ENG

თბილისის მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიის პირველი ნომრების ქონება

16 ოქტომბერი, 2017

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატებისა და საკრებულოს პარტიული სიების პირველი ნომრების ქონებას და ბიზნესინტერესებს, რომელთა მოკვლევა საჯარო რეესტრის ბაზებითა და შესაბამისი პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გახდა შესაძლებელი.

  • თბილისის მერობის 14 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი - ალექსანდრე ელისაშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი;

  • დედაქალაქს მერობის 2 ქალი კანდიდატი ჰყავს - ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოდან და ირმა ინაშვილი დავით თარხან-მოურავი, ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან;

  • კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან პარტიული სიის პირველ ნომრად ქალი კანდიდატები დაასახელეს ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ”, "რესპუბლიკურმა პარტიამ" და „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“;

  • კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატებიდან 3-ს (კახა კალაძე, ირმა ინაშვილი, კახა კუკავა) ბიზნესინტერესები აქვს კომპანიებში; რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნომრებს, ბიზნესინტერესები მხოლოდ ქართული ოცნების სიით წარდგენილ მარიკა დარჩიას აქვს;

  • მერობის კანდიდატებიდან 5-ს (კახა კალაძე, ელენე ხოშტარია, კახა კუკავა, გიორგი ვაშაძე, გიორგი გუგავა, თენგიზ შერგელაშვილი), სიის პირველი ნომრებიდან ასევე 5-ს (დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი გაბაშვილი, გოჩა თევდორაძე,  ხათუნა სამნიძე, ნანა ტოხვაძე)  სხვადასხვა დროს პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.

 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

კახა კალაძე - თბილისის მერობის კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

ფეხბურთელი კახა კალაძე 2008 წელს “პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. 2011 წლიდან პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრია, 2013 წლიდან კი არის პარტიის გენერალური მდივანი. 2013-2017 წლებში, თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებამდე, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი იყო.  

ქონება და ბიზნესინტერესები:

კახა კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 31 იანვარს წარადგინა. კალაძე ფლობს ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში (ერთ-ერთი ბინა, 367,60 კვ.მ ფართობით, ჭავჭავაძის გამზირის 23-23ა-ში 71 280 ლარად შეიძინა), საცხოვრებელ სახლს სამტრედიაში, ორ აგარაკს წყნეთში, მიწის ნაკვეთსა და ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში, ორ-ორ ნაკვეთს -  ბაკურიანსა და წყნეთში, გარდა ამისა, ერთი ნაკვეთი (1139 კვ.მ) ასევე წყნეთში 298 000 აშშ დოლარად შეიძინა, ბაკურიანში კი 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი 80 000 აშშ დოლარად. კიევში, გამარჯვების გამზირზე 39, 220 კვ.მ ბინა 150 000 დოლარად, ამავე ქალაქში შევჩენკოს გამზირზე 11, 250 კვ.მ ბინა კი 700 000 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე 800 000 აშშ დოლარად შეიძინა 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი კიევში.

25 000 ევრო გადაიხადა Harley Davidson Spinger-ში, 20 000 ევრო - Harley Davidson Bobber-ში, Harley Davidson V Rod-ში კი 28 000 ევრო. 135 000 ევროდ შეიძინა  Bentley Continental, Mercedec G63 - 140 000 ევროდ, Ferrari GTO - 360 000 ევროდ, Flat 500 Bi Posto  - 50 000 ევროდ, Mercedes Benz AMG GTS - 145 000 ევროდ.

კახა კალაძის მფლობელობაშია ლადო გუდიაშვილის 190 000 აშშ დოლარის ღირებულების 3 ფერწერული ტილო, ასევე ელენე ახვლედიანის 3 ნამუშევრიდან ერთი აჩუქეს, 2-ში კი 55 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს კალაძეს სხვადასხვა ანგარიშზე ჰქონდა 3 604 614 აშშ დოლარი და 5 052 219 ევრო, მეუღლეს ანა არეშიძეს კი 31 302 ევრო. ასევე ნაღდი ფულით დანაზოგის სახით  20 000 აშშ დოლარი.

კახა კალაძე კვიპროსში რეგისტრირებული შპს Kala capital limited-ის და შპს კოლხეთის 100%-იანი მეწილეა.

2016 წელს უკრაინაში რეგისტრირებული შპს “იუკას” 33%-იანი წილის ფლობიდან შემოსავლის სახით 480 000 აშშ დოლარი მიიღო, ასევე უკრაინაში რეგისტრირებული “ნესტ გრუპის” 50%-იანი წილის ფლობიდან ამავე წელს 250 000 ათასი ევრო.

კახა კალაძემ 2012 წლის 29 ივნისიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე “ქართულ ოცნებას” არაფულადი და ფულადი სახით ჯამში 165 550 ლარი შესწირა.


 

მარიკა დარჩია - პარტიული სიის პირველი ნომერი

სამუშაო გამოცდილება:

მარიკა დარჩია 2007 წლიდან “მედია პალიტრის” კრეატიული დირექტორია. 1995 წელს ჩამოაყალიბა PR ორგანიზაცია ”თბილისის PR ცენტრი”, წარსულში ასევე იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე, მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე PR კონსულტანტად “თიბისი ჯგუფში”, გადამხდელთა ასოციაციაში და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.  კითხულობს ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში.

ქონება და ბიზნესინტერესები:

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მარიკა დარჩია ფლობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას (900 კვ.მ) დაბა კოჯორში, სოფელ კიკეთში. მარიკა დარჩია არის შპს “შპს და ქალის” 12,5% წილის მფლობელი და დირექტორი,  ასევე ფლობს შპს “დროს” 45% წილს და ამავე კომპანიის დირექტორია.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა ‐ დემოკრატიული მოძრაობა ‐ თავისუფალი საქართველოს

კახა კუკავა -  თბილისის მერობის კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარე. 2010 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2011 წლიდან პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარეა.

ქონება და ბიზნესინტერესები:

კახა კუკავას სახელზე საჯარო რეესტრში არანაირი სახის ქონება არ ირიცხება. კუკავას ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დედა - დალი შენგელია წყნეთში საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს.

დეკლარაციის შევსების შემდეგ, 2015 წლის აგვისტოში, კახა კუკავამ ბადრი ნიაურთან ერთად დააფუძნა შპს “ნიაური და კომპანია” (ს/კ 402018927) - საადვოკატო/იურიდიული მომსახურების კომპანიაში კუკავას 50% ეკუთვნის, ისევე როგორც 2014 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს “ნიკოლაძე და კუკავაში” (ს/კ 406130770). კახა კუკავას და - ნუნუ კუკავა შპს “სანდო კონსალტინგის” (ს/კ 203833058) 100%-იანი მეწილეა.  

კახა კუკავამ 2012 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით “თავისუფალ საქართველოს”, “ახალ მემარჯვენეებს”, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, “დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს” ჯამში 43 ათას ლარზე მეტი შესწირა.


 

დიმიტრი ლორთქიფანიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი

სამუშაო გამოცდილება:


დიმიტრი ლორთქიფანიძე 1984-1985 წლებში მუშაობდა ლაბორანტად ცეკავშირის ბიოლოგიურ საწარმოში, 1992-1994 წლებში - საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში, 1994 წელს - სამთავრობო დაცვის სამსახურში, 1995-1996 წლებში იყო სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს მთაწმინდის რაიონის განყოფილების თანაშემწე, 1999-2000 წლებში კი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2000 წელს სს „საქგაზში” რეგიონალურ და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა, 2003-2006 წლებში კი თსუ-ს ეროვნული სტრატეგიის კვლევის ცენტრში. 2008 წელს  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა „ერთიანი ეროვნული საბჭოს“ სიით.

ქონება:

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს შეავსო, რა დროსაც იგი ფლობდა თბილისში, ალექსანდე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბინას და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას (1500 კვ.მ.) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში. ამჟამად დიმიტრი ლორთქიფანიძე ასევე არის თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფართისა და თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე ბინის მესაკუთრე.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძემ 2016 წელს ორ სხვადასხვა პარტიას შესწირა თანხა - 440 ლარი “დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს” და 30 000 ლარი “ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას”.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ზაალ უდუმაშვილი -  თბილისის მერობის კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

ზაალ უდუმაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ შეუერთდა. სხვადასხვა დროს იყო “მეორე არხის”, “იბერიას”, “პირველი არხის” ჟურნალისტი. 2003 – 2017 წლებში ”რუსთავი 2-ის” საინფორაციო გამოშვება “კურიერის” წამყვანი იყო, მას ასევე გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაც ეკავა. .

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემებით, უდუმაშვილი თბილისში, ატენის ქუჩაზე ბინის (ს/კ 01.14.14.005.195.01.070ა) და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მიწის ნაკვეთის (ს/კ 72.13.22.011) მფლობელია.

 

ნიკანორ მელია - პარტიული სიის პირველი ნომერი

სამუშაო გამოცდილება:
ნიკანორ მელია 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში, გამომძიებელად; 2007 წელს  მუშაობდა მრჩევლის პოზიციაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში,  2007-2008 წლებში იყო მრჩეველი ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში. 2008-2009 წლებში იყო აღსრულების ეროვნულ ბიუროში უფროსის მოადგილე, 2009-2010 წწ.  კი ამავე ბიუროს უფროსი. 2010 წელს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გახდა; 2010 წელსვე გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, 2010-2012 წლებში იყო  ამავე ბიუროს თავმჯდომარე; 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის რაიონის გამგებელი, 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, იგი ასევე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

ქონება:
ნიკანორ მელია, 2016 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს ბინას თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე, ასევე მშენებარე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში ბელინსკის ქუჩაზე.

 

„​​​​​​​დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი ‐  საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“​​​​​​​

ირმა ინაშვილი -  თბილისის მერობის კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

1993-2005 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის რედაქტორად მუშაობდა. 2005-2010 წლებში შპს “ტელეკომპანია ობიექტივის” რედაქტორი იყო, 2010-2014 წლებში კი მედიაკავშირ “ობიექტივის” პროგრამების დირექტორი. 2014 წლიდან დღემდე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანია. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერია.  

ქონება და ბიზნესინტერესები:

2017 წლის 13 იანვარს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე მემკვიდრეობით მიიღო 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ბაზალეთში 2100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ლიკანში კი 49 კვ.მ ბინა 10000 აშშ დოლარად შეიძინა.

ინაშვილის მეუღლე კახაბერ კევლიშვილი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინას თამარაშვილის ქუჩაზე და არასაცხოვრებელი ფართს პეტრიწის ქუჩაზე .

ირმა ინაშვილი “მედია-სახლ ობიექტივის” 28.5%-იანი წილის მფლობელია.

გოჩა თევდორაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი

სამუშაო გამოცდილება:
გოჩა თევდორაძე 1985-1987 წლებში ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა;  1987-1989 წლებში იყო ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრის ასისტენტი; 1987-1994 წლებში მუშაობდა პედაგოგად ქუთაისის რამდენიმე სკოლაში; 1993-1994 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის მასწავლებელი; 1994-1995 წლებში - ქუთაისის ჰუმანიტარულ-პედაგოგიური ინსტიტუტის  პრორექტორი; 1995 - 2004 წლებში იყო ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზიის დირექტორი. გოჩა თევდორაძე იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

 ქონება:

გოჩა თევდორაძე ფლობს ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე 71კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ასევე საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, სხირტლაძის ქუჩაზე; გოჩა თევდორაძე ასევე არის ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრე, მის თანასაკუთრებაშია ქუთაისში ავტოსადგური 2-ის სამხრეთით, რკინიგზის სადგურსა და ყოფილ პოლიციის შენობებს შორის არსებული ნაკვეთი 1-1.

გოჩა თევდორაძემ 2012 წელს 3 000 ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “საქართველოს პატრიოტთა ალიანს” 2015 წელს შესწირა 46 040 ლარი, 2016 წელს კი 50 000 ლარი.

 

„​​​​​​​ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო“​​​​​​​

ელენე ხოშტარია -  თბილისის მერობის კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

2004-2006 წლებში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2007-2012 წლებში - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, 2012-2016 წლებში “საქართველოს რეფორმების ასოციაციაში” მუშაობდა. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრია.

 ქონება:

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ხოშტარიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ტაბახმელასა და იყალთოში, საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში და აგარაკი იყალთოში. მეუღლე ირაკლი ბერიძე 2-2 ბინას ფლობს თბილისში სულხან ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩებზე, ასევე თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინის თანამესაკუთრეა.

ელენე ხოშტარიამ 2017 წლის 16 მაისს “ევროპულ საქართველოს” 5000 ლარი შესწირა.  

 

გიორგი გაბაშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი

სამუშაო გამოცდილება:
გიორგი გაბაშვილი 1997 წელს მუშაობდა განათლების სამინისტროში, სამსახურის უფროსად; 1998-2002 წლებში იყო ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" კოორდინატორი; 2000-2002 წლებში ტელეგადაცემა „აზრის“ ავტორი; 2002-2003 წლებში პოლიტიკური გაერთიანების „გაერთიანებული დემოკრატები“ გენერალური მდივანი; 2004-2008 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, 2008 წელს გახდა ჯერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფრისის პირველი მოადგილე, შემდეგ კი იყო  საქართველოს VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გიორგი გაბაშილის სახელზე რაიმე სახის ქონება არ არის რეგისტრირებული, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინას ფლობს მისი მეუღლე ირინე კლდიაშვილი.

გიორგი გაბაშვილმა 2012-2015 წლებში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” თანხა სამჯერ შესწირა, ჯამში 25 900 ლარის ოდენობით, 2016 წელს კი თანხა შესწირა პარტიას “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის” 2 000 ლარის ოდენობით.

 

ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობას 1996 წლიდან ეწევა. 2006 წელს გახდა “ტფილისის ჰამქარის” თავმჯდომარე. 2014 წელს შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა და 2014 წელსვე თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ამავე წელს თბილისის უახლესი ისტორიის კვლევის ცენტრის დირექტორი გახდა.

 ქონება:

ელისაშვილი თბილისში, ვეძინის 14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 143 კვ.მ (ს/კ 01.15.05.036.002) თანამესაკუთრეა მანანა მელიქიშვილთან და თამარ კილასონიძესთან ერთად.



„​​​​​​​შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“​​​​​​​

გიორგი გუგავა - თბილისის მერობის კანდიდატი

 

სამუშაო გამოცდილება:

გიორგი გუგავა 1997 წლიდან არის “ლეიბორისტული პარტიის” წევრი. 2002-2006 და 2006-2008 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ასევე საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გიორგი გუგავას საკუთრებაშია თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე მდებარე ბინა.

მან 2012-14 წლებში “ლეიბორისტული პარტიის” სასარგებლოდ ჯამში 30 900 ლარის ოდენობით ხუთი ფულადი შემოწირულობა განახორციელა.


 

მიხეილ ქუმსიშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი

 

სამუშაო გამოცდილება:

2013 წლიდან დღემდე მუშაობს “საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 2015 წელს იყო ახალგაზრდული ევროპარლამენტის დელეგატი.

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიხეილ ქუმსიშვილის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.


 

„​​​​​​​გიორგი ვაშაძე ‐ ერთობა ახალი საქართველო“​​​​​​​​​​​​​​

გიორგი ვაშაძე - თბილისის მერობის კანდიდატი

 

სამუშაო გამოცდილება:

გიორგი ვაშაძე  2004-2005 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი, 2005 წელს გახდა თბილისის ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი, 2006-2012 წლებში კი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, 2012 წელს იგი გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ამჟამად კი პარტიის “ახალი საქართველო” თავმჯდომარეა.

ქონება:

გიორგი ვაშაძის მიერ 2016 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას, ავტოფარეხს და არასცხოვრებელ ფართს ქალაქ თბილისში.

მას 2012-2015 წლებში სამჯერ აქვს ფულადი შემოწირულობა განხორციელებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ, ჯამში 20 500 ლარის ოდენობით.

 

ნანა ტოხვაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი

სამუშაო გამოცდილება:

ნანა ტოხვაძე წარსულში მუშაობდა საბერძნეთში საქართველოს საელჩოში. 2013 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა დიასპორული ორგანიზაცია "კულტურული დიალოგი", ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო პროექტს “ქართული სკოლა ათენში“. არის პარტიის „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ საერთაშორისო დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მიმართულებათა ხელმძღვანელი.

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნანა ტოხვაძის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.

ნანა ტოხვაძემ მის პარტიას, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ 2017 წლის სექტემბერში 1 000 ლარი შესწირა.

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

ხათუნა სამნიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი

სამუშაო გამოცდილება:

ხათუნა სამნიძე 1997-1999 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხთა მუდმივი კომისიაში თარჯიმნისა და კომპიუტერის ოპერატორის პოზიციაზე, 2004-2008 წლებში იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი “რესპუბლიკური პარტიიდან”. 2010-2013 წლებში მუშაობდა პროგრამის კოორდინატორად „ჰაინრიხ ბიოლის“ ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში, 2013 წელს იყო “რესპუბლიკური პარტიის” საორგანიზაციო მდივანი, 2013 წლიდან დღემდე არის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, 2014 წლიდან კი თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეა.

ქონება:

ხათუნა სამნიძის მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია ბინა ქალაქ თბილისში, რომელიც მან 2016 წელს 11 012,67 აშშ დოლარად შეიძინა.

ხათუნა სამნიძეს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრე.

მას 2015-16 წლებში ჯამში 11 600 ლარის ოდენობის 7 პარტიული დონაცია აქვს განხორციელებული, უმეტესად “რესპუბლიკური პარტიის” სასარგებლოდ. ერთ შემთხვევაში  მან 5 000 ლარი “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” შესწირა.   


 

შენების მოძრაობა

თენგიზ შერგელაშილი - თბილისის მერობის კანდიდატი

 

სამუშაო გამოცდილება:

1998-1999 წლებში ანალიტიკოსი იყო საინფორმაციო სააგენტო "სარკეში"; 1999-2000 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროგრამის დირექტორი; 2001 წელს USAID-ურბანული ინსტიტუტის პროგრამის კონსულტანტი; 2001-2004 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის კონსულტანტი, მომხსენებელი, სტრატეგიული განაცხადების დოკუმენტების ავტორი; 2007­ -2008 წლებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" ექსპერტი; 2002 წლიდან  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი; 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2010 ­ წლიდან “ევროპული ინიციატივა–ლიბერალური აკადემიiს” ანალიტიკოსი; 2012 წლიდან საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის ეკონომიკური ჯგუფის, სოფლის მეურნეობის ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პროგრამის შემუშავების სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2012-2016 წლებში კი იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თენგიზ შერგელაშვილის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.

მან რესპუბლიკურ პარტიას 2015 წელს 100 ლარი შესწირა.