ცესკომ მერობის კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ცესკომ მერობის კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო

29 მაისი, 2014

 

20 მაისს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) არ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ და საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ საჩივრები, რომლებიც ითხოვდნენ ფოთისა და რუსთავის მერის არჩევნებისთვის სახელისუფლებო კანდიდატებისთვის რეგისტრაციის გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ ერთი თვით ადრე, ირაკლი ოქრუაშვილის მერობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებისას მიღებულ განკარგულებისგან განსხვავებული მიდგომა შემოგვთავაზა, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები სამართლიანია და კანონის მოთხოვნებს შეესაბამება.

საჩივრის ავტორთა მოთხოვნის ძირითადი საფუძველი იყო საარჩევნო კოდექსის 167.1-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. ამ მუხლის საფუძველზე მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის პრეცედენტი მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში უკვე გვქონდა, როდესაც ცესკომ 20 აპრილის განკარგულებით ბათილად ცნო გორის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის გორის მერობის კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ. გადაწყვეტილების დასაბუთებისას ცესკომ აღნიშნა, რომ ქალაქის მერად შეიძლება არჩეული იყოს პირი, რომელიც არჩევნების დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, ანუ უშუალოდ, ქვეყანაში ფიზიკურად ყოფნის (ცხოვრების) პირობებში მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში. დადგენილ მოთხოვნას ოქრუაშვილი არ აკმაყოფილებდა, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ წლების განმავლობაში იგი არ ცხოვრობდა საქართველოში და იგი ქვეყანაში საცხოვრებლად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგეგ დაბრუნდა.

ოქრუაშვილისთვის გადაწყვეტილების გაუქმებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ ერთი შეხედვით ანალოგიურ შემთხვევაზე ცესკომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხებოდა ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატებს - ირაკლი კაკულიას და დავით ჯიქიას რეგისტრაციიდან მოხსნას იგივე საფუძვლით. ცესკოს აზრით, რასაც ჩვენც ვეთანხმებით, მოცემულ შემთხვევებში საქმე განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებთან გვქონდა და კანდიდატებმა შეძლეს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამტკიცება.

1. ირაკლი კაკულიას რეგისტრაციის შესახებ ცესკოს მიერ მიღებული განკარგულებით, მიუხედავად იმისა, რომ კაკულია 2012 წლის 29 აგვისტოდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ეს არ გამორიცხავს ბოლო 2 წლის განმავლობაში მის საქართველოში ცხოვრებას და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურ მონაწილეობას. მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული პირი არ ცხოვრობდა ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში, არც მომჩივანს არ წარმოუდგენია და არც საქმეში არ მოიპოვება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ირაკლი კაკულია აღნიშნულ პერიოდში მუშაობდა ქალაქ ფოთის მერიაში. ასევე ცესკომ მოიკვლია, რომ კაკულია 2010 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შ.პ.ს. „სიბარიტთან” და აღნიშნულ პერიოდში მის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურებირივ მივლინებებს, რაც დგინდება წარმოდგენილი შ.პ.ს. „სიბარიტის” დირექტორის ბრძანებებით მივლინების შესახებ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის წერილში მოყვანილი ფაქტები, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქალაქე ირაკლი კაკულიას მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე, ემთხვევა კაკულიას ზემოხსენებულ სამსახურებრივ მივლინებებში ყოფნის პერიოდს და ადასტურებს, რომ მოპასუხე ცხოვრობდა საქართველოში და მისი აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრებები დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ მივლინებებთან და არა საზღვარგარეთ მუდმივ ცხოვრებასთან.

2. რუსთავის მერობის კანდიდატს დავით ჯიქიას წინააღმდეგ შეტანილ საჩივარში აღნიშნული იყო, რომ იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 2012 წლის ნოემბრამდე ჩართული იყო ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში და ბოლო ორი წლის განმავლობაში მას საქართველოში უწყვეტად არ უცხოვრია. ცესკოს დასაბუთებით ჯიქია 2012 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე რაც არ გამორიცხავდა მის საქართველოში ცხოვრებას და მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე ის ამ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსთავის მერიაში, რაც ადასტურებს მის მონაწილეობას ქვეყნის ყოველდღიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, კი როგორც აღვნიშნეთ, ცხადი იყო მისი საქართველოში ბოლო ორი წლის არყოფნის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოწვეული იყო მის მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნით, ქართული კანონმდებლობა ამ გარემოებას, როგორც გამონაკლისს არ ითვალისწინებს.  

დასკვნისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად საკამათოდ მიგვაჩნია საარჩევნო კანდიდატებისთვის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ცენზის დაწესება. მაგალითისთვის, იგივეს ამბობდა ეუთოს სადამკვირვებლო მისია 2013 საპრეზიდენტო არჩევნების შეფასების ანგარიშში, სადაც წერდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრების მოთხოვნა არაპროპორციულია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

Author: გიგი ჩიხლაძე