ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები
I.ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნეს საქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ. ეს მათ სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს.
ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.
2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.
კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 11* ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 11* კომპანია, თავის მხრივ, 27 ქართულ კომპანიას ფლობს.
2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.
ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ.
რეკომენდაციები:
- განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით.
- საქართველომ უნდა შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
II.შესავალი
ქვეყანაში კორუფციის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანია კორუფციის პოტენციური წყაროების იდენტიფიცირება და შესწავლა. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინტერესთა სფეროშია ოფშორული კომპანიების საქმიანობა საქართველოში. ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნეს საქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად სწორედ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ. ეს მათ გაუადვილებს სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას. ფაქტობრივად, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა ტოვებს შესაძლებლობას, სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიმღები და ოფშორული კომპანიის მფლობელი, რომელმაც მაგალითად ბიუჯეტიდან თანხა მიიღო, ერთი და იგივე პირი იყოს. დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში არამხოლოდ თანამდებობის პირებისთვის, ზოგადად, პოლიტიკაში ჩართული პირებისთვის ოფშორებთან თანამშრომლობა მიუღებელია.
ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ მათზე ინფორმაციის მოპოვება რთულია. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცადა, ღია მონაცემებიდან და სხვა წყაროებიდან მაქსიმალური ინფორმაცია მოეგროვებინა საქართველოში მოქმედ მსხვილ და საშუალო ზომის ოფშორულ კომპანიებზე.
კვლევაში საწყის თავებში მოცემულია, როგორც ზოგადი ინფორმაცია ოფშორებში კომპანიების რეგისტრაციის პრაქტიკაზე, ისე ქართული ბიზნესის კავშირებზე ოფშორებთან. შემდეგ თავებში მოკლედ არის მოთხრობილი იმ ოფშორულ კომპანიებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა და რომლებიც ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, წარმოდგენილია ინფორმაცია იმ სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც ოფშორულ და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს ბოლო ათწლეულში გადაეცათ. კვლევის ბოლო თავში კი ოფშორებთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილების შესახებ არის მოთხრობილი.
1.რა არის ოფშორები და რატომ იყენებენ?
ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე.[1] ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი ამ ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი (ბიზნეს წარმომადგენლობა) გქონდეს, ამის გარეშეც შეძლებ ოფშორული ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო. ოფშორებში რეგისტრირდებიან კომპანიები, რომლებიც გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს გაურბიან.
მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებათ, რომელთა გამოყენება სავალდებულოა.
ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერსი, მენი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ლიბანი.[2]
კომპანიები ოფშორში ძირითადად კორპორაციულ - მოგებაზე, დივიდენდზე და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებზე იღებენ შეღავათებს.
ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი კონფიდენციალურობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტებია, რაც იმავდროულად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების, ანუ ფულის „გათეთრების“ შესაძლებლობას ამარტივებს. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით პიროვნებებს შეუძლიათ ისე აწარმოონ აქტიური ბიზნეს საქმიანობა, რომ მათი ვინაობა ცნობილი არ გახდეს.
ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობა ეკრძალებათ/ეზღუდებათ ან სიმდიდრის გამოჩენა არ უნდათ, რომ ამან რეპუტაციულად არ დააზიანოთ. ამის ნათელი მაგალითი იყო „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული „პანამის დოკუმენტები“.[3] ოფშორული კომპანიების კონფიდენციალური ბაზის დოკუმენტების მოპოვების საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი, მათ შორის მოქმედი პოლიტიკოსი ოფშორულ კომპანიებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და „ფულის გასათეთრებლად“ იყენებდა. გამოვლინდა არამარტო მათი ოფშორებთან კავშირი, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კანონდარღვევაც კი.
ზოგადად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება, როგორც წესი, აკრძალული არ არის, მაგრამ იგი ზრდის კორუფციის და თაღლითური ოპერაციების რისკს. მაგალითად, რადგან ხელისუფლების წევრებს სახელმწიფო შესყიდვებში და პროგრამებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, შეუძლიათ, ჰქონდეთ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები და ამ კომპანიებით ან ამ კომპანიების შვილობილი კომპანიებით მიიღონ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. ამასთან, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ფარული ბენეფიციარი თანამდებობის პირია, მას მაღალი ალბათობით შეუძლია, საკუთარ კომპანიას არაკონკურენტული პირობებით მოაგებინოს ტენდერი ან მიაღებინოს სხვა სახის სახელმწიფო დაფინანსება. შესაძლებელია, ბიუჯეტის ფულის გაცემაზე პასუხისმგებელი და ამ ფულის მიმღები პირი ერთი და იგივე ადამიანი იყოს.
ოფშორული კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა გამართლებული არ არის და მას ბოლომდე არცერთი ქვეყანა კრძალავს, მაგრამ განვითარებული ქვეყნების პოლიტიკური კულტურისთვის მიუღებელია, პოლიტიკოსს ან მასთან დაკავშირებულ პირებს გააჩნდეთ ოფშორებთან რაიმე სახის კონტაქტი. ამის კარგი მაგალითი იყო „პანამის დოკუმენტების“ სკანდალი, როდესაც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ოფშორული კომპანიის 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების წილის გაყიდვაზე მოუწია განმარტებების გაკეთება.[4] თან ეს შეეხებოდა 6 წლის წინანდელ ამბავს, როდესაც პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ ოფშორული კომპანიის წილისგან „გათავისუფლდა“.
გარდა იმისა რომ პოლიტიკოსის ოფშორებთან კავშირი კორუფციისთვის ხელშემწყობი გარემოებაა, არსებობს ე.წ. „პოლიტიკური მორალი”, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელსაც ცვლილებების განხორციელება შეუძლია, კომპანიის რეგისტრაციისთვის და გარკვეული გადასახადების გადახდისთვის სხვა ქვეყნის ბიზნეს გარემო უფრო ხელსაყრელად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, სადაც თანამოქალაქეები უფრო მაღალ გადასახადებს იხდიან და კომპანიის რეგისტრაციისთვის და ოპერირებისთვის განსხვავებულ რეგულაციებს ემორჩილებიან.
2.ოფშორები და საქართველო - ზოგადი ინფორმაცია
საქართველოში ოფშორები აქტუალური თემაა, რადგან ქვეყანაში ბევრი ოფშორული ან მისი შვილობილი კომპანია ოპერირებს. დღეს საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე ისეთი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. მაგალითად, 1,000-მდე კომპანია დიდ ბრიტანეთში შემავალ ოფშორებშია რეგისტრირებული, 500-მდე - ნიდერლანდებში, ვირჯინიის კუნძულებზე დაახლოებით 220 კომპანიაა, კვიპროსზე - 310, პანამაში - 71, სეიშელის კუნძულებზე - 59, ბელიზში - 47, ბაჰამის კუნძულებზე 13 და ა.შ.
2019 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა:[5] „სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველწლიურად რომ შემოდიოდა უცხოური ინვესტიციები, 60-70% სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართული, ადგილობრივი ინვესტიციებია, გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან“.
ინვესტიციების ოფიციალური სტატისტიკიდან რთულია ზუსტად გამიჯნო რამდენი შემოდის ოფშორებიდან, მითუმეტეს, როცა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია აღრიცხული ქვეყნების მიხედვით და სხვა სახის ინვესტიციებზე მსგავსი ინფორმაცია სახელმწიფოს არ აქვს აღრიცხული.
ოფიციალური სტატისტიკით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38%-ია. ყველაზე მეტი ინვესტიცია - ჯამში 3.7 მლრდ აშშ დოლარი - ნიდერლანდებზე და გაერთიანებულ სამეფოზე მოდის. ამ ორი ქვეყნის ინვესტორები, სავარაუდოდ, სრულად ოფშორული სტატუსის მქონე კომპანიები არ არიან, თუმცა, რთულია გამიჯვნა, ამ ქვეყნიდან წამოსული ინვესტიციებიდან რა წილი მოდის არაოფშორულ ინვესტიციებზე. 776 მლნ დოლარი შემოვიდა ლუქსემბურგიდან. სრულად ოფშორული ტერიტორიებიდან ინვესტიციების კუთხით პანამა ლიდერობს 168 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ მოდიან მარშალის კუნძულები - 79 მლნ აშშ დოლარით, ბელიზი - 45 მლნ აშშ დოლარით, მავრიკი - 32 მლნ აშშ დოლარით, სეიშელი 31 მლნ დოლარით, კაიმანის კუნძულები 13 მლნ დოლარით, ლიბანი 11 მლნ დოლარით და გიბრალტარი 6 მლნ დოლარით.
2012-2020 წლებში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 784-მა ისეთმა კომპანიამ შემოიტანა, რომლის სრული ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორულ ქვეყანაში ან ოფშორული ტერიტორიის მქონე ქვეყანაშია რეგისტრირებული.
საქართველოში ოფშორებიდან მომავალი რისკები განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. „ელიტური კორუფციაა”, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა კი „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში[6], რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას შეეხება, აღნიშნულია, რომ მაღალი დონის „ელიტური კორუფცია“ სერიოზულ საკითხად რჩება. ევროპარლამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციაშიც[7] არის აღნიშნული, რომ საქართველო უნდა ებრძოლოს კორუფციას და სახელმწიფოს მიტაცებას. მსოფლიო ბანკის განმარტებით, სახელმწიფოს მიტაცება არის სისტემური პოლიტიკური კორუფციის სახეობა, როდესაც პირადი სარგებლის მიზნით, პიროვნების კერძო ინტერესს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.[8]
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მაისში ლონდონში გაიმართა ანტიკორუფციული სამიტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ.[9] ლონდონის ანტიკორუფციული სამიტი დაემთხვა ბოლო დროის უდიდეს საერთაშორისო სკანდალს - „პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნებას. სამიტის მონაწილე ექვსმა ქვეყანამ (ავღანეთი, საფრანგეთი, კენია, ნიდერლანდები, ნიგერია და დიდი ბრიტანეთი) ვალდებულება აიღო, აწარმოონ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური ბენეფიციარების რეესტრი. დამატებით ექვსმა ქვეყანამ (საქართველო, ავსტრალია, ინდონეზია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია) განაცხადა, რომ ასეთი რეესტრის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.[10] თუმცა, დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
III. მსხვილი ოფშორული კომპანიები საქართველოში
საქართველოში ოფშორული კომპანიები ძირითადად საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი სავარაუდოდ ოფშორული კომპანიაა. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი შეიძლება იყოს სხვა არაოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელი, თავის მხრივ, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ასეთ კომპანიებს ჩვენი კვლევა არ მოიცავს.
საქართველოში 3,200-მდე ისეთი კომპანიაა, რომლის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული იურიდიული პირია, შესაბამისად, ყველა მათგანზე, განსაკუთრებით მცირე კომპანიებზე, ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, დეტალურად შევისწავლეთ მხოლოდ მსხვილი და საშუალო ზომის[11] კომპანიები. ინფორმაციის ძირითადი წყარო სამეწარმეო რეესტრი და ანგარიშგების პორტალია[12]. მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიებს 160-მდე ოფშორული კომპანია მიეკუთვნება და აქედან 22-ზე გავამახვილეთ ყურადღება, მათი საქმიანობის სფეროს, სიდიდის, საჯარო ინტერესი და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. განსაკუთრებით საინტერესოა ის კომპანიები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. თუმცა, რამდენიმე ისეთი კომპანიაც მიმოვიხილეთ, სადაც საბოლოო ბენეფიციარი ცნობილია.
შპს „თბილისი ენერჯი“
2019 წლის ივლისამდე შპს „თბილისი ენერჯის“ იურიდიული სახელწოდება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იყო. 2018 წლამდე კომპანიის ოფიციალური მფლობელი იყო სს „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა სს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი წილი შპს „ვოლთბეიმ“ შეისყიდა, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. 2018 წელს კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარია იყო.[13] 2019 წელს „ვოლთბეიში“ 50%-იანი წილი „Weco investment and finance S.A.“-მ შეისყიდა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco investment and finance S.A.“-ს 100%-ის მფლობელი ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ია, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის საბოლო ბენეფიციარი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვია. „Weco investment and finance S.A.“-მა 2019-2021 წლებში „კავკასუს ონლაინის“ 100% შეიძინა. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გარიგება სამართალდარღვევად სცნო და „კავკასუს ონლაინს“ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.[14] როგორც „თბილისი ენერჯის“, ასევე „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი, ერთი და იგივე პიროვნება ნასიბ ჰასანოვია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების (N3/52-2009) საფუძველზე, 2019 წლის მაისამდე „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობდა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) სასამართლოში შეტანილ სარჩელში ამტკიცებდა, საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანიის - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ შესყიდულ ბუნებრივ აირზე დიდი ვადაგადაცილებული დავალიანების (79.6 მლნ ლარი) დაგროვების გამო კომპანიამ აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა. დავალიანება 2010 წლის 14 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაეწერა, რომელსაც ყოველდღიურად 0.05%-ის საურავი ერიცხებოდა. საქართველოს მთავრობას და კომპანიას შორის დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდა. 2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ და სს „ყაზტრანსგაზმა“ ხელი მოაწერეს საარბიტრაჟო შეთანხმებას დავის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. „ყაზტრანსგაზმა“ გაყიდა თავისი წილი კომპანიაში და ყველა თავისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ გადასცა შპს „ვოლთბეის“ 40 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ. ამასთან, კომპანიას ეპატია ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანება.[15]
აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „თბილისი ენერჯის“ აქტივები 161 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით, მისი აქტივები 18%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 81 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი 18 მლნ ლარი იზარალა.
შპს „ვიონი საქართველო“
შპს „ვიონი საქართველოს“ წილებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სამი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 51%-ს, „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს და შპს „მირენ ინვესტ“ - 20%-ს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ნიკოლოზ ჭიაურელი, მუჰთერემ კაან თერზიოღლუ (თურქეთი) და სერხი ერრერო ნოგუერა (ესპანეთი) არიან, ხოლო დირექტორი ანდჟეი ედვარდ მალინოვსკია (პოლონეთი).
„ვიონი საქართველო“ 2003 წელს დაარსდა. შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული 2019 ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო კონტროლს შპს „ვიონი“ ახორციელებს, რომელიც ჰოლანდიაში არის რეგისტრირებული. „ვიონის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი აქციონერი.
„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის მფლობელია და შემოსავალს ძირითადად ფიჭური სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევით იღებს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ვიონი საქართველოს“ აქტივები 115 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მისი აქტივები 90%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 40.2 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 194 მლნ ლარის.
შპს „აიდიეს ბორჯომი“
მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალია, რომელიც ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. სათავო კომპანიის 60%-ს (2019 წლის მდგომარეობით) „სი თი ეფ ჰოლდიგს ეს. ეი“ ფლობს, რომელიც ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 159 მლნ აშშ დოლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 19%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 17.3 მლნ აშშ დოლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი 14.5 მლნ აშშ დოლარი.
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 95%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „გრინფილდ ფაინენშიალ კორპ“ ფლობს, 5%-ს კი გერმანიის მოქალაქე ორსტ კოსტა ჯიჩა. კომპანიის დირექტორი მამია ბერიძეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 100% „გრინფილდ ფაინენშიალ კორპ“ ეკუთვნოდა, რომლის საბოლოო მფლობელი შმაგი ქემერტელიძე იყო. უცნობია 2018 წლის შემდეგ შეიცვალა თუ არა ოფშრული კომპანიის მფლობელი.
„ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ორი შვილობილი კომპანიის მფლობელია: შპს „ყვირილა-2007“ და შპს „ჯორჯიან ფეროელოის“. „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის მანგანუმის ფეროშენადნობების წარმოება და რეალიზაციაა.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ აქტივები 84.3 მლნ ლარი იყო და 2018 წელთან შედარებით ისინი 36%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 1.5 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 6.4 მლნ ლარის.
შპს „რუსთავის ფოლადი“
შპს „რუსთავის ფოლადის“ 100% წილის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს „Tolanius Beheer B.V.“-ია, დირექტორი კი ნუგზარ კაჩუხაშვილია. კომპანიის საბოლოო მფლობელი „Park Street Capital L.P“-ია, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„რუსთავის ფოლადი“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელია, რომელიც წელიწადში 1 მლნ ტონაზე მეტ ფოლადს აწარმოებს. რუსთავის ქარხანა 1948 წელს არის დაარსებული. 1999-2006 წლებში იგი ფაქტობრივად გაჩერებული იყო. 2006 წელს ქარხნის აქციების სრული პაკეტი ინგლისურ-ქართულმა კომპანიამ, „Energy and Industry LLC“-მ შეიძინა. „რუსთავის ფოლადი“ ქარხნის მფლობელი 2011 წლიდან გახდა.[16]
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „რუსთავის ფოლადის“ აქტივები 192 მლნ ლარი იყო და 2018 წელთან შედარებით ისინი 26%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 592 ათასი ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2018 წელს კი 8.8 მლნ ლარის მოგება დარჩა.
შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“
შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ 50%-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია ფლობს, 16.7%-ს - „ველ თრეიდინგ FZE” (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 16.65-16.65%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები - „Ornon International S.A“ და „Semiston Group Inc“ ფლობენ. ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ძირითად საქმიანობას ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანიის კლიენტები საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიები და მსხვილი გაზის მომხმარებლები, მათ შორის თბოსადგურები არიან.
აუდიტორულ კომპანია შპს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ აქტივები 244 მლნ ლარი იყო და 2018 წელთან შედარებით ისინი 55%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 41.4 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 21.3 მლნ ლარის.
შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“
შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Comodon Holding“ ფლობს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბენეფიციარები გიორგი რამიშვილი (61.9%), ალექსი თოფურია (28.6%) და დევიდ ფრანც ბორგერი (9.5%) არიან.
„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ 4 შვილობილ კომპანიას ფლობს: შპს „სილქ ენერჯი ჰოლდინგს“, შპს „ესარჯი რიალ ისთეითს“, შპს „სილქ როუდ ენერჯის“ და შპს „სილქნეტ ჰოლდინგს“.
შპს „ესარჯი რიალ ისთეითის“ აქტივები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 865 მლნ ლარი იყო. 2019 წელს მას 9.2 მლნ ლარის მოგება დარჩა. აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის თბილისსა და ბათუმში არსებული სასტუმროები „რადისონ ბლუ“, წინანდალში არსებული „რადისონ ქოლექშენი“ და თბილისსა და ბათუმში არსებული კაზინოები „ივერია“. ასევე, ჯგუფი ფლობს სხვადასხვა უძრავ ქონებას თბილისში, აჭარასა და კახეთში.
შპს „სილქ როუდ ენერჯის“ აქტივები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 26.4 მლნ ლარი იყო. 2019 წელს მან 4.7 მლნ ლარის ზარალი ნახა. კომპანიის მთავარი საქმიანობა ელექტროენერგიით და ტელეკომუნიკაციებით უზრუნველსაყოფად გამანაწილებელი ობიექტების მშენებლობაა. მას ეკუთვნის შპს „ბახვი ენერჯი“, შპს „მაჭახელა ჰესი“ და შპს „ბახვი 5“.
შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ აქტივები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 852 მლნ ლარი იყო. 2019 წელს კომპანიამ 48 მლნ ლარის ზარალი ნახა. კომპანიის ძირითად საქმიანობას სატელეკომუნიკაციო მომსახურება წარმოადგენს. 2018 წელს ჰოლდინგში შემავალმა სს „სილქნეტმა“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილი 152 მლნ აშშ დოლარად შეისყიდა.
შპს „სილქ ენერჯი ჰოლდინგს“ 2020 წლის 28 დეკემბერს არის რეგისტრირებული და წლიური ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.
„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ ასევე ეკუთვნის საქართველოში მოქმედი „სილქ როუდ ბანკი“, რომლის აქტივები 2020 წლის 31 დეკემბერს 80 მლნ ლარი იყო. ბანკმა 2020 წელი 1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.
შპს „სუფთა სახლი“
შპს „სუფთა სახლის“ 5%-იან წილს თამარ ღვინიაშვილი ფლობს, ხოლო 95%-ს - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „GRG Trading“, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „სუფთა სახლის“ დირექტორი ირაკლი ღვინიაშვილია. კომპანიის საქმიანობის სფეროს მაღაზიათა ქსელის მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით, ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მიწოდება წარმოადგენს.
აუდიტორულ კომპანია „ალტერ ეგოს“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სუფთა სახლის“ აქტივები 83.3 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, მისი აქტივები 187%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 4.9 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 3.9 მლნ ლარის.
შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროები“
შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 80%-ს სენტ-კიტსსა და ნევისში რეგისტრირებული კომპანია „ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, 20%-ს კი - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ჯი ემ თი უძრავი ქონება“. „ჯი ემ თი უძრავი ქონების“ 100%-ს „თბილისი რიალ ისთეით ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, რომელიც ასევე სენტ-კიტსსა და ნევისში არის რეგისტრირებული. საბოლოო ჯამში, შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 100%-ის მესაკუთრე კომპანიები სენტ-კიტსსა და ნევისში არიან რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია, დირექტორი კი გიორგი თავაძეა.
„ჯი-ემ-თი სასტუმროები“ 1996 წელს დაარსდა როგორც სააქციო საზოგადოება „სასტუმრო თბილისი”. „ჯი-ემ-თი სასტუმროები” მას 2004 წლიდან ჰქვია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სასტუმროებისა და ბიზნეს ცენტრების ფლობაა. კომპანია ასევე ჩართულია სასტუმროების მართვაში და ბიზნეს ცენტრების მომსახურებაში. ამჟამად კომპანია ფლობს „Tbilisi Marriott Hotel“-ს, „Tbilisi Courtyard by Marriott Hotel“-ს, „Moxy Tbilisi Hotel“-ს და „GMT Plaza“-ს.
აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ აქტივები 64.3 მლნ აშშ დოლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 7%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიამ 9.6 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 5.7 მლნ აშშ დოლარის.
შპს „სანშაინ“
შპს „სანშაინის“ 90%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „GANNADO WORLDWIDE S.A“ ფლობს, ხოლო 10%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული „Solna Leisure Holdings Limited“. კომპანიის დირექტორი ნინო ბაქრაძეა. შპს „სანშაინ“ 2000 წელს დაფუძნდა და 2016 წლის თებერვლამდე შპს „კაზინო აჭარას“ სახელით ფუნქციონირებდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზარტული თამაშების ბიზნესია. ვირჯინიის კუნძულებზე და კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
აუდიტორულ კომპანია შპს „ალკანი ჯგუფის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სანშაინის“ აქტივები 75 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით ისინი 134%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 4.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 3.7 მლნ ლარის.
შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“
შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ 50%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „აკერტ გრუპ ეს.ეი“ ფლობს, 25%-ს - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჯორჯია“. თუმცა, „ფრენფილდ ჯორჯიას“ 100%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჰოლდინგს“ არის. აღნიშნული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ჯორჯიან პეტროლიუმის“ დირექტორი ნოდარ კვირიკაშვილია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ირაკლი იაშვილი, გიორგი ჯაფარიძე და როვშან მამმადოვი (აზერბაიჯანი) არიან.
„ჯორჯიან პეტროლიუმი“ აეროპორტების ტერიტორიაზე ავიაკომპანიების კუთვნილი საჰაერო ხომალდებისთვის საავიაციო საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს. იგი საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის რეალიზაციას სამ აეროპორტში ახდენს: ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. კომპანიის ძირითადი მომწოდებლები არიან აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი უმსხვილესი კომპანიები: „Maddox DMCC“ და „Socar“.
აუდიტორულ კომპანია შპს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ აქტივები 41.8 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 171%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 5.1 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 4.9 მლნ ლარის.
შპს „ჯეოსთილი“
შპს „ჯეოსთილის“ 90%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Georgian Steel Group Holdings Limited“-ია, 10%-ს კი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია შპს „JSW Steel B.V“ ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ინდოეთის მოქალაქე ბალაკრიშნან საჯივია. ვირჯინიის კუნძულებზე და ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ჯეოსთილის“ძირითად საქმიანობას სამშენებლო არმატურის წარმოება წარმოადგენს. მისი ოფისი და საწარმოო ქარხანა ქალაქ რუსთავშია განთავსებული.
აუდიტორულ კომპანია შპს „BDO“-ს მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯეოსთილის“ აქტივები 124 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 29%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიას 20 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 25.8 მლნ ლარის.
შპს „სერვის ნეტ გრუპი“
შპს „სერვის ნეტ გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „იუპიტერ ფინანს ლიმიტედი“, ხოლო დირექტორი ლევან ურუშაძეა. „იუპიტერ ფინანს ლიმიტედის“ საბოლოო მფლობელი ასევე მალტაზე 2012 წელს რეგისტრირებული კომპანია „არტიო თრუსთის ლიმიტედ“ არის, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.[17]
„სერვის ნეტ გრუპის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა, საჰაერო და მიწისქვეშა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის, ასევე, შიდა ქსელის (ინტერნეტი, ელექტროენერგია, გაზი და წყლის გაყვანილობა) მოწყობა. კომპანია საქმიანობას აწარმოებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.
აუდიტორულ კომპანია შპს „არესემ საქართველოს“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სერვის ნეტ გრუპის“ აქტივები 5.5 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 1%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიას 569 ათასი ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 770 ათასი ლარის.
შპს „მარსი“
შპს „მარსის“ 51%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Bwin Holdings (Malta) Limited“-ს ფლობს, 24%-ს ლევან ახვლედიანი, 10%-ს რუსეთის მოქალაქე კნიაზ დასენი (პარლამენტის წევრის ისკო დასენის შვილი), 5-5%-ს ვანო გიგლემიანი, კობა გიგლემიანი და გიორგი ჩხაიძე. 2019 წლის ივლისამდე „Bwin Holdings (Malta) Limited“-ს „Kaiane Services (Malta) Limited“-ს ერქვა. „Kaiane Services (Malta) Limited“ შპს „მარსის“ 51%-იანი წილის მფლობელი 2019 წლის მაისში გახდა. „Bwin Holdings (Malta) Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მულტიბრენდული ინტერნეტ პლატფორმის www.crystalbet.com-ის საქმიანობის წარმართვაა, რომელიც ონლაინ ტოტალიზატორს, ონლაინ კაზინოს და სხვა ონლაინ თამაშებს მოიცავს.
აუდიტორულ კომპანია შპს „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „მარსის“ აქტივები 89.6 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 69%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 94 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 49 მლნ ლარის.
შპს „გდგ“
შპს „გდგ“-ის 85%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Mandalor LTD“ ფლობს, 10%-ს - ვლადიმერ დარჩიაშვილი, ხოლო 5%-ს - მაია ბიწკინაშვილი. კომპანიის დირექტორი ლევან ლანდიაა. „Mandalor LTD“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. შპს „გდგ“-ის ძირითად საქმიანობას ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა წარმოადგენს.
აუდიტორულ კომპანია შპს „არესემ საქართველოს“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „გდგ“-ის აქტივები 38.4 მლნ ლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. 2019 წელს კომპანიას 5.4 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი 406 ათასი ლარით იზარალა.
შპს „რითეილ ჯგუფი“
შპს „რითეილ ჯგუფის“ 26.7%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“ ფლობს, 30%-ს - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ქისთოუნ ინვესთმენთს“, 20%-ს - შპს „ჯიბისი ინვესტი“, 13.3%-ს - შპს „მეიდანზე“, ხოლო 10%-ს - შპს „რითეილ ინვესთმენთს“. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „რითეილ ჯგუფის“ დირექტორი ცეზარ ჩოჩელის ძმა - ლაშა ჩოჩელია. ცეზარ ჩოჩელი 2020 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი მეორედ გახდა. პირველად პარლმენტის წევრი 2004-2008 წლებში იყო.
„რითეილ ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ საცალო მაღაზიებით ვაჭრობაა. კომპანიას 260 მაღაზია აქვს.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „რითეილ ჯგუფის“ აქტივები 64.5 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 74%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 7.8 მლნ ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2018 წელს კი 3.4 - მლნ ლარის.
შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“
შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“ ფლობს, 30%-ს - რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს ლევან ქორქაშვილი. „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ 2015 წლის ნოემბერში დაარსდა და მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ იუდინია. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ ძირითად საქმიანობას სამორინე და სათამაშო ბიზნესი წარმოადგენს, დამატებითი საქმიანობა კი სარესტორნო მომსახურება და ვალუტის გაცვლაა. მას ეკუთვნის გასართობი ცენტრი „ECLIPSE”, რომელიც ბათუმში მდებარეობს.
აუდიტორულ კომპანია შპს „პრესტიჟ-აუდიტის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ აქტივები 72 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 9%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიამ 18 მლნ ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 17 მლნ ლარის.
შპს „გუდაური სქი რესორტ“
შპს „გუდაური სქი რესორტის“ 100%-ს მავრიკზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ჯორჯიან ინვესტმენტს ლიმიტედი“ ფლობს, დირექტორი კი ირაკლი მინაშვილია. მავრიკზე რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„გუდაური სქი რესორტის“ საქმიანობის ძირითადი სფეროს სასტუმროს მომსახურების გაწევა წარმოადგენს. მის საკუთრებაშია გუდაურში მდებარე ორი სასტუმრო: სასტუმრო „გუდაური მარკო პოლო“ და სასტუმრო „ალპინა“. ეს კომპანია „გუდაური მარკო პოლოს“ 2009 წლიდან ფლობს, ხოლო „ალპინას“ - 2014 წლიდან. „გუდაური სქი რესორტი“ ასევე ახორციელებს საინვესტიციო პროექტს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეხილსანერგე მეურნეობაში. კომპანიას ქალაქ თბილისის მთავრობასთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა და საინვესტიციო ვალდებულებად 5 მლნ აშშ დოლარი განისაზღვრა. საინვესტიციო ტერიტორიაზე კომპანიამ საფეხბურთო ბაზა და სანერგე მეურნეობა მოაწყო. ასევე, აშენებს საცხოვრებელ სახლებს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს.
აუდიტორულ კომპანია შპს „ეკონომაუდიტის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „გუდაური სქი რესორტის“ აქტივები 51.4 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 48%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 10.6 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 980 ათასი ლარის.
შპს „ალმა“
შპს „ალმას“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Meridian Malta“ ფლობს, დირექტორი კი გიორგი ტრაპაიძეა. „Meridian Malta“-ს საბოლოო ბენეფიციარები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ ფხაკაძე (50% წილი) არიან.
„ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც.
აუდიტორულ კომპანია შპს „ბიდიოს“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალმას“ აქტივები 131 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 39%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 11.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 7.9 მლნ ლარის.
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 100%-ს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ICTSI Georgia Corp“ ფლობს, დირექტორი კი ნიკოლოზ გოგოლია. „ICTSI Georgia Corp“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ ბათუმში საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს ფლობს.
აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ აქტივები 52.2 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 18%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიას 19 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 12.6 მლნ ლარის.
შპს „რუსთავის ავტობაზრობა“
შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ 100%-ს ბელიზში რეგისტრირებული კომპანია შპს „მიკადო ინვესტმენტს“ ფლობს, დირექტორი კი უკრაინის მოქალაქე ევგენ უსტინოვია. „მიკადო ინვესტმენტსის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„რუსთავის ავტობაზრობის“ ძირითადი საქმიანობაა სარეალიზაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილის მიწოდება, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა–ნაგებობების ქვეიჯარით გაცემა, სასურსათო საქონლის რეალიზაცია და სხვ.
2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ აქტივები 6.8 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედაერბით აქტივები 240%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 6.1 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 4 მლნ ლარის.
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ 51%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 49%-ს - შპს „აგრიკომი“. კომპანიის დირექტორები ქეთევან კუბლაშვილი და რუსეთის მოქალაქე აბას მამედოვი არიან. „აგრიკომის“ მფლობელი კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ ძირითადი საქმიანობა მარცვლეულის შენახვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და საბითუმო ვაჭრობაა. 2020 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ შვილობილი კომპანია შპს „ლარსის მარცვლეულის ტერმინალი“.
შპს აუდიტური კონცერნ „ცოდნის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ აქტივები 23 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 240%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 4.2 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 408 ათასი ლარი იზარალა.
IV. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები
2018 წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორულ კომპანიებზე კვლევა[18] გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სულ მცირე 9 ოფშორული კომპანია იყო დაკავშირებული.
ამ კვლევისთვის დამატებით კიდევ ორი ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიების წარმომადგენელი კახა კობიაშვილი (რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,[19] ივანიშვილის დისშვილია) და მისი სხვა ბიზნეს პარტნიორები არიან. ბიძინა ივანიშვილი „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ „პანამის დოკუმენტებშიც“ არის მოხსენიებული[20].
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებია[21]:
- „Finseck Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს „ექსპრეს-სერვისი“, შპს „ლიზინგი ოცდამეერთე“, შპს „თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია“, შპს „კომპლექს-სერვისი“;
- „Vanity Overseas“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „მადა“, შპს „აკვა ცენტრი“;
- „Gilmar Holding“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰოლდინგი ოცდამეერთე“, შპს „ქართული ჰოლდინგი“;
- „Krista Investments Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ“;
- „Ringold Finance Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰორიზონტი“, შპს „ახალი სერვისი“;
- „Limestone Finance International SA“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 7 კომპანიას: შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“;
- „Fresno Management Limited“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 3 კომპანიას: შპს „ინტერ კონსალტინგ+“, შპს „ქართუ მენეჯმენტი“, შპს „ქართუ მშენებელი“;
- „Vasilia Enterpreises“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ფინსერვისი-XXI“, შპს „ფინ-სერვისი“;
- „Tarpan Management Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ინტერ-სერვისი“, შპს „მენეჯმენტ სერვისი“;
- „Frankston International“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია“ (თანაინვესტირების ფონდი).
- * „Brightstone Finance Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „ევრაზიან ინვესტ“ (ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)
V. ოფშორული კომპანიების მონაწილეობა პრივატიზაციაში
კორუფციის რისკების შემცველია ოფშორული კომპანიების პრივატიზაციაში, ანუ სახელმწიფო ქონების გადაცემაში მონაწილეობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით ხდება.
ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მონაცემები 2012-2020 წლებისთვის, როგორც აუქციონით, ისე პირდაპირი მიყიდვის გზით გადაცემულ ქონებებზე. თუმცა, ორი მიზეზის გამო, ეს არ არის ოფშორული კომპანიების პრივატიზაციაში მონაწილეობის სრული სურათი: 1) ჩვენ გადავამოწმეთ მხოლოდ ის ოფშორული კომპანიები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოვახერხეთ და შესაძლოა ეს სია არ იყოს სრული და 2) ჩვენ გადავამოწმეთ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არსებული ქონების პრივატიზაციის ბაზები, რომლებიც არ მოიცავს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას, მაგალითად, თბილისის მერიის მიერ პრივატიზირებულ ქონებას.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა 6 ოფშორული კომპანია, რომელსაც 2012-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის წესით გადაეცა სახელმწიფო ქონება და 15 ოფშორული კომპანია, რომელმაც აუქციონის გზით მიიღო სახელმწიფო ქონება. სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების გამოკლებით, აღნიშნულ კომპანიებს 77 მლნ ლარამდე ღირებულების ქონება გადაეცათ.
1.პირდაპირი (აუქციონის გარეშე) პრივატიზაცია
შპს „ნეპტუნი“
შპს „ნეპტუნის“ 50%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ ფლობს, ხოლო 50%-ს შპს „სილქ როუდ ტრანს“. „სილქ როუდ ტრანსის“ 100%-ის მფლობელი კი შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანია „სილქ როუდ გრუპია“. კვლევაში ამ ბიზნეს ჯგუფზე უკვე გვქონდა საუბარი.
2017 წელს სახელმწიფომ შპს „ნეპტუნს“ უძრავი ქონება აუქციონის და საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე მიყიდა. კომპანიამ 73,000 ლარი გადაიხადა თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე 113 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში შენობა ნაგებობებით.
შპს „ინტერპლასტი“
შპს „ინტერპლასტის“ 66.66%-ს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „ლიმბოლტონ ინტერნეიშენალი“ ფლობს, 13.34%-ს ცეზარ ჩოჩელი, ხოლო 10-10%-ს იაგო ჩოჩელი და დევი ოვაშვილი. „ლიმბოლტონ ინტერნეიშენალის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია, თუმცა ამ ბიზნეს ჯგუფზეც უკვე გვქონდა საუბარი
2017 წელს სახელმწიფომ შპს „ინტერპლასტს“ უძრავი ქონება აუქციონის და საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიყიდა . „ინტერპლასტს“ სოფელ დიდ ლილოში მდებარე 55,800 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
სს „დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში “
კომპანიის „დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში“ 100%-იანი წილის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „დიზონ ლიმითედია“, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„დიზონ ლიმითედს“ სახელმწიფოსგან ქონება აუქციონის გარეშე ორჯერ გადაეცა. 2014 წელს 95,000 ლარად ქალაქ ბორჯომში ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცა საინვესტიციო ვალდებულბების გარეშე, 2015 წელს კი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მთავრობამ ბორჯომში რუსთაველის 81-ში მდებარე 3307 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. ვალდებულებად არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტირებით 40 ნომრიანი სასტუმროს შექმნა და აღჭურვა განისაზღვრა.
შპს „სომგოს კომპანია“
შპს „სომგოს კომპანიას“ 100%-იანი წილის მფლობელი სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „სონატა ალიანსია“, რომლის საბოლოო ბენეფიციარების ვინაობა უცნობია.
2014 წელს „სომგოს კომპანიას“ სახელმწიფოსგან სიღნაღში ეკა ბეჟანიშვილის ქუჩის 26-ში მდებარე 35,000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. საინვესტიციო ვალდებულებად მას 3 წელიწადში მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმროს აშენება განესაზღვრა, რომელზეც არანაკლებ 20 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. საინვესტიციო ვალდებულება არ შესრულდა. 2018 წელს პრივატიზაციის პირობები შეიცვალა, კომპანიამ 292,101 ლარი გადაიხადა და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 2021 წლის 4 ივნისამდე გაუგრძელდა.
2014 წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის[22] თანახმად, „სომგოს კომპანია“ ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ზემოთ აღნიშნულ პრივატიზაციის პროექტში „სომგოს კომპანიას“ უფლებამონაცვლე შპს „სასტუმრო სიღნაღში“ გახდა, რომლის 70%-ს შპს „სიღნაღი ჰოლდინგი“ ფლობს, ხოლო 30%-ს - შპს „რეალ ისთეით ენდ დეველოპმენტ“. „სიღნაღი ჰოლდინგის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, ხოლო „რეალ ისთეით ენდ დეველოპმენტის“ მფლობელი ივანე ჩხარტიშვილის კომპანია შპს „სმარტ კაპიტალ გრუპია“.
შპს „ასკანგელ ალიანს“
შპს „ასკანგელ ალიანსის“ 60%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Sertora Limited“ ფლობს, 20%-ს - გოგა ჩხაიძე, 10%-ს თენგიზ შარაშიძე, 5%-ს ნანული ჩხეიძე, 2.5-2.5%-ს გიორგი და ნინო ჩხეიძეები. „Sertora Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ასკანგელ ალიანსს“ 2016 წელს სახელმწიფოსგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე 30,294 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. ვალდებულებად მას 175,896 ლარის ინვესტიციით მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს აშენება განესაზღვრა, რომელიც უკვე შესრულებულია.
2016-2017 წლებში „ასკანგელ ალიანსმა“ სახელმწიფოსგან 3 აქტივი აუქციონის გზით შეიძინა: ქალაქ ოზურგეთში ბესიკის ქუჩაზე მდებარე 11,478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 69,000 ლარად შეიძინა, სოფელ მთისპირში არსებული 2045 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3,200 ლარად, ხოლო ჩოხატაურის ქუჩის მიმდებარედ 155.9 მეტრი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი 18,000 ლარად შეიძინა.
შპს „ქართული არყის კომპანია“
შპს „ქართული არყის კომპანიის“ 100%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „Zeus Property Holdings“ ფლობს. „ქართული არყის კომპანია“ 2015 წელს არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი ზვიად აბულაძეა. „Zeus Property Holdings“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ქართული არყის კომპანიას“ 2016 წელს სახელმწიფოსგან ქალაქ რუსთავში მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10,000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 75,000 ლარად გადაეცა. მას ვალდებულებად ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნის შექმნა და ამ მიზნით არანაკლებ 650,000 ლარის ინვესტიციის განხორციელება განესაზღვრა, რომელიც უკვე შესრულებულია.
2.პრივატიზაცია აუქციონის წესით
შპს „სანაპიროს ხედი“
შპს „სანაპიროს ხედის“ 100%-ს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „Limestone Finance International SA“ ფლობს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. „სანაპიროს ხედის“ დირექტორი ივანე ბონდირევია.
„სანაპიროს ხედმა“ 2019 წელს აუქციონების გზით სახელმწიფოსგან დაბა აბასთუმანში 25,336 კვ.მ. მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა ჯამურად 3,612,000 ლარად. საპრივატიზაციო ვალდებულებად კომპანიას სასტუმროს აშენება ან არაუმეტეს 2 საცხოვრებელი სახლის აშენება განესაზღვრა.
შპს „ჯეოსთილი“
როგორც უკვე აღინიშნა, შპს „ჯეოსთილის“ 90%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Georgian Steel Group Holdings Limited“, ხოლო 10%-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია შპს „JSW Steel B.V“ ფლობს. ვირჯინიის კუნძულებზე და ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ჯეოსთილმა“ 2014 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 5,007 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 112,000 ლარად შეიძინა.
შპს „დიდუბე მეგა ტრეიდი“
შპს „დიდუბე მეგა ტრეიდის“ 50%-ს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ტურბოლაინ ინვესტ“ ფლობს, 50%-ს კი - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ისი ინვესტმენტსი“. „ისი ინვესტმენტსის“ სრული წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე შამილ ჰეიდაროვია, ხოლო მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„დიდუბე მეგა ტრეიდმა“ 2019 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან თბილისში ვანის ქუჩაზე მდებარე 1,440 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 191,000 ლარად შეიძინა.
შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტ“
შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტის“ 100%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „Alasta Enterprise“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტ“ 2015 წელს არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი ზვიად გორგიძეა.
„კ ენდ ლ ინვესტმენტმა“ 2019-2020 წლებში სახელმწიფოსგან აუქციონის გზით 3 აქტივი შეიძინა საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე: 1) ქობულეთში აბაშიძის ქუჩაზე არსებული 10,495 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3,835,000 ლარად, 2) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანავში არსებული 631 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 9,400 ლარად და 3) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანავში არსებული 631 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 100,000 ლარად.
შპს „CBD Development“
შპს „CBD Development“-ის 100%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „EP Georgia Holdings Limited“ ფლობს, რომლის მაკონტროლებელი კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „Quadrum Investment Management Limited“-ია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „CBD Development“-ის გენერალური დირექტორი ლიეტუვას მოქალაქე ტომას გიჟასია. კომპანია თბილისში სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტს“ ფლობს.
„CBD Development“-მა 2014 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე 25,000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 744,000 ლარად შეიძინა.
შპს „ბათუმი თაუერი“
შპს „ბათუმი თაუერის“ 100%-ს ბელიზში რეგისტრირებული კომპანია „Celwood Investment Limited“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ბათუმი თაუერი“ 2014 წელს არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი უკრაინის მოქალაქე ანდრეი კოზიუკია.
„ბათუმი თაუერმა“ 2015 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან ბათუმში ნინოშვილი/ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4,504 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი 25,004,626 აშშ დოლარად შეიძინა. კომპანიას ვალდებულებად 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება და არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი, 100 ნომრიანზე მეტი სასტუმროს მოწყობა განესაზღვრა.
შპს „ჯორჯიან პერლიტი“
შპს „ჯორჯიან პერლიტის“ 52%-ს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „Climer Limited“ ფლობს, 37% და 11%-ს კი, შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეები მიკოლა სტუცენკო და ირინა კორუნსკაია ფლობენ. მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ჯორჯიან პერლიტის“ ძირითადი საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე პერლიტის მოპოვება, დამუშავება და რეალიზაციაა.
„ჯორჯიან პერლიტმა“ 2013 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან წალკის რაიონში, დაბა თრიალეთში მდებარე 86,000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 65,000 ლარად შეიძინა. მას ვალდებულებად პრივატიზებულ ობიექტზე არანაკლებ 1 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება განესაზღვრა.
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფის“ 100%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დმიტრი კორჟევია, ხოლო გენერალური დირექტორი - ჯონდო შუბითიძე.
„კავკასიის სამთო ჯგუფმა“ 2017 წელს სახელმწიფოსგან აუქციონის გზით ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1,295 კვ.მ. ჯამური ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 12 ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 9,000 ლარად შეიძინა.
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ 100%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „რეინოსო“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ დირექტორი თევდორე ფარცვანიაა. კომპანია ქალაქ ფოთში ცემენტის ქარხანას ფლობს.
„საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ 2012 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე 40,045 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 1,930,000 ლარად შეიძინა.
შპს „აბასთუმანი 2019“
შპს „აბასთუმანი 2019“-ის 100%-ს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „Limestone Finance International SA“ ფლობს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. „აბასთუმანი 2019“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი დირექტორი გელა კობერიძეა.
„აბასთუმანი 2019“-მა 2019-2020 წლებში სახელმწიფოსგან საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე აუქციონის გზით 3 აქტივი შეიძინა: 1) ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 582 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 71,000 ლარად, 2) ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდებარე 105 კვ.მ. და 59 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 26,500 ლარად და 3). ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 759 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 116,000 ლარად.
შპს „Caucasian Metals Terminal“
შპს „Caucasian Metals Terminal“-ის 85%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „C.I.I. Clay Industries International Limited“ ფლობს, 15%-ს კი გოჩა კურდღელია. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „Caucasian Metals Terminal“-ის ძირითადი საქმიანობა სპილენძის კონცენტრატის შემოტანა/დასაწყობება, შემდგომ შერევა/გადამუშავება და ექსპორტზე გატანაა.
„Caucasian Metals Terminal“-მა 2017-2018 წლებში სახელმწიფოსგან აუქციონის გზით საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 3 აქტივი შეიძინა: 1) ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული 4,934 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 348,000 ლარად, 2) ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 5,501 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 388,000 ლარად და 3) ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 3,002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 214,000 ლარად.
შპს „გლობალ რესაიქლინგ კო“
შპს „გლობალ რესაიქლინგ კოს“ 100%-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „H.I.P. Trade B.V“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „გლობალ რესაიქლინგ კო“ 2019 წელს დაარსდა და მისი დირექტორი ჩინეთის მოქალაქე იუსი ჰონგია.
„გლობალ რესაიქლინგ კოსმა“ 2020 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალ სოფელში არსებული 19,743 კვ.მ. და 280,273 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 1,245,000 ლარად შეიძინა. კომპანიას ვალდებულებად პრივატიზებულ ქონებაზე საწარმოს მაქსიმუმ 48 თვეში შექმნა და ამუშავება განესაზღვრა, სადაც არანაკლებ 400 საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებს.
შპს „ახალი ვარსკვლავი“
შპს „ახალი ვარსკვლავის“ 50%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „კარლისტონ ვენჩერს“ ფლობს, 25%-ს სენტ-ლუსიაში რეგისტრირებული კომპანია - „გრინთრი ჰოლდინგს“, ხოლო 25%-ს კი - საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კვიციანი, რომელიც ამავე დროს „ახალი ვარსკვლავის“ დირექტორია.
„ახალმა ვარსკვლავმა“ 2020 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 50,000 ლარად შეიძინა. მას ვალდებულებად პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა–ნაგებობის დემონტაჟი და სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად დარჩენილი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა განესაზღვრა.
„Gavelton Investments Limited“
„Gavelton Investments Limited“ ბელიზში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. მას საქართველოში შვილობილი კომპანია არ აქვს.
Gavelton Investments Limited“-მა 2018 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან დაბა აბასთუმანში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 4,613 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 373,000 ლარად შეიძინა. 2020 წელს კი მან ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 40 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 8,000 ლარად შეიძინა.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულმა ოფშორულმა კომპანიამ აბასთუმანში ფალიაშვილის ქუჩაზე შეიძინა მიწის ნაკვეთები, შესაძლოა, ის ბიძინა ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული. ივანიშვილის კომპანიებმა „სანაპიროს ხედმა“ და „აბასთუმანი 2019“-მა სწორედ ამ ტერიტორიაზე შეიძინეს მიწის ნაკვეთები.
„Geras Investments Limited“
„Geras Investments Limited“ კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. მას საქართველოში შვილობილი კომპანია არ აქვს.
„Geras Investments Limited“-მა 2014 წელს აუქციონის გზით სახელმწიფოსგან ბათუმში სარფის დასახლებაში მდებარე 1,099 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 140,000 ლარად შეიძინა .
VI. საერთაშორისო გამოცდილება ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით
განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში, „პანამის დოკუმენტების“ სკანდალის შემდეგ, ოფშორული ტერიტორიებისადმი და კომპანიებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ოფშორული კომპანიების და მათი კლიენტების შესახებ ასეთი მოცულობის ინფორმაციას არასდროს „გაუჟონავს“. სკანდალს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა, გადადგა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი და სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივი მინისტრები, ზოგიერთ პოლიტიკოსს კი, მაგალითად კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს, განმარტებების გაკეთება მოუწია. ევროპარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. 10- თვიანი მუშაობის შემდეგ ევროკავშირმა 17 ქვეყნისგან შემდგარი ოფშორების „შავი სია“ გამოაქვეყნა,[23] რომლებთან ურთიერთობებს უფრო ყურადღებით ეკიდება და ასევე, გარკვეული ოპერაციების დროს, განსაკუთრებით გადასახადებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს ითხოვს.
ევროკავშირი ოფშორების „შავ სიას“ ყოველწლიურად აახლებს. ბოლოს სია 2021 წლის თებერვალში განახლდა და ამჟამად მასში შემდეგი 12 ქვეყანაა: ამერიკული სამოა, ანგილია, დომინიკა, ფიჯი, გუამი, პალაუ, პანამა, სამოა, სეიშელი, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ, ვირჯინიის კუნძულები. ევროკავშირს ასევე შედგენილი აქვს ე.წ. „რუხი სია“, სადაც ავსტრალია, ბარბადოსი, ბოტსვანა, ესვატინი, იამაიკა, იორდანია, მალდივები, თურქეთი და ტაილანდი ხვდებიან.[24] „რუხ სიაში“ შემავალი ქვეყნები ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს გამჭვირვალობის და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, არიან დაკვირვების რეჟიმში, რომლის შედეგადაც გადაინაცვლებენ „შავ სიაში“ ან პირიქით, მიენიჭებათ სანდო ქვეყნის სტატუსი.
2010 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტი” (FATCA)[25] გამოსცა, რომელიც უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს (ბანკებს, ბროკერებს, სადაზღვევო კომპანიებს, ჰეჯ ფონდებს, საპენსიო ფონდებს და ტრესტულ კომპანიებს) ავალდებულებს, თუ მათი კლიენტები (ბენეფიციარები) ამერიკის მოქალაქეები არიან, ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ამერიკის შემოსავლების სამსახურს. 2014 წლიდან უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს შემოსავლების სამსახურისთვის ამერიკელი კლიენტების შესახებ წლიური ანგარიშების (მათ შორის ვალდებულებების და აქტივების შესახებ) მიწოდება ევალებათ. ამასთან ერთად, FATCA ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, რომელიც არ არის წარმოდგენილი საფონდო ბირჟაზე და მის მინიმუმ 10%-ს ფლობს ამერიკის მოქალაქე, ავალდებულებს აცნობოს შემოსავლების სამსახურს ბენეფიციარის ვინაობა და საგადასახადო იდენტიფიკაციის ნომერი.
ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობებს და თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. OECD 2014 წლიდან ძირითადად ამერიკის FATCA-ს გამოცდილებას დაეყრდნო და ერთიანი ანგარიშგების სტანდარტი[26] შეიმუშავა. ამ სტანდარტის მიხედვით დადგინდა, რა სახის საგადასახადო და საფინანსო ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის გლობალურ დონეზე.
2020 წლის ივლისში ევროკომისიამ წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია[27] გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული კომპანიების დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან, ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება ვერ მიიღონ. რეკომენდაციის გამოცემამდე საფრანგეთს, პოლონეთს, ბელგიას და დანიას უკვე ჰქონდათ შეზღუდული ოფშორთან დაკავშირებული კომპანიებისთვის შეღავათების და დახმარებების გაწევა.[28]
[1] https://www.investopedia.com/terms/o/offshore.asp
[2] https://en.wikipedia.org/wiki/Tax_haven
[6] European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia, https://bit.ly/3tCokdX
[7] European Parliament resolution of 16 September 2020 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia, https://bit.ly/3fFoMCn
[8] https://documents1.worldbank.org/curated/en/537461468766474836/pdf/multi-page.pdf
[10] იქვე
[11] საქსტატის მეთოდოლოგიით, მსხვილ საწარმოებს მიეკუთვნება საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა აღემატება 60 მლნ ლარს;
საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 50‐დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე მერყეობს.
[13] შპს „თბილისი ენერჯის“ 2019 წლის ფინანსური ანგარიში, აუდიტორულ კომპანია შპს „იუაი“
[14] https://bit.ly/3vocG7w
[15] შპს „თბილისი ენერჯის“ 2019 წლის ფინანსური ანგარიში, აუდიტორულ კომპანია შპს „იუაი“
[17] 2019 წლის წლიური ფინანსური ანგარიში, შპს „არესემ საქართველო“
[18] ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, 2018 წლის 31 ოქტომბერი: https://bit.ly/3ep7V7D
[21] შესაძლოა ეს სია სრულია ჩამონათვალი არ იყოს
[28] https://www.cnbc.com/2020/05/19/coronavirus-eu-countries-deny-bailouts-to-firms-linked-to-tax-havens.html
*ინფორმაცია დაზუსტდა კვლევის გამოქვეყნების შემდეგ