რა ხდებოდა სამტრედიის საკრებულოში 21 ივნისს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რა ხდებოდა სამტრედიის საკრებულოში 21 ივნისს

22 ივნისი, 2013

21 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 ხმით 5-ს წინააღმდეგ, თავმჯდომარედ ემზარ შუბლაძე აირჩია. აღნიშნულ პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ დააკვირდა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ჯვარშეიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ემზარ შუბლაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და 27 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას წინ შემდეგი მოვლენები უძღოდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს იმ დეპუტატებზე, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ, მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. აღნიშნულის გამო, საკრებულოს დასახელებულმა წევრებმა ღამე საკრებულოს შენობაში გაათიეს. 

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად 2 კანდიდატი ემზარ შუბლაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და იმედო გოგავა (ქართული ოცნება) იყო წარდგენილი. საკრებულოს წევრმა კობა ძიძიგურმა წამოაყენა წინადადება სხდომის გადადების შესახებ. მისი განცხადებით, რადგან საკრებულოს წევრთა უმეტესობამ ღამე საკრებულოს შენობაში გაათია, ისინი ზეწოლის ქვეშ იყვნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა ობიექტური. 

საკრებულოს სხდომის დარბაზში (დაახლოებით 80-100 კვ.მ.) მრავლად იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები. დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და მედიის წარმომადგენლები. დარბაზში შეკრებილი პირები სხდომის თავმჯდომარეს - ამირან ნინუას, სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ისინი შეძახილებით, სტვენით და ტაშით გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობებსაც. დამსწრე პირთა განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია სხდომის დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ყოფნამ. სხდომის დაწყებიდან დაახლოებით 50 წუთში თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში სათათბიროდ გავიდნენ.

სხდომის განახლების შემდეგ თავმჯდომარემ დამსწრეებს აცნობა, რომ ორივე კანდიდატი დათანხმდა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას და დამზადდა შესაბამისი ბიულეტენები. ფარული კენჭისყრის ჩატარება დაევალა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატებმა სიტყვით მიმართეს დამსწრეებს. თუმცა შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგობის გამო საარჩევნო ყუთის დალუქვა ვერ მოხერხდა და სხდომა კვლავ შეჩერდა.

საკრებულოს წევრები, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში. გია თევდორაძემ წამოაყენა წინადადება სხდომის საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში ჩატარების შესახებ, რადგან მოქალაქეები დარბაზის გათავისუფლებას არ აპირებდნენ. 

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, პარლამენტის წევრის ოთარ ჩრდილელის და თავად იმედო გოგავას თხოვნის შემდეგ, დარბაზის გათავისუფლება მოხერხდა და საკრებულოს წევრები სამართალდამცავების მიერ გაკეთებული დერეფნის გავლით შევიდნენ დარბაზში.

საბოლოოდ საკრებულოს წევრებმა მოახერხეს კენჭისყრის ჩატარება, რომლის შედეგად, 20 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკრებულოს თავმჯდომარედ ემზარ შუბლაძე აირჩიეს. კენჭისყრას აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების  („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საია და NDI), სახალხო დამცველის ოფისისა და მედიის წარმომადგენლები.

სიტყვიერი დაპირისპირება კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდა, მოქალაქეთა ნაწილის განცხადებით ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. 

საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის მანძილზე აღსანიშნავია სამართალდამცველთა ქმედებები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ წესრიგის დაცვას როგორც დარბაზში, ასევე დერეფნებსა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“