საგარეჯოს მერიამ ორი კვირის დაფუძნებულ კომპანიას პირდაპირი შესყიდვით მსხვილი კონტრაქტი გაუფორმა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საგარეჯოს მერიამ ორი კვირის დაფუძნებულ კომპანიას პირდაპირი შესყიდვით მსხვილი კონტრაქტი გაუფორმა

16 აგვისტო, 2023

შპს „ჰორიზონტი 23“ 2023 წლის 23 ივნისს დაარსდა და 2 კვირაში, 7 ივლისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან 86,859 ლარის კონტრაქტი მიიღო გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით. კომპანიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზების და საბავშვო ბაღის ეზოს რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს.

შპს „ჰორიზონტი 23“-ის მფლობელი ნინო ქვლივიძე, ხოლო დირექტორი გიორგი ქვლივიძეა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. 2021 წლის ივლისამდე სახელმწიფო შესყიდვებში გიორგი ქვლივიძის კომპანია შპს „მაია“ მონაწილეობდა, რომელიც 2022 წლის 28 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში შეიყვანა. შპს „მაიამ“ გაფრთხილება 2021 წლის მაისში საგარეჯოს მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიიღო. გაფრთხილებულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღება არ ეზღუდება, თუმცა მასთან თანამშრომლობა მაღალი რისკის მატარებელი ხდება. ხელშეკრულება, რომლის გამოც შპს „მაიამ“ გაფრთხილება მიიღო, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დღემდე შეუსრულებელ ხელშეკრულებათა კატეგორიაშია.

შპს „მაიას“ 2017-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 1.5 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული. აქედან, 1.3 მლნ ლარის 19 კონტრაქტი ელექტრონული ტენდერებით მიიღო, ხოლო 245 ათასი ლარის 7 კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვებით. მიღებული 1.5 მლნ ლარის 99% საგარეჯოს მერიასთან გაფორმებულ კონტრაქტებზე მოდის (26-დან 23 კონტრაქტი).

ფაქტობრივად, შპს „მაია“ ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული კომპანიაა. მან საგარეჯოს მერიის მიერ გამოცხადებულ 22 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 18-ში გაიმარჯვა. მერიის მიერ ამ ტენდერების ჩატარების პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ტენდერები თავიდანვე შპს „მაიაზე“ იყო მორგებული. ამაზე რამდენიმე გარემოება მიანიშნებს:

  1. 18 ტენდერიდან 8-ში შპს „მაიას“ კონკურენტი არ ჰყავდა;
  2. 8 ტენდერში საგარეჯოს მერიამ შპს „მაიას“ კონტრაქტი კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიცირების შემდეგ გაუფორმა. აქედან, 6 ტენდერში უფრო დაბალი ფასის მქონე 2 კომპანიას მიანიჭა დისკვალიფიკაცია, ხოლო 1 ტენდერში 4 კომპანიას.
  3. 18 ტენდერიდან 17-ში კონტრაქტის საბოლოო თანხა გაიზარდა, ანუ შპს „მაიამ“ საბოლოოდ იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ტენდერში შეთავაზება გააკეთა. სავარაუდოდ, მერია ტენდერებს საჭიროზე დაბალ ფასად განზრახ აცხადებდა, კონკურენცია რომ შეეზღუდა.

მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ჩვენს მიერ დასახელებული ფაქტებიდან გამომდინარე, შეისწავლონ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები, სადაც შპს „მაია“ იმარჯვებდა.