საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამარტივებულმა შესყიდვებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს.
ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. მისი კომპანიის, შპს „ჩალიუსის“ (ს/კ 404988019) დირექტორმა, ოთარ ბუზარიაშვილმა, 2018 წლის ივნისში დააფუძნა კომპანია, შპს „ახალი კომპანია 2018“ (ს/კ 438115479). ამ კომპანიამ, 2019 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 23 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1,336,748.77 ლარი შეადგინა, 2019 წლის სექტემბერში კი 67,248.36 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT190017588) უკონკურენტოდ მოიგო.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოთარ ბუზარიაშვილის გააქტიურება პირდაპირ უკავშირდება ოთარ ჩალათაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას:
ოთარ ბუზარიაშვილის საქმიანობა სახელმწიფო შესყიდვებს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც თანამდებობაზე ოთარ ჩალათაშვილი აირჩიეს - ბუზარიაშვილის კომპანიას, შპს „ახალი კომპანია 2018“-ს (ს/კ 438115479) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა არ უფიქსირდება არანაირი აქტივობა. მას არ მიუღია არცერთი ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა სხვა მუნიციპალიტეტში.
ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან, 2019 წელს, 1,403,997.13 ლარი მიიღო მაშინ, როდესაც სხვა წლებში ოთარ ბუზარიაშვილსა და მის კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
2019 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებულ შესყიდვებში, ჯამში, 3,470,955.62 ლარი დახარჯა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2,638,959.8 ლარი შეადგინა, რომლის 50.65% სწორედ ბუზარიაშვილის კომპანიამ მიიღო.
შპს „ახალი კომპანია 2018“-ის მიერ მოგებული 23 გამარტივებული შესყიდვიდან 8-ის ღირებულება 50 ათას ლარს აღემატება, ხოლო 5 მათგანის ღირებულება - 100 ათას ლარს. ასევე, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ოთარ ბუზარიაშვილის კომპანია რამდენიმე გამარტივებულ შესყიდვას იღებს ერთსა და იმავე დღეს, დროის ძალიან მცირე ინტერვალებით.
ამასთან, ბუზარიაშვილის კომპანიამ 2019 წლის 30 სექტემბერს უკონკურენტოდ მოიგო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტენდერიც (NAT190017588), რომლის ღირებულება 67 ათას ლარზე მეტი იყო. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ქალაქ საგარეჯოსა და მის სოფლებში გარე განათების სამუშაოების შესყიდვა.
სავარაუდოდ, ოთარ ბუზარიაშვილის კომპანია გაიმარჯვებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წლის 15 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერშიც - NAT190021717, რომლითაც ქალაქ საგარეჯოში, სათავის ქუჩაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები უნდა შესრულდეს. ტენდერში შპს “ახალ კომპანია 2018”-ს ერთადერთი კონკურენტი ჰყავდა და 2019 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა მისი დისკვალიფიკაცია.
ოთარ ჩალათაშვილის მიერ დარღვევით შევსებული დეკლარაციები
გარდა ზამოხსენებულისა, დარღვევა ფიქსირდება ოთარ ჩალათაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში. კერძოდ, 2018 და 2019 წლებში შევსებულ დეკლარაციებში, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ნაწილში, მას მითითებული აქვს 3 კომპანია: შპს „ჩალიუსი” (ს/კ 404988019), შპს „სი-ეფ-ჯეი და პარტნიორები” (ს/კ 205284002) და შპს „ნაზვრევი” (ს/კ 405034074). კანონის მოთხოვნების მიუხედავად, მას აღნიშნულ კომპანიებში კუთვნილი წილები სხვისთვის მინდობით არ გადაუცია. მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოახდინოს რეაგირება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „ახალი კომპანია 2018“-ის საქმიანობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებში შესაძლო კორუფციული გარიგებების გამოვლენის მიზნით.