ტელეკომუნიკაციების უკონტროლო სისტემატური მეთვალყურეობა უნდა დასრულდეს
მობილურ კომპანიებში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, სისტემატურად ედევნებინა თვალყური მოქალაქეთა ელექტრონული კომუნიკაციისთვის. პარლამენტმა დროულად უნდა დააწესოს ჯეროვანი ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებზე, რათა აღმოიფხვრეს ამ რესურსის ბოროტად გამოყენება.
ტელეკომუნიკაციის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორის წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდ) და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს (სოდ) საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში დამონტაჟებული აპარატურის მეშვეობით პირდაპირი წვდომა ჰქონდათ კომუნიკაციის ყველა მონაცემზე. ამ პირის ინფორმაციით, მონიტორინგის განმახორციელებელი ტექნიკური საშუალებების დემონტაჟი არჩევნების შემდეგაც არ მომხდარა.
ავტორიზებული ოპერატორის ერთ-ერთმა მენეჯერმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განუცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომხმარებელთა მონაცემების მოთხოვნები ეხებოდა მხოლოდ საგადახდო ინფორმაციის გაცემას. ასეთ შემთხვევებში ხელისუფლება იცავდა პროცედურებს და წარმოდგენილი იყო შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, ყველა სხვა მონაცემი ხელისუფლებისათვის სრულად ხელმისაწვდომია ოპერატორებთან დამატებითი თანამშრომლობისა და, სავარაუდოდ, სასამართლო კონტროლის გარეშე.
18 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 თანამშრომელი დააკავეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილებმა, კუდ–ის ხელმძღვანელის შეკვეთით, შექმნეს კომპიუტერული ვირუსი. როგორც ჩანს, კომპიუტერული ვირუსი, რომელიც ასევე ცნობილია „ჯაშუშური პროგრამის“ სახელწოდებით, პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და რელიგიური ორგანიზაციების უნებართვო აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობისათვის გამოიყენებოდა. აუდიოჩანაწერებიც, რომლებიც „იუთუბზე“ საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნდებოდა და რომლებითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შიდა დისკუსიები გამჟღავნდა, პროკურატურის თანახმად, სწორედ ამ კომპიუტერული ვირუსის საშუალებით უკანონოდ იქნა მიღებული.
სექტემბერში, იმ დროისათვის ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, რომ ივანიშვილის ოჯახისა და საარჩევნო გუნდის წევრთა კომპიუტერებში შეაღწიეს და დაამონტაჟეს ვირუსული პროგრამა, რაც ხელისუფლებას ამ კომპიუტერების მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების საშუალებას აძლევდა. სტატიაში გამოთქმული ვარაუდით, ზემოაღნიშნული მონიტორინგი, შესაძლოა, ინტერნეტის მომსახურების პროვაიდერებთან თანამშრომლობით ხდებოდა.
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების დამოუკიდებელი ზედამხედველობის საჭიროება
დიდია ალბათობა იმისა, რომ ტელეკომუნიკაციების მონაცემებსა და მომხმარებლების კომუნიკაციის შინაარსზე პირდაპირი წვდომა ხელისუფლების მიერ სასამართლოს შესაბამისი თანხმობის გარეშე ხდებოდა. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, რათა დაცული იქნას მოქალაქეთა ხელშეუხებლობის უფლება და პოლიტიკური დაჯგუფებების, ჟურნალისტების, იურისტების და სხვა იმ პირთა უფლებები, რომელთა საქმიანობასაც ზიანი ადგება, თუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ელექტრონული კომუნიკაციის საიდუმლოებას.
ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საიდუმლო სამსახურების საქმიანობის შესაბამისი ზედამხედველობა. მან ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, რომლებიც მეთვალყურეობის ტექნოლოგიებს იყენებენ და კერძო კომუნიკაციების მონაცემებზე წვდომა აქვთ, მხოლოდ კანონის შესაბამისად და სასამართლოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოქმედებდნენ.
უფრო მეტიც, ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის უფრო მაღალი დონე და საჯაროდ განაცხადოს, თუ რამდენად აქვთ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ტექნიკური თვალსაზრისით იმის საშუალება, რომ თვალყური ადევნონ საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიერ ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტის გამოყენებას.
კანონიერია თუ არა საქართველოში მეთვალყურეობა და მონაცემთა შენახვა?
24 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის სარჩელი იმ კანონის წინააღმდეგ, რომლითაც ნებადართული იყო ხელისუფლების მხრიდან მოქალაქის ინტერნეტ ტრაფიკის მეთვალყურეობა სასამართლოს შესაბამისი ბრძანების გარეშე.
საქართველოს კონსტიტუცია იცავს პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, პირადი ჩანაწერების, მიმოწერის და სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით განხორციელებული კომუნიკაციების უფლებებს (მუხლი 20). ეს ფუნდამენტური უფლებები არაა აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს. და მაინც, საჭიროა, სახელმწიფომ დაასაბუთოს ამ თავისუფლებების ყოველგვარი შეზღუდვა. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ეს თავისუფლებები. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ ამ ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვა ნებადართულია სასამართლოს ნებართვით, ან მის გარეშე კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ნებას რთავს მიმართონ მოსმენის გზას, შეაღწიონ კომპიუტერულ სისტემებში და გამოიყენონ ჯაშუშური პროგრამები (მუხლები 7, 14). კანონი მოითხოვს, რომ პროკურორს ამ მეთოდების გამოყენებისას ჰქონდეთ მოსამართლის ნებართვა. გადაუდებელი აუცილებლობისას, პროკურორს შეუძლია იმოქმედოს მოსამართლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ის ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათის განმავლობაში აცნობოს მოსამართლეს ამის შესახებ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცულია მოქალაქის უფლება ხელშეუხებლობაზე სისხლის სამართლის ძიების დროს. კანონში აღნიშნულია, რომ სხვათა პირად ცხოვრებაში არ უნდა მოხდეს თვითნებური და უკანონო ჩარევა (მუხლი 7). პირადი მონაცემები დაცულია, ხოლო პირს, ვისი უფლებებიც დაირღვა პირადი ინფორმაციის უკანონო გაცემით, უფლება აქვს, მიიღოს ზარალის კომპენსაცია. კომპიუტერში ან მონაცემთა ბაზაში შეღწევისათვის პროკურორს მოსამართლის ბრძანება ესაჭიროებათ (მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრძანების გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს).
მოსამართლის ბრძანებით, რომლითაც გაიცემა ნებართვა ეჭვმიტანილის კომპიუტერში შეღწევაზე, კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, ვადები, მომხმარებლის საკომუნიკაციო მონაცემები, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონი და სხვა საკონტაქტო ნომერი, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, ასევე სხვა ინფორმაცია დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე (მუხლი 136).
პროკურორმა ასევე უნდა მოიპოვოს სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გაიცემა ნებართვა ეჭვმიტანილის ინტერნეტში ტრაფიკისა და ელექტრონულ კომუნიკაციაზე მეთვალყურეობის შესახებ. ტელეკომუნიკაციების პროვაიდერები ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მას (მუხლი 137). გადაუდებელი აუცილებლობისას, საგამოძიებო ღონისძიება შეიძლება განხორციელდეს სასამართლოს ბრძანების გარეშეც. ასეთ შემთხვევაში პროკურორმა მოსამართლეს უნდა აცნობოს გატარებული ღონისძიებების შესახებ და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს გამოძიების მასალები (მუხლი 112 (5).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაცულია პირების პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის კერძო საუბრების, მიმოწერის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობა. პირადი ან ოჯახური საიდუმლოებების უკანონო მოპოვება, შენახვა ან გავრცელება დასჯადია ისევე, როგორც კერძო საუბრის უკანონო მოსმენა ან ინფორმაციის გამჟღავნება (მუხლები 157, 158). პირადი მიმოწერის, მათ შორის იმ სატელეფონო საუბრების უნებართვო გამჟღავნება, რომლებიც მიღებული და/ან გადაცემული იქნა ტექნიკური საშუალებებით, ასევე უკანონოა (მუხლი 159).
კანონი ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ იცავს ელექტრონულად გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოებას, რაც მხოლოდ გარკვეულ პირობებში შეიძლება შეიზღუდოს. კომუნიკაციის მონაცემები მომხმარებლის საკუთრებად მიიჩნევა. კანონში ასევე ხაზგასმულია, რომ ტელეკომუნიკაციების კომპანიებში მომუშავე კერძო პირებმა უნდა დაიცვან კომპანიის კლიენტების და მათი ინფორმაციის ხელშეუხებლობა (მუხლი 8).
მონაცემებზე მეთვალყურეობის ევროპული მიდგომა
ევროკავშირის მონაცემთა შენახვის დირექტივით 27-ვე წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება შეინახონ მოქალაქეთა ტელეკომუნიკაციების მონაცემები სულ მცირე 6, მაგრამ არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში. პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურებს შეუძლიათ მოითხოვონ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის აიპი მისამართი, იმეილების გამგზავნთა და მიმღებთა ვინაობა, მომხმარებლების დრო და ადგილმდებარეობა, მიღებული და გაგზავნილი სატელეფონო ზარების და ტექსტური შეტყობინებების დეტალები. იმისათვის, რათა ხელისუფლებამ ტელეკომ-ოპერატორებისაგან ეს ინფორმაცია მიიღოს, სასამართლოს ნებართვაა საჭირო.
დირექტივა ეხება მონაცემთა მიმოქცევას და ადგილმდებარეობას, რაც მომხმარებელთა იდენტიფიკაციისთვისაა საჭირო, მაგრამ იგი არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციის შინაარსზე. მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციასაც კი შეუძლია მოქალაქის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ გვითხრას ისევე, როგორც კომუნიკაციის მონაცემთა ამ ვიზუალიზაციას, რომელიც გერმანიის პარლამენტის წევრმა მოიპოვა მისი მობილური ტელეფონის ოპერატორის ფინანსური მონაცემებისგან.
ევროკავშირის მონაცემთა შენახვის დირექტივა მკაცრად გააკრიტიკეს ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა. მათ მიაჩნდათ, რომ დირექტივით ილახება ადამიანების ხელშეუხებლობის უფლება და შესაბამისად, თავისუფალი საზოგადოების ცნება. კრიტიკოსების აზრით, დირექტივა ასევე ხელს უშლის რეპორტიორების, იურისტების, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების და იმ საქმიანი ადამიანების საქმიანობას, რომლებიც ვეღარ უზრუნველყოფენ იმ წყაროების დაცვას, რომელთაც ისინი ელექტრონულად უკავშირდებიან და რომლებიც დისკრეციულ უფლებაზე დამყარებული საქმიანობის წარმართვისათვის ელექტრონულ კომუნიკაციას იყენებენ.
გერმანიაში ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ მონაცემთა შენახვის კანონმდებლობის ნაწილი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. რამდენიმე სხვა ქვეყანაში ამ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლოებს ჯერ კიდევ მისაღები აქვთ.
--
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.