ENG

რამდენად გამართულად მუშაობს იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები

05 თებერვალი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არაერთხელ დაინტერესდა თვითმმართველი ერთეულების გამჭვირვალედ მუშაობის საკითხით. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეთა ჩართულობა, ხშირ შემთხვევაში ისინი გვერდს უვლიან აღნიშნულ ვალდებულებას.

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ” ჩაატარა კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს მათ საქმიანობას.

კვლევამ ბაღდათის, ვანის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები მოიცვა. კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ საკანონმდებლო ბაზა, განვახორციელეთ მუნიციპალიტეტების ელექტრონული რესურსების მონიტორინგი და აღნიშნული ელექტრონული რესურსებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ასევე გამოვიკვლიეთ ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი. კვლევა მოიცავს 2016 წლის იანვრამდე პერიოდს.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამჭვირვალობის ხარისხს;

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული ვალდებულება იმერეთის არცერთ მუნიციპალიტეტს არ შეუსრულებია. ასევე, მუნიციპალიტეტების ნაწილს დღემდე არ მიუღია დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის შესახებ;

  • ჩვენს მიერ შესწავლილი 11 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტს (ბაღდათი,ვანი,ჭიათურა,ზესტაფონი,წყალტუბო,ხონი) აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ, ამასთან, გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის სტანდარტებს მათ მიერ შექმნილი ვებგვერდებიც ვერ აკმაყოფილებს;

  • დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი (www.tskaltubo.ge) ამჟამად არ ფუნქციონირებს;

  • ჩვენს მიერ შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აქვს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, თუმცა ანგარიში განთავსებულია საკრებულოს სამართლებრივ აქტების ნაწილში/გრაფაში, რის გამოც დაინტერესებული მოქალაქეებისათვის ნაკლებად თვალსაჩინო და რთულად ხელმისაწვდომია.

  • საყურადღებოა ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების საქმიანობა, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებენ სიახლეებს. ასევე, შედარებით აქტიურები არიან ზესტაფონის, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება ბაღდათის, ვანისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს, მათ მიერ სიახლეების გამოქვეყნება ერთკვირიანი ინტერვალით ხდება. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ მათ სიახლეების განთავსება მხოლოდ 2016 წლის 2 იანვრიდან დაიწყეს.

  • იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი სარგებლობს სოციალური ქსელით (Facebook), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელით სარგებლობა ვერ მიიჩნევა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტის სრულფასოვან დაცვად, ვინაიდან მათი სპეციფიური ფორმატიდან გამომდინარე, მსგავსი სოციალური ქსელები ინფორმაციის გასაჯაროების მხოლოდ დამხმარე და არა ძირითად საშუალებას წარმოადგენენ.

  • გარკვეულ მუნიციპალიტეტებს (ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია) ვებგვერდზე არ აქვთ მითითებული ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც დაინტერესებული მოქალაქეები დაკავშირებასა და მათთვის საუსრველი ინფორმაციია მიღებას შეძლებენ.

  • იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილის ვებგვერდები განთავსებულია gov.ge დომეინზე, ნაწილს კი პირდაპირ ge-ზე; გამონაკლისია ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, რომლის ვებგვერდი ფუნქციონირებს com-დომეინზე

სამართლებრივი ბაზის ანალიზი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა მოწესრიგებულია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად რომელიც ქცევის ზოგად წესებს ადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, როგორც საჯარო დაწესებულებებს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნვეყოფა ევალებათ.

ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება გულისხმობს საჯარო დაწესებულებების (მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების) ვალდებულებას, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე (ელექტრონულ რესურსზე) განათავსონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია. ასევე, კოდექსი მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს დამატებით ავალდებულებს, რომ ნორმატიული აქტით იმ ინფორმაციის ნუსხა განსაზღვრონ, რაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის, ამასთან, შექმნან ისეთი საშტატო ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებით, რომელიც ქცევის ზოგად წესებს ადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს გარკვეული სახის ინფორმაციის გამოქვეყნებას და ამ გზით ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის როლის გაზრდას ავალდებულებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ იძლევა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ისეთ ამომწურავ ჩამონათვალს, როგორც ეს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით არის განსაზღვრული. მთავრობის აღნიშნული დადგენილება პირველი დოკუმენტი იყო, რომელმაც პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი დანერგა, ასევე მკაცრად განსაზღვრა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ძირითადად აქტებისა და პროექტების გამოქვეყნებაზე მიუთითებს, მუნიციპალიტეტების ვალდებულება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მუნიციპალიტეტების საკრებულოებს კოდექსი უფლებას უტოვებს სურვილისამებრ გააფართოვონ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა და ამ გზით საზოგადოების მხრიდან მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მიღება და შეფასება უზრუნველყონ.

იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ბაღდათის, ვანის, ჭიათურის, ზესტაფონის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებმა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაფართოების უფლებით ისარგებლეს და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებები მიიღეს, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯია. კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლეთ და გავაანალიზეთ აღნიშნული დადგენილებები. აღმოჩნდა, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი ექვსივე მუნიციპალიტეტში მეტ-ნაკლებად ემთხვევა ერთმანეთს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტს (ბაღდათი, ჭიათურა, წყალტუბო, ხონი) საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში პირდაპირ აქვს განსაზღვრული, რომ ვებგვერდზე უნდა გაკეთდეს სპეციალური გრაფები სახელწოდებით „პროაქტიური გამოქვეყნება”, „საჯარო ინფორმაცია”, რომლის ქვეშაც განთავსდება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ის ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებას დადგენილება განსაზღვრავს.

ვებგვერდების შეფასების კრიტერიუმები და მონიტორინგის შედეგები

I. მუნიციპალიტეტები, რომლებმაც მიიღეს დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, იმერეთის მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტს აქვს განსაზღვრული იმ საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც უნდა დაექვემდებაროს პროაქტიულ გამოქვეყნებას. იმის დასადგენად, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მუნიციპალიტეტების ვებგვერდები გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებს, დადგენილებით განსაზღვრული საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან ავირჩიეთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რომლის ელექტრონულ რესურსზე განთვასება აუცილებლად მივიჩნიეთ. კერძოდ, მუნიციპალიტეტები შევაფასეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შემდეგი ინფორმაცია:

  • მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, ასევე მათი ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. - მუნიციპალიტეტის ორგანოთა ეფექტური მუშაობა და საზოგადოებისათვის სასურველი შედეგების მიღება დამოკიდებულია ამავე ორგანოებში მომუშავე თანამდებობის პირებზე. შესაბამისად, აუცილებელია, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ არიან ის პირები, ვინც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში წამყვან პოზიციებს იკავებენ და საჭიროების შემთხვევაში, როგორ დაუკავშირდნენ მათ, ასევე ჰქონდეთ შესაძლებლობა შეამოწმონ, რამდენად კომპეტენტურია კონკრეტული თანამდებობის პირი.

  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - იმისათვის, რომ მოქალაქეებს შეექმნათ წარმოდგენა, თუ რისთვის და როგორ ნაწილდება თანხები მუნიციპალიტეტებში, აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. .

  • ანგარიში საკრებულოს საქმიანობის შესახებ - საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ირჩევს, შესაბამისად, ისინი ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ მოქალაქეების წინაშე. განხილვისა და შეფასებისთვის საკრებულომ მოსახლეობას უნდა წარუდგინოს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.

  • შესყიდვების წლიური გეგმა - გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტების მხრიდან მომსახურებისა თუ საქონლის შესყიდვა ხდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა მომსახურებისა და საქონლის შესყიდვას გეგმავს მუნიციპალიტეტი წლის განმავლობაში და რა რაოდენობის თანხაა ამისთვის გამოყოფილი. ეს გაამარტივებს დაინტერესებული პირის მხრიდან შესყიდვების განხორცილელების მიზნობრიობისა და საჭიროების კონტროლს.

  • საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნორმატიული/ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - იმისათვის, რომ დაცულ იქნას სისტემის ღიაობის პრინციპი, მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან საჯაროდ გამოაქვეყნონ საკრებულოს სხდომის ოქმები, ბრძანებები, განკარგულებები, დადგენილებები, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

  1. ბაღდათის მუნიციპალიტეტი

2014 წლის 26 სექტემბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. დადგენილების თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.bagdati.gov.ge.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ვებგვერდი ფუნქციონირებს და მასზე განთავსებულია გარკვეული ტიპის ინფორმაცია, იგი არ შეესაბამება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, უნდა შექმნილიყო შესაბამისი გრაფა სახელწოდებით „პროაქტიული გამოქვეყნება“, რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ვებგვერდზე არ არის განთავსებული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, შესყიდვების წლიური გეგმა, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. ცარიელია სამართლებრივი აქტების გრაფაც.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგავარად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციის ახალი ამბების გრაფაში განთავსებას. საზოგადოებისათვის ასევე ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ანგარიშები და ინფორმაცია საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მისასალმებელია.

მუნიციპალიტეტი სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook-ით.

2. ვანის მუნიციპალიტეტი

2015 წლის ოქტომბრის დადგენილებით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მარეგულირებელი წესები შეიმუშავა, ასევე დაამტკიცა ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება. დადგენილების თანახმად, ვანის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: - www.vani.gov.ge.

ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის სატესტო რეჟიმში მუშაობს. მიუხედავად ამისა, ვებგვერდზე უკვე განთავსებულია იმ ინფორმაციის ნაწილი, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება მოითხოვს. დებულებით განისაზღვრა ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა, რომლის მიხედვით, ცალკე გრაფა აქვს დათმობილი საჯარო ინფორმაციას. აღნიშნული გრაფის ქვეშ მოთავსებულია როგორც საკრებულოს ნორმატიული აქტები, სხდომის ოქმები და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბრძანებები, ასევე მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, 2015 ბიუჯეტის დოკუმენტის სახით გახსნა შეუძლებელია, 2016 წლის ბიუჯეტი კი, საერთოდ არ არის გამოქვეყნებული. ვებგვერდზე ცალკეულ გრაფებში მოთავსებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, გამგებლისა და მისი მოადგილეების ბიოგრაფიული მონაცემები ფოტოსურათებით. თუმცა, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებისა და მათი ხელმძღვანელების შესახებ. ასევე, ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული შესყიდვების წლიური გეგმა და საკრებულოს საქმიანობის ანგარიში.

ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ Facebook-ს, რისი საშუალებითაც ისინი მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული ღონისძიებებისა და საკრებულოს მიერ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

3. ჭიათურის მუნიციპალიტეტი

2014 წლის 29 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. დადგენილებით მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.chiatura.org.ge

ვებგვერდზე განთავსებულია საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკრებულოს წევრების, გამგებლისა და მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსების ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები, ასევე 2014-2016 წლების ბიუჯეტები. სამართლებრივი აქტებისთვის ვებგვერდზე გამოყოფილია დამოუკიდებელი გრაფა, თუმცა მასში მხოლოდ საკრებულოს ნორმატიული აქტები და სხდომის ოქმები არის განთავსებული. გამგებლის მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცალკეულ საკითხებზე მიღებული/გამოცემული აქტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ცარიელია შესყიდვების წლიური გეგმის გრაფა, ასევე, არ არის განთავსებული საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ანახლებს, თუმცა, მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდისაგან განსხვავებით, აქ ინფორმაციის მოცულობა და განახლების ინტერვალი შედარებით მცირეა. მოსახლეობისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები სოციალურ ქსელს უფრო აქტიურად იყენებენ, ვიდრე ოფიციალურ ვებგვერდს, რაც ცხადია მათ არ ათავისუფლებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების ვალდებულებისაგან. 

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 9 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება. დადგენილების თანახმად, ვებგვერდის მისამართია: WWW.ZESTAPHONI.COM

ვებგვერდზე ხელმისაწვდომია საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკრებულოს წევრების ნაწილის, გამგებლისა და მისი მოადგილეების,სამსახურის უფროსების ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2008-2015 წლების ბიუჯეტი. დამოუკიდებელი გრაფა აქვს დათმობილი კანონმდებლობას, სადაც განთავსებულია როგორც საკრებულოს ნორმატიული აქტები, ასევე გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქტების რაოდენობა მცირეა, ხოლო განახლების ინტერვალი - დიდი (ბოლო სამართლებრივი აქტი გამოქვეყნებულია 2015 წლის თებერვალში). აღსანიშნავია ისიც, რომ ვებგვერდზე არ არის განთავსებული შესყიდვების წლიური გეგმა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში.

საკრებულოსგან განსხვავებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალური ქსელი Facebook-ით სარგებლობს, სადაც აქტიურად აქვეყნებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას. სიახლეების სიმრავლით გამოირჩევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდიც.

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 28 ნოემბერს მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. დადგენილების თანახმად, წყალტუბოს მუნიციალიტეტის ვებგვერდის მისამართია www.tskaltubo.ge.

როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ ვალდებულება აიღო და ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი განსაზღვრა. თუმცა, 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, აღნიშნულ მისამართზე ვებგვერდი არ ფუნქციონირებს, რაც მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილებით ნაკისრ ვალდებულებებს უგულებელყოფაზე მიუთითებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი, თუმცა გამგეობისაგან განსხვავებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook-ით. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ინფორმაციის მიღების ოფიციალური წყარო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა თანაბრად უნდა უზრუნველყონ ალტერნატიული საშუალებით მოსახლეობისთვის გარკვეული სახის ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა საქმიანობასა და პროექტებს ახორციელებს გამგეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

6. ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 15 დეკემბერს მიიღო დადგენილება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. დადგენილებით მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართად განისაზღვრა: www.khoni.ge, თუმცა აღნიშნულ მისამართზე ვებგვერდი არ ფუნქციონირებას. ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია www.khoni.gov.ge.

ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მსგავსად, ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მითითებულია, რომ გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს მისი განახლება. დღეისათვის საიტზე განთავსებულია მხოლოდ გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია, ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ვებგვერდი არ შეიცავს ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის, შესყიდვების წლიური გეგმისა და საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი აქტების შესახებ.

სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ასევე სარგებლობენ სოციალური ქსელი Facebook-ით.

II. მუნიციპალიტეტები, რომლებსაც არ მიუღიათ დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ

მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილს არ აქვს მიღებული დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ, თუმცა თავისთავად ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა უზრუნველყონ ადმინისტრაციული ორგანოს გამჭვირვალედ ფუნქციონირება და არ უნდა შექმნან ელექტრონული ოფიციალური ვებგვერდები. როგორც კვლევაში უკვე არაერთხელ აღინიშნა, მუნიციპალიტეტებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულები (გამგეობა/საკრებულო) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და ანგარიშვალდებული არიან მოსახლეობის წინაშე, შესაბამისად, მათი საქმიანობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. იმ მუნიციპალიტეტების მსგავსად, რომლებმაც გააფართოვეს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის წრე, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებიც ვალდებულნი არიან გაასაჯაროვონ გარკვეული სახის ინფორმაცია და დოკუმენტები. ეს ვალდებულება გამომდინარეობს როგორც ზოგადი ადმინისტრაციული, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან. მოცემულ შემთხვევაში, ხუთივე მუნიციპალიტეტის შეფასება მოხდა იმავე კრიტერიუმებით, რომლითაც შემოწმდნენ ის მუნიციპალიტეტები, რომლებმაც მიიღეს დადგენილებები, ვინაიდან, ვთვლით, რომ ჩვენს მიერ შერჩეულ იქნა ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს განთავსებული ელექტრონულ რესურსზე იმისათვის, რომ დაცული იქნას გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

როგორც კვლევამ აჩვენა, ხუთივე მუნიციპალიტეტს (საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, ხარაგაული) შექმნილი აქვს ოფიციალური ვებგვერდი და განთავსებული აქვს გარკვეული სახის ინფორმაცია.

  1. საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია www.sachkhere.gov.ge

ვებგვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია, ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ვებგვერდზე ასევე მოცემულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის ბიუჯეტი არა დოკუმენტის, არამედ მხოლოდ სურათის ფორმატში არის ხელმისაწვდომი. 2016 და 2015 წლების ბიუჯეტები, შესყიდვების წლიური გეგმა, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე აქტები ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის.

საჩხერის მუნიციპალიტეტის, როგორც წარმომადგენლობითი, ასვეე აღმასრულებელი ორგანო სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook-ით. უნდა აღინიშნოს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტი ყველაზე ხშირად აქვეყნებს სიახლეებს. მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად იღებს, რაც მისასალმებელია. თუმცა, სიახლეების აქტიურ რეჟიმში გამოქვეყნება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა გამჭვირვალედ მივიჩნიოთ. აუცილებელია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია www.terjola.ge

ვებგვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები. თუმცა, ცარიელია სამართლებრივი აქტების გრაფა, ასევე მოქალაქეებისთვის არ არის ხელმისაწვდომი საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში, მუნიციპალიტეტის როგორც მიმდინარე, ასევე წინა წლების ბიუჯეტები და შესყიდვების წლიური გეგმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ Facebook-ს, რომლის საშუალებით ისინი მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას საკრებულოს სხდომებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ. ვებგვერდზე სიახლეების განთავსების თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის ნოემბრის თვემდე მასზე მუდმივად ხდებოდა ახალი ამბების განთავსება, თუმცა, ნოემბრის თვისშემდეგ სიახლე აღარ გამოქვეყნებულა.

  1. ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია - www.tkibuli.ge

როგორც კვლევამ აჩვენა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოყოფილია სივრცე საჯარო ინფორმაციის, სამართლებრივი აქტების, თანამდებობის პირების ბიოგრაფიებისა და საკონტაქტო მონაცემების, ასევე 2010-2016 წლების ბიუჯეტებისათვის. თუმცა, ამჟამად ყველა აღნიშნული გრაფა ცარიელია. ვებგვერდზე არ არის მოცემული შესყიდვების წლიური გეგმა, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასევე მწირია სიახლეების გრაფა.

საკრებულოსაგან განსხვავებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook-ით.

  1. სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მისამართია www.samtredia.com.ge

ვებგვერდზე ხელმისაწვდომია გარკვეული ტიპის ინფორმაცია. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკრებულოს წევრების, გამგებლისა და მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები, ასევე მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი. მიმდინარე და წინა წლების ბიუჯეტები, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სამართლებრივი აქტები, შესყიდვების წლიური გეგმა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში ვებგვერდზე განთავსებული არ არის. შესაბამისად, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, სამტრედიის მუნიციპალიტეტი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს.

საკრებულოსგან განსხვავებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook-ით.

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მისამართია www.kharagauli.ge

ვებგვერდზე მოცემულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, მათი ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები, ასევე 2014-2015 წლის ბიუჯეტი - საბიუჯეტო ცვლილებების მითითებით, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი აქტები. მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომლის ვებგვერდზე განთავსებულია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. გარდა საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიშისა, ვებგვერდზე ასევე მოცემულია საკრებულოს ცალკეული ფრაქციებისა და კომისიების, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშიებიც. შესყიდვების წლიური გეგმა ვებგვერდზე განთავსებული არ არის. ხელმისაწვდომია მხოლოდ საკრებულოს ის განკარგულებები, რომლითაც დამტკიცდა შესყიდვების წლიური გეგმა. საიტზე ასევე არ არის განთავსებული 2016 წლის ბიუჯეტი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა სარგებლობენ სოციალური ქსელი Facebook-ით.

მისასალმებელია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომლის ვებგვერდზე განთავსებულია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში და ასევე აქტიურია ვებგვერდზე სიახლეების გამოქვეყნების კუთხით.

ცხელი ხაზი

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტს (ბაღდათი) საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე საერთოდ არ აქვს გამოყოფილი გრაფა, სადაც განთავსდება მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის ნომერი, ხოლო ზოგიერთს (თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, ვანი), საკონტაქტო ინფორმაციის განთავსებისათვის გამოყოფილი აქვს სათანადო გრაფა, თუმცა ამჟამად აღნიშნული გრაფა ცარიელია. ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტები სარგებლობენ სოციალური ქსელი Facebook-ით, თუმცა მათი სოციალური ქსელის გვერდები ასევე არ იძლევა ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზთან დაკავშირებით.

როგორც უკვე კვლევაში აღინიშნა, მიუხედავად დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი არ ფუნქციონირებს და სხვა ინფორმაცისთან ერთად, მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას ვებგვერდის საშუალებით მიიღოს ინფორმაცია ცხელ ხაზთან დაკავშირებით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არც სოციალურ სივრცეში აქვს მსგავსი ინფორმაცია მითითებული.

საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ. ამ მხრივ, საყურადღებოა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ვებგვერდზე მითითებული აქვს როგორც მოქალაქეთა მისაღების, ასევე საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალურ სივრცეში Facebook-ის გვერდზე განთავსებულია ასევე საკრებულოს აპარატის ნომერი. რაც შეეხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, მართალია, მსგავსი ჩანაწერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის, მაგრამ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოციალურ სივრცეში Facebook-ის გვერდზე.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ცხელი ხაზი, დავუკავშირდით თითოეულ მათგანს და მოვითხოვეთ ინფორმაცია 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებმა მოგვაწოდეს ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მათთვის კონკრეტული ინფორმაცია უცნობია და გადაგვამისამართეს ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელმაც პასუხი გასცა ჩვენს კითხვას. რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტს, აქ კონკრეტული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის გამოყენებით შეუძლებელი აღმოჩნდა.

დასკვნა და რეკომენდაციები:

კვლევის ფარგლებში შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან არც ერთს სრულყოფილი სახით არ გამოუქვეყნებია დადგენილებებით განსაზღვრული საჯარო სახის ინფორმაცია. მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს შექმნილი სპეციალური ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არასრულად ან საერთოდ არ შეიცავს დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციაა, რომ:

  • იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც ჯერ არ შეუმუშავებიათ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმები, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა და მიიღონ შესაბამისი დადგენილებები, ვინაიდან მუნიციპალიტეტები საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;

  • იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც დადგენილებით ნაკისრი აქვთ ელექტრონული ვებგვერდის შექმნის ვალდებულება, დროულად შექმნან ოფიციალური ვებგვერდები;

  • იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც შექმნეს ოფიციალური ვებგვერდები, მაგრამ მხოლოდ მცირე ინფორმაცია განათავსეს, დროულად უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა;

  • მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა რეგულარულად განაახლონ ვებგვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა;

  • იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც არ აქვთ მოწესრიგებული ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა.

ჩვენ მიერ შეფასებული ვებ-გვერდები :

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი - www.bagdati.gov.ge

  • ვანის მუნიციპალიტეტი - www.vani.gov.ge

  • საჩხერის მუნიციპალიტეტი - www.sachkhere.gov.ge

  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი - www.chiatura.org.ge

  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - www.zestaphoni.com

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი - www.terjola.ge

  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი - www.tkibuli.ge

  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი - www.samtredia.com.ge

  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - www.kharagauli.ge

  • ხონის მუნიციპალიტეტი - www.khoni.gov.ge

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“