ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციას არა სპეციალური კანონით, არამედ ფუნდამენტური რეფორმების გატარებით უნდა მიაღწიოს
2023 წლის 13 მარტს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი სიღმისეულად აფასებს კანონპროექტიდან გამომდინარე რისკებს, ამავდროულად წარმოადგენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ალტერნატიულ გზებს. ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციის მიზანს არა ერთი სპეციალური კანონით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ფუნდამენტური სექტორული რეფორმების გატარების გზით უნდა მიაღწიოს.
კანონპროექტი მმართველი გუნდის მიერაა შემუშავებული და მიზნად ისახავს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულებას, კერძოდ „დეოლიგარქიზაციის“ პრობლემის მოგვარებას, რაც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით უნდა მოხდეს.
ვენეციის კომისიის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციებით საქართველოსთან მიმართებაში არ დაკონკრეტებულა, დეოლიგარქიზაციის საკითხი სპეციალური კანონით უნდა მოგვარებულიყო თუ სტრუქტურული რეფორმის გატარებით, რაც სხვადასხვა რელევანტური ინსტიტუციების გაძლიერებას გულისხმობს. შესაბამისად, ვენეციის კომისიამ სისტემურად შეაფასა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნა, რომ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემის მოსაგვარებლად ორი მიდგომის გამოყენებაა შესაძლებელი - სისტემური და ე.წ. “პერსონალური”. ამ ორიდან ვენეციის კომისია უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს.
მულტი სექტორული მიდგომა და რეფორმების საჭიროება
მულტი სექტორული მიდგომა სხვადასხვა სექტორში საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. მისი მიზანია იმგვარი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არასათანადო კერძო გავლენის პრევენციას უზრუნველყოფს.
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, დეოლიგარქიზაცია, მაგალითად, არ შეიძლება განხილული იყოს სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეფორმისაგან დამოუკიდებლად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური გაძლიერების გარეშე. ვენეციის კომისია ასევე ხაზს უსვამს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გაძლიერებას, ანტიმონოპოლიური და საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და ახლადშექმნილი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერებას მაღალი რანგის კორუფციული საქმეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მულტი სექტორული მიდგომა ცალსახად უკეთესი გამოსავალია საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ძლიერი ინსტიტუტების ტრადიცია, რაც კანონის შერჩევითად აღსრულების რისკებს ზრდის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 3 ივლისს 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის, რომელიც მოიცავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების აბსოლუტურ მინიმუმს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ სამოქმედო გეგმით დეოლიგარქიზაციის მიღწევა სწორედ მულტი სექტორული რეფორმებით იყო შემოთავაზებული და არა სპეციალური კანონის მიღებით. სუსტი ძალაუფლების განაწილების, ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და არაფორმალური გავლენების პირობებში დეოლიგარქიზაციის შემოთავაზებული კანონი ვერ უზრუნველყოფს დეკლარირებული მიზნის მიღწევას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კანონის მიღებაზე და შემდგომ აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები არაფორმალურ გავლენებს ექვემდებარებიან.
პერსონალური მიდგომა და ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული „პერსონალური მიდგომა” უფრო მეტად სადამსჯელო ხასიათს ატარებს და აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გარკვეულ კითხვებსაც აჩენს. კერძოდ, დასკვნა მიუთითებს შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც შემდეგ უფლებებს ექმნებათ: პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) და შეკრებისა და გაერთიანების უფლება (კონვენციის მე-11 მუხლი).
წარმოდგენილი კანონპროექტი, მასში მოყვანილი ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, ატარებს მისი თვითნებური გამოყენების რისკებს. არსებობს საშიშროება, რომ იგი მხოლოდ ოპოზიციური ძალებისა და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ იქნეს გამოყენებული. მმართველი ძალის პოლიტიკოსების საჯარო განცხადებების გათვალისწინინებით აღნიშნული საფრთხეების რისკი კიდევ უფრო მაღალია. კანონის ინიცირებისთანავე უმრავლესობის წევრებმა კონკრეტული პირები გახადეს სამიზნე და გამორიცხეს კანონის გავრცელება ქვეყნის არაფორმარულ მმართველზე, ვისაც რეალური გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და სხვა მნიშვნელოვან სფეროებზე. კანონპროექტის შერჩევითად გამოყენების საფრთხეზე ვენეციის კომისიაც ცალსახად მიუთითებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სისტემურად დაიწყოს პრობლემის მოგვარება ფუნდამენტური რეფორმებითა და სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებით. წინააღმდეგ შემთხევაში “დეოლიგარქიზაციის მშესახებ” კანონის მიღება არათუ მოაგვარებს პრობლემას, არამედ უფრო გაამწვავებს პოლარიზაციას და გაზრდის ადამიანის უფლებათა დარღვევის, სტიგმატიზების და კანონის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თვითნებური გამოყენების რისკებს, რაც დიდი ალბათობით ევროკავშირიდან დამატებითი კრიტიკის საფუძველი გახდება.