როგორ ჩაირა გიორგი მარგველაშვილის სააგიტაციო შეხვედრამ ზუგდიდში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

როგორ ჩაირა გიორგი მარგველაშვილის სააგიტაციო შეხვედრამ ზუგდიდში

11 ოქტომბერი, 2013

9 ოქტომბერს, ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. პოლიტიკური აქცია ქალაქის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 საათზე დაიწყო. საპრეზიდენტო კანდიდატი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდამდე ხობში იმყოფებოდნენ, სადაც ასევე გამართეს შეხვედრა ამომრჩევლებთან. მთლიანობაში შეხვედრებმა მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ჩაიარა, თუმცა ორ შემთხვევაში ზუგდიდში საჯარო მოხელეთა აგიტაციაში სავარაუდოდ უკანონო მონაწილეობას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი.

აქციის გამო პოლიციამ დილიდანვე გადაკეტა ცენტრალური ბულვარის ერთი მხარე, ასევე დაამონტაჟეს რკინის ჯებირები შეხვედრის ადგილის გამოსაყოფად. აქციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ქალაქ ფოთის მერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაიაც. საარჩევნი მიზნებისთვის ეს პირები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, შესაბამისად, აგიტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაიაც, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პოლიტიკურ აქტივობებში კანონიერად მონაწილეობის მისაღებად 9 ოქტომბერს შვებულება აიღო. მერაბ ქვარაიამ მოგვიანებით იგივე უთხრა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესსაც”. აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კიდევ ერთი თანამშრომელი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი თადეოზ ფაცაცია, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ აქციაზე ყოფნის უფლება ჰქონდა, რადგან შვებულებაზე განცხადება დაწერა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული წერილით დასტურდება, რომ ორივე საჯარო მოხელე შვებულებაშია და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობით საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევიათ.

რაც შეეხება შესაძლო კანონდარღვევებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი ზვიად მალაზონიაც დააფიქსირა. გაირკვა, რომ მას შვებულების თაობაზე განცხადება დაწერილი არ აქვს, რაც საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ამ საჯარო მოხელემ დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

ასევე აქციის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერიან ხუბულავა იმყოფებოდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდა აქციაზე მყოფი პირების ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას ვალერიან ხუბულავამ განაცხადა, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა, ზემოაღნიშნული გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო აქციის ორგანიზების პროცესში. ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაცია საჩივრით ცენტრალურ საარჩენო კომისიას მიმართავს.

ჩვენს მიერ მოძიებული ფაქტების გარდა, 10 ოქტომბერს ინტერნეტრესურსმა „თავისუფალმა ზონამ” youtube-ზე გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, სადაც ასახულები არიან ის პირები, რომლებიც ზუგდიდში გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას ესწრებოდნენ. „თავისუფალი ზონის” წევრების მტკიცებით, ამ პირების ნაწილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში არიან დასაქმებულები. ფოტოებზე ამ პირებს არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ აღენიშნებათ, რაც ეწინააღმდეგება შსს-ს მიერ თანამშრომელთა აგიატაციაში მონაწილეობის კუთხით შემუშავებულ შიდა ინსტრუქციას, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის 30 სექტემბერის სხდომაზე გაჟღერდა. ფოტოკოლაჟში, ასევე, ჩანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა აპარატის მთავარი სპეციალისტი დავით ჭანტურია, თუმცა უცნობია, სარგებლობს თუ არა დავით ჭანტურია კუთვნილი შვებულებით. ორგანიზაცია ამ ინფორმაციას გამოითხოვს და დაადგენს ამ პირის პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის კანონიერებას. კოლაჟში ჩანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალიაც. ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახად, თენგიზ ქობალია ამჟამად შვებულებაში არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში მიიღონ სათანადო ზომები.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
elections