წყალი ოფშორებიდან: ვინ ფლობს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

წყალი ოფშორებიდან: ვინ ფლობს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“?

22 მაისი, 2014

 

წყალმომარაგების კომპანიის „თბილისის წყლის“ (დღეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP), რომელიც თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 400 000 აბონენტს აწვდის წყალს, პრივატიზაცია 2008 წელს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა. პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები მაშინვე გაჩნდა. კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა დღესაც უცნობია, რადგან მისი ახლანდელი მფლობელი „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა, რაც თავისთავად კანონის დარღვევას არ წარმოადგენს.

თბილისში წყლის შეზღუდული რესურსების  მართვაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  მცირე კვლევა ჩაატარა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ოფშორულ სუბიექტს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“-ს ეკუთვნის (ყოფილი „მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედი“). თავად „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“-ს ორი აქციონერი ჰყავს - Sirius Private Equity Fund და US Utilities - და ორივე, როგორც ირკვევა, ფიქტიური ოფშორული კომპანიაა. საჯარო რეესტრის დოკუმენტებში GWP-ის ბენეფიციარი მესაკუთრეები არ ფიქსირდება,[1] თუმცა ჩვენ ამ კომპანიის მფლობელობის რამდენიმე ქართველ და რუს ბიზნესმენთან დაკავშირება შევძელით.[2]

კავშირები რუსულ კომპანიებთან

საქართველოს საჯარო რეესტრის უახლეს ჩანაწერებში „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“-ის დირექტორად სამი პირი ფიგურირებს: გოჩა მეგრელიძე, მიხაილ ტუზოვი და ვლადიმირ კოზინი. ამ უკანასკნელის ბიზნეს ინტერესების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ მოიპოვება, ხოლო დანარჩენი ორი პირი (გოჩა მეგრელიძე და მიხაილ ტუზოვი) სხვადასხვა დროს  „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებში მუშაობდა. „ინტერ რაო“ რუსული ენერგო კომპანიაა, რომელიც საქართველოში „თელასსა“ და კიდევ სამ ელექტროსადგურს (მტკვარი, ხრამი 1 და ხრამი 2) ფლობს.

პრივატიზაციისას „ინტერ რაოს“ წარმოშობით უკრაინელი ბიზნესმენი ანდრეი რაპაპორტი მართავდა. ამჟამად რაპაპორტი ანატოლი ჩუბაისის მმართველობაში მყოფი რუსული სახელმწიფო კომპანია Rusnano-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. მას GWP-თან კავშირი არასოდეს დაუდასტურებია, თუმცა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში იგი GWP-ის მფლობელადმოიხსენია.

● მიხაილ ტუზოვი ანდრეი რაპაპორტის დიდი ხნის პარტნიორია. რუსეთის საიალქნო კლუბის საიტზე მის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში მიხეილ ტუზოვი ОАО РАО ЕЭС России-ს (რომელსაც რეფორმის შედეგად „ინტერ რაო” გამოეყო) ყოფილ თანამშრომლად სახელდება. ტუზოვი და რაპოპორტი რუსეთის მიერ ქვეყნის ელექტრორესურსების მართვის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომპანია FSK-EES-ის დირექტორთა საბჭოს წევრებიც იყვნენ.

● გოჩა მეგრელიძე 2000-2003 წლებში სახელმწიფო კანცელარიაში ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსად მუშაობდა, ხოლო 2004 წელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. „ინტერ რაოს“ 2007 წლის ფინანსური აქტივების ანგარიშში გოჩა მეგრელიძე „ინტერ რაოს“ თურქეთში მოქმედი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია TGR Energy-ს გამგეობის წევრად სახელდება.

○ 2004 წელს წარდგენილ თავის უკანასკნელ ქონებრივ დეკლარაციაში მეგრელიძე აფიქსირებს, რომ ის აქციებს ფლობდა სს „ბავშვთა სამყაროში“. მისი სხვა აქტივებია: შპს „უნიკსერვისი“, შპს MG (40%), შპს „შარდენი 11“ (20%), შპს „ჯეოსერვისი“ (66.7%), შპს G.G.M. (50%), შპს „კროს ინვესტი“ (50%), შპს „მეგაპოლისი“ (33.4%) –კაფე „სეგაფრედო“ ჭავჭავაძის გამზირზე.

კავშირები ქართველ კომპანიებთან

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და გოჩა მეგრელიძის ყოფილი უფროსი გიორგი გაჩეჩილაძე 2014 წლის აპრილში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორად დაინიშნა. მეგრელიძე და გაჩეჩილაძე ერთობლივად ფლობენ შპს „შარდენი 11“-ს. GWP-ის საკუთრების თაობაზე არსებული უფრო ადრეული კვლევები გვაფიქრებინებს, რომ გიორგი გაჩეჩილაძე და მისი ბიზნეს პარტნიორი ლევან კაჭარავა ასევე იყვნენ ჩართულნი პრივატიზაციაში:

● მწვანე ალტერნატივის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულიარომ მთავრობამ შვეიცარიაში დარეგისტრირებული სუბიექტი „მულტიპლექს სოლუშენსი“ პრივატიზაციის პროცესში გამარჯვებულად გამოაცხადა. კომპანიამ წყლის სადისტრიბუციო ქსელის რეაბილიტაციაში 350 მილიონი დოლარის ინვესტიციის განახორციელების ვალდებულება აიღო. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ „მულტიპლექს სოლუშენსს“ საქართველოში დარეგისტრირებული შვილობილი კომპანია ჰყავდა, რომელსაც სხვადასხვა დროს გიორგი გაჩეჩილაძე და ლევან კაჭარავა ხელმძღვანელობდნენ. 2009 წლის ივლისიდან დეკემბრამდე კომპანიის დირექტორის მოვალეობას სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი შალვა ფიფია ასრულებდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მის ბიოგრაფიაში კი მითითებულია, რომ 2008-2009 წლებში ფიფია Multiplex Holding Group-ის ფინანსური დირექტორი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ GWP შვეიცარულმა „მულტიპლექს სოლუშენსმა“ კი არ იყიდა, არამედ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა „მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედმა“. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ „მულტიპლექს სოლუშენსი“ მთავრობამ ყურადღების გადატანის მიზნით გამოიყენა, რომ შეუმჩნეველი გაეხადა პრივატიზაციის პროცესში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული სუპიექტის მონაწილეობა.

მედია საშუალებების ცნობით, „ტილიკას” მეტსახელით ცნობილი ლევან კაჭარავა „სილქროუდ ჯგუფის“ უკან მდგომი ძირითადი აქციონერის გიორგი რამიშვილის მეგობარი იყო. კაჭარავა და რამიშვილი მართლაც არიან ბიზნეს პარტნიორები რამდენიმე კომპანიაში, კერძოდ, „ოლ სიზონს რიზორტსში“ და შპს k.l.g-ში. იმავდროულად ისინი სს „სასტუმრო ივერიის” (რედისონიგამგეობის წევრებიც არიან.

„მულტიპლექს სოლუშენსის“ მისამართი ჟენევაში პლას დე ლა ფუსტერი 9 –11 (Place de la Fusterie 9 – 11) იყო (შვეიცარიის ბიზნეს რეესტრში თავდაპირველად კომპანიის მისამართად ეს მდებარეობა იყო მითითებული, თუმცა ამჟამად კომპანია აღარ იძებნება). „სილქ როუდ ფგუფის“ საიტიდან ვგებულობთ, რომ ამ კომპანიასაც აქვს ოფისი შვეიცარიაში, რომელიც Silk Road Group (Suisse) SA-ის სახელითაა რეგისტრირებული. ეს ოფისი იმავე მისამართზე მდებარეობს, რომელზეც ადრე „მულტიპლექს სოლუშენსი“ იყო რეგისტრირებული, ანუ: ჟენევა, პლას დე ლა ფუსტერი 9 –11. მეტიც, „მულტიპლექს სოლუშენსაც“ და Silk Road Group (Suisse) SA-საც ერთი და იგივე დირექტორი იორგ (Jürg) იონერი ჰყავდათ.

მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად აღნიშნული კომპანიის მფლობელების  ოფშორში რეგისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებსთვის საინტერესო იქნებოდა ცოდნოდა ამგვარი სტრატეგიული ობიექტების მფლობელთა ვინაობა.


[1]

ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წერილობით მივმართეთ და ვთხოვეთ, ბენეფიციარი მესაკუთრეები გაემჟღავნებინა, ან ზემოთ ნახსენები კერძო პირებისა და კომპანიების GWP-ის საკუთრებასთან კავშირები დაედასტურებინა. GWP-ის დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა ჩვენი წერილის საპასუხოდ მოგვწერა, რომ კომპანიას ამგვარი ინფორმაცია არ გააჩნია.

[2]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალური დოკუმენტია, იგი  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. საიტზე ხელშეკრულება ქართულ და ინგლისურ ენებზეა განთავსებული, მაგრამ კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ქართულენოვან ტექსტში არსებული კომპანიის ვალდებულებების ამსახველი რამდენიმე დებულება ინგლისურენოვან ასლში გამოტოვებულია.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაუკავშირდა GWP-ს, რომლის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული კონტრაქტის ბეჭდური ვერსიები იდენტურია და აღნიშნული გამორჩენა ტექნიკური შეცდომით ახსნეს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩააყენეს საქმის კურსში და ამჟამად ხარვეზის გამოსწორება მიმდინარეობს.

 

 

Author: ანა დაბრუნდაშვილი