რამდენად გამართლებულია სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღება? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რამდენად გამართლებულია სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღება?

04 დეკემბერი, 2012

2012 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის - სამხედრო რწმუნებულის შექმნას, რომელსაც თითქმის იგივე უფლებამოსილებანი და სამართლებრივი გარანტიები გააჩნია, რაც სახალხო დამცველს, მაგრამ ფოკუსირებულია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე. მიგვაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის, რომლის შექმნაც სახელმწიფო ბიუჯეტს 465 760 ლარი დაუჯდება, ცალკე არსებობის საჭიროება არ არსებობს და უფრო მარტივი და ეფექტური იქნება, თუკი ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გავზრდით, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისში სპეციალური სამსახურის შექმნის გზით.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი“ სახალხო დამცველს ისედაც აძლევს მანდატს, დაიცვას ყველა ადამიანის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების უფლებები და ამ მიზნით „დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში [მე-18 მუხლი].“

ამასთანავე, სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს, და აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად უზრუნველყოფილია აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსებით.

ასევე, სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი და პროგრესული გამოცდილება, შესაბამისი კონტაქტები ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე და საკმაოდ მაღალი ცნობადობა საზოგადოებაში. შესაბამისად, საკითხავია, თუ რამდენად მიზანშეწონილია ახალი ორგანოს შექმნა, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება ამ ყველაფრის მისაღწევად.

ახალი ინსტიტუტის შექმნა დღის წესრიგში ქართულ ჯარში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემდეგ დადგა, რამაც აჩვენა, რომ ქართულ ჯარში ადამიანის უფლებები არასათანადოდ იყო დაცული. თუმცა ადამიანის უფლებების დარღვევა, მხოლოდ ქართულ ჯარში არ ხდებოდა, გასულ წლებში აქტიურად ირღვევოდა, როგორც პატიმართა, ისე მრავალი სხვათა უფლებები. შესაბამისად, თუ გავყვებით სამხედრო რწმუნებულის შექმნის იდეას, მაშინ ადამიანის უფლებათა ყველა სფეროში ცალკე უფლებადამცველი ორგანო უნდა შეიქმნას და ცალცალკე იყოს რელიგიური უმცირესობებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, პატიმრებისთვის, ბრალდებულებისთვის, საკუთრების უფლებაშელახული პირებისთვის და სხვათა უფლებების დამცველი ორგანოები. ეს კი, როგორც მინიმუმ სერიოზულ დაბნეულობას შექმნის საზოგადოებაში და გაართულებს სრული სურათის დანახვას ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ქვეყანაში, რომ აღარაფერი ვთქვათ აღნიშნული სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თუ სახელმწიფოს სურს სამხედრო სფეროში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების უკეთ დაცვა, უკეთესია მიზნობრივი დაფინანსება გაეზარდოს სახალხო დამცველის აპარატს და ცალკე დეპარტამენტი შეიქმნას ამ საკითხებზე სამუშაოდ. ამ გზით შესაძლებელი იქნება ჯარისკაცთა უფლებების დასაცავად იმ მრავალწლიანი გამოცდილების, ცნობადობისა და ადამიანური რესურსების  გამოყენება, რომელიც სახალხო დამცველს უკვე გააჩნია.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო