ფოთის საკრებულოს (2021-2025 წ) საქმიანობის შეფასება
შესავალი:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ფოთის საკრებულოს საქმიანობა სამჯერ შეაფასა, რომლის საანგარიშო პერიოდები მოიცავდა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს , 2020 წლის, 2022 წლისა და 2023 წლის საქმიანობას.
თავი 1. ძირითადი მიგნებები
- ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
- ფოთის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
- ფოთის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან ხარვეზებით დეკლარაცია მხოლოდ ერთმა შეავსო;
- საანგარიშო პერიოდში საკრებულოში მოქმედ სამ ფრაქციას ჯამში 8 ინიციატივა ჰქონდა. საკრებულომ ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ექვსივე ინიციატივა დააკმაყოფილა, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორივე ინიციატივა არ გაიზიარა;
- ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 1,588,639 ლარი შეადგინა;
- ფოთის საკრებულომ 2025 წლის 30 მაისს ისე გააუქმა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომ საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. გენდერული თანასწორობის საბჭოს ნაცვლად შეიქმნა “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო”.;
- ფოთის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ყოველ წელს სტაბილურად მაღალი იყო საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი. ჯამში საკრებულოს წევრებმა სხდომები 239-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 219-ჯერ არასაპატიო მიზეზით;
- საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრების სიტყვით გამოსვლის 2024-2025 წლების მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო 2022-2023 წლებში. 2023 წელს ამ უფლებით 35 წევრიდან არ უსარგებლია 15 წევრს. მოხსენებით არ წარმსდგარა საკრებულოს 23 წევრი; 2022 წელს კი სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 11 წევრს, მოხსენებით არ გამოსულა საკრებულოს 27 წევრი;
- საანგარიშო პერიოდში ფოთის მუნიციპალიტეტში არ გამართულა დასახლების არცერთი კრება და ფოთის საკრებულოში დარეგისტრირდა მხოლოდ ერთი პეტიცია;
- ფოთის საკრებულოს ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში 6,047,527 ლარი შეადგინა, რომლის ძირითადი წილი - 5,167,504 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის;
- საკრებულომ საანგარიშო პერიოდში 294,248 ლარის ღირებულების, 106,683 ლიტრი (106.6 ტონა) საწვავი მოიხმარა.
- გახარჯული საწვავის 15% საკრებულოს თავმჯდომარეზე, ალექსანდრე ტყებუჩავაზე მოდის: მან 2021 წლის დეკმებრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით გახარჯა 48,007 ლარის 17,037 ლიტრი (17 ტონა) საწვავი. საწვავის ამ ოდენობით ავტომობილი საშუალოდ 212,500 კილომეტრს გაივლიდა, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია;
თავი 2. ზოგადი ინფორმაცია ქალაქ ფოთის საკრებულოს შესახებ
ფოთის საკრებულოში 35 წევრია, რომელთაგან 7-ს ირჩევენ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო 28 წევრს – პროპორციული წესით.
- თავდაპირველად ფოთის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად იყო განაწილებული: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 20 მანდატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 11 მანდატი, “გახარია საქართველოსთვის” - 4 მანდატი
- მას შემდეგ რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს წევრების ნაწილმა და შექმნეს პარტია “ახალი”, საკრებულოში ენმ-ს 9 წევრი დარჩა, “ახალს” კი - 2 წევრი.
- საკრებულოს 35 წევრიდან 10 ქალია, რაც საერთო რაოდენობის 28%-ია. თუკი წინა მოწვევის საკრებულოში თანამდებობას მხოლოდ ერთი ქალი იკავებდა, დღეს თანამდებობის პირი 4 ქალია საკრებულოში.
- ფოთის საკრებულოს 35 წევრიდან თანამდებობას 22 წევრი იკავებდა.
- საანგარიშო პერიოდში ფოთის საკრებულოს 47 სხდომა გაიმართა. მათგან მხოლოდ 8 იყო რიგგარეშე.
- ფოთის საკრებულომ 128 დადგენილება მიიღო: 103 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ფოთის მერი იყო, 25 დადგენილებისა კი - საკრებულოს ცალკეული კომისიები.
- ფოთის საკრებულოში საკრებულოს უფლებამოსილების ვადით მუშაობდა 5 კომისია, რომელთაც საანგარიშო პერიოდში სულ 199 სხდომა გამართეს და საკრებულოს წარუდგინეს სამართლებრივი აქტის 192 პროექტი, ასევე მოამზადეს 422 დასკვნა საკრებულოს მიერ განსახილველი პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
- საკრებულოში მუშაობდა 3 ფრაქცია: ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, სანდრო ქუშაშვილს ჰყავდა 6 მოადგილე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ანა ჯოჯუას - 2, ფრაქცია “ფოთი საქართველოსთვის” თავმჯდომარეს, გიგლა თურქიას - ერთი.
- ფრაქცია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 6 ინიციატივა ჰქონდა, აქედან 5 - მხოლოდ 2022 წელს და ყველა აისახა ბიუჯეტში. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2 ინიციატივა ჰქონდა და არცერთი არ გაიზიარა საკრებულომ. “ფოთს საქართველოსთვის” ინიციატივა არ ჰქონია.
- ფრაქციათა მიერ გაწეული მინიმალური საქმიანობის ფონზე, შეუსაბამოდ დიდი იყო მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები - 1,588,639 ლარი.
- ფოთის საკრებულოში ყოველ წელს სტაბილურად მაღალი იყო საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი, ჯამში საკრებულოს წევრებმა სხდომები 239-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 219-ჯერ - არასაპატიო მიზეზით.
- საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრების სიტყვით გამოსვლის 2024-2025 წლების მონაცემები საკრებულომ არ მოგვცა, თუმცა ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო 2022-2023 წლებში. 2023 წელს ამ უფლებით არ უსარგებლია 15 წევრს და მოხსენებით არ წარმდგარა საკრებულოს 23 წევრი; 2022 წელს კი სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 11 წევრს, მოხსენებით არ წარმდგარა საკრებულოს 27 წევრი;
თავი 3. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კონტროლი
ფოთის საკრებულომ საანგარიშო პერიოდში მოისმინა ცალკეული იურიდიული პირების ანგარიში და დადებითად შეაფასა მერიის სამსახურების საქმიანობა. ასევე არ გამოუვლენია გადაცდომები მერის საქმიანობაში, ინტერესთა კონფლიქტი ან/და თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტები. თუმცა, საპირისპიროს აჩვენებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები და სხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები:
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2022 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ისეთი ა(ა)იპ-ები, რომელთა ფუნქციები დუბლირებულია ერთმანეთთან ან სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა უწყებებთან, ცალკეული ა(ა)იპ-ების მმართველ, ადმინისტრაციულ რგოლებში არაგონივრულად დიდი ოდენობის საშტატო ერთეულებია შექმნილი. ასევე ერთი ტიპის მომსახურების მისაწოდებლად რამდენიმე ა(ა)იპ შექმნა სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროში.
- იურიდიულ პირებში არსებულ გამოწვევებზე საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წელს მომზადებულ ანგარიშში, თუმცა, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”, ასევე აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის მიუხედავად, საკრებულომ არ აამოქმედა მის ხელთ არსებული კონტროლის მექანიზმები. მეტიც საკრებულომ უარი თქვა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით.
- 2023 წლის მაისში, “ფლანგვის დეტექსტორმა გაავრცელა “ინფორმაცია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრის, ზურაბ მესხის სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულობის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, ტყებუჩავას ჯერ “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ზურაბ მესხმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,568,800 ლარის შესყიდვები მიიღო.
თავი 4. არასრულად შევსებული დეკლარაციები და ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევები
ფოთის საკრებულოში ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 22 თანამდებობის პირს ჰქონდა. დეკლარაცია ხარვეზებით მხოლოდ ერთმა თანამდებობის პირმა შეავსო.
თორნიკე ხარჩილავა - ფოთის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავამ 2024 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ იგი არის შპს “ფოთიგალვანიზმეტალის” 40% წილის მფლობელი ასევე დეკლარაციაშივე მიუთითა, რომ წილი სხვას მისცა სამართავად, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული ფაქტი არ არის ასახული საჯარო რეესტრის ამონაწერში.
ფოთის საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციებით დავადგინეთ, რომ საკრებულოს სამი თანამდებობის პირის ოჯახის წევრები მუნიციპალურ უწყებებში მუშაობენ, კერძოდ:
- ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მაია დოლბაიას მეუღლე აბესალომ პერტაია, 2023 წლის სექტემბრიდან ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის” სპეციალისტია,
- ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, თემურ დუნდუას მამა, თენგიზ დუნდუა ა(ა)იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრში” განყოფილების უფროსია, მეუღლე, ბუტა ნაცვლიშვილი კი 2023 წლის ოქტომბრამდე ა(ა)იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში” მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა
- ფოთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ იზორიას დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე, ნინო ჭოჭუა ააიპ ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის” მთავარი სპეციალისტია.
საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, მუნიციპალური იურიდიული პირები არ აცხადებს კონკურსს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპის თუ შპს-ს ხელმძღვანელს ერთპიროვნულად ნიშნავს, ასევე პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელიც. ასეთი პრაქტიკა, ერთის მხრივ, არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეარჩიონ უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. მეორე მხრივ, ზრდის ნეპოტიზმისა და პარტიული ნიშნით საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმების რისკებს.
თავი 5. სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა:
2024 წელს ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა, ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 198.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფოთში, კოკაიას ხეივანში.
2023 წელს ფოთის საკრებულომ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ქონება გადასცა უსასყიდლოდ - ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 7 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შემდგომში მისი შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” კაპიტალში შესატანად.
2022 წელს კი ფოთის საკრებულომ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა:
- ფოთის თეატრის შენობა და მიწა, რომელზეც იგი არის განთავსებული
- ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილი VOLKSWAGEN PASSAT - სარეგისტრაციო ნომერი EE099HH
- ფოთში, თავდადებულის ქუჩაზე მდებარე მიწის სამი ნაკვეთი. შემდგომში ეს ნაკვეთი გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის უნდა გადაეცათ სარგებლობის უფლებით;
- ფოთში, კოსტავას 1-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 900 კვ.მ.
- ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე 4279.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
თავი 8. მოქალაქეთა ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში
ფოთის საკრებულომ მიიღო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ის რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას მუნიციპალიტეტის, მათ შორის საკრებულოს საქმიანობაში:
- დამტკიცდა დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება, თუმცა დასახლების საერთო კრება ფოთის მუნიციპალიტეტში ჯერ არ გამართულა და მოქალაქეებს ჩართულობის ამ მექანიზმით არ უსარგებლიათ.
- დაინერგა პეტიციის ელექტრონული სისტემა, თუმცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფოთის საკრებულოში მხოლოდ ერთი ა დარეგისტრირდა.
- მოქალაქეებს შეუძლიათ, ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს კონკრეტული ინიციატივით, ასევე ვებ-გვერდის მეშვეობით გამოითხოვონ სასურველი ინფორმაცია;
- სპეციალური წესის მიხედვით, მოქალაქეს აქვს უფლება საკრებულოს სხდომამდე 2 დღით ადრე მიმართოს საკრებულოს და დარეგისტრირდეს საკრებულოს სხდომაზე მომხსენებლად, თანამომხსენებლად ან/და გააკეთოს სპეციალური განცხადება, თუმცა ეს წესი მოქალაქეს არ უზღუდავს შესაძლებლობას, რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს იგივე ქმედებები;
- საკრებულოს სხდომები გადაიცემა სოციალური ქსელის მეშვეობით;
- ფოთის საკრებულოს თანამდებობის პირები გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ორჯერ წარადგენენ;
- საკრებულო მერიასთან ერთად მართავს ბიუჯეტის საჯარო განხილვას.
თავი 10. ქალაქ ფოთის საკრებულოს ხარჯები
ფოთის საკრებულოს ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში 6,047,527 ლარი შეადგინა.
- ხარჯების ძირითადი ნაწილი - 5,167,504 ლარი (ხარჯების 85,4%) შრომის ანაზღაურებაზე მოდის;
- პრემიის, ჯილდოს და დანამატის სახით კი ჯამში 83,732 ლარი გაიცა;
- ფოთის საკრებულოს ბალანსზე ერთი ავტომობილი ირიცხება, 2022 წელს გამოშვებული “Kia Seltos”, რომელიც 2022 წლის ივნისში შეიძინა მუნიციპალიტეტმა 65,000 ლარად;
- ფოთის საკრებულომ საანგარიშო პერიოდში 294,248 ლარის ღირებულების, 106,683 ლიტრი (106.6 ტონა) საწვავი გახარჯა;
- გახარჯული საწვავის 15% საკრებულოს თავმჯდომარეზე, ალექსანდრე ტყებუჩავაზე მოდის: მან 2021 წლის დეკმებრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით გახარჯა 48,007 ლარის 17,037 ლიტრი (17 ტონა) საწვავი. საწვავის ეს ოდენობა ავტომობილს საშუალოდ ეყოფა 212,500 კილომეტრის გასავლელად, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია;
- საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების საწვავის ლიმიტი 110-140 ლიტრია;
- საანგარიში პერიოდში ფოთის საკრებულომ სხვა ხარჯებმა შეადგინა: საკრებულოს წევრობისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 412,576 ლარი; სატელეფონო კომუნიკაცია - 45,352 ლარი; მივლინება - 38,115 ლარი.
რეკომენდაციები
დღეს საქართველოში თვალსაჩინოა დემოკრატიული სტანდარტების სრული დაკნინება, პოლიტიკური პოლარიზაცია და თვითმმართველობების როლის უკიდურესი დასუსტება. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია:
- ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც მუნიციპალიტეტების, ისე მათი წარმომადგენლობითი ორგანოების — საკრებულოების დამოუკიდებლობას;
- გაძლიერდეს ადგილობრივ დონეზე ბალანსის, ურთიერთკონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმები;
- საკრებულოს მიეცეს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური ბერკეტები აღმასრულებელი ხელისუფლების — მერიის საქმიანობის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად;
- საკრებულოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საკანონმდებლო დონეზე ისე, რომ მან შეძლოს მერიის მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და ადმინისტრაციული პროცესების სრულფასოვანი და ეფექტიანი კონტროლი, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე.
აღნიშნული გარდაქმნები კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებებლი, თუ დემოკრატიული წესით არჩეული, პლურალისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარლამენტი შექმნის ისეთი შინაარსის კანონმდებლობას, რომელიც არ იქნება მიმართული ვიწროპარტიული ინტერესების დაცვაზე, არამედ დაამკვიდრებს მოქალაქეებზე ორიენტირებულ ადგილობრივ თვითმმართველობას — გამჭვირვალეს, ანგარიშვალდებულსა და რეალურად მოქმედს.