ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

17 ივლისი, 2020

 

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014  წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა.  შვიდ  წელში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 მათგანი „ფარვანამ“ ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან გააფორმა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.

კონსტანტინ ვარდანიანმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-სატელევიზიო მაუწყებლობა „ფარვანა“ ნინოწმინდაში, 2001 წლის 12 იანვარს, ოთხ ადგილობრივთან ერთად დააფუძნა. ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ  ნინოწმინდის  ადგილობრივი ტელეევიზიის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2013 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის მარტამდე,  ვარდანიანს ორი თანამდებობა ეკავა, იგი „ფარვანას“ დირექტორიც იყო და ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. ხელმძღვანელის პოზიცია ტელევიზიაში ვარდანიანმა მიმდინარე წლის 9 მარტს დატოვა და კომპანიის დირექტორად მისი მეუღლე, ალბინა ვარდანიანი დაინიშნა. თუმცა, ყველა სახელმწიფო შესყიდვა „ფარვანამ“ მანამდე მიიღო, ვიდრე ტელევიზიას კონსტანტინ ვარდანიანი ხელმძღვანელობდა.

„ფარვანას“ ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები

თვითმმართველობაში  ვარდანიანის თანამდებობაზე არჩევამდე, 2011-2013 წლებში  „ფარვანას“ ნინოწმინდის მუნიციპალურ ორგანიზაციებთან სულ 44 010 ლარის ღირებულების  5 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა მიღებული თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, 2014-2020 წლებში კომპანიამ 339 745 ლარზე 12 სახელმწიფო  შესყიდვა მიიღო.  მათ შორის ნინოწმინდის მერიის მიერ გამოცხადებული 5 ტენდერით, (NAT200001044, SPA180009883; SPA180000543SPA170002202; SPA160000894;)  ჯამში, 250 000 ლარი,  უკონკურენტოდ მოიგო.  ასევე, ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან 70 645 ლარის ჯამური ოდენობის 4 გამარტივებული შესყიდვა  გააფორმა.

ნინოწმინდის მერია, 2014 წლიდან დღემდე, „ფარვანასთან“ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვაზე ერთწლიან ხელშეკრულებებს აფორმებს. შესაბამისად, კომპანია, მთელი წლის განმავლობაში, მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ღონისძიებებს აშუქებს. არც ადგილობრივ რადიო „ნორს“ , რომელიც ნინოწმინდაში 2012 წლიდან მაუწყებლობს და არც ადგილობრივ ინტერნეტ გამოცემა „ჯეინიუსს“, რომელიც ჯავახეთის ამბების გაშუქებაზე 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს, ნინოწმინდის მერიისგან სახელმწიფო შესყიდვა არასდროს მიუღიათ მაშინ, როცა ამავე რეგიონში, მაგალითად, ბორჯომის მერია საინფორმციო მომსახურებისთვის გათვალისწინებულ თანხას, როგორც ადგილობრივ ტელევიზიაზე, ასევე, ინტერნეტ გამოცემასა და გაზეთზე ანაწილებს.

„ფარვანამ“, 2014-2016 წლებში, უკონკურენტოდ მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული 3 ტენდერი ნინოწმინდაში, რისთვისაც ჯამში 19 100 ლარი დაერიცხა.

ხელშეკრულებები

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებრივ მაუწყებელთან  ხელშეკრულებებს (SPA140004661; SPA140027250; SPA160002005) თავად  აფორმებს, როგორც „ფარვანას“ დირექტორი.  ასევე, კონსტანტინ ვარდანიანია მითითებული კომპანიის დირექტორად ნინოწმინდის ააიპ-ებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც.

რაც შეეხება ნინოწმინდის მერიასთან „ფარვანას“ ხელშეკრულებებს, აქ ყველა დოკუმენტში კომპანიის დირექტორად კონსტანტინ ვარდანიანის მეუღლე, ალბინა ვარდანიანია მითითებული. მათ შორის ერთ-ერთ დოკუმენტს, 35 000-ლარიან პირდაპირ შესყიდვაზე,  ხელს კონსტანტინ ვარდანიანის უშუალო ხელმძღვანელი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც აწერს. თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანია „ფარვანასთან“ ალბინა ვარდანიანს (2020 წლის მარტამდე) ოფიციალური შემხებლობა არ აქვს.

კონსტანტინ ვარდანიანის მეუღლემ, ალბინა ვარდანიანმა შპს ტელეკომპანა „ფარვანა“, ნინოწმინდაში, 2015 წლის 22 ივნისს დააფუძნა. თავადაა მისი დირექტორიც და 100% წილის მფლობელიც, თუმცა, ამ შპს-ს  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. გამოდის, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის  „ფარვანა“ ღებულობს (ს/კ 236686412), ხელშეკრულებებს კი სხვა კომპანიის, შპს „ფარვანას“ (ს/კ 436684134) დირექტორი აფორმებს.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობას კონსტანტინ ვარდანიანის „ფარვანა“ (ს/კ 236686412) იღებს, ამ კომპანიის სამართლებრივი ფორმა კი დაფუძნების დღიდან დღემდე ააიპ-ია, ხელშეკრულებების ნაწილში კომპანიის სამართლებრივ ფორმად მითითებული ხან სსიპ-ია, ხან კი შპს.

ვარდანიანების კომპანია, ექვსი წელია,  ნინოწმინდის მერიის ბალანსზე რიცხულ შენობაში უსასყიდლოდ  ფუნქციონირებს. თავისუფლების N37-ში არსებული 273 კვ.მ. ფართობი, „ფარვანას“ უზურფრუქტის წესით 2015 წლის თებერვალში გადაეცა.

კონსტანტინ ვარდანიანს, 2013 წლიდან დღემდე, არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში, არც მასზე და არც მეუღლეზე რეგისტრირებული „ფარვანას“ შესახებ მითითებული არ აქვს. ამით, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ირღევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას  შეისწავლონ ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინონ ხომ არ იყო ეს შესყიდვები მისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და  იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები. ასევე, მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კონსტანტინ ვარდანიანის ქონებრივი დეკლარაციები და კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად.