პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა: ფაქტების შემოწმება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ Financial Times-მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა. ჩვენ შევამოწმეთ Financial Times-ის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდვითი გამოცემების არქივი და ვერ მოვძებნეთ პრეზიდენტის განცხადების დამადასტურტებელი სტატია. პრეზიდენტი სავარაუდოდ გულისხმობდა Financial Times-ში დაბეჭდილ რეკლამას, რომლის საფასურიც საქართველოს მთავრობამ გადაიხადა და რაც მიზნად უცხოური ინვესტიიების მოზიდვას ისახავდა.
2011 წლის 28 იანვარს Financial Times-მა თავისი გამოცემის მე-7 გვერდი მთლიანად დაუთმო ზემოხსენებულ რეკლამას. „საქართველო - მსოფლიო ნომერი 1 კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით" – აცხადებს რეკლამა. რეკლამის ფასი, Financial Times-ის ფასების პრეისკურანტის თანახმად, სავარაუდოდ 99,600 ფუნტი სტერლინგია, რაც მიახლოებით 282,000 ლარია. რეკლამა გამოვიდა Financial Times-ის ევროპულ და ბრიტანულ გამოცემებში. გაზეთის გლობალურ გამოცემაში რეკლამის განთავსება მის ფასს 135,500 ფუნტ სტერლინგამდე გაზრდიდა (387,000 ლარი).
იგივე რეკლამა დაიბეჭდა Wall Street Journal-ის მე-7 გვერდზე 28 იანვარს, სადაც ფასების პრეისკურანტის მიხედვით რეკლამის მთელს გვერდზე განთავსება 345,662 ამერიკული დოლარი (614,000 ლარი) ჯდება და ასევე Economist-ში (90,900 ფუნტი სტერლინგი/260,000 ლარი). რეკლამის ტექსტი საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2010 წლის „გლობალური ბარომეტრის“ შედეგებიდან გამომდინარე შეიქმნა. საქართველოს მთავრობა რეკლამის ტექსტის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინასწარ შეუთანხმდა.