„საქართველო არ იყიდება”-ს და მმართველი პარტიის უკანონო გარიგება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საქართველო არ იყიდება”-ს და მმართველი პარტიის უკანონო გარიგება

21 აგვისტო, 2012

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება”-ს სახელით მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა ნასარიძემ გააკეთა განცხადება, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს, ორგანიზაცია უფასოდ სთავაზობს საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპებს. განცხადებაში ნასარიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უკვე გამოეხმაურა მათ შეთავაზებას და აღნიშნულ პარტიას უსასყიდლოდ გადასცეს ვიდეორგოლები, რომლებიც უკვე გადაიცემა ზოგიერთი ტელეარხით. მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ითვლება შემოწირულებად. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულებების მიღება იურიდიული პირებისგან.

გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება” არის იურიდიული პირი, მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” უსასყიდლოდ გადაცემული ვიდეოკლიპები წარმოადგენს უკანონო შემოწირულებას და გარიგების მონაწილე მხარეთა მიმართ უნდა გატარდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომები - მიღებული/გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება.

მოვუწოდებთ სახელწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
elections