თბილისის საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თბილისის საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობა

29 ნოემბერი, 2019

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა თბილისის VI მოწვევის საკრებულოს  50-ვე წევრის სამეწარმეო საქმიანობა და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ საკრებულოს 10 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა; ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა; ხოლო ერთი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან თანამდებობის პირის სტატუსი 27-ს აქვს. დანარჩენი 23 წევრისგან განსხვავებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს დამატებითი უფლებამოსილება აქვთ და შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს ქალაქის ბიუჯეტიდან, რის გამოც მათ ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობა და ვალდებულნი არიან ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ისინი საჯაროდ ამჟღავნებენ მათ და მათი ოჯახის წევრების ქონებასა და მიღებულ შემოსავალს.

ქონებრივი დეკლარაციის შევსება მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმია. ის ორ ძირითად მიზანს ემსახურება: 1) საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესაძლო შემთხვევების აღმოჩენა და პრევენცია; და 2) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი უკანონო გამდიდრების აღკვეთის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირები არიან და შესაბამის ხელფასს იღებენ. ამასთანავე, საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები, რომლებსაც არ ევალებათ დეკლარაციის შევსება, რეგულარულად იღებენ ხარჯების ანაზღაურების სახით ფიქსირებული რაოდენობის თანხას. ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ასაჯაროებდეს ინფორმაციას საკუთარი კომერციული ინტერესების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქონებრივ დეკლარაციებსა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეისწავლა თბილისის საკრებულოს წევრების და მათი ოჯახის წევრთა სამეწარმეო საქმიანობა და გამოავლინა, რომ:

  • თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათი უმრავლესობა  (23) მმართველი პარტიის წევრია.
  • საკრებულოს 27 თანამდებობის პირიდან 14 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათგან ხუთის ოჯახის წევრს გააჩნია ბიზნესინტერესი.
  • საკრებულოს 23 არათანამდებობის პირი წევრიდან 12-ს გააჩნია კომერციული ინტერესი. 7 მათგანი საკრებულოს წევრობის პარალელურად იკავებს მმართველ პოზიციას საკუთარ კომპანიაში.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება თბილისის საკრებულოში

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები

დეკლარაციის შევსების ვალდებულება არათანაბრად ვრცელდება მის წევრებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2017 წლის დეკემბერში შესული ცვლილებების შემდეგ, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობის პირად ითვლება. თუმცა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 2019 წლის აპრილის ცვლილებებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე აღარ ვრცელდება დეკლარაციის შევსებისა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან არიდების ვალდებულება (მაგ: წილის გადაცემა მართვის უფლებით).

შედეგად, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც თბილისის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეთა 7 მოადგილე აღარ არის ვალდებული შეავსოს დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა კანონმდებლობით თანამდებობის პირთა საქმიანობასთან არის გათანაბრებული და ამისთვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ რადგან ეს ადამიანები თანამდებობის პირები არიან, ისინი სხვა თანამდებობის პირების მსგავსად უნდა იყვნენ ვალდებულნი შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია.

საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები

საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებიც არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა მათ არ ევალებათ ამ საქმიანობის რომელიმე ფორმით გამჟღავნება. ამ მხრივ, თბილისის საკრებულო გამონაკლისი არ არის – დეკლარირების ვალდებულება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრთა მნიშვნელოვან ნაწილზე.

იმის გამო, რომ დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ ვრცელდება საკრებულოს არათანამდებობის პირ წევრებზე, დღეის მდგომარეობით, არ ვიცით, არის თუ არა 23 ასეთი წევრის ოჯახი ჩართული კომერციულ საქმიანობაში და აქვთ თუ არა მათ ინტერესთა შეუთავსებლობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კომერციულ ინტერესს ატარებს თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მის მიერ არჩეული თითოეული ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობრივი სტატუსისა. ამისთვის შესაძლებელია საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის ქონებრივი დეკლარაციების გამარტივებული ფორმის შემოღება, სადაც ყურადღება მათ და მათი ოჯახის წევრთა ეკონომიკურ ინტერესებზე იქნება გამახვილებული (კავშირებზე კერძო სექტორის კომპანიებთან), რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციას შეუწყობს ხელს.

დეკლარაციის შევსების საჭიროება საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, თუ მათთვის ხარჯების ანაზღაურების პრაქტიკას გავითვალისწინებთ. საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები არ იღებენ ოფიციალურ ხელფასს, თუმცა საკრებულოს რეგლამენტით (მუხლი 9) ცალკეული დავალებების შესრულებისთვის მათ უნაზღაურდებათ ხარჯი ზღვრული მოცულობით – ყოველთვიურად მაქსიმუმ ₾ 3,200 (2019 წლამდე – ₾ 2,500).

თბილისის საკრებულოსგან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ანაზღაურების სახით ყოველთვიურად იღებენ მაქსიმალურ თანხას – 2,500 ლარს 2017-2018 წლებში და 3,200 ლარს 2019 წლიდან (იხ. ბმული). სხვა სიტყვებით, ხარჯების ანაზღაურებას პრაქტიკაში ხელფასის სახე აქვს.

ამ ვითარებაში, გაუგებარია, რატომ ვრცელდება ქონების დეკლარირების ვალდებულება საკრებულოს წევრების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ოფიციალურად იღებს ხელფასს და არა, მაგალითად, კვლევის ფარგლებში გამოვლენილ იმ 12 არათანამდებობის პირ წევრზე, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და ამის პარალელურად ყოველთვიურად იღებენ ანაზღაურებას ქალაქის ბიუჯეტიდან.