თაღლითური ქოლ-ცენტრები და „ქართული ოცნება“
შესავალი: სისტემური დანაშაული და შერჩევითი სამართალი
ბოლო წლების განმავლობაში, არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა საქართველოში მასშტაბური დანაშაულებრივი ქსელის, ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ არსებობა. ეს კრიმინალური სინდიკატი დასავლელი პენსიონერებისა და გადასახადების გადამხდელების კუთვნილ მილიონობით ევროსა და დოლარს ითვისებს, რითაც უმძიმეს ფინანსურ ზიანს აყენებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, კანადის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.
წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის კავშირს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან, თუმცა ბოლო დროის მოვლენები საპირისპიროზე მიუთითებს.
2025 წლის დეკემბერში პროკურატურამ დააკავა გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი (2019-2025 წწ.), რომელსაც ბრალად ედება თაღლითური ქოლ-ცენტრის მფარველობა. მისი დაკავება ემთხვევა არა დანაშაულის აღმოჩენას, არამედ გრიგოლ ლილუაშვილის დაპირისპირებას ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან.
იმავე ტენდენციის ნაწილია 18 თებერვალს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება კიდევ ერთი მსხვილი ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკის მიერ დასანქცირებულ, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. მისი მფარველობით მოქმედ მსხვილ ქოლ-ცენტრებზე ჟურნალისტები ჯერ კიდევ 2022 წლიდან საუბრობდნენ (დეტალურად იხ. ქვემოთ, მამხილებლის მონათხრობი), თუმცა წლების განმავლობაში ის ხელშეუხებელი ფიგურა იყო და სახელისუფლებო ვერტიკალი მის დასაცავად ყველაფერს აკეთებდა.
ეს და სხვა ქვემოთ მოყვანილი ფაქტები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოში ქოლ-ცენტრების ინდუსტრია „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით დღესაც ოპერირებს.
მოპარული თანხების სავარაუდო მასშტაბები
2022 წელს, თაღლითური ქოლ-ცენტრების სისტემაში მომუშავე მამხილებლის მონათხრობის თანახმად, ერთი აქტიური თაღლითური ქოლ-ცენტრი დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებისგან ყოველდღიურად 50,000-დან 500,000 დოლარამდე უკანონო შემოსავალს იღებს. მამხილებლის ინფორმაციით, 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში თაღლითური ქსელი ფართომასშტაბიანი იყო, მოიცავდა ასობით ოფისს, ათასობით დასაქმებულს და დღიურად მილიონობით დოლარს აგენერირებდა.
ქოლ-ცენტრების იმდროინდელი მასშტაბის შესახებ 2026 წლის დეკემბერში გენერალურმა პროკურატურამაც ისაუბრა გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების კონტექსტში: „მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, [2021-2023 წლებში] ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი“.
OCCRP-ის 2025 წლის მარტის საერთაშორისო გამოძიების თანახმად, მხოლოდ ერთმა საშუალო ზომის ქსელმა სამი წლის განმავლობაში 35.3 მილიონი დოლარის მოპარული თანხა დააგროვა. ამ ჯგუფში შემავალი შვიდი აგენტისგან შემდგარ მხოლოდ ერთ გუნდს თვეში საშუალოდ 420,000 დოლარის „გამომუშავების“ გეგმა ჰქონდათ ხელმძღვანელობისგან დასახული, ასეთი ჯგუფი კი არაერთი იყო.
შესაბამისად, თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ OCCRP-ის მიერ გამოვლენილი ქოლ-ცენტრი საშუალო მასშტაბის იყო, ხოლო საქართველოში მინიმუმ რამდენიმე ათეული ქოლ-ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, გამოდის, რომ დასავლური ქვეყნების მოქალაქეებისგან მოპარული ჯამური თანხის ქვედა ზღვარი შესაძლოა – 350 მილიონი, ხოლო ზედა ზღვარი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყოს.
თაღლითობის სქემა: როგორ მუშაობს თაღლითური ქოლ-ცენტრი
თაღლითური ქოლ-ცენტრები ჩვეულებრივ IT ოფისებს ან ბიზნეს-ცენტრებს ჰგავს, რომლებიც ხშირად თანამედროვე შენობებშია განთავსებული. ისინი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და ტექნიკური მანიპულაციების რთულ სისტემას იყენებენ მსხვერპლის ნდობის მოსაპოვებლად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად. სქემა ძირითადად ექვსეტაპიანი ციკლისგან შედგება:
- სატყუარა: პროცესი იწყება არა უშუალოდ ქოლ-ცენტრში, არამედ ე.წ. „აფილირებულ კომპანიებში“. ეს მარკეტინგული ჯგუფები სოციალურ მედიაში (Facebook, Instagram, YouTube, TikTok) ათავსებენ რეკლამებს, რომლებიც „მცირე ინვესტიციით მაღალ მოგებას“ ჰპირდება მომხმარებლებს. ნდობის მოსაპოვებლად იყენებენ ცნობილი ადამიანების (მაგ. ილონ მასკი) ყალბ (Deepfake) ვიდეოებს. როდესაც მსხვერპლი რეგისტრირდება მისი მონაცემები გადაეცემა ქოლ-ცენტრს.
- ანკესი: მსხვერპლს დაუყოვნებლივ უკავშირდება საწყისი რგოლის თანამშრომელი — „აგენტი“. ისინი საუბრობენ უცხო ენაზე, იყენებენ გამოგონილ სახელებს და არწმუნებენ მსხვერპლს, განახორციელოს მცირე, საწყისი დეპოზიტი (ჩვეულებრივ $250 ან €250) სავაჭრო ანგარიშის გასააქტიურებლად. მათი მიზანია მხოლოდ პირველადი ნდობის მოპოვება და სისტემაში კლიენტის შეყვანა.
- მოგების ილუზია: თანხის გადარიცხვისა და რეგისტრაციის შემდეგ, მსხვერპლის მონაცემები აისახება თაღლითების შიდა CRM სისტემაში (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამა). მსხვერპლს ეძლევა წვდომა ყალბ ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც აჩვენებს სიმულაციურ გრაფიკებს, თითქოს მისი საწყისი ინვესტიცია იზრდება. სინამდვილეში, ფული გადარიცხვის მომენტშივე მოიპარეს, CRM კი გამოიყენება პროცესის სამართავად.
- შენარჩუნება/წნეხი: მსხვერპლი გადაეცემა „შენარჩუნების“ (retention) ჯგუფის უფრო გამოცდილ, ე.წ. „ბროკერს“. ეს არის სქემის მთავარი ფიგურა, რომელიც ამყარებს ღრმა ფსიქოლოგიურ კავშირს მსხვერპლთან. ონლაინ პლატფორმაზე გამოსახული ყალბი მოგების გამოყენებით, „ბროკერები“ არწმუნებენ მსხვერპლს დამატებით შეიტანოს ცხოვრების მანძილზე დაგროვილი დანაზოგი, გაყიდოს ქონება ან აიღოს სესხი რომ ხელიდან „არ გაუშვას წარმოუდგენელი შესაძლებლობა“.
- დაბლოკვა: როდესაც მსხვერპლი ცდილობს თანხის განაღდებას, სისტემა იკეტება. „ბროკერები“ მიზეზად ასახელებენ დამატებით „სადაზღვევო“ გადასახადებს, საკომისიოებს და სხვა ბარიერებს. პარალელურად, მოპარული თანხა მომენტალურად კონვერტირდება კრიპტოვალუტაში და ნაწილდება სხვადასხვა ანონიმურ კრიპტო საფულეებში, რაც მის მოძიებას და დაბრუნებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
- „დაბრუნების“ სქემა: ხშირ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მსხვერპლი ხვდება, რომ მოატყუეს, მას უკავშირდება „იურისტი“ ან „თანხის დაბრუნების სამსახური“. რეალურად, ეს იგივე კრიმინალური ჯგუფია, რომელიც ითხოვს საფასურს თაღლითობის „გამოსაძიებლად“, რითაც სამიზნე მეორედ ხდება ძარცვის მსხვერპლი.
მოვლენების ქრონოლოგია და ფაქტები
1. ხელშეუხებელი მფარველები (2021-2024)
2021-2024 წლებში ქართულ ტელეარხებზე ათობით საგამოძიებო სიუჟეტი გავიდა თბილისში მოქმედი უკანონო ქოლ-ცენტრების შესახებ. პრობლემა იმდენად მასშტაბური იყო, რომ დასავლური ქვეყნების საგამოძიებო უწყებების ყურადღება მიიქცია, რის შედეგადაც გენერალურმა პროკურატურამ უცხოელი პროკურორების დასწრებით რამენიმე ქოლ-ცენტრი საჩვენებლად დახურა.
პროკურატურის ოფიციალური სტატისტიკით, 2021-2024 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 100-მდე პირის მიმართ, თუმცა მაღალი რანგის ორგანიზატორები და მათი პოლიტიკური მფარველები ხელშეუხებელნი დარჩნენ.
2024 წლის აგვისტოში აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიამაც გამოაქვეყნა განცხადება თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან გენერირებული „შავი ფულის“ როლზე „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.
2. მამხილებლის მონათხრობი (2022)
2022 წელს „მთავარ არხზე“ ქოლ-ცენტრების ანატომიის შესახებ დეტალურად ისაუბრა მამხილებელმა, რომელიც მსხვილი თაღლითური ქსელის ყოფილი IT სპეციალისტი იყო. ვიდეო ინტერვიუში მან ღიად დაასახელა მაღალჩინოსნები, რომლებიც სხვადასხვა ქსელის მფარველს წარმოადგენდნენ. მისი ჩვენებით, ბიძინა ივანიშვილს დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, დასახელდა მთავარ ბენეფიციარად, რომელიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მოგებიდან 5%-ს იღებდა სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად. მამხილებელმა ასევე ისაუბრე ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც, მისი თქმით, ძმები მიქაძეების მიერ მართულ ქოლ-ცენტრების მასშტაბურ ქსელს მფარველობდა (რაც პროკურატურამ 4 წლის შემდეგ, 2026 წლის 18 თებერვლის განცხადებით დაადასტურა). ასევე, ბრალდებები გაჟღერდა თბილისის მერ კახა კალაძის მიმართ, რომელიც სავარაუდოდ კონკრეტულ მსხვილ ოფისებს მფარველობდა. გარდა ამისა, მამხილებელმა თაღლითების მფარველად დაასახელა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ისკო დასენი. ჩვენება ასევე მიუთითებდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ მინდია ლორთქიფანიძეზე, რომელიც სავარაუდოდ კერძო დაცვის სამსახურს იყენებდა ოფისების ფიზიკური დაცვისა და თანამშრომლების დაშინებისთვის.
3. OCCRP-ის გამოძიება (მარტი, 2025)
2025 წლის მარტში ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა (OCCRP), ქართველ პარტნიორებთან ერთად, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი თაღლითური ქოლ-ცენტრი გამოავლინეს. გამოძიებამ დაადგინა კრიმინალური ჯგუფის (A.K. Group) კავშირები. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მთავარი ოფისი სუს-ის შენობიდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობდა და წლების განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობდა.
გამოძიებამ მოახდინა 6,000-ზე მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირება ევროპიდან, ბრიტანეთიდან და კანადიდან, რომლებსაც ამ ქოლ-ცენტრმა 2022-2025 წლებში მინიმუმ 35.3 მილიონი დოლარი მოპარა.
4. სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავება (დეკემბერი, 2025)
2025 წლის განმავლობაში არაერთი მოვლენა მოხდა, რომელმაც ცხადი გახადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა დაკარგა. ლილუაშვილს ჯერ თანამდეობობა დაატოვებინეს, ხოლო 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მხოლოდ პოლიტიკური გავლენის დაკარგვის შემდეგ გახდა შესაძლებელი სუს-ის ყოფილი უფროსის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა გამოძებამ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც მისი ვალდებულება იყო. ყველა საფუძველი არსებობს იმის ვარაუდისა, რომ დაკავების რეალური მიზეზი ივანიშვილთან უთანხომება იყო და არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ დაკავებამდე „ქართული ოცნების“ სასამართლო სისტემა ლილუაშვილს აქტიურად იცავდა. სუს-ის ყოფილმა უფროსმა მანამდე ყველა ინსტანციის სასამართლოში მოუგო ცილისწამების დავა ტელეკომპანიებს „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“, რომლებიც მას წლების განმავლობაში თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობაში ამხელდნენ. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჟურნალისტური გამოძიებები სიცრუედ გამოაცხადა, სრულიად ეწინააღმდეგება პროკურატურის დღევანდელ ბრალდებას.
5. ფარცხალაძე-მიქაძეების ქსელის წინააღმდეგ დაწყებული დევნა (თებერვალი, 2026)
2022 წელს მამხილებლის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ძმები მიქაძეების კავშირზე თაღლითურ ქსელებთან, წლების განმავლობაში საგამოძიებო უწყებების მიერ რეაგირების გარეშე რჩებოდა. ოთარ ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აბსოლუტური ხელშეუხებლობით სარგებლობდა. მეტიც, როდესაც აშშ-მა ის დაასანქცირა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალური საგამონაკლისო ბრძანებაც კი მიიღო რომ მას სანქციისთვის თავი აერიდებინა და საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეენარჩუნებინა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა რაც 2025 წლის დეკემბერში ყოფილ მთავარ პროკურორს და ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინა. ამას მოჰყვა პროკურატურის 18 თებერვლის განცხადება, რომლის თანახმადაც ქოლ-ცენტრების საქმეზე ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებით ფარცხალაძის და ძმები მიქაძეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ის ფაქტი, რომ ამ წლების განმავლობაში უამრავი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად ფარცხალაძე იყო ხელშეუხებელი და მოულოდნელად მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება (ისევე როგორც ლილუაშვილის შემთხვევაში), კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ემსახურება არა დანაშაულის აღმოფხრის ინტერესებს არამედ კლანურ საჭიროებებს. მართლმსაჯულება აღსრულდება მაშინ და იმ დოზით, რასაც ამას ქვეყნის არაფორმალური მმართველის ინტერესები მოითხოვს.
6. თაღლითური ქოლ-ცენტრები კვლავ მუშაობენ (არსებული ვითარება)
ხმაურიანი დაკავებების მიუხედავად, სისტემური პრობლემა არ აღმოფხვრილა. OCCRP-ის უახლესი მონაცემებით, თაღლითური ქოლ-ცენტრები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. იმავეს ადასტურებს „ტვ ფორმულას“ 2025 წლის საგამოძიებო სიუჟეტებიც.
მამხილებელმა ჯერ კიდევ 2022 წელს გაუსვა ხაზი, რომ განხორციელებული მცირერიცხოვანი დაკავებები ფიქტიური იყო. „ისინი აკავებენ მხოლოდ დაბალი რგოლის ოპერატორებს ან უმცროს ბროკერებს,“ – განმარტა მან. ორგანიზატორები ხელშეუხებელნი რჩებიან. დაკავებული პირები აფორმებენ საპროცესო შეთანხმებებს, იხდიან ჯარიმას (ხშირად მოპარული ფულით) და მალევე თავისუფლდებიან.
მამხილებლის მონათხრობს ადასტურებს ტელეკომპანია „პირველის“ 2026 წლის იანვრის სიუჟეტი, რომლის თანახმად, 7 დაკავებული თაღლითი 9 თვეში გაათავისუფლეს ზიანის ანაზღაურებისა და ჯარიმის სანაცვლოდ. გაუმართლებლად მსუბუქი სასჯელი შეტყობინებას უგზავნის ქოლ-ცენტრების თაღლითებს, რომ ისინი რეალურად ხელშეუხებლები არიან, უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ იმის დაბრუნება მოუწევთ, რასაც თაღლითურად დაეუფლნენ, რაც პირდაპირ ახალისებს მათ საქმიანობას.
