რა შეიცვალა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში?
7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო (83 მომხრე, 10 წინააღმდეგი). ამას წინ უძღვოდა სამკვირიანი საკმაოდ სიღრმისეული და მრავალმხრივი განხილვები კომიტეტებში, სადაც დეპუტატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვრცელი შენიშვნებისა და ინიციატივების ნუსხა წარმოადგინა მთავრობამაც. საბოლოო ჯამში, განხილვების შედეგად, კანონპროექტმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე. ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც დანაშაული ჩადენილი აქვთ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.
კანონპროექტის პრეამბულა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებისგათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას.”
„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან:
-
პირები, რომლებმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე (ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას) კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
-
გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩამდენი პირები, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
-
განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.
-
პირები, რომელთაც ჩადენილი აქვთ 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაული.
-
პირები, რომელთაც ჩადენილი აქვთ 260-ე მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) ასევე 261-ე მუხლის მესამე ან/და მეოთხე ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაული თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით და მას პირველად აქვს ჩადენილი განზრახი დანაშაული, გარდა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულისა.
-
239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირები, რომელთაც პირველად ჩაიდინეს განზრახი დანაშაული.
-
3391-ე მუხლის მესამე ნაწილით (ზეგავლენით ვაჭრობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირები.
-
353-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ჩადენილი ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირები.
განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენი პირები, რომელთაც სრულწლოვნების ასაკში ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებისა:
- 110-ე მუხლი - მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით;
- 111-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
- 112-ე მუხლი - დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა;
- 113-ე მუხლი - მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით;
- 114-ე მუხლი - მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით;
- 115-ე მუხლი - თვითმკვლელობამდე მიყვანა;
- 116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
- 117-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
- 118-ე მუხლის მეორე ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა;
- 130-ე მუხლის მეორე ნაწილი - ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც გამოიწვია ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა;
- 133-ე მუხლის მესამე ნაწილი - უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა;
- 139-ე მუხლი - სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება;
- 140-ე მუხლი - სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან;
- 141-ე მუხლი - გარყვნილი ქმედება;
- 142-ე მუხლი - ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა;
- 1421 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი - რასობრივი დისკრიმინაცია;
- 1422 მუხლი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა;
- 143-ე მუხლის პირველი ნაწილი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
- 1433-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა;
- 1442 მუხლი - წამების მუქარა;
- 1443 მუხლის პირველი ნაწილი - დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;
- 146-ე მუხლის პირველი ნაწილი - უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში;
- 147-ე მუხლის პირველი ნაწილი - განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება;
- 153-ე მუხლი - სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;
- 154-ე მუხლი - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა;
- 155-ე მუხლი - რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა;
- 156-ე მუხლი - დევნა;
- 159-ე მუხლის მეორე ნაწილი - პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა;
- 160-ე მუხლის მესამე ნაწილი - ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა;
- 161-ე მუხლი - შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა;
- 162-ე მუხლი - არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
- 163-ე მუხლი - საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა;
- 164-ე მუხლი - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება;
- 1641-ე მუხლი - ამომრჩევლის მოსყიდვა;
- 1642-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება;
- 1643 მუხლი - არჩევნების გაყალბება; 166-ე მუხლი - პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა;
- 170-ე მუხლის მეორე ნაწილი - შრომის დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 171-ე მუხლის მესამე ნაწილი - არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშე;
- 174-ე მუხლი - ბავშვის შეცვლა;
- 186-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება;
- 188-ე მუხლის მესამე ნაწილი - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 2201 მუხლის მეორე ნაწილი - გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 2291 მუხლის მესამე ნაწილი - ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 238-ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, გლუვლულიანი სანადირო თოფის) დაუდევრად შენახვა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 240-ე მუხლის მეორე ნაწილი - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 253-ე მუხლის პირველი ნაწილი - პროსტიტუციაში ჩაბმა;
- 281-ე მუხლის მეორე ნაწილი - ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 283-ე მუხლის მეორე ნაწილი - მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 289-ე მუხლის მეორე ნაწილი - მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტისადმი ან ტოქსინისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 292-ე მუხლის მესამე ნაწილი - წყლის დაბინძურება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 293-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - ზღვის დაბინძურება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 295-ე მუხლის მესამე ნაწილი - ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 297-ე მუხლის მესამე ნაწილი - მიწის გაუვარგისება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 320-ე მუხლის პირველი ნაწილი - სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება;
- 321-ე მუხლის პირველი ნაწილი - სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა;
- 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
- 333-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება;
- 334-ე მუხლი - ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება;
- 335-ე მუხლის პირველი ნაწილი - განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება.
- 337-ე მუხლი - სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა;
- 339-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქრთამის მიცემა;
- 340-ე მუხლი - კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება;
- 341-ე მუხლი - სამსახურებრივი სიყალბე;
- 342-ე მუხლის - სამსახურებრივი გულგრილობა;
- 3421 მუხლის მეორე ნაწილი - პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 364-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა;
- 3691 მუხლის მეორე ნაწილი - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია;
- 370-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი
- 375-ე მუხლი - დანაშაულის დაფარვა;
- 376-ე მუხლი - დანაშაულის შეუტყობინებლობა;
- 378-ე მუხლის მეორე ნაწილი - პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულის მიმართ ძალადობა ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში მსჯავრდებულისათვის ხელის შეშლის მიზნით;
- 381-ე მუხლის მეორე ნაწილი - განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ჩადენილი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელის მიერ;
- 397-ე მუხლის მეორე ნაწილი - სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
- 405-ე მუხლი - მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ.
უნახევრდებათ სასჯელი:
-
განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენ პირებს, რომელთაც მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინეს არასრულწლოვნების ასაკში.
-
შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებს:
- 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - მითვისება ან გაფლანგვა;
- 186-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება;
- მე-200 მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები - მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
- 202-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - (202-ე მუხლს მეოთხე ნაწილი არ აქვს. აქ სავარაუდოდ იგულისხმება 2002 მუხლის მეოთხე ნაწილი - აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა)
- 203-ე მუხლის მესამე ნაწილი- პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა;
- 2051 მუხლის მეორე ნაწილი - ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
- 208-ე მუხლის მეორე ნაწილი - კრედიტის უკანონოდ მიღება;
- 210-ე მუხლის მეორე ნაწილი - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება;
- 214-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე ნაწილები - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
- 218-ე მუხლის მეორე ნაწილი - გადასახადისათვის თავის არიდება;
- 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;
- 237-ე მუხლის პირველი ნაწილი - იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა;
- 239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა;
- 2401 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;
- 267-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება;
- 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ჩადენილ მთვრალ მდგომარეობაში;
- 370-ე მუხლის მეორე ნაწილი - ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი;
- 384-ე მუხლის მეორე ნაწილი - უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა;
- 389-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - დეზერტირობა.
ერთი მესამედით უმცირდებათ სასჯელი:
- მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალებს, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
ერთი მეოთხედით უმცირდებათ სასჯელი:
პირებს, რომლებზეც არ გავრცელდება ამნისტიის ამ კანონის სხვა მუხლები გარდა იმ პირებისა, რომელთაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები (ჩამოთვლილი შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ დამთავრებულ დანაშაულებზე):
- 108-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა;
- 109-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში,
- 137-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით - გაუპატიურება ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ან/და რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა. გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი;
- 138-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა - სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ან/და რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა. იგივე ქმედება ჩადენილი იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი;
- 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ტერორიზმი, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
- ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა.
აღსანიშნავია, რომ პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
რაც შეეხება პირობით მსჯავრდებულებს, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
განხილვების შედეგად კანონპროექტს დაემატა კიდევ ერთი დათქმა, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ და აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს დაემატა პოლიტმატიმრებთან დაკავშირებული მე-18 მუხლი - „შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიიჩნევს რა, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.” აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს: „გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.“
რაც შეეხება კანონის აღსრულების წესს, ეს კანონი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ პირის თანხმობის შემთხვევაში, რომელზეც ვრცელდება ამინისტია. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას:
- ბრალდებულის მიმართ, გამოძიების სტადიაზე, იღებს უფლებამოსილი პროკურორი;
- ბრალდებულის ან/და მსჯავრდებულის მიმართ, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იღებს შესაბამისი სასამართლო;
- მსჯავრდებულის მიმართ, დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
10 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ ”ამნისტიის შესახებ” კანონი წლის ბოლომდე იქნეს მიღებული. კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე და აღსრულდება ორი თვის ვადაში. პოლიტიკური ამინისტიის აღსრულება კი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს კანონის ძალაში შესვლისთანავე დაუყოვნებლივ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერა, რისთვისაც მას ათდღიანი ვადა აქვს. კანონი ქვეყნდება ხელმოწერისთანავე. თუმცა პრეზიდენტს ასევე შეუძლია შენიშვნებით კანონპროექტი უკან დააბრუნოს პარლამენტში. თუ პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებას გამოიყენებს, შესაძლოა კანონის ძალაში შესვლა გაჭიანურდეს.
როგორც უკვე აღინიშნა, კანონპროექტმა თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით დიდი ცვლილება განიცადა. შედარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი წინა ბლოგპოსტი „ვის შეეხება ამნისტია?”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ითვალისწინებს საზოგადოების მხრიდან ამ საკითხისადმი განსაკუთრებულ ინტერესს და კვლავ აქტიურად ადევნებს თვალყურს აღნიშნული კანონპროექტის განხილვას. ჩვენი ორგანიზაცია მზად არის გაეცნოს და განიხილოს საზოგადოების მოსაზრებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები ელ-ფოსტაზე: parliament@transparency.ge.