საგადასახადო ამნისტია ქართული ტელეარხებისთვის თუ სუბსიდია სახელისუფლებო ტელევიზიებისთვის?
საქართველოში არსებულ ტელევიზიებს გადასახადებისა და ჯარიმების სახით 36 მილიონი ლარის (20,6 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის დავალიანება დაუგროვდათ სახელმწიფოს მიმართ. მთავრობამ ცოტა ხნის წინ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელსაც ალბათ პარლამენტი მალე დაამტკიცებს და რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია, რეგიონალურიც და ეროვნულიც, საგადასახადო ამნისტიას მიიღებს. ფინანსური ამნისტიით ყველაზე მეტად სახელისუფლებო პოლიტიკური კურსის გამტარებელი და გასაიდუმლოებული მფლობელების ხელში მყოფი ორი უმსხვილესი ტელეარხი, რუსთავი 2 და იმედი იხეირებენ,ისევე როგორც ფინანსური პრობლემების ქვეშ მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუმცა კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეწყალების აქტით მოსარგებლე ტელეარხების სია არ გასაჯაროვდება. თებერვლის ბოლოს, პარლამენტში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ყველა სატელევიზიო არხს საგადასახადო დავალიანება აქვს სახელმწიფოს წინაშე, განსაკუთრებით კი რეგიონალურ ტელევიზიებსო. პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით ფინანსური ამნისტია გამოეცხადებინა ყველა რეგიონალური ტელევიზიისთვის. თუმცა, ზოგიერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ 36 მილიონიდან მაქსიმუმ 5–6 მილიონი მოდის რეგიონალური ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებებსა და ჯარიმებზე. (გაზეთი "რეზონანსი", 7 აპრილი) ფინანსური ამნისტიციის ერთ–ერთი ბენეფიციარი იქნება "25–ე არხი", დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი ბათუმში, რომლესაც 277,500 ლარის ოდენობის დავალიანება 2004 წლამდე დაუგროვდა. ამ არხის მფლობელები უარს ამბობენ ვალის გადახდაზე და აცხადებენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვალი დაგროვდა ისინი მხოლოდ ფორმალურად ითვლებოდნენ ტელევიზიის მფლობელებად და ტელევიზიას სინამდვილეში ალსან აბაშიძე აკონტროლებდა. აღსანიშნავია რომ, "საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს" მიერ ჩატერებული კვლევის მიხედვით, ბევრ რეგიონალურ ტელევიზიას ოფიციალურად ფლობენ, აკონტროლებენ ან აფინანსებენ პირები, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთნ ან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ სახის ტელეარხებიც სარგებელს ნახავენ ფინანსური ამნისტიით. მითუმეტეს აშკარა იქნება სახელისუფლებო ტელევიზიების სარგებელი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს "კავკასიას" და "მაესტროს" (ტელევიზიები, რომლებიც თბილისში მაუწყებლობენ) მათივე განცხადებით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებათ, რაც ნაკლებად იწვევს ეჭვს, რადგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ არხები გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსური პოლიციის სამიზნეები ხდებიან. ფაქტი, რომ ზოგი ტელევიზია პირნათლად იხდის გადასახადებს, ხოლო ზოგი თავს არიდებს მათ გადახდას და მილიონობით ლარის საგადასახადო დავალიანებას აგროვებს ნათლად აჩვენებს საქართველოს სატელევიზიო სივრცის არასამართლიან კონკურენციას, სადაც უპირატესობით სახელისუფლებო პოლიტიკის გამტარებელი ტელევიზიები სარგებლობენ. საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს" ანგარიშში საქართველოს სატელევიზიო სივრცის შესახებ ნათქვამია, რომ ბევრი სატელევიზიო არხი, მათ შორის "რუსთავი 2" და "იმედი" სატელევიზიო რეკლამისგან მიღებული მოგების გარდა სხვა წყაროებიდანაც იღებენ თანხებს. თუმცა ეს წყაროები, ისევე როგორც ტელევიზიების მფლობელები ვინაობა გასაიდუმლოებულია. ნათელია საქართველოს დღევანდელი მედიაბაზრის სურათი. "კავკასიას" და "მაესტროს" წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიების მფლობელები, აცხადებდნენ, რომ მთავრობის მხირდან ზეწოლა იძულებულს ხდიდა პოტენციური კლიენტებს თავი შეეკავებინათ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებში რეკლამის განთავსებაზე. თუმცა ხელისუფლების ამ სახის ჩარევა არ დასტურდება, კომპანიები მაინც თავს იკავებენ რიგ ტელევიზიებში რეკლამის განთავსებისგან. ყურადსაღებია არა მარტო ის გარემოება, რომ საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში 30 მაისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შევიდა, არამედ ისიც, რომ ეს ამნისტია სრულ წინააღდეგობაში მოდის შემოსავლების სამსახური პოლიტიკასთნ, როდესაც ჯარიმები უწესდებოდათ ყველა იმ კომპანიას, რომელსაც შემოსავლების სამსახური გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდა. საქართველოს სატელევიზიო სექტორში არ შეინიშნება ეკონომიკური გაჯანსაღება. დღესდღეობით 40–იდან 50–მდე ტელევიზია მაუწყებლობს ქვეყნის მაშტაბით, მათ შორის ბევრი ძალიან პატარა რეგიონალური არხი. არსებული მწირი და ხშირად რთულად დასაყრდნობი ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სატელევიზიო რეკლამიდან შემოსავალი მთელი წლის მანძილზე არ აღემატება 30 მილიონ აშშ დოლარს (52,3 მილიონი ლარს). 36 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო ამნისტია გამოდის კერძო კომპანიების შემოსავლების ჯამის 70%. თუ მთავრობა ფინანსური ამნისტიის გამოშვებით მიზნად ისახავს ნამდვილად დამოუკიდებელი და პლურალისტური სატელევიზიო სივრცის შექმნას, აჯობებს სხვა გზებით შეეცადოს ტელევიზიების წახალისებას. განსაზღვროს სპეციალური კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში სატელევიზიო არხი შეძლებს თანადაფინანსების მიღებას. შემოთავაზებული კანონპროექტი კი უფრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს იმ ტელეარხებს, რომლებიც ლოიალურები არიან ხელისუფლების მიმართ.