლობის სურვილი არ იგრძნობა, როგორც საინი ამბობს, ინდოელი ფერმერები ახლა უკვე არჩევენ სომხეთსა და უზბეკეთში გადასვლას; მაგალითად, მათ უზბეკეთის მთავრობისგან ადგილობრივი ფერმერებისთვის დახმარების გაწევის უკვე კონკრეტული თხოვნა მიიღეს. შედეგად, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 200-250 ინდოელი ფერმერი რჩება, მაშინ, როდესაც მორატორიუმის შემოღებამდე მათი რაოდენობა რეკორდულ 2000-ს აღწევდა.

2013 წლის თებერვალში ინდოეთის მოქალაქე ფერმერმა ჯაგპალ სინგჰ სიდჰუმ საგარეჯოში სამი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შეიძინა. ორ ჰექტარზე მან სიმინდი დათესა, რომლის მოსავალსაც წელს ელოდება, ხოლო ერთ ჰექტარზე ვაზი გააშენა. საერთო ჯამში, მისი გამოთვლით, მიწის საფასურის გამოკლებით მან 10,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. 2014 წლის 27 იანვარს ვიზის განახლების თხოვნით ბატონმა სიდჰუმ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა, რაზეც სააგენტოსაგან უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია არ ჰქონდა. ვიზის გარეშე ბატონი სიდჰუ მოსავალს ვერ აიღებს - ეს კი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული  საკუთრების უფლების (21-ე მუხლი) და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის (ოქმი 1, 1-ლი მუხლი) შესაძლო დარღვევა იქნება. ფინანსური ზარალისთვის კომპენსაციის მისაღებად სიდჰუ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადება.  

რეკომენდაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას ქვეყანაში უცხოური კომპანიების ფინანსების, უნარებისა და ცოდნის შემოდინებაზე. პირიქით, ამ რესურსის გამოყენება აუცილებელია, რაც მიწათმფლობელობის ყოვლისმომცველი პოლიტიკის ჩამოყალიბებით გახდება შესაძლებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 20 თებერვალს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ხელისუფლებას მოუწოდებდა სასწრაფოდ დაიწყოს მის მიერ გაცემული ორი საარჩევნო დაპირების შესრულება:

  • შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა და 
  • შექმნას მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ყოვლისმომცველი პროგრამა.

აღნიშნული მოქმედებები დაიცავს არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას.

Author: ევა ანდერსონი