საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა თანამდებობრივი სარგო იზრდება
2014 წლის 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებების შეტანას ორ კანონში: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების გაზრდა და ყოველთვიური დანამატის შემოღება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს ეტაპობრივ ზრდას, თუმცა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის შემოღებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა პარლამენტს.
16 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ხდება 7 000 ლარი (მოქმედი კანონით განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 1 350 ლარით მეტი); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობრივ სარგოდ განსაზღვრულია 6 300 ლარი (მოქმედი კანონით განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 1 500 ლარით მეტი); ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრა 6 000 ლარი (მოქმედი კანონით განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 1 600 ლარით მეტი).
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს ეტაპობრივი ზრდა სასამართლო რეფორმის კონცეფციით, რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და მიზანშეწონილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა, როგორც სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი შტოს მოსამართლეთა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების გათანაბრება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დადებითად აფასებს სასამართლო რეფორმის ფარგლებში მოსამართლეთა შრომითი ანაზღაურების გაზრდას,
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა თანამდებობრივი სარგოს ეტაპობრივი ზრდა
პირველი კანონი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურებას შეეხებოდა 1996 წლის 20 სექტემბერს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. 1996 წლის კანონით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიურ ანაზღაურებას შეადგენდა 170 ლარი (477 ლარის ეკვივალენტი 2014 წლის აგვისტოს ფასებით); თავმჯდომარის მოადგილის – 165 ლარი (463 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის – 150 ლარი (421 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კი – 145 ლარი (407 ლარი).
1999 წელს კანონში შევიდა ცვლილება და გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ანაზღაურება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასმა შეადგინა 700 ლარი (1 485 ლარი), მოადგილეებისა და მდივნის – 630 ლარი (1 336 ლარი), ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – 595 ლარი (1 262 ლარი).
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ხელფასების ზრდა 2004 წელსაც გაგრძელდა. 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოდ განისაზღვრა 2 500 ლარი (3 989 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის – 2 400 ლარი (3 830 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – 2 300 ლარი (3 670 ლარი).
2006 წლის 1 იანვრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 4 100 ლარი (6 089 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის – 3 300 ლარი (4 901 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – 3000 ლარი (4 455 ლარი).
კანონში უკანასკნელი ცვლილება 2008 წლის 26 დეკემბერს შევიდა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა თანამდებობრივი სარგო შემდეგი ოდენობით დადგინდა:
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5650 ლარი (6 571 ლარი);
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 4800 ლარი (5 582 ლარი);
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 4400 ლარი (5 117 ლარი).
დიაგრამა 1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რეალური თანამდებობრივი სარგო (ლარი)
(2014 წლის აგვისტოს ფასებით)2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს ეტაპობრივი ზრდა
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომით ანაზღაურებას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“. კანონი საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 23 დეკემბერს მიიღო.
2005 წლამდე კანონის მიღებამდე მოსამართლეთა შრომითი ანაზღაურება რეგულირდებოდა პრეზიდენტის ბრძანებულებით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“. ბრძანებულების თანახმად, მოსამართლის მაქსიმალური ანაზღაურება იყო 630 ლარი (1 005 ლარი), უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი იყო 730 ლარი (1 165 ლარი), საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის 710 ლარი (1 133 ლარი), რაიონული (საქალაქო) თავმჯდომარის 625 ლარი (997 ლარი), რაიონული სასამართლოს მოსამართლის 600 ლარი (957 ლარი). ასევე განსაზღვრული იყო დანამატი 5-დან 40%-მდე მოსამართლედ ნამსახურობის წლების მიხედვით. 40% დანამატით ის მოსამართლე სარგებლობდა, რომელსაც 35-დან 40 წლამდე ვადით ეკავა მოსამართლის თანამდებობა.
2005 წლის 15 თებერვალს წელს ცვლილება შევიდა ამავე ბრძანებულებაში და უმაღლესი სასამართლო თავმჯდომარის ხელფასი განისაზღვრა 730 ლარით (1 131ლარი), სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 710 ლარით (1 100 ლარი), რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი კვლავ დარჩა 625 ლარი (968 ლარი) და რაიონული სასამართლოს მოსამართლის – 600 ლარი (929 ლარი). მოსამართლის მაქსიმალურმა ხელფასმა შეადგინა 710 ლარი (1 100 ლარი), მაქსიმალურმა დანამატმა კი – 30 %.
2005 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მოსამართლეთა ანაზღაურება კანონით რეგულირდება. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ოთხჯერ შევიდა ცვლილება: ორჯერ 2007 წელს, ერთხელ 2008 წელს და უკანასკნელი ცვლილება – 2013 წლის 26 დეკემბერს. ცვლილებების შესაბამისად იზრდებოდა მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგო.
2005 წლის კანონის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც 2006 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში, უზენაესი თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 4 100 ლარს (6 089 ლარი) შეადგენდა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის – 3 000 ლარს (4 455 ლარი), ხოლო რაიონული სასამართლოს მოსამართლის 1 450 ლარს (2 450 ლარი).1650
2007 წლის 20 ივნისის ცვლილებები არ შეხებია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი გახდა 3 100 ლარი (4 107 ლარი), რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის – 1 750 ლარი (2 318 ლარი), ხოლო რაიონული სასამართლოს მოსამართლის – 1 550 ლარი (2 053 ლარი). საშუალოდ 100 ლარით გაიზარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააპელაციო და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეთა და მოსამართლეთა ანაზღაურება.
2007 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 5 450 ლარი (6 620 ლარი), სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის – 4 000 ლარი (4 859 ლარი), რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის – 2 300 ლარი (2 794 ლარი). შესაბამისად გაიზარდა მოადგილეთა და სააპელაციო და რაიონულ სასამართლოთა მოსამართლეების ანაზღაურება. რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრა 2 100 ლარი (2 551 ლარი).
2008 წლის 19 დეკემბრის ცვლილებით 200 ლარით გაიზადა სასამართლოს თავმჯდომარეთა და მოსამართლეთა ხელფასები. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 5 650 ლარი (6 571 ლარი), სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის – 4 200 ლარი (4 885 ლარი), რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის – 2 500 ლარი (2 907 ლარი), რაიონული სასამართლოს მოსამართლის – 2 300 ლარი (2 675 ლარი).
უკანასკნელი ცვლილება კანონში 2013 წლის 26 დეკემბერს შევიდა, რომლის თანახმად, მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:
-
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი (6 940 ლარი);
-
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 6 500 ლარი (6 444 ლარი);
-
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 6 300 ლარი (6 246 ლარი);
-
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 6 000 ლარი (5 948 ლარი);
-
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი (5 750 ლარი);
-
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი (5 552 ლარი);
-
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი (5 254 ლარი);
-
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი (4 957 ლარი);
-
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი (4 560 ლარი);
-
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი (4 263 ლარი);
-
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი (3 966 ლარი);
-
რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი (496 ლარი).
დიაგრამა 2. . საერთო სასამართლოების თავმჯდომარეების რეალური თანამდებობრივი სარგო (ლარი)
(2014 წლის აგვისტოს ფასებით)
3. მინისტრების შრომითი გასამრჯელო
შედარებისთვის გაგაცნობთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შრომის ანაზღაურებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა და მოსამართლეთა ხელფასებისაგან განსხვავებით, მინისტრების ანაზღაურების ზუსტი ოდენობა არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის #45-ე ბრძანებულებით, არის დადგენილი. ბრძანებულების თანახმადაც, საქართველოს პრემიერ მინისტრის ანაზღაურება 4 250 ლარია, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება – 3 540 ლარი. მინისტრის ხელფასებზე ყოველთვიურ დანამატების დადგენის უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს (საქართველოს მთავრობის #54 დადგენილება, მუხლი 5). აღნიშნული უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და 2013 წლის მარტიდან მინისტრების სახელფასო დანამატად თვეში 4 335 ლარი განსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი მინისტრებზე პრემიების მოუწესრიგებელი გაცემის შეწყვეტა იყო. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს (3 540 ლარი) ფიქსირებული დანამატი (4 335 ლარი) დაემატა და სულ მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარი გახდა.
2014 წლის 21 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერის ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა და თვეში განსაზღვრული დანამატის ოდენობა 2 710 ლარამდე შეამცირა. ამდენად, ხელფასების შემცირება სახელფასო დანამატის კომპონენტში მოხდა, ყოველთვიური სარგო კი ისევ 3 540 ლარი დარჩა. შესაბამისად, მინისტრების ხელფასი დანამატთან ერთად 6 250 ლარია.
4. პარლამენტის წევრთა შრომითი გასამრჯელო
პარლამენტის შრომითი გასამრჯელო დარეგულირებულია საქართველოს კანონით „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი 1996 წლის 21 თებერვალს მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 1996 წელს იყო 80 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრის 70 ლარი.
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 2 000 ლარის ოდენობით. „პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას, პრემიას და სხვა დანამატებს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
პარლამენტის ბიურომ 2013 წლის 18 იანვრის № 27/1 გადაწყვეტილებით დაადგინა დანამატების ოდენობა. პარლამენტის წევრთა შრომითი გასამრჯელო (თანამდებობრივ სარგოს + სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა) შეადგენს:
პარლამენტის თავმჯდომარე – 5 905 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 5 570 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარი მოადგილე – 5 505 ლარი;
უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერი, კომიტეტის თავმჯდომარე – 4 705 ლარი;
ფრაქციის თავმჯდომარე – 4 635;
დროებითი კომისიის თავმჯდომარე – 4 105 ლარი;
უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3 970 ლარი;
ფრაქციის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – 3905 ლარი;
პარლამენტის წევრი – 3790 ლარი.
-