თავდაცვის ბიუჯეტი: 7 წელი კონტროლის გარეშე?
იმ დროს როცა თავდაცვის სამინისტრო ხარჯვის მოცულობით სიდიდით მესამე სამინისტროა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენად კანონიერად და ეფექტურად იხარჯება ამ სფეროში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოსთვის“ ცნობილი გახდა, რომ კონტროლის პალატამ თავდაცვის სამინისტროში ბოლო კომპლექსური რევიზია 2005-2006 წლებში ჩაატარა, თუმცა მან მხოლოდ თავდაცვის უწყების რამდენიმე დანაყოფი (ძირითადად, ფინანსების მართვის დეპარტამენტი, შესყიდვები, საჰაერო ძალები, სამხედრო პოლიცია, ცალკეული ბრიგადები, გენშტაბის ჯარების ლოჯისტიკის სამმართველო) მოიცვა.
2006 წლის კომპლექსური რევიზიის შემდეგ კონტროლის პალატამ თავდაცვის სამინისტროში 2008 და 2009 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტების შესრულების აუდიტი ჩაატარა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების არასრული ანგარიშია. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტის აქტები აჩვენებს, რომ ეს აუდიტი ვერ ცვლის ფინანსურ ან შესაბამისობის აუდიტს.
კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ სახელმწიფომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფინანსური აუდიტის ჩატარება, მაშინ როცა (1) ომის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ქონების მართვისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის საკითხების შესწავლა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს თავდაცვის ხარჯი მთლიანი შემოსულობების თითქმის 22%-ს შეადგენდა; (2) მას შემდეგ, რაც კანონით 2009 წელს აუდიტის ცნება შემოვიდა, ბევრ სამინისტროში მოესწრო ფინანსური აუდიტის ჩატარება. ეს არსებითად ნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროში ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი არასდროს ჩატარებულა, რადგან კომპლექსური რევიზია თვისობრივად განსხვავდება ფინანსური აუდიტისგან.
ამასთან საყურადღებოა, რომ 2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტის შედეგები მთლიანად გასაიდუმლოვდა, რაც, იმ შემთხვევაშიც კი თუკი კანონიერად მოხდა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის თავდაცვის სამინისტროს ფინანსებს და კიდევ უფრო ნაკლებ ინფორმაციას გვაძლევს თავდაცვის სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე. შვიდი წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, სახელმწიფომ არც თავისთვის და არც საზოგადოებისთვის არ ჩათვალა საჭიროდ, რომ გაერკვია:
- რამდენად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იმართება თავდაცვის სამინისტრო;
- რამდენად შეესაბამება სამინისტროს საქმიანობა და ფინანსური სისტემები კანონმდებლობას;
- რამდენად კანონიერი და მიზნობრივი იყო თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა;
- რამდენად კანონიერად იხარჯებოდა ქვეყნის თავდაცვაზე გაწეული ხარჯები;
- ომის შემდეგ ჩატარდა თუ არა კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის სამხედრო ტექნიკის აუდიტთან დაკავშირებით.
ქვეყნის უმაღლეს აუდიტორს არ აქვს და ვერც ექნება ვალდებულება ყველა საბიუჯეტო მხარჯავ დაწესებულებაში ყოველწლიურად ჩაატაროს აუდიტი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტრო ხარჯვის მოცულობით სიდიდით მესამე სამინისტროა (განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შემდეგ) და მისი ფინანსური საქმიანობის გარკვეული ნაწილი (საიდუმლო ხარჯები, შესყიდვები) გასაიდუმლოებულია, რის გამოც საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ნაკლებად მოქმედებს, მნიშვნელოვანია სახელმწიფო თავად იყოს დაინტერესებული თავდაცვის სამინისტროს ხარჯვის პერიოდული შესწავლით. ასევე ვფიქრობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობაც უნდა დაინტერესდეს გასული შვიდი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ომისშემდგომი პერიოდის, სამინისტროს მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მართებულობითა და კანონიერებით.