რატომ გაჭიანურდა თბილისის მერიის ავტობუსების ტენდერი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რატომ გაჭიანურდა თბილისის მერიის ავტობუსების ტენდერი

23 დეკემბერი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ბლოგი წლის უმსხვილესი ელექტრონული ტენდერის - თბილისის მერიის მიერ 100 ავტობუსის შესყიდვის შესახებ. ტენდერი გამოცხადდა 2013 წლის 4 ნოემბერს და მისი საწყისი ღირებულება 55,550,000 ლარი იყო. შემოთავაზებების მიღების პროცესში ხუთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დაბალი შემოთავაზება – 31,660,601 ლარი ჩინურმა კომპანიამ – „Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd“-მ დაასახელა.

შემოთავაზებების მიღების დასრულების შემდეგ თბილისის მერიამ მიმართა კანდიდატ კომპანიას ტენდერის მოთხოვნების შესაბამისად წარმოედგინა ევროკავშირის სერთიფიკატი.

კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული პირობა და გააკეთა წერილობითი განმარტება, რომ შესყიდვის დროს მას სერტიფიკატები მხოლოდ ძირითად აგრეგატებზე ჰქონდა და რომ ავტობუსის მოდელის სრული სერტიფიცირება მისი წარმოების დაწყებისას მოხდებოდა.

“Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd”-ს წარმომადგენლები ავთანდილ საყვარელიძე და ბადრი ნიაური არიან. ავთანდილ საყვარელიძე შპს “ელექტროვაგონ შემკეთებელი ქარხნის” საზედამხედველო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარეა, რომელმაც 2013 წლის 26 ივნისს საჯაროდ დაადანაშაულა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მასზე ზეწოლის განხორციელებაში. საყვარელიძის განცხადებით, ზეწოლის შედეგად მას “საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში” (რომელშიც შპს “ელექტროვაგონ შემკეთებელი ქარხანა” არის გაერთიანებული) საკუთარი წილის ბადრი წილოსანისთვის დათმობა მოუწია. 2013 წლის მაისში ბადრი წილოსანი და “საქართველოს რკინიგზის” რამდენიმე ოფიციალური პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით - თანხების უკანონო მითვისება-გაფლანგვა. საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, ბრალდებულების ქმედებების შედეგად “საქართველოს რკინიგზას” 65 მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

თბილისის მერიის სატენდერო კომისიამ განიხილა “Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd”–ს მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია და ტენდერის პირობებთან შეუსაბამობის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცა. შედეგად თბილისის მერიისთვის 100 ავტობუსის მიწოდების ტენდერში გამარჯვების მთავარი კანდიდატი მეორე ჩინური კომპანია – “Zhengzou Yutong Bus Co., Ltd” გახდა, რომლის შემოთავაზებამ “Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd”–ზე 25 ლარით მეტი – 31,660,626 ლარი შეადგინა.

„Zhengzou Yutong Bus Co., Ltd”–მ კომისიას წარუდგინა ევროკავშირის სერთიფიკატი, თუმცა ამ ბლოგის გამოქვეყნებისას კომპანიას შემსყიდველის მოთხოვნის თანახმად რამდენიმე ტექნიკური საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელი აქვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აგრძელებს შესყიდვის პროცესის მონიტორინგს, რათა ვუზრუნველყოთ პროცესის საჯაროობა და შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება უკანონო იყო.

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვების საბჭოს ერთ-ერთი წევრია. საბჭოში ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება გაასაჩივროს და, შესაბამისად, შეაჩეროს ელექტრონული ტენდერები. საბჭოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ვებგვერდის – http://tendermonitor.ge გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ სახელმწიფო ტენდერები და გამოიწეროთ შეტყობინებები განახლებების შესახებ ელ. ფოსტაზე.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“