უწყვეტი კრიზისის ქრონიკა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორია
საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მწვავე კრიზისს განიცდის. არხს ფინანსური პრობლემები აქვს, სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ისაუბრა, მაშინ, როცა კიდევ ორმა მეურვემ თანამდებობა დატოვა. მაუწყებლის სამეთვალყურეო ორგანო კვორუმის გარეშე დარჩა, რის გამოც იგი ვერც ახალ გენერალურ დირექტორს დანიშნავს და ვერც მაუწყებელში მიმდინარე საბიუჯეტო კრიზისს დაძლევს.
რთული დასადგენია, თუ რა მოვლენები ვითარდება მაუწყებლის შიგნით და რა პოლიტიკური თუ პირადი მოტივაციები იმალება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიღმა. ამიტომაც, დასკვნების გამოტანამდე, ურიგო არ იქნებოდა თვალი გადაგვევლო საზოგადოებრივი მაუწყებლის თითქმის ათწლიანი ისტორიისთვის 2004 წლიდან მოყოლებული, როცა სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა.
„პირველ არხს მე მადლობას ვერ გადავუხდი ვერავითარ შემთხვევაში, ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ არხის მუშაობით. ხომ უნდა იყოს ერთი არხი, რომელიც ხელისუფლებაზე იმუშავებს? თქვენ ხართ, პრაქტიკულად, სამთავრობო ტელევიზია... უნდა გააშუქოთ მოვლენები ისე, როგორც საჭიროა. მაშინ, რატომ აცხადებთ, რომ ხართ სახელმწიფო ტელევიზია? არ შეიძლება, აქეთაც იყო და იქითაც”
პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო ტელევიზიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინამორბედის შესახებ, 20 ნოემბერი, 2003 წ.
საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ამჟამინდელი კრიზისი ყველაზე მძიმეა, რაც კი მას არსებობის მანძილზე განუცდია. თუმცა, თითქმის ათი წლის განმავლობაში, ვერცერთმა სამეურვეო საბჭომ და აღმასრულებელმა დირექტორმა ვერ შეძლეს ძლიერი, პროფესიონალური, დამოუკიდებელი და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი მაუწყებლის შექმნა, რომელიც მასზე დაკისრებულ მისიას შეასრულებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვერცერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ კინწურაშვილმა, ლევან ყუბანეიშვილმა, გია ჭანტურიამ და გიორგი ბარათაშვილმა - ვერ დაასრულა ამ თანამდებობისთვის გათვალისწინებული ექვსწლიანი ვადა. ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილი კი აიძულეს გადამდგარიყვნენ, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზების გამო. პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდნენ და ტოვებდნენ თანამდებობას სამეურვეო საბჭოს წევრებიც. 2005 - 2013 წლებში, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო თანამდებობიდან გადადგა სამეურვეო საბჭოს სულ მცირე ცხრა წევრი.
თანამდებობაზე ყოფნის წლები |
თანამდებობის დატოვების მიზეზები |
|
თამარ კინწურაშვილი |
2005-2008 |
გადადგა |
ლევან ყუბანეიშვილი |
2008-2009 |
გადადგა |
გიორგი ჭანტურია |
2009-2012 |
გადადგა |
გიორგი ბარათაშვილი |
დეკემბერი 2012 - მარტი 2013 |
სამეურვეო საბჭომ გაათავისუფლა |
გიორგი ბაქრაძე (მოვალეობის შემსრულებელი) |
მარტი 2013 - აპრილი 2013 |
სასამართლომ თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი აღადგინა |
გიორგი ბარათაშვილი |
აპრილი - სექტემბერი. 2013 |
სამეურვეო საბჭომ გაათავისუფლა |
თამაზ ტყემალაძე (მოვალეობის შემსრულებელი) |
2013 წლის სექტემბრიდან |
- |
დასაწყისი: სახელმწიფო ტელევიზიის გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად
2004 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 183 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მიიღო კანონი მაუწყებლობის შესახებ, რის საფუძველზეც სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა.
აღნიშნულ კანონში ვკითხულობთ: „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს“. საზოგადოებრივი მაუწყებელი „...საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული“ საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა. კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება პირველ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიური საშემოსავლო გადასახადის 1.5%-მდე მოსაკრებლით განისაზღვრებოდა (დღეისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.12%-ს უნდა შეადგენდეს). გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ეძლეოდა გაეშვა რეკლამები - ეს უფლება მას 2011 წელს შეეზღუდა.
პირველი სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორის არჩევა
პრეზიდენტის მიერ პარლამენტში კანდიდატების მოკლე სიის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი საბჭოს წევრებად ცხრა პირი იქნა არჩეული: ლევან თარხნიშვილი (რომელიც 2005 წლის 14 ივნისს, საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს), ალექსანდრე რონდელი, გია ნოდია, თამარ კინწურაშვილი, ფრიდონ თოდუა, გია ხუბუა, რუსუდან სებისკვერაძე, ნინო ანანიაშვილი და მამუკა ხერხეულიძე.
2005 წლის ივლისში ახლადარჩეულ საბჭოს ექვსი წლის ვადით უნდა აერჩია გენერალური დირექტორი, მაგრამ საბჭოს პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: ოთხი შერჩეული კანდიდატიდან - დოდო შონავა, ბადრი კოპლატაძე, დავიათ პაიჭაძე და ლაშა ბაქრაძე - ვერცერთმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო მინიმუმი (ხუთი ხმა).
13 აგვისტოს გენერალური დირექტორის პოსტზე თავისი კანდიდატურის დაყენების მიზნით თანამდებობა დატოვა თამარ კინწურაშვილმა (მაშინ მისი ეს ნაბიჯი სხვა კანდიდატებმა გააკრიტიკეს და არაეთიკურად შეაფასეს) და 19 აგვისტოს საბჭომ იგი პირველ გენერალურ დირექტორად აირჩია.
ახალმა დირექტორმა „დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა“ მთავარ პრიორიტეტად დასახა და მაუწყებლის „დემოკრატიული, სამოქალაქო ღირებულებების მატარებლად" ჩამოყალიბების გეგმები წარმოადგინა. თუმცა, ამის განხორციელება რთული იყო მაუწყებლის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. თავად კინწურაშვილის თქმით, მაუწყებელში, ამ მხრივ, „აბსოლუტური ქაოსი“ სუფევდა. სუბიექტის დავალიანების დასადგენად კინწურაშვილმა შემოწმების ჩატარების თხოვნით ფინანსურ პოლიციას მიმართა. მაუწყებელს 6 მლნ. ლარის (3.3 მლნ. აშშ დოლარი) ოდენობის ვალი აღმოაჩნდა.
თანამდებობაზე არჩევიდან ექვსი თვის შემდეგ კინწურაშვილი პირველი სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. თანამშრომელთა ჯგუფმა მაუწყებელი დატოვა, კინწურაშვილს მაუწყებლის არასწორ მართვაში დასდო ბრალი და პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გამოძიების მოთხონით მიმართვა გაუგზავნა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე განცხადების ავტორებს შეჰპირდა, რომ მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს გადაუგზავნიდა, რის შემდეგაც საბჭოს წევრებს პარლამენტი მოუსმენდა. კინწურაშვილმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, როგორც დეპუტატების არალეგიტიმური მცდელობა ჩარეულიყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმეებში, მაგრამ 2006 წლის 2 მარტს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე დეპუტატმა თევდორაძემ მას განუმარტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო პარლამენტის მიერ იყო დამტკიცებული და ამდენად პარლამენტს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება მისთვის განმარტებები მოეთხოვა.
მალე კინწურაშვილი საქართველოს ეკლესიამაც გააკრიტიკა. ეკლესია კინწურაშვილს თანამშრომლების რელიგიურ ნიადაგზე გათავისუფლებასა და საშობაო ღვთისმსახურების პირდაპირი ეთერით გადაცემის აკრძალვაში ადანაშაულებდა. კინწურაშვმა ეს ბრალდებები უარყო და ღვთისმსახურების პირდაპირი ეთერით არგადაცემა ტექნიკური მიზეზებით ახსნა.
2007/2008 წლები - უმოქმედო საბჭო და ოპოზიციის საპროტესტო აქციები
2007 წლის გაზაფხულზე საბჭოს სამ წევრს (გია ნოდიას, ალექსანდრე რონდელსა და ნინო ანანიაშვილს) ვადა ამოეწურა. 2007 წლის ოქტომბერში საბჭოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და საბჭო დატოვა. გიორგი ხუბუამ და თამარ კინწურაშვილმა საბჭო ჯერ კიდევ 2005 წელს დატოვეს - ხუბუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამდენად, 2007 წლის ბოლოს საბჭოს შემადგენლობაში მხოლოდ სამი წევრი დარჩა - რუსუდან სებისკვერაძე, ფრიდონ თოდუა და მამუკა ხერხეულიძე. საჭირო კვორუმის არქონის გამო 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის თებერვლამდე საბჭო სხდომებს აღარ მართავდა.
2007 წლის შემოდგომაზე ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების საპასუხოდ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 8 ნოემბერს კი საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება.
წინასაარჩევნო პერიოდში ეუთოს (OSCE) ადამინის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია აცხადებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეულწილად უფრო დაბალანსებული იყო ყველა კანდიდატისათვის გამოყოფილი დროის ფარგლებში, გადაცემების ტონი ყოფილი პრეზიდენტის [სააკაშვილი] მხარდამჭერი იყო". განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ფასიანი სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის ძალზე მაღალი ღირებულება კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას უზღუდავდა. OSCE/ODIHR-ის ცნობით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეამცირა სარეკლამო ფასები, რათა რეკლამის განთავსება კანდიდატებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა „თუმცა, კომერციული რეკლამის კვალობაზე ეს ფასები მაინც ორჯერ უფრო მაღალი იყო. მხოლოდ ბატონ სააკაშვილს შეეძლო ფასიანი რეკლამის განთავსება ოთხსავე ნაციონალურ არხზე. "
სააკაშვილი პრეზიდენტად ხელმეორედ მცირე უპირატესობით იქნა არჩეული, რითიც მან მეორე ტურის თავიდან აცილება მოახერხა. ამ შედეგმა საპროტესტო აქციათა მეორე ტალღა გამოიწვია, ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებელის შენობის წინ. ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც სააკაშვილმა არჩევნები მოუგო, ამომრჩევლებისადმი მიმართვისათვის პირდაპირ ეთერს ითხოვდა და აცხადებდა, რომ საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ოპოზიციის მზარდი უკმაყოფილების ფონზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე და მთავრობა დათანხმდნენ პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის ნიშნად დაეშალათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. ბურჯანაძემ, რომელიც უკმაყოფილო იყო არხის პროფესიონალიზმის დონით, განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული „შეთანხმებისა და გარკვეული პარიტეტის” საფუძველზე შეიქმნებოდა ახალი საბჭო.
მოგვიანებით ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ესაუბრა სამეურვეო საბჭოს დარჩენილ წევრებს (ფრიდონ თოდუა, რუსუდან სებისკვერაძე და მამუკა ხერხეულიძე) და ყველა მათგანი დათანხმდა დაეტოვებინა თანამდებობა. საბჭოს დაშლის გადაწყვეტილება - ფორმალურად სამეურვეო საბჭოს წევრები საკუთარი ნებით გადადგნენ - დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონი ამგვარ ვითარებას არ ითვალისწინებს.
თამარ კინწურაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ იგი საკუთარ კანდიდატურას ხელახლა აღარ დააყენებდა, თუ საბჭო პარტიული ნიშნით დაკომპლექტდებოდა. საბოლოოდ მან მაინც დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა - ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში აშკარა პრობლემების მიუხედავად საბჭოს დათხოვნისა და ხელახლა დაკომპლექტების გადაწყვეტილება მისი დამოუკიდებლობისათვის ძირის გამოთხრის პრეცედენტად იქნა მიჩნეული.
ლევან ყუბანეიშვილი და ახალი სამეურვეო საბჭო
2008 წლის თებერვალში ახალი საბჭო შეირჩა, რომელიც უმრავლესობაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შერჩეული ხუთი და ოპოზიციისაგან შერჩეული ოთხი წევრისგან შედგებოდა. ახალმა საბჭომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ყუბანეიშვილი აირჩია.
საბჭოს თავმჯდომარე ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი გახდა, რომელმაც თანამდებობაზე არჩევიდან სამი თვის შემდეგ, 2008 წლის 27 მაისს, გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, არხმა ტენდენციურად გააშუქა წინა დღეს გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქცია, სამეურვეო საბჭოს კი, შეზღუდული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ძალა არ შესწევდა გავლენა მოეხდინა არხის გადაწყვეტილებებზე. ტრიპოლსკის ეს გადაწყვეტილება ზოგიერთმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამაც გააკრიტიკა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მისი ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდიდა მმართველი პარტიის გავლენას ტელევიზიაზე. საბოლოოდ ტრიპოლსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ სამეურვეო საბჭოს სხვა წევრებიც დათანხმდებოდნენ მის წინადადებას საბჭოს როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა მარინა ვეკუამ, აღიარა, რომ არხმა მოვლენები "სათანადოდ არ გააშუქა", მან განაცხადა, რომ ამას არაფერი ჰქონდა საერთო სავარაუდო პოლიტიკურ ზეწოლასთან და რომ ყოველივე ეს „ტელეკომპანიაში პროფესიული კადრების ნაკლებობის შედეგი იყო." ორი დღის შემდეგ ტრიპოლსკი თანამდებობიდან მაინც გადადგა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღო და მიმდინარე საპროტესტო აქციების სრულყოფილად გაშუქება არ უზრუნველყო.
იმავე კვირას ოპოზიციურმა ბლოკმა დამოუკიდებელი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული მონიტორინგის საბჭოს შექმნა მოითხოვა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებებს დააკვირდებოდა. ლევან გახელაძემ, თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ, ამ მოთხოვნებს მიუღებელი უწოდა და ისინი სარედაქციო ცენზურის მცდელობად შეაფასა.
2009 წლის დასაწყისში საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკის მეორე ტალღის ქვეშ აღმოჩნდა გადაცემა „საქართველოს დიდი ათეულის“ გამო, რომლის ფორმატშიც მაყურებლები ყველა დროის დიად ქართველებს ირჩევდნენ. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო სატელევიზიო გადაცემის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც სასულიერო მოღვაწეები სამოქალაქო პირებთან ერთად წარდგებოდნენ. საბჭოს წევრმა მარინა ვეკუამ თქვა, რომ ის პატრიარქის რეკომენდაციას ვერ უგულვებელყოფდა, ხოლო საბჭოს მეორე წევრმა, მიხეილ ჭიაურელმა, განაცხადა, რომ მისთვის პატრიარქის აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავად კანონი. საბოლოოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაგრძო შოუს ეთერში გაშვება სახეცვლილი ფორმატით, რომელიც ეკლესიის მითითებებს ითვალისწინებდა.
აპრილში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესო აქციები დაიწყო: ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები და მათი მომხრეები საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტენდენციურ და არასრულყოფილ გაშუქებას" აპროტესტებდნენ და ყუბანეიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. ოპოზიციის აქტივისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისათვის ე. წ. "სირცხვილის კორიდორის" მოწყობით არხის სტუდიის პიკეტირებას ახდენდნენ და თვითნაკეთი საკანი განათავსეს ჭიშკართან, რომლის გავლითაც თანამშრომლები შენობაში შედიოდნენ.
აპრილის ბოლოს საბჭოს ოთხი წევრი, რომლებსაც ოპოზიცია უჭერდა მხარს - ირმა სოხაძე, მარინა ვეკუა, გიორგი ანჩაბაძე და მიხეილ ჭიაურელი - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციების არასათანადოდ გაშუქების გამო თანამდებობიდან პროტესტის ნიშნად გადადგა. ამგვარად, 2009 წლის აპრილის შემდეგ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში 2007 წელს ოპოზიციის მიერ წარდგენილი არცერთი წევრი აღარ დარჩა.
ორი თვის შემდეგ თანამდებობიდან ყუბანეიშვილიც გადადგა, მას წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. საზოგადოებრივი მაუწყებელი 31 ივლისამდე საბჭოს დარჩენილი ხუთი წევრის ამარა მოქმედებდა. 31 ივლისს კი პარლამენტმა საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა: დავით აფრასიძე, ზურაბ დავითაშვილი და დავით კანდელაკი. ორი თვის თავზე, 22 სექტემბერს, პარლამენტმა კანონში შესწორება შეიტანა და საბჭოს წევრების რაოდენობა ცხრიდან თხუთმეტამდე გაზარდა.
თანამდებობაზე ყოფნის წლები |
თანამდებობის დატოვების მიზეზები |
|
ლევან თარხნიშვილი (თავმჯდომარე) |
2005-2007 |
დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად |
გია ნოდია |
2005-2007 |
ვადა ამოეწურა |
გიორგი ხუბუა |
2005 |
დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად |
თამარ კინწურაშვილი |
2005 |
დაინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად |
ფრიდონ თოდუა |
2005-2008 |
დატოვა თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად |
რუსუდან სებისკვერაძე |
2005-2008 |
დატოვა თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად |
ალექსანდრე რონდელი |
2005-2007 |
ვადა ამოეწურა |
ნინო ანანიაშვილი |
2005-2007 |
ვადა ამოეწურა |
მამუკა ხერხეულიძე |
2005-2008 |
დატოვა თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად |
ბაკურ სულაკაური |
2008-2013 |
ვადა ამოეწურა |
გიორგი ანჩაბაძე |
2008-2009 |
გადადგა პროტესტის ნიშნად |
ერეკლე ტრიპოლსკი (თავმჯდომარე) |
2008 |
გადადგა პროტესტის ნიშნად |
ირმა სოხაძე |
2008-2009 |
გადადგა პროტესტის ნიშნად |
ზურაბ ხარატიშვილი |
2008-2010 |
დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ |
მიხეილ ჭიაურელი |
2008-2009 |
გადადგა პროტესტის ნიშნად |
მარინა ვეკუა |
2008-2009 |
გადადგა პროტესტის ნიშნად |
ლევან გახელაძე (თავმჯდომარე) |
2009-2013 |
ვადა ამოეწურა |
მამუკა ფაჩუაშვილი |
2008- |
მოქმედი წევრი |
დავით აფრასიძე |
2009-2012 |
დატოვა თანამდებობა, რადგან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში |
ზურაბ დავითაშვილი |
2009- |
მოქმედი წევრი |
დავით კანდელაკი |
2009- |
მოქმედი წევრი |
გიგა ნასარიძე |
2009-2012 |
გადადგა პოლიტიკური შეხედულებების გამო |
ნოდარ სარჯველაძე |
2009-2012 |
შეუერთდა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას |
ემზარ გოგუაძე (თავმჯდომარე) |
2009- |
მოქმედი წევრი |
ავთანდილ ანთიძე |
2009- |
მოქმედი წევრი |
ნინო დანელია |
2009- |
მოქმედი წევრი |
ლია ჩახუნაშვილი |
2009-2011 |
გადადგა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად (მუშაობა დაიწყო IREX G-Media პროგრამაში) |
შორენა შავერდაშვილი |
2009-2011 |
გადადგა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად (მიიღო სამაუწყებლო ლიცენზია) |
გიორგი მელაძე |
2010- |
მოქმედი წევრი |
ეკა მაზმიშვილი |
2011-2013 |
გადადგა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო |
ნატალია დვალი |
2012- |
მოქმედი წევრი |
ოთარ კობერიძე |
2008-2013 |
ვადა ამოეწურა |
ზაზა კორინთელი |
2012-2013 |
ვადა ამოეწურა |
გიორგი ჭანტურია და საზოგადოებრივი მაუწყებელი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში
2009 წლის 20 აგვისტოს სამეურვეო საბჭომ რვა წევრის შემადგენლობით გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ჭანტურია აირჩია. ჭანტურია, ისევე, როგორც მისი წინამორბედი ლევან ყუბანეიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ფავორიტ კანდიდატად აღიქმებოდა.
საბჭოს შემადგენლობა 15 წევრამდე გაიზარდა, შესაბამისად, პარლამენტმა შვიდი ახალი წევრი აირჩია. მათ შორის ერთი წევრი ქრისტიან-დემოკრატების მიერ იყო დასახელებული, ხოლო სამი კანდიდატი სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა - მათი ყოფნის პირობებში საბჭო ნაკლებად პოლიტიზებულ ორგანოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო. სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილმა ორმა მეურვემ (ლიკა ჩახუნაშვილი, რომელიც ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დონორ IREX G-Media პროგრამაში მუშაობს და შორენა შავერდაშვილი, რომელმაც რადიო „ცხელი შკოლადისთვის” რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიიღო) ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით 2011 წელს საბჭო დატოვა.
2010 წლის ივლისში გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოააშკარავა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით ხელისუფლებას 3 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება მოთხოვა, საიდანაც 2 მილიონი ლარი შემდგომში ევროვიზიის კონკურსზე სოფო ნიჟარაძის მონაწილეობის ხელშეწყობაზე დაიხარჯა.
ტელეკომპანია „პიკი“
2010 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მესამე სატელევიზიო არხი აამოქმედა, რომელიც, რუსულ ენაზე მაუწყებლობდა და რომლის მიზანიც კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქება იყო. არხი საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდის იარაღად აღიქმებოდა. „პირველი კავკასიური” 2010 წლის იანვარში გაიხსნა, თუმცა, არხმა პარიზში დაფუძნებული Eutelsat-ის მიერ მართული სატელიტის მეშვეობით ორი კვირაც ვერ იმაუწყებლა, რადგან ევროპის ამ წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა არხი საკუთარი W7 სატელიტიდან მოხსნა იმ მოტივით, რომ მას საცდელი პერიოდი დაუსრულდა. Eutelsat-მა სოლიდური გარიგება დადო რუსეთის გაზპრომის მედია ჯგუფთან თავის W7 სატელიტზე კომერციული სატელევიზიო პროვაიდერ NTV-Plus-თვის სიმძლავრის გამოყოფის თაობაზე. ქართული მხარის მტკიცებით, Eutelsat-ის ამ ქმედების უკან რუსეთის პოლიტიკური ზეწოლა იმალებოდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სატელიტური ოპერატორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, 2010 წლის ივლისში პარიზის სასამართლომ დავა Eutelsat-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
2010 წლის ივლისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რებრენდირებული ტელეკომპანია „პიკი“ მართვაში კომპანია K-1-ს გადასცა, რომლის თანადამფუძნებელი ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი იყო. 2011 წლის მიწურულს პარსონსი და მისი კომპანია პროექტიდან გავიდნენ. 2012 წლის დასაწყისში კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მესამე არხის მართვის მიზნით 14 მლნ. ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა „ალანია TV”-თან (კომპანიას „პიკი“ დაერქვა).
ომის ვეტერანების აქციის გაშუქება
27 დეკემბერს ომის ვეტერანებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან კარვები გაშალეს და ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღების მოთხოვნით შიმშილობის აქცია წამოიწყეს. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ აქცია დაარბია და მისი რამდენიმე მონაწილე დააკავა. 3 იანვრის ახალ ამბებში, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ისევე, როგორც „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ აღნიშნული მოვლენები არ გააშუქა, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოგვიანებით მოვლენის ამსახველი კადრების უქონლობით ახსნა.
შეთანხმებული გაშუქება?
2012 წლის მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნა, რომ სამივე ნაციონალურმა ტელევიზიამ - საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა“, „რუსთავი 2”-მა და ტელეკომპანია „იმედმა“, („რუსთავი 2” და „იმედი” იმ პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერ არხებად აღიქმებოდნენ) ხაშურის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი სრულიად იდენტურად გააშუქა, რაც მიანიშნებდა, რომ ინფორმაციის გაშუქება ამ კომპანიების საინფორმაციო სამსახურების მიერ შეთანხმებულად ხდებოდა. გარდა იმისა, რომ შემთხვევის ამსახველი კადრები მეტწილად იდენტური იყო, ჟურნალისტების ტექსტიც თითქმის სიტყვა-სიტყვით ემთხვეოდა ერთმანეთს.
ციხეებში წამების ამსახველი ვიდეომასალები
2012 წლის 18 სექტემბერს, ქართულმა ტელეარხებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის” გამოკლებით, საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელეს, რასაც იმავე ღამეს თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანი იყო, „პირველმა არხმა” წამების ამსახველი ვიდეოფირების ირგვლივ შექმნილი მოვლენები ერთი დღის შემდეგ - შუადღის 4 საათზე აჩვენა, და ისიც, საინფორმაციო გამოშვების მხოლოდ მე-4 სიუჟეტად. იმავე საღამოს 9 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება და მოკლე სიუჟეტი წინა ღამის სოლიდარობის გამომხატველი აქციის შესახებ. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირი ეთერი დაეთმოთ, მაგალითად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ირგვლივ ცოცხალი დისკუსიისათვის, „პირველმა არხმა” საინფორმაციო გამოშვების შემდეგ პრაიმტაიმში მულტიპლიკაციური ფილმი „მახინჯი იხვის ჭუკი“ გაუშვა.
მომდევნო დღეს „პირველი არხის” დილის 10 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მთავარ თემად გავიდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გადადგომის თაობაზე, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, წამების ამსახველი კადრების გავრცელებიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, „პირველი არხის” მაყურებლისათვის ჯერაც გაურკვეველი იყო, რას უნდა გამოეწვია საზოგადოების ასეთი აღშფოთება. იმ დროს, როცა სხვა არხები არასრულწლოვანი პატიმრების შეურაცხყოფის ამსახველ დამატებით კადრებს აჩვენებდნენ, „პირველი არხის” მაყურებელი გასართობ შოუს („ცხოვრება მშვენიერია“) უყურებდა.
მიმდინარე მოვლენების დაგვიანებულმა გაშუქებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამოიწვია; მომიტინგეები სკანდალული მოვლენების დროულ და ადეკვატურ გაშუქებას ითხოვდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ, განაცხადა, რომ ციხეში პატიმრების შეურაცხყოფის ფაქტების სხვადასხვა კუთხით გაშუქება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე „უბრალოდ ეთერში კადრების ჩვენება, რასაც ყველა სხვა ტელეარხი ისედაც აკეთებდა."
ხელისუფლების ცვლილება 2012 წლის არჩევნების შემდეგ
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, თავისი გადადგომის დღეს, გია ჭანტურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საუბრისას ციხეებში გავრცელებული წამების ფაქტების გაშუქება გაიხსენა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ოპერატიულობასა და ობიექტურობას შორის არჩევანი ობიექტურობაზე გააკეთა“ და რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მანდატი ავალდებულებდა არხს ამგვარად მოქცეულიყო. ჭანტურიას თქმით, ის თანამდებობას იმ მიზეზით ტოვებდა, რომ მან მაუწყებლის რესტრუქტურიზაცია ვერ განახორციელა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა პრიორიტეტული, ამჯერად ახალი მთავრობისათვის, რამაც სათავე დაუდო დებატებს საბჭოს შესაძლო რესტრუქტურიზაციის შესახებ.
„პიკის“ დასასრული
2012 წლის ოქტომბერში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეწყვიტა „პიკთან“ დადებული კონტრაქტი და დახურა მესამე არხი, რის გამოც 400-მდე ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა.
„პიკთან“ დაკავშირებულ ფინანსურ სირთულეებზე ოქტომბრის დასაწყისშივე იყო საუბარი და „პიკის“ თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად პირდაპირ ეთერში მდუმარე აქცია მოაწყვეს. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტის შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს მდუმარე საპროტესტო აქცია დაასახელა და „პიკი“ კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში, ხელისუფლებიდან მიმავალმა მთავრობამ რამდენიმე ტელემაუწყებლის მიმართ განხორციელებული საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში „პიკს“ დავალიანება ჩამოაჭრა და ის 1.5 მილინი ლარიდან 5 000 ლარამდე დაიყვანა.
2012 წლის ნოემბერში შემოსავლების სამსახურის გამომძიებლებმა 4 მილიონი ლარის გადაუხდელობის მოტივით საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება დაიწყეს, რამაც წარმოშვა ეჭვი, რომ, ახალი ხელისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა.
გიორგი ბარათაშვილი: უკანასკნელი არჩეული გენერალური დირექტორი
2012 წლის 26 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი აირჩია. იქამდე ბარათაშვილი ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და მაუწყებელში წლების განმავლობაში მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის დანიშვნა საჯარო პროცესი იყო - კანდიდატებთან გასაუბრებების ჩანაწერი მაუწყებლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა; მათ „პირველ არხზე” დებატებშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც დავით პაიჭაძემ წაიყვანა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევანი მაინც ბარათაშვილზე შეჩერდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო.
დაინიშნა-გათავისუფლდა…. დაინიშნა- გათავისუფლდა
არჩევიდან ერთი წლის მანძილზე ბარათაშვილი ორჯერ დაითხოვეს სამსახურიდან. საბჭომ იგი თანამდებობიდან პირველად მარტში გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, ცოტა ხნით ადრე თავად ბარათაშვილის მიერ იქნა დათხოვილი. ბერძენიშვილი გენერალურ დირექტორს „ქართული ოცნების“ სასარგებლო სარედაქციო პოლიტიკის გატარების მიზნით მაუწყებლის თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა (ბერძენიშვილი თბილისის მერმა გიგი უგულავამ მალევე დანიშნა კრწანისის რაიონის გამგებლად). სასამართლოს მიერ ბარათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობისა და სამსახურში მისი დაბრუნების შემდეგ, ბარათაშვილი რამდენიმე თვეში თანამდებობიდან მეორედ დაითხოვეს - ამჯერად იმ მიზეზით, რომ მან საბჭოს ბიუჯეტსა და პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა. 2013 წლის 1 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან ოთხს, მათ შორის თავმჯდომარე ლევან გახელაძეს, ვადა ამოეწურა. თუმცა, საბჭომ რამდენიმე დღით ადრე ბარათაშვილის გადაყენების პროცესის წამოსაწყებად საკმარისი ხმების შეგროვება მაინც მოასწრო.
სამეურვეო საბჭო ისევ კვორუმის გარეშე
გახელაძის წასვლის შემდეგ თავმჯდომარის გარეშე დარჩენილმა საბჭომ ახალ თავმჯდომარედ ემზარ გოგუაძე აირჩია (საკმარისი რაოდენობის ხმების მოპოვება მან მხოლოდ მეორე კენჭისყრის შემდეგ შეძლო). გოგუაძის ხელმძღვანელობით საბჭომ ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესი ბოლომდე მიიყვანა. ბარათაშვილი ამჟამად სასამართლოს გზით მეორედ ცდილობს თანამდებობის დაბრუნებას.
თამაზ ტყემალაძე, რომელიც აპრილში, ბარათაშვილის დირექტორობის პერიოდში, მის მოადგილედ დაინიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ტყემალაძე სახელმწიფო ტელევიზიაში საბჭოთა დროიდან, 1978 წლიდან მუშაობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო 2013 წელს ტყემალაძე კვლავ დაბრუნდა ტელევიზიაში.
სწორედ ტყემალაძის გადაწყვეტილებით მოხდა დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის პოლიტიკური თოქ შოუების - ორივე ნაციონალური მოძრაობისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენდა - ეთერიდან მოხსნა. ეს გადაწყვეტილება ბევრმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.
ტყემალაძემ ასევე უარი თქვა „ქართული ოცნების“ კრიტიკის შემცველი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეკლამების ეთერში გაშვებაზე. როგორც ტყემალაძემ განაცხადა: „ეს რეკლამა სხვისი ანტირეკლამა კი არ უნდა იყოს, თავის თავზე თქვან, რა ვაჟკაცები არიან, რა გააკეთეს და ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ. თვითონ რას აპირებენ, როგორ აპირებენ, ეს გავა, შაჰ–აბასი რომ შემოიჭრა და ერეკლე მეფე ცუდი მეფე იყო, ამაზე მე ვერ მივცემ რეკლამას.“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ტყემალაძის კომენტარი არაკორექტულად მიიჩნია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას მოუწოდა ემოქმედა კანონის დაცვით და თავი შეეკავებინა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან. „ნაციონალური მოძრაობის” რეკლამები რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ხელმძღვანელობისა და საბიუჯეტო კრიზისის გამო მაუწყებელმა რამდენჯერმე გადადო ახალი პროგრამების, მათ შორის პოლიტიკური თოქ-შოუების ეთერში ჩაშვება. ტყემალაძის თქმით, თუ მაუწყებელი დამატებით დაფინანსებას არ მიიღებს, ახალი პროგრამების გაშვება 2014 წლის იანვრამდე გადაიდება. ჯერჯერობით „პირველ არხზე” მხოლოდ ერთი პოლიტიკური თოქ შოუ გადის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ასევე, 17 და 18 ოქტომბერს, არჩევნებამდე ათი დღით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების გამართვას გეგმავს.
ორი მეურვის გადადგომის შემდეგ (საბჭოს კიდევ ორი წევრის განცხადებით ისინი პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდნენ), საბჭოში მხოლოდ შვიდი წევრი რჩება - ამგვარად მას საჭირო კვორუმი აღარ აქვს, რათა ახალი გენერალური დირექტორი დანიშნოს ან სესხის აღების გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 2014 წლის იანვრის შემდეგ?
მაუწყებლობის შესახებ კანონში 2013 წლის მაისში შეტანილი ცვლილებების თანახმად 2014 წლის იანვარში საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი საბჭოს შემადგენლობა სრულად შეიცვლება („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამეურვეო საბჭოს წევრების ეტაპობრივი ჩანაცვლების მომხრე იყო). საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა კვლავ ცხრამდე შემცირდება:
-
სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს (კოალიცია „ ქართული ოცნების“ დეპუტატები);
-
სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი დეპუტატები აირჩევენ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ახლა დამოუკიდებელ ფრაქციას წარმოადგენენ, ასევე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები);
-
ორი წევრი სახალხო დამცველის მიერ იქნება დასახელებული;
-
დარჩენილ ერთ ადგილს აჭარის ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის საეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დაიკავებს.
სამეურვეო საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმდინარე წლის დასრულებისათვის 2.5 მლნ. ლარი ესაჭიროება. ამ თანხის მიღებას მაუწყებლის ხელმძღვანელობა საბანკო სესხის მეშვეობით აპირებდა, მაგრამ სესხების შესახებ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს, რომელიც, მოქმედ წევრთა არასაკმარისი რაოდენობის გამო უმოქმედოა. გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ორმა წევრმა - ეკა მაზმიშვილმა და ავთანდილ ანთიძემ დატოვა. საბჭოს სხვა წევრების ინფორმაციით, მაზმიშვილსა და ანთიძეს თანამდებობების დატოვება აიძულეს.
შედეგად, საბჭოში მხოლოდ შვიდი მოქმედი წევრი დარჩა, მაშინ როცა გადაწყვეტილებების მიღებას რვა ხმა ესაჭიროება. შესაბამისად, საბჭო ვერც გენერალურ დირექტორს აირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი კი უკვე გამოცხადებულია. საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე და მისი წევრი ნინო დანელია აცხადებენ, რომ მეურვეებზე გადადგომის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდება, რათა საბჭოსა და, მასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პარალიზება მოხდეს. პარლამენტი ამჟამად ერთთვიან შვებულებაშია (27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე), რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიზისი ნოემბერშიც გაგრძელდება, და, შესაძლოა, წლის ბოლომდეც გასტანოს. 2013 წლიდან კი მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საბჭოს შემადგენლობა სრულად განახლდება.
7 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტყემალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო სეზონის გადარჩენის მიზნით ალტერნატიული გეგმის თაობაზე გააკეთა განცხადება: მას იმედი აქვს, რომ დაფინანსებას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიიღებს. ამგვარ ფინანსურ ოპერაციას საბჭოს თანხმობა არ სჭირდება. კვორუმის არარსებობა, შესაბამისად, დაბრკოლება არ იქნება. თუ ეს გეგმა ვერ განხორციელდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2014 წლის იანვრამდე ვერცერთი ახალი პროგრამის გაშვებას ვერ შეძლებს.
დამატებითი ფინანსური შემოსავლების მიღების კიდევ ერთი გზა, რასაც საბჭოს თანხმობა არ დასჭირდება, მაუწყებლის შენობასთან დაგროვილი ჯართის აუქციონზე გამოტანაა. ამის გაკეთებას თამაზ ტყემალაძე ორ კვირაში დაგეგმილ აუქციონზე გეგმავს, სადაც მაუწყებელი დაახლოებით 146 კილოგრამ ალუმინს, 19 ტონანახევარ რკინასა და 31 კილოგრამ სპილენძს გამოიტანს გასაყიდად. ამის შედეგად მას, დაახლოებით, 5,200 ლარის დამატებითი შემოსავლის მიღების იმედი აქვს. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა: „ეს ჯართი ტელევიზიის ტერიოტორიაზე ყრია, ზოოპარკის მხარეს. მაგ ადგილზე საყვავილის გაკეთება გვინდა, გადაღების დროს ხომ ყვავილები გვჭირდება ხოლმე“.
როგორ უნდა მიაღწიოს მაუწყებელმა წინსვლას?
საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ქაოსის პირობებში ბევრს, შეიძლება, იმედიც კი გადაეწუროს, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება. ჩვენ ვცდილობთ ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ და მიგვაჩნია, რომ მაუწყებელში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება, მას შემდეგ, რაც:
● პარლამენტი ფინანსურად და ინსტიტუციონალურად ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის მნიშვნელობას აღიარებს და სამეურვეო საბჭოს წევრებად სხვადასხვა დარგში გამოცდილების მქონე უპარტიო, მოტივირებულ პროფესიონალებს წარადგენს, რომლებიც დაკისრებული მოვალეობის შესრულებას 2014 წლის იანვრიდან შეუდგებიან;
● ახალი საბჭო გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით აირჩევს გამოცდილ მმართველს, რომელსაც პოლიტიკურად დამოუკიდებელი და პროფესიონალური მაუწყებლის შექმნის ფუნდამენტური ხედვა და ურყევი ნება ექნება;
● მთავრობა სუფთა ფურცლიდან დაწყებისათვის საკმარის დაფინანსებას გამოყოფს (2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 38 მილიონი ლარი);
● საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა შეიმუშავებს სტრატეგიას, რომლის მიზანიც იქნება საზოგადოებრივი ღირებულების შექმნა, რომელშიც აისახება ქართული საზოგადოების მრავალფეროვნება და მისწრაფება გაიზარდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორია და როლი, აუდიტორიის წვდომის მისაღწევად მის ხელთ არსებული ყველა პლატფორმის გამოყენებით;
● ამის შემდგომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი საბჭოს სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელებს თავის სტრატეგიას:
○ გაუშვებს ახალ პროგრამებს, მათ შორის გადაცემებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის შესახებ, საგამოძიებო და სიღრმისეული ანალიზის შემცველ პროგრამებს;
○ შექმნის შესაბამის სამუშაო პირობებს თანამშრომლებისთვის, რაც ნიშნავს წლიურ კონტრაქტებს, ადეკვატურ ანაზღაურებას, ასევე თანამშრომლების დაქირავებასა და მათ დაწინაურებას უნარებისა და გამოცდილების საფუძველზე, ნაცვლად პირადი კონტაქტებისა;
○ დაიცავს რედაქტორებს არასათანადო ჩარევისა და პოლიტიკური ზეწოლისაგან;
○ შექმნის საზოგადოებრივ მაუწყებელში ისეთ გარემოს, რომელშიც მომუშავე პერსონალი მოტივირებულია და სიამაყით ასრულებს თავის საქმეს.
---
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.