უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიები

07 მაისი, 2015

საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 4 მაისს საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრობის ორი კანდიდატი ეკატერინე გასიტაშვილი და მზია თოდუა წარუდგინა.

საერთო სასამართლოთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მოსამართლედ შეიძლება აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც:

  • აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით;
  • სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება;
  • ფლობს სახელმწიფო ენას;
  • ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
  • გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. წარდგენილ კანდიდატურებს კი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა წარდგენილი ორივე კანდიდატის განათლება და მათი წარსული საქმიანობა. 

ეკა გასიტაშვილი

განათლება:
1990-1993 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა და ხელოვნების ფაკულტეტზე;

1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება:
1993-1994 წლებში ეკა გასიტაშვილი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპატარის შეწყალების საკითხთა განყოფილების იურისტად მუშაობდა. 
1993-1997 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის მდივანი.;
1994-1996 წლებში მუშაობდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტად;
1996 წლიდან 1 წლის განმავლობაში ეკა გასიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილების სახელმწიფო მრჩეველად მუშაობდა;
1997 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტად განაგრძო მუშაობა;
1997-1998 წლებში იგი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ მუშაობდა;
1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსად; 
1999 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა; 
1999 წლიდან 2006 წლამდე იყო საქართელოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი;
2006 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე ეკა გასიტაშვილი საადვოკატო საქმიანობას შპს „გაბრიჩიძე და კომპანიაში“ ეწეოდა;
2009-2012 წლებში იგი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე;
2012-2013 წლებში აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ. 2013 წელს კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად ხელმეორედ იქნა არჩეული; 
2015 წლის 25 მარტიდან ეკა გასიტაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში მთავარ კონსულტანტად მუშაობს. 

აკადემიური საქმიანობა: 
2012 წლიდან არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მიწვეული ლექტორი. 
2014 წლიდან არის საქართელოს უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ-ევროპის სასწავლო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მიწვეული ლექტორი.

ამავდროულად ეკატერინე გასიტაშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის ადვოკატთა პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებით. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

წევრობა: 
2012 წლიდან 2014 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი

მზია თოდუა

განათლება: 
მზია თოდუამ 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. 

სამუშაო გამოცდილება:
მზია თოდუა 1978-1979 წლებში მუშაობდა ხონის აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში იურისკონსულტის თანამდებობაზე; 
1979-1985 წლებში ხონის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების გამგედ მუშაობდა. 
1985-1991 წლებში მზია თოდუა ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო;
1991-1998 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა;
1998-1999 წლებში მზია თოდუა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა; 
1999-2005 წლებში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს - სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის თავმჯდომარე იყო; 
2003 წლიდან 2005 წლამდე საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიცია ეკავა; 
2006 წლიდან 2012 წლამდე მზია თოდუა სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა; 
2007-2012 წლები იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც; 
2012 წელს მზია თოდუა სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი გახდა. ამ პოზიციას ის დღემდე იკავებს. 

აკადემიური საქმიანობა: 
მზია თოდუა 2008 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011 წლიდან დღემდე, იგი ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2009 წლიდან დღემდეა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტიც.

იგი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“