საჯარო მოხელეთა პრემიების საკითხი დეტალურ რეგულირებას საჭიროებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საჯარო მოხელეთა პრემიების საკითხი დეტალურ რეგულირებას საჭიროებს

30 ივნისი, 2014

თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიების საკითხი ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა საჯარო განსჯისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი. ბოლო მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს კანონმდებლობის დახვეწისა და პრემიების სისტემის მოწესრიგების აუცილებლობას.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც მალე 15 ივნისის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა უნდა შეცვალონ, საკრებულოს დატოვებამდე პრემიებს აიღებენ ხელფასის 350 პროცენტის ოდენობით, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლების შემთხვევაში პრემიის ოდენობა ხელფასის 150 პროცენტი იქნება. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა თბილისის საკრებულო, რომელმაც დააზუსტა, რომ პრემიის ოდენობა საკრებულოს წევრებისთვის ხელფასის 300 პროცენტი, ხოლო აპარატის თანამშრომლებისთვის - 200 პროცენტია.

თბილისის საკრებულოს მიერ 2013 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირთა ყოველთვიური ხელფასების ოდენობა შემდეგია:

თანამდებობა

ხელფასი

საკრებულოს თავმჯდომარე

3540 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

2950 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2850 ლარი

საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე

2 600 ლარი

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2 600 ლარი

თუ თავად საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებას დავეყრდნობით, გამოდის, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები ამჯერად ერთჯერადი პრემიის სახით 7 800 - 10 350 ლარს მიიღებენ. თითოეული თანამდებობის პირის პრემიის ოდენობა ასეთი იქნება:

თანამდებობა

პრემია

საკრებულოს თავმჯდომარე

7800 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

8850 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

8550 ლარი

საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე

7800 ლარი

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

7800 ლარი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 2013 წლის პირველი 10 თვის მანძილზე თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით 1,7 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა ამ პერიოდში პრემიის სახით 18 000 - 19 000 ლარი მიიღეს, ანუ საშუალოდ თვეში  1800- 1 900 ლარი.

აქვე შეიძლება გავიხსენოთ, რომ, მაისის თვეში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოხეელების მიერ 2013 წლის დეკემბერში ერთჯერადად მიღებული პრემიების ოდენობა 18 000-39 000 ლარს შეადგენდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ ინფორმაცის არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება მთავრობის მხრიდან.

რა პრობლემებია კანონში და პრაქტიკაში

განსაკუთრებულ შემთხვევებში საჯარო მოსამსახურეების პრემიით წახალისება ნორმალური პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს, რომ პრემიები მართლაც განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემოდეს. ამის ნაცვლად, საქართველოს საჯარო ინსტიტუტებში პრემია რეალურად საჯარო მოსამსახურის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გასაზრდელად გამოიყენება. გარდა ამისა, დღეს მოქმედი სისტემის ფარგლებში, სრულიად გაურკვეველია კავშირი შესრულებული სამუშაოს მოცულობას/ხარისხსა და მიღებულ პრემიას შორის.

პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საბიუჯეტო დაგეგმვის სისტემაში არსებული ხარვეზებიცაა. საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულების (№36, 2004 წლის 31 იანვარი) მიხედვით, საბიუჯეტო დაწესებულებებს შეუძლიათ პრემიები შრომის ანაზღაურებისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში   გასცენ. აქ ერთადერთ შეზღუდვას წარმოადგენს უწყების შრომის ანაზღაურების ფონდი. არსებული კანონმდებლობით, თუ შრომის ანაზღაურება დაიგეგმება იმგვარად, რომ ხელფასების გარდა პრემიის ან სხვა დანამატის გაცემაც იქნება შესაძლებელი, პრემიის გაცემა  შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ლეგიტიმური იქნება ნებისმიერი ოდენობით. მაგალითად, თუ მხარჯავმა დაწესებულებამ  შრომის ანაზღაურებისთვის თავისი საბიუჯეტო განაცხადით მოითხოვა 10 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც ყველა სახის საშტატო თუ არასაშტატო  შრომის ანაზღაურებისთვის საჭიროებდა, ვთქვათ, 7 მილიონ ლარს, დარჩენილი 3 მილიონი ლარი შეიძლება გასცეს ნებისმიერი ოდენობის პრემიებად. იმ პირობებში, როცა ბიუჯეტის დაგეგმვის სისტემის (ელექტრონული საბიუჯეტო განაცხადი) უამრავი ხარვეზი საბიუჯეტო დაწესებულებას საშუალებას აძლევს შრომის ანაზღაურება საშტატო რიცხოვნობის გაუთვალისწინებლად დაგეგმოს, დაწესებულებას პრემიის თუ დანამატების გასაცემად არაინაირი ეკონომიის გაკეთების აუცილებლობა არ დაუდგება, თუ შრომის ანაზღაურებას მეტობით  დაგეგმავს.

ამგვარი ბუნდოვანი სისტემა და მკაფიო წესების არარსებობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციისთვის პრემიების სფეროში. ამასთან, ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ მიღებული უჩვეულოდ დიდი პრემიების შესახებ ამცირებს მოქალაქეთა ნდობას ხელისუფლების მიმართ, რადგანაც მოქალაქეებს არავითარი საფუძველი არ აქვთ ირწმუნონ, რომ ეს პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცემა.

საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს მიიღო დადგენილება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში პრემიების გაცემის წესებს ადგენს. მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯი არსებული პრობლემის გადასაჭრელად, მისასალმებელია, თუმცა პრემიების გაცემის წესი არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არამედ კომპლექსურად -  ყველა საჯარო უწყებაზე, მათ შორის ადილობრივ თვითმმართველობაზეც უნდა გავრცელდეს. საკითხისადმი არაუნიფიცირებული მიდგომა გამოიწვევს ფინანსური რესურსების მართვის სხვადასხვა პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც პრემირებისა და დანამატების გაცემის არსებულ სისტემას უფრო გაუმართავს გახდის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არაერთი კვლევა გამოაქვეყნა საჯარო მოხელეთა პრემირების შესახებ, სადაც გამოიკვეთა, რომ პრემიები ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე, ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა, ეს მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობის ბიუჯეტი არათვითკმარია. სამეგრელო-ზემო სვანეთის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, 2012 წელს ამ რეგიონის თვითმმართველობებში პრემიის სახით 2,5 მილიონ ლარამდე გაიცა, 2013 წელს 3 მილიონ 110 ათას ლარზე მეტი, მიმდინარე 2014 წლის პირველი ხუთი თვის მონაცეებით კი ტენდენცია მზარდია და იანვრიდან მაისის ჩათვლით სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 თვითმმართველ ერთეულში 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტია გცებული.

ამდენად, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელონ საჯარო სამსახურში პრემიების მარეგულირებელი ნორმების რეფორმა და შექმნან გამჭვირვალე სისტემა, რომელიც საზოგადოებაში ნაკლებ კითხვას გააჩენს თანამდებობის პირთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო უწყებებში აუდიტის განხორციელებისას ყურადღება უნდა დაუთმოს პრემიების საკითხსაც.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“