საჯარო ინფორმაციის გაცემა არ არის სასამართლოს ვალდებულება? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საჯარო ინფორმაციის გაცემა არ არის სასამართლოს ვალდებულება?

20 ოქტომბერი, 2010

 

„თქვენს მიერ გამოთხოვილი მასალების მოძიებისათვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებისა და მის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის საქმეთა დამუშავება და ამ მიზნით სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება, ამ ეტაპზე არ წარმოადგენს სასამართლოს საქმიანობისათვის აუცილებელ საჭიროებას“.

დაახლოებით ასეთი ტექსტით პასუხობს თითქმის ყველა ჩვენს წერილს თბილისში არსებული სამივე სასამართლო – თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოები. ზოგიერთ შემთხვევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ათასამდე გადაწყვეტილებას მოიცავს, ზოგჯერ კი 20–25 გადაწყვეტილებას არ აღემატება, თუმცა ტექსტი ყოველთვის ერთი და იგივეა. ასეთი პასუხი უკანასკნელად უზენაესი სასამართლოსგან მივიღეთ საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონმდებლობას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ადგენს ვალდებულებას – გაიცეს საჯარო ინფორმაცია ყველა შემთხვევაში, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა. შესაბამისად, სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებსა და ამოცანებში საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც შედის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად ახორციელებს საერთო კონტროლს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესრულებაზე“. აპარატში ასევე შედის შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი კონსულტანტი, რომლის რვა ფუნქციიდან ერთ–ერთია: „საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონით დადგენილი წესით“. ასევე არსებობს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილება, რომლის უფროსის შვიდი ფუნქციიდან ერთ–ერთი ასევე არის „საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონით დადგენილი წესით“. სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებაში რამდენიმე მოხელეა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის მასალების სისტემატიზაციას, ასევე დარგობრივ სისტემატიზაციას.  საარქივო დამუშავებისათვის კი არსებობს სპეციალური მოხელე – მთავარი სპეციალისტი - საარქივო საქმისმწარმოებელი. შესაბამისად, სასამართლოს აპარატის კანონმდებლობით დადგენილი პირდაპირი ვალდებულებაა მასალების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, ისევე, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემა. ინფორმაციის გაუცემლობისას არგუმენტად რესურსების არქონის მოყვანა უფრო გასაგები მიზეზი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევებში რეალურად ეს პრობლემა არ გამოკვეთილა. ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ გვაცნობებდნენ, რა მოცულობის საქმე იყო სასამართლოს აპარატისათვის შესასრულებელი. გაურკვეველია, საიდან მომდინარეობს ასეთი პრაქტიკა და რატომ იყენებს ერთსა და იმავე ფრაზას ყველა ინსტანციის სასამართლო. თელავის რაიონულმა სასამართლომაც სწორედ ეს მიზეზი დაასახელა ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, თუმცა ამავე სასამართლოს თავმჯდომარემ დაავალდებულა სასამართლო განმცხადებლისათვის გადაეცა ინფორმაცია, რაც დაუყოვნებლივ შესრულდა. საინტერესოა, ეს პრაქტიკა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისათვის და „ზედმეტი თავის ტკივილისათვის“ თავის არიდებაა თუ ამით რაიმე ინფორმაციის დამალვასაც ცდილობენ.

Author: ირინე ურუშაძე