ნომრის პორტირება და მომგებიანი, მთავრობის მიერ ხელდასმული მონოპოლისტი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაინტერესდა “მედიაპრო ჯორჯიას” საქმიანობით, რადგანაც ბოლო პერიოდში ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე მობილურმა ოპერატორმა გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა.
“მედიაპრო ჯორჯიას” გუნდი სულ სამი თანამშრომლისაგან შედგება. ორგანიზაცია საბურთალოზე მდებარე ოროთახიან ოფისში არის განთავსებული. შენობა არც თუ ისე კეთილმოწყობილია, ოფისის ორი ოთახიდან ერთ-ერთს კი “მედიაპრო ჯორჯიას” თანამშრომლები რამდენიმე სხვა პირთან ერთად ინაწილებენ. ოთახის კარებზე არანაირი აბრა არ მიუთითებს შენობაში ისეთი მსხვილი კომპანიის არსებობაზე, რომლის შემოსავალმაც 2011 წელს დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი შეადგინა.
“მედიაპრო ჯორჯია” განსაკუთრებული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ათი წლით მონოპოლისტის სტატუსი მიანიჭა. “მედიაპრო ჯორჯია” მაშინ გამოდის ასპარეზზე, როდესაც სატელეფონო ქსელის მომხმარებელს (ფიქსირებული ან მობილური) ქსელის სხვა ოპერატორზე გადასვლა სურს, ამასთან თავისი ძველი ნომრის შენარჩუნების გზით. კომპანია სწორედ ამ მომსახურებას უზრუნველყოფს. “მედიაპრო ჯორჯია” ფლობს მონაცემთა ბაზას, სადაც სატელეფონო ნომრების და ქსელის შესაბამისი ოპერატორების კავშირია აღწერილი. ოპერატორის შეცვლისას მომხმარებლები გადასახადს არ იხდიან, ისევე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია. ამ საფასურს საქართველოში არსებული მობილური ქსელის ოთხი და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის 27 ოპერატორი კომპანია იხდის.
ზოგიერთი კომპანია ამით უკმაყოფილოა, რადგან მიაჩნიათ, რომ “მედიაპრო ჯორჯიას” საკმაოდ სოლიდურ თანხებს უხდიან უმნიშვნელო ტექნიკური ხასიათის მომსახურებისთვის. “მედიაპრო ჯორჯიას” დირექტორი ნიკოლოზ მურღულია ამბობს, რომ ორმა მობილური ქსელის ოპერატორმა კომპანიამ “მედიაპრო ჯორჯიას” წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. სარჩელები განხილვის პროცესშია.
მცირე ფიქსირებული ქსელის ოპერატორები კი ჩივიან, რომ ისინი შესაძლოა ბაზრის შერწყმის შედეგად საერთოდ გაქრნენ სამომხმარებლო ბაზრიდან, რადგან მომხმრებლებს უკვე შეუძლიათ ნომრის შეცვლის გარეშე გადავიდნენ უფრო მსხვილ ოპერატორებთან, მაშინ, როდესაც მარეგულირებელი კომისია ფიქსირებული ტელეფონით მომსახურების ფასებს არ არეგულირებს.
“ტენდერი გამჭვირვალედ ჩატარდა და ჩვენ მოვიგეთ,”- ამბობს ნიკოლოზ მურღულია, “მედიაპრო ჯორჯიას” დირექტორი, - “ტენდერისთვის მოთხოვნები სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელიც ექსპერტებისა და ოპერატორების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ასევე, გადაწყვეტილება იმ კომისიამ მიიღო, რომელშიც ქსელის ოპერატორებიც შედიოდნენ.” მურღულია ამბობს, რომ ნეიტრალური კომპანიის მიერ ნომრის პორტირების პროცესის მართვა უკვე გამოცდილი და კარგი მიდგომაა.
ნომრის პორტირების შემოღება - მონოპოლისტის შექმნა
ნომრის პორტირების შესაძლებლობა საქართველოში 2011 წლის თებერვალში გაჩნდა. მარეგულირებელმა კომისიამ ეს გადაწყვეტილება პროვაიდერებს შორის კონკურენციის გაზრდის მიზნით მიიღო. 2012 წლის ოქტომბრისთვის მობილური ტელეფონის 110,453-მა მომხმარებელმა შეიცვალა მობილური ქსელის ოპერატორი პორტირების გზით.
მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი იყო. “მედიაპრო ჯორჯიაში” კი აღნიშნავენ, რომ შედეგად კონკურენცია გაიზარდა და ტარიფებმა იკლო.
ნომრის პორტირების შემოღებისთვის მზადება 2010 წელს დაიწყო, როდესაც მარეგულერებელმა კომისიამ პროცესის მიმდინარეობის წესები განსაზღვრა და გამოაცხადა კონკურსი იმ კომპანიის შესარჩევად, რომელსაც ნომრები ერთი ქსელიდან მეორეში უნდა გადაერთო. მარეგულირებელმა კომისიამ ასევე დაამტკიცა ტენდერის კომისია, რომელსაც გამარჯვებული კომპანია უნდა შეერჩია. კომისია თავად მარეგულირებლისა და მობილური ქსელის ოპერატორების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
ტენდერის პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მართვა სურდა, აღნიშნულ სფეროში შესაბამისი გამოცდილება უნდა ჰქონოდა; ადგილობრივ ოპერატორებს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სამმა კომპანიამ წარადგინა: შპს „კეთ ენდ კეთ მედია”, შპს „მედიაპრო ჯორჯია“ და თურქული კომპანია სს „განთექ თექნოლოჯი ბილიშიმ ჩოზუმლერიმ“. თუმცა სატენდერო კომისიამ კომპანია „კენ ენდ კეთ“-ის დისკვალიფაკიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან აღნიშნულ ფირმას შესაბამისი ბიზნეს გამოცდილება არ ჰქონდა. რაც შეეხება თურქულ კომპანიას, ამ შემთხვევაში დისკვალიფიკაციის საფუძველი ფირმის მიერ წარდგენილი ყოველწლიური ტარიფის კომისიის მიერ დადგენილებით განსაზღვრულ სატარიფო პირობებთან შეუსაბამობა გახდა.
სატენდერო კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებულად კომპანია “მედიაპრო ჯორჯია” გამოცხადდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიასთან 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რითაც “მედიაპრო ჯორჯია” სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონოპოლისტი ადმინისტრატორი გახდა.
ხელშეკრულება
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზუნველყოფაზე და /ან მომსახურებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან მათ მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ადმინისტრატორს გადაუხადონ წლიური 0,38 ევროს ეკვივალენტი ლარებში. სატელეფონო ოპერატორებს მფლობელობაში კლიენტების რეალურ რაოდენობაზე მეტი ნომერი გააჩნიათ. აღნიშნული რეზერვი კომპანიებს პოტენციური მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევაში ეხმარება. პორტაბელურობის წესების ძალაში შესვლის შემდეგ კი ოპერატორებმა შეამცირეს მათ განკარგულებაში არსებული ნომრები და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ისინი უკან დაბრუნეს.
მარეგულირებელ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად “მედიაპრო ჯორჯიას” უფლება აქვს დაწიოს ოპერატორების მიერ გადასახდელი ტარიფი და არ გააძვიროს. კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა მიაწოდოს კომერციული და “მედიაპრო ჯორჯიას” მიერ გაწეული სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. 2010 წლის პირველ ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ფართო უფლებამოსილება აქვს შეცვალოს ან თუნდაც გააუქმოს “მედიაპრო ჯორჯიასთან” დადებული შეთანხმება.
“მედიაპრო ჯორჯია”
კომპანია “მედიაპრო ჯორჯიას” რომელიც 2008 წელს თბილისში დაფუძნდა (საიდენტიფიკაციო კოდი: 204551742), საქმიანობის პროფილი აქვს შეცვლილი. “მედიაპრო ჯორჯია” 2010 წლის 26 ივლისს ჯერ ერთმა ლიტვურმა კომპანია „კონტლანდმა“ შეისყიდა, ხოლო იმავე წლის 17 აგვისტოს მონაცემებით მეორე ლიტვურმა ფირმა „მედიაფონმამ“ კომპანიის 80% შეიძინა. “მედიაპრო ჯორჯიას” დირექტორია ნიკოლოზ მურღულია, რომელიც 2010 წლის ივლისის ბოლომდე კომპანიის 10% წილის მფლობელი იყო, ხოლო დანარჩენი 10% ეკუთვნოდა ნორვეგიაში რეგისტრირებულ კომპანია“სისტორ ინტერეუროპ სისტემს ას“, რომელიც კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელია, რომელთაც ქართველი ადმინისტრატორი იყენებს სააბენტო ნომრების პორტაბელურობის მართვისას. 2011 წლის დეკემბერში „მედიაფონმა“ დარჩენილი 20% შეიძინა და მას შემდეგ ლიტვური კომპანია “მედიაპრო ჯორჯიას” რთადერთი მფლობელია.
„მედიაფონი“ სხვადასხვა შვილობილი კომპანიების მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა ლიტვა, აზერბაიჯანი და არგენტინა ახორციელებს პორტაბელურობის სერვისს. ცოტა ხნით ადრე კომპანიამ მოლდოვის მარეგულირებელთანაც გააფორმა ანალოგიური ხასიათის ხელშეკრულება. 2011 წლის მონაცემებით „მედიაფონის“ შემოსავალმა 24.35 მილიონი ევრო შეადგინა.
“მედიაპრო ჯორჯიას” დირექტორის მურღულიას განცხადებით კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა პორტაბელობის სერვერის ინფრასტრუქტურის გამრთვაში. ადმინისტრატორი იხდის სერვერის კომპიუტერული უზრუნველყოფის მომსახურების გადასახადსაც. მიმდინარე წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “მედიაპრო ჯორჯიამ” სატელეფონო და მობილურ ოპერატორებს წერილით მიმართა, ამცნო რა კომპანიის გეგმა ტარიფის 0,38 ევროდან 0,32 ევრომდე შემცირება.
მისასალმებელია თავად ის ფაქტი, რომ პორტაბელურობით სარგებლობისას მომხმარებელი დამატებით არ იხდის სერვისის გადასახადს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასურველია რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადახედოს სატარიფო პოლიტიკასა და ზოგადად მთელ კონტრაქტს. მაგალითისათვის, პორტაბელურობის ტარიფი ავტორიზებული ოპერატორებისათვის ევროპის წევრ სახელმწიფოში როგორიცაა ლიტვა, სადაც არის რეგისტრირებული “მედიაპრო ჯორჯიას” მფლობელი კომპანია უფრო დაბალია (0, 29 ევრო ცენტი) ვიდრე საქართველოში. ტარიფი უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული და ინფორმაცია მისი გამოთვლის შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. “მედიაპრო ჯორჯიამ” და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო უნდა გახადონ ინფორმაცია ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის და იმ გადასახადის შესახებ, რომელსაც კომპანია სერვერის კომპიუტერული მომსახურებისათვის იხდის. სასურველია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის ადმინისტრატორის საქმიანობის პერიოდული შეფასება განახორციელოს და კვლევის შედეგები გამოაქვეყნოს.
--
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.