საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს

2026 წლის მარტში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს 3 მილიონი ლარი გამოეყო. სამინისტროს არ გაუსაჯაროებია არანაირი ინფორმაცია, თუ როგორ დაიხარჯა გამოყოფილი თანხა, არ გამოუქვეყნებია კონტრაქტორების შესახებ დეტალები და არ პასუხობს ჟურნალისტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. ეჭვებს აძლიერებს მაშინდელი კულტურის მინისტრის მიმართ მანამდე არსებული პასუხგაუცემელი კითხვებიც, რომელიც მინისტრობამდე მის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კერძო კომპანიაში მუშაობას უკავშირდება. ამ საკითხს მიეძღვნა 12 სექტემბერს ტვ პირველის ეთერში გასული „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გაეცნო საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებს.
ყველაფერი, რაც ამ ხარჯების შესახებ საჯაროდ არის ცნობილი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის 20 მარტს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ექვს უწყებას სულ 5.59 მილიონი ლარი გამოუყო, მათ შორის 3 მილიონი ლარი – კულტურის სამინისტროს. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ამ თანხიდან კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, 8 მაისს, მთავრობამ შეიტანა ცვლილება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ განკარგულებაში, მიუსადაგა ის რეალურ ხარჯებს და შეამცირა გამოყოფილი თანხები. ახალი განკარგულებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ზუსტად 722.6 ათას ლარამდე, ხოლო სულ ჯამური პაკეტი 2.56 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რა არ არის ცნობილი?
საჯარო არ არის კულტურის სამინისტრომ 722.6 ათასი ლარის რა ნაწილი დახარჯა კონტრაქტორების მეშვეობით, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები, რა მომსახურებისთვის, რა ოდენობით და რა საფუძვლით შეარჩიეს ისინი. ასევე უცნობია, როგორ დახარჯა თავისი წილი დანარჩენმა ხუთმა უწყებამ. ცხრილში იხილეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფაქტობრივად გაცემული თანხები უწყებების მიხედვით.
|
უწყება |
ფაქტობრივად გაცემული თანხა (ლარი) |
|
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო |
860,393 |
|
კულტურის სამინისტრო |
722,642 |
|
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია |
612,484 |
|
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (სს „საქართველოს რკინიგზისთვის“) |
165,393 |
|
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
102,774 |
|
საგარეო საქმეთა სამინისტრო |
99,088 |
|
სულ |
2,562,774 |
რატომ არის საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალი კულტურის სამინისტროს ხარჯების მიმართ?
მინისტრად დანიშვნამდე წინა ორ წელიწადში თინათინ რუხაძემ 410,000 ლარი მიიღო კომპანიაში შპს „თიხარტი" მრჩევლის პოზიციაზე მუშაობისას. ეს არის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კომპანია, რომელსაც 3.8 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის სახელმწიფო კონტრაქტები ისე აქვს მიღებული, რომ არასდროს კონკურენტულ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. ივლისში, რუხაძემ ისე დატოვა მინისტრის პოზიცია, რომ მასთან დაკავშირებით გაჩენილ ამ ლეგიტიმური კითხვებისთვის არ უპასუხია. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა სწორედ ღონისძიების ორგანიზება იყო, რაც სწორედ მინისტრთან დაკავშირებული კომპანიის საქმიანობის სფეროში შედის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სამინისტრომ ხომ არ გადაუხადა თანხა მინისტრთან ფინანსურად დაკავშირებულ კომპანიას, რაც ამ კონტექსტში კორუფციული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება იქნებოდა.
რატომ არის ხარჯების შესახებ ინფორმაცია დახურული?
კანონის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიღმა რჩება: ის არ მოითხოვს არც კონკურსს და არც გამოქვეყნებას. კანონის ეს ჩანაწერი მნიშვნელოვნად აზიანებს საბიუჯეტო თანხების საჯარო კონტროლს და ქმნის კორუფციის რისკებს. 2023 წელს ეს პრობლემა მთავრობამაც აღიარა (ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში) და აიღო ვალდებულება რომ 2024 წლის ბოლომდე ამ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება სავალდებულო გახდებოდა. ეს ვალდებულება მთავრობამ არ შეასრულა. გარდა ამისა, „ტვ პირველის" ცნობით, კულტურის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ხარჯებთან დაკავშირებული ორი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. შედეგად, ამ მომენტისთვის საზოგადოებისთვის სრულიად დაფარულია თუ როგორ დაიხარჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალისთვის გამოყოფილი თანხა.
რა უნდა მოხდეს ახლა
კულტურის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა საკუთარი ინიციატივით უნდა გამოაქვეყნონ ამ ასიგნების ხარჯვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებები, მიმწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები და სხვა დეტალები. აგრეთვე, კულტურის სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს კანონის დარღვევა და ჟურნალისტებს მიაწოდოს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. ასეთი სენსიტიური საჯარო სახსრების ხარჯვის გასაიდუმლოება წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელ თვისებად იქცა, რაც მხოლოდ აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს.