პრეზიდენტის ვერშემდგარი იმპიჩმენტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პრეზიდენტის ვერშემდგარი იმპიჩმენტი

25 ოქტომბერი, 2023

მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის თითქმის თვენახევრიანი პროცესი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში უპრეცედენტო იყო და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟად შეფასდა, უშედეგოდ დასრულდა  - პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაყენება ვერ შეძლო. საკითხი კენჭისყრზე 86 ხმით ერთის წინააღმდეგ ჩავარდა მაშინ, როცა პრეზიდენტის გადაყენებისათვის 100 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.  ეს იმას ნიშნავს, რომ იმავე საფუძვლით პრეზიდენტს იმპიჩმენტს ვეღარ გამოუცხადებენ.

იმპიჩმენტის “სადამსჯელო” პროცედურა მმართველმა პარტიამ  იმ მოტივით წამოიწყო, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა გერმანიისა და  საფრანგეთის პრეზიდენტებთან და ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად, რათა მათთვის ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მხარდაჭერა ეთხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა  6 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მმართველი პარტიის მტკიცების სასარგებლოდ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.  განსხვავებული აზრი დააფიქსირეს და დასკვნას არ დაეთანხმნენ მოსამართლეები: თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციური წარდგინების განხილვა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცედურა „ქართულმა ოცნებამ” იმის გამო დაიწყო, რომ „სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". მანვე განაცხადა, რომ „ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ღირსი პრეზიდენტობის, არ შეიძლება, საქართველოს სახელით ვიზიტით სადმე წავიდეს”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თუმცა პირველ ჯერზე,  სარჩელი რამდენიმე თვეში უკან გაიხმო. 

საზოგადოებისათვის, მათ შორის ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებდა  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს,  მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია.

იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის  პოლიტიკური კონტექსტის  უკეთ წარმოჩენის მიზნით, წარმოგიდგენთ 2022 წლის 14 მარტიდან დღემდე  პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის ქმედებათა ქრონოლოგიას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და შეფასებებს, ასევე მოსამართლეთა შესახებ ცნობებს.  

პირველი საკონსტიტუციო დავა პრეზიდენტის წინააღმდეგ:

2022 წლის 14 მარტი - სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებისას   მმართველი გუნდი გააკრიტიკა. მან საჯაროდ ისაუბრა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში გასამართ ვიზიტებზე მთავრობის უარის შესახებ.

2022 წლის 14 მარტი - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ვიზიტები შეაფასა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.

2022 წლის 15 მარტი - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ  გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ჩამოთვლილი იყო საკითხები, რომლებიც კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. აქვე, დაადასტურა, რომ თებერვალში პრეზიდენტს პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე უარი ეთქვა.

2022 წლის 15 მარტი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დაანონსდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდნენ.

2022 წლის 14 აპრილი - საქართველოს პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხზე  ცვლილებები მიიღო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ  საკანონმდებლო ცვლილებები დროში დაემთხვა პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მიერ დაწყებულ კამპანიას, მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევისა და შესაძლო საკონსტიტუციო დავის დაწყების შესახებ.

2022 წლის 7 ივნისი - საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და   საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხის განმარტება მოითხოვა.

2023 წლის 11 იანვარს  - საქართველოს მთავრობამ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი გამოიხმო, თუმცა აღნიშნულზე სხვა დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია

მეორე საკონსტიტუციო დავა პრეზიდენტის წინააღმდეგ:

2023 წლის 14 თებერვალი - პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში არიან,  უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის (რუსული კანონის) შემუშავებისა და პარლამენტში წარდგენის შესახებ განაცხადეს.

2023 წლის 20 თებერვალი - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  ის  უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით,  კანონი თავისი შინაარსით არა ევროპას, არამედ რუსეთის მანკიერ მოდელს აახლოებდა საქართველოს.

2023 წლის 28 თებერვალი - სალომე  ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში  იგი ვეტოს უფლებას გამოიყენებდარადგან ამ კანონის მიღების მიზანია საქართველო ევროპას დააშოროს.

2023 წლის 7 მარტი - პრეზიდენტმა  გაეროში გამოსვლისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია რუსულ  კანონთან დაკავშირებით.

2023 წლის 8 მარტი - რუსული  კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდგომ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მ კანონის მიღება მოსკოვის კარნახით ხდებოდა და საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს, რომლის გარანტიც მათ შორის პრეზიდენტია.

2023 წლის 10 მარტი - ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენაზე „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი ჩააგდო.

2023 წლის 31 მარტი - სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა მმართველი გუნდი და აღნიშნა, რომ ისინი თავიანთი ქმედებებით  ჩამოშორდნენ ხალხის ნებას და მანდატს. პრეზიდენტის შეფასებები ასევე მკაცრი იყო სხვა მიმდინარე საკითხებთან, განსაკუთრებით კი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით.

2023 წლის 31 მარტი - პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მუდმივი საუბარი იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა თუ სხვა ბრალდებები მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ იქონიებდა. „ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით", თქვა მან.

2023 წლის 13 აპრილი - ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში არ შედგებოდა. 13 წლიანი პაუზის შემდგომ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტი მოუსმენდა.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს გამოიწვია მთავრობის მხრიდან თანხმობის გაჭიანურებულმა პროცედურამ. მთავრობამ იმავე დღეს უარყო პრეზიდენტის ბრალდება. პრეზიდენტის ვიზიტი ევროპარლამენტში  ერთი თვის დაგვიანებით, თუმცა მაინც შედგა.

2023 წლის 26 მაისი - საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მმართველი გუნდის ქმედებები, მათ შორის რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა და მმართველი გუნდის ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკა, რასაც ტრიბუნებიდან ქართული ოცნების დეპუტატების უკმაყოფილო შეძახილები მოყვა.

2023 წლის 31 მაისი - საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში და ის, როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღწევად.

2023 წლის 22 ივნისი - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკული “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია, პატიმრობიდან ერთი წლის თავზე შეიწყალა და განმარტა, რომ ის მოქმედებდა დამოუკიდებლად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

2023 წლის 31 აგვისტო - ცნობილი ხდება, რომ მთავრობამ  სალომე ზურაბიშვილის  წერილობითი უარი უთხრა  10 ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტზე: გერმანიაში, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში.

2023 წლის 31 აგვისტო - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. 

2023 წლის 31 აგვისტო -   მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ   პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტები კიდევ ერთხელ  შეაფასა, როგორც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების შესაძლებლობა.

2023 წლის 1 სექტემბერი - ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის  წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა 

2023 წლის 12 სექტემბერი -  საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება შეიტანა, რასაც  პარლამენტის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

2023 წლის 22 სექტემბერი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საკონსტიტუციო წარდგინება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის შესახებ.

2023 წლის 3,4,5 ოქტომბერი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა საკონსტიტუციო წარდგინება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის შესახებ.

2023 წლის 16 ოქტომბერს - საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნით  6 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიუტციის დამრღვევად გამოაცხადა. დასკვანას მოსამართლეები  თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე არ დაეთანხმნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა

2023 წლის 3,4 და 5 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ღია სხდომაზე წარიმართა, სადაც პროცესის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი პოზიციები სასამართლოსთვის ზეპირად წარედგინათ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს ადგენს, განსაზღვრულია, რომ მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა განხორციელდეს მიუკერძოებლად, არამედ იგი უნდა აღიქმებოდეს კიდეც ასეთად.

აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას გარკვეულწილად შეინიშნებოდა მიკერძოებულობის შემთხვევები. შეიმჩნეოდა ტენდეცია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ღიად ცდილობდა მთავრობის წარმომადგენლისა, თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარის დახმარებას/მხარდაჭერას. მეტწილად, მსგავსი მხარდაჭერა კითხვების ფორმულირებაში გამოიხატებოდა.  

საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო პროცესი 5 ოქტომბერს ჩატარდა და საბოლოო დასკვნა 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. საკონსტიტუციო სასამართლომ, დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე განხოციელებული ვიზიტები წარმოადგენდა კონსტიტუციის დარღვევას.   საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის შესაბამისად საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისთვის მართავდა  შეხვედრებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,  პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ ვიზიტების განხოციელების უფლება არ ჰქონდა.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი

ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში არ დაეთანხმნენ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას და წარმოადგინეს განსხვავებული აზრი.

მათი განმარტებით, არც წარდგინების ავტორები და არც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის ავტორი მოსამართლეები არ მიუთითებენ, რომ  პრეზიდენტის მიერ  სადავო ვიზიტებმა ან/და მის ფარგლებში გამოთქმულმა მოსაზრებებმა  რაიმე ფორმით ზიანი მიაყენა  ან  ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. ასევე ხაზგასმულია ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის ფაქტს.

განსხვავებული აზრის ავტორების პოზიციით,  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 6-მა მოსამართლემ   არსებითად არასწორად გაანალიზა  პრეზიდენტის კონსტიტუციური როლი და დანიშნულება. მათ ასევე მიუთითეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემით, საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ - სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გადაყენებული იყოს თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ მას „არ ენდობიან“.

განსხვავებული მოსაზრების ავტორების განმარტებით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იწვევს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია.

სამართლებრივი პოზიციები პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ირგვლივ

განსახილველ კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართულია სასამართლოს მეგობრის სამი დასკვნა, რომელთა თანახმადაც არ იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები.

ასევე, გამოქვეყნდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მომზადებული დასკვნები, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს:

მერაბ ტურავა - პარლამენტის კვოტით არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს  მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

 

დაიბადა 1964 წლის 23 სექტემბერს ქ. ზუგდიდში. 1990 წელს წარჩინებით დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

 დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • მის სახელს უკავშირდება გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმის გახმაურებული ფაქტი. 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობდა, რამდენად ჰქონდა უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გაეგრძელებინა მაშინ, როდესაც მას კონსტიტუციით დადგენილი მაქსიმალური 9 თვიანი ვადა პატიმრობაში უკვე ჰქონდა გატარებული. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამის უფლება საერთო სასამართლოებს არ ჰქონდათ. მოსამართლე მერაბ ტურავამ, მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდაგადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. კანონით მოსამართლეს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს ხელმოწერისგან. იმ შემთხვევაში თუ ის არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, მას განსხვავებული აზრის დაწერის შესაძლებლობა აქვს, რითაც ასევე არ უსარგებლია მოსამართლე მერაბ ტურავას. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინური საქმეთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, პლენუმმა დაადგინა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას სასამართლოში გამოუცხადებლობა და გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა წარმოადგენდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

  • 2005 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 15 მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო. ამ მოსამართლეებიდან 4 - ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების სახელით იყვნენ ცნობილი. მოსამართლეთა ნაწილი საბჭომ გაამართლა, ნაწილს შენიშვნა მისცა. ყველაზე მკაცრი სასჯელი - თანამდებობიდან გათავისუფლება კი გამოიყენეს ამ, ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერებს შორის იყვნენ უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც ახლა კლანის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებიდან ერთ-ერთმა, თამარ ლალიაშვილმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღო და 2019 წელს მოიგო. სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეტანილი ჰქონდა მერაბ ტურავასაც, თუმცა საკონსტიუტციო სასამართლოში დანიშვნის შემდეგ დავა აღარ გააგრძელა.

ვასილ როინიშვილი - უზენაესი სასამართლოს პლენუმის კვოტით დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს     თავმჯდომარის მოადგილე და პირველი კოლეგიის თავმჯდომარე

დაიბადა 1977 წლის პირველ თებერვალს ქ. თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • მიიჩნევა, რომ   ვასილ როინიშვილის დანიშვნით საერთო სასამართლოების მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება განსაკუთრებით გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გაუმჭვირვალე პროცედურებით დანიშნა.
  • 2016 წელს ვასილ როინიშვილი, გავლენიანი მოსამართლების სხვა ლიდერებთან და წევრებთან ერთად, ა(ა)იპ „მოსამართლეთა ასოციაციის“ იმ გამგეობის წევრად აირჩიეს,[1] რომლის თავმჯდომაერეც ლევან მურუსიძე გახდა. ამ პოზიციას როინიშვილი 2019 წლამდე იკავებდა.

 ევა გოცირიძე  - პარლამენტის კვოტით არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს  მოსამართლე

დაიბადა 1964 წლის 23 სექტემბერს ქ. ზუგდიდში. დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
  • 2015 წელს ევა გოცირიძემ ღიად დაუჭირა მხარი  დღეს უკვე აშშ-ს მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდიდან მისი პოზიციები სრულ თანხვედრაში იყო სასამართლოში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ინტერესებთან.
  • 2017 წელს ევა გოცირიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე, ლევან მურუსიძისადმი მისი მხარდაჭერის მიზეზებზე ისაუბრა და ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი გადაწყვეტილება არა კანონით, არამედ გარეშე ფაქტორებით იყო მოტივირებული.
  • ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის კრიტიკული ანგარიშის გამო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.
  • კრიტიკა დაიმსახურა ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევის საკითხმაც. არასამთავრობო სექტორის პოზიციით პროცესი გაუმჭვირვალედ და ფორსირებულ რეჟიმში ჩატარდა.
  • 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის ევა გოცირიძეც წარადგინა. მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვის, არამედ მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვისაც. ევროპულმა სასამართლომ მაშინ შეთავაზებული კანდიდატებიდან მოსამართლედ არავინ დაამტკიცა.

გიორგი თევდორაშვილი - პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი

 

დაიბადა 1977 წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • 2019 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ 50-კაციან სიაში მოხვდა, თუმცა საბჭომ გიორგი თევდორაშვილი საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს არ წარუდგინა.

მანანა კობახიძე -  პარლამენტის კვოტით არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე

 

დაიბადა 1968 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი, იურისტის კვალიფიკაციით. სადიპლომო ნაშრომი დაიცვა კონსტიტუციურ სამართალში.

დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • 2012 -2013 წლებში იყო არჩეული „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ.
  • 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საჩხერის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი.
  • 2016 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად.
  • 2017 წელს მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევის ფაქტს, მისი პოლიტიკური წარსულისა და ჰომოფობიური გამცხადებების გამო, აკრიტიკებდნენ არასამთაბრობო ორგანიზაციები  და საპარლამენტო ოპოზიცია.

ხვიჩა კიკილაშვილი - უზენაესი სასამართლოს პლენუმის კვოტით დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

  

დაიბადა 1966 წლის 13 თებერვალს დედოფლისწყაროს რაიონში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ხვიჩა კიკილაშვილის შვილი, გოგა კიკილაშვილი 2023 წლის 17 ოქტომბერს, საკონსტიუტციო სასამართლოს მიერ დასკვნის მიღებიდან მეორე დღეს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.
  • არ აქვს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით საქმიანობის არანაირი გამოცდილება.
  • მიიჩნევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში  ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნით საერთო სასამართლოების მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება გაიზარდა. იგი საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გაუმჭვირვალე პროცედურებით დანიშნა.  მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია 2019 წლის 5 დეკემბრიდან არსებობდა, პლენუმმა ფაქტობრივად ისარგებლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედებით და ვაკანსია იმ დროს შეავსო, როდესაც საზოგადოებრივი ყურადღება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო შემცირებული იყო.   

   მოსამართლეები, რომლებმაც დასკვნას მხარი არ დაუჭირეს:

თეიმურაზ ტუღუში - უზენაესი სასამართლოს პლენუმის კვოტით დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 

  

დაიბადა 1976 წლის 15 სექტემბერს ქ. ლანჩხუთში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • 2010-2016 წლებში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ჯერ უფროსის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით უფროსი.
  • 2016 წლის 20 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

 ირინე იმერლიშვილი -  პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს  მოსამართლე

 

დაიბადა 1971 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

დეტალური ინფორმაცია მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • 2013-2016 წლებში, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი.
  • 2016 წელს გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

გიორგი კვერენჩხილაძე - პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე