სამცხე-ჯავახეთში წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ

სამცხე-ჯავახეთში ამჟამად წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ 266,103,541 ლარს 5 სამშენებლო კომპანია ინაწილებს. მათ „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 676,000 ლარი შეწირეს. ეს კომპანიები მიმდინარე 7 ტენდერს ახორციელებენ. მათ შორის 3 ტენდერი, 121,302,540 ლარზე (45.5%) უკონკურენტოდ მოიგეს.
რეგიონში, წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამური ღირებულების 49.8% (132,702,271 ლარი) მიიღო კომპანიამ, რომელიც ჯერ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გიორგი ჭყონიას ეკუთვნოდა, ამჟამად კი მისი შვილების საკუთრებაშია.

შვიდივე მიმდინარე ტენდერი 2022-2023 წლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა. მათგან 4 ტენდერი, ჯამში, 172,505,958 ლარზე, ბორჯომ-ბაკურიანში ხორციელდება. თითო-თითო ნინოწმინდაში, ახალციხესა და აბასთუმანში.

- შპს „გზა“ სამცხე-ჯავახეთში 3 პროექტს ასრულებს: მან ბაკურიანში, წყალმომარაგების ქსელის პროექტირების, მშენებლობისა და წყალარინების ქსელის პირველი ზონის სამშენებლო სამუშაოებისთვის 50,603,116 ლარი მიიღო, ნინოწმინდაში და მის სამ სოფელში - დიდ ხანჩალში, კატნატუსა და ოროჯალარში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის - 40,199,424 ლარი და ახალციხეში, წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებისთვის - 41,899,731 ლარი. შპს “გზამ” 3-დან 2 ტენდერი 90,802,540 ლარით (საერთო თანხის 68.4%-ის ოდენობით) უკონკურენტოდ მოიგო.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მალხაზ დუმბაძემ და დირექტორმა, ლევან მჟავანაძემ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს, ჯამში, 360,000 ლარი შეწირეს. კომპანია 2026 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭყონიას ეკუთვნოდა. ამ დროისთვის მან თავისი 100% წილი შპს „ჯი აი, კაპიტალს“ გადასცა, რომლის 50-50% წილსაც მისი შვილები, ლია და თეა ჭყონიები ინაწილებენ. შპს „გზას“ შესაძლო კორუფციულ სახელმწიფო შესყიდვებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2025 წლის აპრილში, 2026 წლის 11 ივნისს, 12 ივნისსს და 21 ივნისს წერდა.
- შპს „ელ ჯორჯია“ დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების სათავე კვანძისა და მაგისტრალური მილსადენის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. მისმა დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ „ქართულ ოცნებას“ 41,000 ლარი შეწირა, მესაკუთრე ტარიელ გიორგაძემ კი - 60,000 ლარი. აღსანიშნავია, რომ ტარიელ გიორგაძის შპს „დიღომი ჰესს“, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის განკარგულებით, აღნაგობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო ქონება, რომლის პროვატიზების პირობებიც უცნობია.
- შპს „ინსი“ ბაკურიანში, წყალმომარაგების ქსელისა და რეზერვუარების პროექტირება-მშენებლობის, ასევე, წყალანირების ქსელის, მეორე ზონის სამუშაოებს 34,991,172 ლარით ახორციელებს. კომპანიის დირექტორი ზვიად თოიძე 50,000 ლარით „ქართული ოცნების“ შემწირველია.
- ამხანაგობა „ინვესტ გრუპმა“ , შპს „პროდიუს ინვესტმენტთან“ ერთად, ბორჯომში, წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს, 30,500,000 ლარით. “ინვესტ-გრუპმა” ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. კომპანიის დირექტორმა და მესაკუთრემ ამირან წკრილაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში, 105,000 ლარი შეწირა.
- შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ აბასთუმანში, სერვის ცენტრის, ლაბორატორიებისა და სახიფათო ნაარჩენების პროექტირებისა და მშენებლობის პროექტს 11,498,428 ლარით ასრულებს. კომპანიის მფლობელმა, ედნარ ჩიტიძემ მმართველი პარტიის ყულაბაში 60,000 ლარი შეიტანა.